ინტერვიუ მაქქოი თაინერთან და გარი ბარცთან

 

გარი ბარცი

 

როგორ შექმნა ბგერამ სამყარო

გარი ბარცი-ნებისმიერი ბგერა მუსიკაა! ბგერა ზედმიწევნით მძლავრი რამაა. სუფიებს მიაჩნიათ, რომ სამყარო აღმავალმა ბგერამ შექმნა. ჯერ იყო ბგერა, მერე კი, რაღაც მომენტში, ის ისეთი ხმამაღალი გახდა, რომ დიდი აფეთქება გამოიწვია. აი, ასეთ საშიშ იარაღთან გვაქვს საქმე ჩვენ, მუსიკოსებს. მომღერლები შუშის ჭურჭლებს ამსხვრევენ ბგერის მეშვეობით; ბიბლიური ჯერიკოს კედლები ბგერამ დაარღვია. ბგერა რთული, საშიში და ამოუწურავი ფენომენია. მე ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს, რომ ერთი ცხოვრება საკმარისი არაა მუსიკის შესასწავლად. ამიტომაც, ჩვენ, მუსიკოსები, ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რისი გაკეთებაც ერთი ცხოვრების განმავლობაში შეგვიძლია.

საუბრები ღმერთთან

მაქქოი თაინერი-მუსიკა ჩემი ყოფიერებაა. ესაა ის, რის სიახლოვესაც ვდგავარ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მე მ უ ს ი კ ა შ ი გავიზარდე. მუსიკა ჩემივე თვითგამოხატვის საშუალებაა. ის კომუნიკაციის კიდევ ერთი ფორმაა და გარწმუნებთ, მისი მეშვეობით უფრო მიადვილდება ადამიანებთან საუბარი, ვიდრე სიტყვების მეშვეობით. მუსიკის ენაზე ღმერთთან საუბარსაც შევძლებდი. შეიძლება, მე და ის ერთ ენაზე არ ვსაუბრობდეთ, მაგრამ მუსიკის მეშვეობით ნამდვილად გავუგებდით ერთმანეთს. ჩემი მუსიკოსად გახდომის იდეაც ხომ მისგან მოდის? მან დამაყენა ამ გზაზე, მე კი დავუჯერე და მის მიერ დასახულ გზას დავადექი. ესაა და ეს. ეს მისი იდეა იყო, არა-ჩემი. შენ ლიდერი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდები, თუ ლიდერის გაყოლის უნარიც გაქვს.

რა ჯაზი, რის ჯაზი?

გარი ბარცი-მე არ ვხმარობ იმ სიტყვას, რომელიც "ჯ"-ზე იწყება და რომელიც თავი და თავია ყველა გაუგებრობის.  თვითონ სიტყვა "ჯაზს" აქვს ნეგატიური კონოტაცია! ის ბორდელებში გაჩენილი ტერმინია და სრულად არ ასახავს იმ აკუსტიკურ მოვლენას, რასაც იმპროვიზატორები სთავაზობენ მსმენელს. ჯაზმენები იმ ყუთში ჩარჩნენ, რომელსაც "ჯაზი" აწერია და თუ იმ ყუთიდან ვინმე გამოსვლას გადაწყვეტს, ყველა ერთხმად იწყებს ყაყანს,-"არა, შენ ამის გაკეთების უფლება არ გაქვს!" და აი, ასეთები იწოდებიან არტისტებად?!  წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც მიდის პიკასოსთან და ასეთ კომენტარს აკეთებს "გერნიკაზე:"- არა უშავს პაბლო, ცუდი არაა, მაგრამ იქნებ აი, აქ ოდნავ მეტი ცისფერი დაგემატებინა, ეს ძროხა კი გაგეყვითლებინა? სისულელეა, არა? ასეთ რამეს ნამდვილ ხელოვანს ვერ შებედავ! მუსიკა მუსიკაა და ის ისე შემოდის შენში, როგორც მას მოეპრიანება; ამას ვერ გააკონტროლებ, ამიტომაც არ მომწონს, როდესაც უნდათ, რომ რაღაც ერთ ყუთში მიკრან თავი. მე ჩემ თავს უბრალოდ მუსიკოსს ვუწოდებ და არა ჯაზ, თუ სხვა რაიმე სახის მუსიკოსს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე ყველანაირ მუსიკას ვუკრავ. მე ყველა სახის მუსიკას ვსწავლობდი, მაგრამ ჩვენ მოგვატყუეს, ჰიპნოზი გაგვიკეთეს და ჟანრებად დაანაწევრეს ის ნაკადი, რაც დანაწევრებას არ ემორჩილება.

