ინტერვიუ ქართველ გამომგონებელთან

მარტი 14, 2012 ავტორი ნინო ლომიძე

ზაზა ლომიძის სტერეოსკოპული ფოტო

ზაზა ლომიძე – პროფესიით სტერეოგრაფი და ავტომატიკა–ტელემექანიკის პირველი კატეგორიის ინჟინერია.

მან სტერეოსკოპული 3D კონვერტორი გამოიგონა.

ამ ხელსაწყოს საშუალებით სამგანზომილებიანი გამოსახულება ზედმეტი ძალისხმევის და ფინანსური დანახარჯების გარეშე მიიღება.

3D სტანდარტი დღეს მსოფლიო კინო–ინდუსტრიაში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული სიამოვნებაა და მხოლოდ 26 საერთაშორისო ტელეარხს აქვს ამ სტადარტით მაუწყებლობის ფუფუნება.

ისინი „ სონის“ ოთხკამერიან რთულ და ძვირადღირებულ აპარატურას იყენებენ.

სამგანზომილებიანი  მოცემულობის ეფექტი ორი განსხვავებული პერსპექტივის წარმოჩენით მიიღწევა –  ადამიანის რეალური მხედველობითი აღქმის მსგავსად, რაც შემდგომ უკვე ტვინში კონსტრუირდება სამგანზომილებიან გამოსახულებად.

დღესდღეობით სულ უფრო მეტი კინოსტუდია  ცდილობს შეასრულოს კინოთეატრების მესვეურების  და მაყურებლების დაკვეთა და შექმნას 3D ხარისხის ფილმები.

ეს თითქმის გარანტირებული ფინანსური მოგება და აღიარებაა, რადგან სამგანზომილებიანი ჩვენება მაყურებელს უქმნის ილუზიას, რომ ეკრანზე მომხდარი რეალური და ხელშესახები მოვლენაა.

იგი კარგავს ობიექტური მოცემულობის შეგრძნებას და თითქმის მთლიანად „„შთაინთქმება“ ფილმში მიმდინარე მოვლენებში. ( შეგრძნებები იმდენად რეალურია, რომ დარბაზზე დაკვირვება, სადაც ამ ფორმატის ფილმებს უჩვენებენ საკმაოდ სახალისოა – მაყურებლები „იცდენენ“ მათკენ გამოსროლილ ქვებს, იქნევენ ხელებს აბეზარი მწერების მოსაშორებლად და ა.შ...)

ზაზა ლომიძის გამოგონებით ის  ეფექტი, რასაც ტექნიკის და პერსონალის გაორმაგებული რესურსი სჭირდება, ერთი კამერის გამოყენებით მიიღება.

კინოჩვენების გარდა, ფოტოკამერაზე დამონტაჟებული კონვერტორით გადაღებული ფოტოების სამ განზომილებაში დათვალიერებაცაა შესაძლებელი.

ასეთი ტექნიკით დასურათებული ჟურნალები მსოფლიოში უკვე არსებობს და მომავალში, სავარაუდოდ, ჟურნალ–გაზეთები სხვა მედია–საშუალებებთან კონკურენციის პირობებში, სწორედ ასეთ ფორმატზე გადავლენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ  სტერეოკინოს დარგში საპროექციო ახალი სისტემის გამოგონება და სტერეოფილმის  გადაღება ,ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციან წლებში  სცადა წარმატებით ქართველმა ფერმწერმა, გრაფიკოსმა, თეატრისა და კინოს მხატვარმა, ხელოვნების მკვლევარმა და გამომგონებელმა დავით კაკაბაძემ.

მან თავისი გამოგონება დააპატენტა საფრანგეთში, დანიაში, ბელგიაში, იტალიაში, ესპანეთში, აშშ–ში, გერმანიასა და უნგრეთში.

თუმცა, სტერეოკინოაპარატის გამოგონებაზე პატენტი იმ დროისთვის არაფრით არ გასცა სსრ კავშირმა, რომელსაც გამომგონებელმა არაერთგზის მიმართა.

სამწუხაროდ, მოგვიანებით, უკვე 40–იანი წლებში ქართველი გამომგონებელი ამტკიცებდა, რომ მისი გამოგონება მიითვისა რუსმა „გამომგონებელმა“ სემიონ ივანოვმა, რომელიც კარგად იცნობდა დავით კაკაბაძის უსათვალო სტერეოსისტემას.

დღესდღეობით თანამედროვე ცნობარებში სემიონ ივანოვი ყველგან  მოხსენიებულია სსრ კავშირში უსათვალო სტერეოკინოაპარატის გამომგონებლად. მის ბიოგრაფიულ ცნობარში უსათვალო სტერეოკინოს ორიგინალური სისტემის გამოგონების თარიღად ოფიციალურად მითითებულია 1935 წელი მაშინ, როცა დავით კაკაბაძის ევროპასა და ამერიკაში მიღებული პატენტების თარიღები არ სცდება 1925 წელს.

იმედს ვიტოვებ, ზაზა ლომიძის სტერეოსკოპული 3D კონვერტორი არ გაიზიარებს წინამორბედი ქართველი გამოგონების ბედს და სულ მალე მიაღწევს მსოფლიო აღიარებას.

[video:http://www.youtube.com/watch?v=HPGQbFVkp1g&list=UUqdUdyGIccQBjVj4RJlKz1A&index=1&feature=plcp]

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@