warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 14 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

იყო ერთი სამშობლო

ფოტო იური ლობოდინი
თამარაშენი არის სოფელი შიდა ქართლის რეგიონში, ცხინვალიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარე. ის განლაგებულია დიდი ლიახვის ხეობაში. თამარაშენი - ამაზე სახელწოდებაც მიუთითებს - თამარ მეფეს დაუარსებია. შემდგომში ის სამაჩაბლოს ნაწილი იყო, ხოლო როცა საქართველო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა გახდა, 1990 წლამდე, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

სოფლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იყო ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი, რომელიც 1997 წლის 23 ივლისს დაბომბეს.

თუკი ინტერნეტის საძიებელში "თამარაშენს" მიუთითებთ, სულ ცუდ ინფორმაციას მიიღებთ. თითქმის ყოველ გვერდზე საუბარია ქართულ-ოსურ კონფლიქტზე, დაბომბვაზე, სამმხრივ ბლოკპოსტებზე, დახოცილებზე, დაჭრილებზე, ღალატზე. აი, რამდენიმე სათაური: "სროლასაც ეჩვევი", "სამხრეთ ოსეთში ქართული ძეგლი ააფეთქეს", "მშობლებს ეშინიათ" - ცხადია, ეშინიათ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თამარაშენი, ჩუმი, დამალული ტრაგედია, კვლავ არსებობს, აქ ერთგული, თავდადებული, თავისი სახლის და მიწის მოყვარული, შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, და კვლავ ჩნდებიან ბავშვები, კვლავ კითხულობენ ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილ შექსპირს და გოგოებს და ბიჭებს ერთმანეთი კვლავ უყვარდებათ.

მეგობარმა მომითხრო, რომ ერთხელ, ზამთარში, ღამით მოუწია თამარაშენიდან წამოსვლა.  როცა სერპანტინზე მანქანით მიდიოდა, უკან მოჰყვებოდა "ვილისი", რომელშიც ჯარისკაცები ისხდნენ. ამ გზაზე ერთი ძალიან ცუდი აღმართია და სწორედ იქ უზარმაზარი ჯიპი ყინულზე ასრიალდა და დაცურება დაიწყო. და აი, ჯარისკაცმა, რომელიც საჭესთან იჯდა, გაუგონარი საქციელი ჩაიდინა: მან რამდენიმე წამში იმგვარად დააყენა თავისი მანქანა, რომ მოცურებული მას შესკდომოდა - ეგებ გადაჩეხვას გადარჩენილიყო. ჩემმა მეგობარმა რაღაც სასწაულით მოახერხა მისთვის გვერდის ავლა და უფსკრულის პირას გაჩერება. თამარაშენელებიც ამ ჯარისკაცს ჰგვანან: ბევრი, ბევრი წელია, ჩუმად, ერთგულად, პათეტიკის გარეშე დგებიან იქ, სადაც საფრთხე გვემუქრება, და ყოველ დარტყმას უდრტვინველად უძლებენ.

მე კი თამარაშენში ჩასვლამდე ის, რასაც ტელევიზიით გადმოსცემდნენ ან პრესა წერდა, შორს, უჩემოდ განვითარებულ, რაღაცნაირად განყენებულ მოვლენებად მიმაჩნდა, რის გამოც დღეს ძალიან მრცხვენია.

დამოუკიდებლად თამარაშენში ნამდვილად ვერ მოვხვდებოდი - სხვა თუ არაფერი, არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი, გასეირნება რამდენად ნებადართულია. გარდა ამისა, ვიცი, რომ გზა, რომელზეც ჯარისკაცები დგანან, მგზავრს კარგს არაფერს უქადის. ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ მამუკა ხერხეულიძისა - მან ერთი მოგზაურობით ჩემთვის კიდევ უფრო მშვენიერი გახადა ის, რასაც სამშობლოს ვეძახი.

წერილი რედაქტორს თამარაშენიდან

...ჰოდა, იმას მოგახსენებდი, შორენა ჩემო, რომ მამუკამ თქვა, ხვალ თამარაშენში მივდივარ და თუ გინდა, წამოდიო, და მინდოდა და წავედით, სამი მამულიშვილი: მამუკა, თაზო და მე. სხვებიც ბევრნი იყვნენ, მაგრამ თავიანთ გზაზე.

ერთი კი ვიფიქრე, მაინც საზღვარია და ვინმეს რამე რომ მოებლანდოს და ცეცხლი გაგვიხსნას, რაღა ვქნა-მეთქი, მაგრამ მერე მისტიკაში გადავვარდი და გადავწყვიტე, რომ თუ ცოდვა მეშვიდე თაობაზე გადადის, მადლი ხომ მთლად მეასეზე უნდა გადავიდეს, და პაპაჩემი ნიკოლოზი ხომ ოსეთში ოსურად ქადაგებდა და ხალხს ნათლავდა, და რაღა იქ უნდა წამომწეოდა ტყვია და უბედურება? მერე ისიც ვიფიქრე, რომ მამუკა ნამდვილად არ მერჩის და ჩემი არგახარება რომ უნდოდეს, სხვა თუ არაფერი, ამხელა გზაზე წასვლა დაეზარება-მეთქი... მოკლედ, წავედით.

