იმღერე ჰარე კრიშნა და იყავი ბედნიერი!

ფოტო: დავით მესხი
"ბრაჰმანი ხომ მხოლოდ მოძღვრისაგან მიღებული ცოდნით შეიცნობა, რომელსაც ერთი მოძღვარი მეორეს გადასცემს, და არა ლოგიკის, მსჯელობის, გონების, ცოდნის სიმრავლის, ასკეზისა თუ მსხვერპლშეწირვის წყალობით."
შანკარა, "კენა უპანიშადის" კომენტარები, 1.4.

საშამაც კი, აგერ ოცწლიანი მეგობრობის შემდეგ, ვერ გამიგო და მკითხა:
- რაო, არჩა, დაბერდი და მემუარების წერა დაიწყე?
არა, არა, რა დამაბერებს! მე ხომ სული ვარ და არა ეს სხეული, ეგ მაინც კარგად მაქვს ნასწავლი, პირველივე გაკვეთილი იყო. ვიცი, რომ არასოდეს დავბერდები, რადგან "არასოდეს ყოფილა, რომ მე, ან შენ, ან ყველა ამ მეფეს არ გვეარსება, და არასოდეს მოხდება, რომ რომელიმე ჩვენთაგანმა არსებობა შეწყვიტოს" - მე ხომ ბრაჰმანის გამოცდისთვის დიდი გულისყურით ვემზადებოდი, საშა ჩემო. კიდევ კარგი, არ ჩამიბარებია, თორემ მაინც დავეცემოდი და რამხელა ცუდ კარმას წამოვიკიდებდი! თითქოს ახლა მაკლდეს კარმიული ვალები.
უბრალოდ, რომ გაზაფხულდა, კარგი რამეები მომინდა.
ვიცი, რომ მატერიალური სურვილები არ უნდა მქონდეს, მაგრამ მაქვს. არადა, ოდესღაც ყოველდღე ვიმეორებდი, თან სულით და გულით: "მე არ მსურს არც პატივი, არც დიდება, არც ქონება, არც ოჯახი, არც მიმდევრები. მე მხოლოდ შენი ერთგული მსახურება მინდა, ყოველ დაბადებაში".
კრიშნამ არ მისმინა. მაგრამ ეგ არაფერი. შემდეგ დაბადებაში გამიგონებს, თუ შემდეგში არა - იმის შემდეგში, დაბადებებს რა დალევს, თან ჩემებს. მანამდე კი ძალიან ბევრი რამ მინდა.
ოდესღაც სოხუმთან, სოფელ ოქტომბერში, იდგა სახლი, რომელშიც მუდამ მიმესვლებოდა. იქ ერთი ძროხაც ჰყავდათ, რომელსაც კრიშნას მსახურმა ბიჭებმა მასტიტი დამართეს - არ იცოდნენ მოწველა და ჰა... ჰოდა, იმ სახლში, ნაიმიშარანიაში ასვლა და მწვანე მოლზე ერთი კარგი ბიჭის, ადიტია დუქჰის საარაკო სიმღერის მოსმენა მინდა.
კიდევ ცხოვრობდა ამქვეყნად ერთი არაჩვეულებრივი გოგო, პირველი ქართველი ბრაჰმანი, დევა მატა დევი დასი. ყველაზე მხიარული გოგო იყო, ვაიშნავური ლიტერატურის მთარგმნელი, არაჩვეულებრივი მზარეული და ყველგან და ყოველთვის - საუკეთესო თანამგზავრი. აი, მასთან ერთად მინდა ყოფნა, თუნდაც ის, რაც მაშინ ძალიან მამწარებდა საღამოს წირვის დროს, ტაძრის ოთახთან, იატაკზე, "შრიმად-ბჰაგავატამის" ტომებში თავჩარგულს ძილი.
კიდევ მინდა, ინიციაციის ცეცხლთან ვიჯდე, თაკარა მზეში, ფეხმორთხმული ვქანაობდე ჩემს დებთან და ძმებთან ერთად და ყველასთან ერთად ვიმეორებდე: "გოვინდა, უზენაესო მბრძანებელო, გეთაყვანები!" მახსოვს - რა დამავიწყებს? - მთავარ ქურუმს სათვალე მოეხსნა, რომ ერბოს ალის გამო მინები არ დასკდომოდა. რა გასახსენებელი ესაა...
ხომ ბევრი საშინელი ამბავი და სიტყვა მოგაყარე, მკითხველო? მაგრამ ნუ შეშინდები. სინამდვილეში, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი.
. . .
ალიონზე, როცა წყვიდიადის ძალები დედამიწას ტოვებენ, ყველგან - ჩრდილოეთით და სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით, - ორგზისშობილები თითზე ბრაჰმანის თასმას იხვევენ და ამომავალი მზის სადიდებლად გულში იმეორებენ მანტრა გაიატრის - ლოცვას, რომელიც უშუალოდ მათ, მხოლოდ მათ და სხვას არავის, მასწავლებელმა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვით გადასცა.
ეს - ბრაჰმანები. სხვები კი, ვისაც მეორე ინიციაცია ჯერ არ მიუღიათ, ახალი დღის დაბადებას ეგებებიან იმ სალოცავით, რომელიც ყველამ თუ არ იცის, ყველას გაუგონია მაინც. ეს ჰარე კრიშნა მაჰამანტრაა, საგალობელთა საგალობელი:

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე

კრიალოსანზე 108 ხის მძივია ასხმული, თითო მძივზე მაჰამანტრა სრულად იკითხება, და კრიალოსანმა კრიშნას ერთგული მსახურის ხელში თექვსმეტჯერ უნდა გაიაროს. ნეოფიტები მედიტაციისას თავს გულმოდგინედ იქნევენ - ფიქრი ეძალებათ, ფიქრი კი სულ არაა საჭირო, მხოლოდ სიტყვები უნდა ესმოდეთ, უდარდელი, ავდრის ღრუბლისფერი ბიჭის სახელები, რომელიც მთვარიან ღამეს იამუნას ნაპირას ფლეიტაზე უკრავს და მწყემს გოგოებს თავბრუს ახვევს, რომლის შესახებაც მეცნიერები სქელტანიან ტრაქტატებს წერენ და რომლის წყალობის მოსაპოვებლადაც ასკეტები საუკუნეებს ატარებენ ჰიმალაებში: "ყოვლისშემძლეო უფალო, იყავ მოწყალე, იყავ მოწყალე, მეჩვენე მე..."
არადა, კრიშნას წყალობის მოპოვება არც ისე რთულია. მას, ვისაც მისი ერთგული მსახურება აქვს გადაწყვეტილი, ოთხი პრინციპის დაცვა მოუწევს:
არ შეჭამს მოკლულს, ანუ ხორცს;
არ მოიწამლავს სხეულს გამაბრუებელი და აღმგზნები ნივთიერებებით;
უარს იტყვის აზარტულ თამაშებზე;
ექნება სექსი მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩასახულ ნაყოფს სიცოცხლეს არ წაართმევს.
ესაა და ეს. და კიდევ: კრიშნას ერთგული გალობს მაჰამანტრას - და ბედნიერია.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.