მთელი ეს ორსახოვანი ჯაზი

მაქქოი თაინერი-ჯაზს ერთი უცნაური თვისება აქვს,-მისი ძირითადი კილოები და რიტმები სხვა კონტინენტიდანაა მოსული,-კერძოდ კი აფრიკიდან. ჯაზი ამ კილოების და რიტმების ინტერპრეტაციის მცდელობაა. ჯაზის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ, ამერიკის უახლეს ისტორიას გაეცნოთ ისე, რომ თავიდან აიცილოთ ისტორიისადმი სპეციფიკური მიდგომა. ჯაზს შეუძლია დაგანახოთ, განვითარების რა ფაზაში იყო ქვეყანა ამა თუ იმ ათწლეულში. ჯაზმენების ვოკაბულის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი ბლუზია, რომელიც, დამეთანხმებით, არცთუ ისეთი "მხიარული" კილოა, და ხშირად ჯაზმენი, რომელიც ბლუზს უკრავს, თვითონაც არაა კარგ სულიერ თუ ფინანსურ მდგომარეობაში, მაგრამ ის როგორღაც ახერხებს საკუთარი სიღრმეებიდან ისეთი "მხიარული" მუსიკის "ამოგდებას", რომელიც დანარჩენებს ეხმარება ცხოვრებისეული დაბრკოლებების ან სიძნელეების გადალახვაში.

რატომ მოკლეს მაიქლ ჯექსონი

გარი ბარცი-არტისტები საშიშნი არიან საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ ისინი თავისუფლები არიან. ადრე ეკლესია კარნახობდა მათ, თუ რა უნდა დაეხატათ ან დაეკრათ, მაგრამ იმ დროსაც კი ისინი არღვევდნენ წესებს და თავისას, რასაც ისინი ხედავდნენ და ესმოდათ, უმატებდნენ ხელოვნების ნაწარმოებს. ხელოვნების მთელი ისტორია შემოქმედი ადამიანების კონტროლის ქვეშ მოქცევის ქრონიკაა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც წვავდა წიგნებს და ანადგურებდა ხელოვნების ნიმუშებს მხოლოდ იმიტომ, რომ დანარჩენების გაკონტროლება შეძლებოდათ. მუსიკა მძლავრი იარაღია. ამიტომაც ცდილობენ მუსიკოსების კონტროლის ქვეშ მოქცევას და სწორედ ამიტომაც მოკლეს მაიქლ ჯექსონი, ან მისცეს მისი მოკვლის უფლება; იმიტომ, რომ ის საშიში არტისტი გახლდათ! ჯექსონი საოცრად პოპულარული არტისტი იყო, შესაბამისად, დიდი ძალაუფლების მქონეც, მაგრამ ის არ იყო პოლიტიკოსი და პოლიტიკოსებისათვის გასაგები წესებით არ თამაშობდა. მას ჰქონდა საოცარი პოპულარობა, საოცარი ძალაუფლება და ის არ იყო არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, გამიგეთ? მაიქლ ჯექსონს სახალხოდ რომ ეთხოვა რამე ახალგაზრდებისათვის, ისინი მის თხოვნას შეასრულებდნენ, ეს კი რისკის ქვეშ აყენებს იმ ადამიანების კეთილდღეობას, ვისაც საზოგადოების კონტროლი აქვს განზრახული. მე მქონდა მაიქლთან ურთიერთობის ბედნიერება. საოცრად კეთილშობილი არსება იყო; სუფთა ადამიანი. რაღაცით იესოს მაგონებდა. ასეთი ადამიანები კი საშიშნი არიან ბევრისთვის, რადგანაც საჭიროების შემთხვევაში უამრავი ადამიანი გაჰყვებოდა მას. 

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.