მე ხომ ნახევრად ქართლელი ვარ და თაზოს მთელი ებრაელი სანათესაოც იქიდანაა, მაგრამ ლოკალპატრიოტიზმი აშკარად ორივეს ჩამკვდარი გვაქვს, რადგან გზადვე შევთანხმდით, რომ ქართლი ლამაზი კია, მაგრამ არ მოგვწონს. მეტისმეტად ბრტყელია. ცოტა ხანში გაირკვა, რომ არაფერი გვინახავს და არც არა გაგვეგება რა.

რომ გადავუხვიეთ და უკვე ჩემთვის უცნობ გზას დავადექით - მანამდე ტყვიავს არ გავცილებივარ - აღარაფერი აღარ იყო ბრტყელი. ავუყევით სერპანტინს და იქ დაიწყო ამბავი, რომელსაც ლექსიკური მარაგის სიმწირის გამო კუსტურიცას ფილმად მოვიხსენიებ. წესით ასეთ ადგილებს რა ჰქვია, არ ვიცი.

წარმოიდგინე: გზა, მწვანეში ჩაფლული, და გზაზე ორი ძაღლი, მწყობრი ნაბიჯით მომავალი, რაღაცნაირად საქმიანი გამომეტყველებით. გითხრა, ლამაზები იყვნენ-თქო, ტყუილი იქნება. მამუკას ვკითხე, ეს კოიოტები რას დასუნსულებენ-მეთქი, დასახლებული ადგილი იქ არაა და არა მგონია, მესაზღვრეები ამ ფინიების იმედად მდგარიყვნენ სამშობლოს სადარაჯოზე. მამუკამ ამიხსნა, რომ ეს ძაღლები ძალიან სერიოზული საზოგადოებაა. განსაკუთრებული ყნოსვა აქვთ თუ დაგეშილები არიან, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, დამალულ ნაღმებს აგნებენ და მერე ერთი ძაღლი ნაღმს ყარაულობს, რომ ზედ არავინ დააბიჯოს, მეორე კი ხალხთან გარბის და ატყობინებს, რომ იქ საშინელებაა დამალული. ჰოო... ძაღლების მიმართ დიდი პატივისცემა ვიგრძენი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მანქანიდან გადასვლა და ტყეში შესეირნება მაინც არ იყო აუცილებელი.

იმავე აღმართს რომ მივუყვებოდით, კიდევ ერთმა ამბავმა გამკრა გულში უშნოდ: ბუჩქნარში და ტყის პირას, საკმაოდ ახლო-ახლო, იდგნენ სამხედროები, ახალგაზრდა კაცები. რაღა დაგიმალო და ფრიად შთამბეჭდავი სანახავები იყვნენ; რა ვქნა, პაციფისტური შემართების მიუხედავად, ფორმიანი, თან იარაღიანი მამაკაცების მიმართ ვერა ვარ გულგრილი. ვაჰ, რას ვახარებ ძია ზიგის მიმდევრებს! მაგრამ ასე, ჩირგვებში რომ იდგნენ, არ მეამა და ვიკითხე, ეს რას ნიშნავს-მეთქი.

მამუკამ კვლავ წარბშეუხრელად მომიგო, რომ აქ სასაზღვრო ზოლის კონტროლი რთული საქმეა, იმიტომ რომ კაცმა არ იცის, ოსეთი სად მთავრდება და საქართველო სად იწყება, - ეგ მეც ვერ გავიგე და ვერც ვერასოდეს გავიგებ, - და ამიტომ შესაძლებელია, რომ ვინმემ რამე უვარგისობა განიზრახოს. ამიტომ დგანან ჯარისკაცებიო. ალბათ ითვლება, რომ დამამშვიდა, მაგრამ მე ერთიათად არ მეამა. ჯერ მარტო ამდენი ჯანმრთელი კაცი რატომ უნდა იდგეს აქ, ზაფხულში კიდევ რა უშავს და ზამთარში? თან სულ გაფაციცებული, სულ კონცენტრირებული, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ავადმყოფური იდეები აწუხებს, და ამ კაცების გოგოები რომ სულელებივით სხედან სადღაც მარტოკები, ესეც საკმაოდ გასაბრაზებელია.

კაი. ავედით, ავედით და უნაგირზე მოვექეცით. კლასიკური უნაგირია, შუაში გზა გადის, იქით-აქეთ ორი ჟანდარმივით ბორცვია. ერთზე ქართული საგუშაგოა, მეორეზე - რუსების. რუსულ საგუშაგოზე ვიღაცა ფოტოკამერიანი დგას, ობიექტივი ბრჭყვიალებს და იმით მივხვდი, და გამვლელ-გამომვლელს სურათს უღებს. რუსი ჯარისკაცების ცოდვით დავიწვი: ვისაც არ ეზარება, ყველა ენას უყოფს და სხვა უზრდელობებსაც აჩვენებს, ქართველებს კი რა, პრინციპში, სახლში არიან.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.