|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
იქ, სადაც სიკვდილს დასცინიან(ახალი წელი მექსიკაში)
დაახლოებით ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ის ოფისიდან გამოსულს, მანქანის პარპრიზზე მიკრული წარწერა დამხვდა - "წაეთრიე საქართველოდან!"... პირველად სწორედ მაშინ დავფიქრდი ქვეყნიდან გაძევების პერსპექტივაზე და, რაც მთავარია, იდენტიფიკაციის საიდუმლოზე; როცა ვიღაცაზე ყველაზე მეტს ფიქრობ, გიჩნდება სურვილი, მისი თვალით შეხედო ყველას და ყველაფერს, უფრო მეტიც, მიბაძო კიდეც მას. იმხანად ჩემი ტვინი მთლიანად ეიზენშტეინით იყო მოცული - ვისბადენის კონფერენციისთვის მოხსენებას ვწერდი ეიზენშტეინისა და დავით კაკაბაძის "სტერეოკინოზე". როგორც მჩვევია, წავიკითხე ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც ახლოს იყო თემასთან - მათ შორის, მერი სიტონის, ცოტა არ იყოს, "ყვითელი" წიგნი ეიზენშტეინზე, რომელიც, თუ არ ვცდები, დღემდე არ უთარგმნიათ რუსეთში (საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო). სიტონი ამტკიცებს, რომ სტერეოკინოზე ფიქრმა რუსი-საბჭოთა კინორეჟისორი განსაკუთრებით გაიტაცა 30-იანი წლების დასაწყისში მექსიკაში მოგზაურობის დროს, როცა გრიგორი ალექსანდროვთან ერთად, ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას დახმარებით, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, "ვივა მექსიკას!" გადაღებას შეუდგა. თუმცა ეიზენშტეინის ყველაზე სკანდალური ბიოგრაფი სტერეოკინოს სპეციფიკაზე ნაკლებად მსჯელობს - მერი სიტონი დაწვრილებით გვიამბობს, როგორ აღიარა აქ, მექსიკაში სერგეი ეიზენშტეინმა თავისი გრძნობები მეგობრისა და კოლეგის, გრიგორი ალექსანდროვის მიმართ, რამაც ისე დააფრთხო ალექსანდროვი, რომ გადაღებას თავი დაანება და მოსკოვში დაბრუნდა. უფრო მეტიც, დააბეზღა ეიზენშტეინი პირადად სტალინთან... რამდენიმე დღეში ეიზენშტეინმა სტალინისგან წერილი მიიღო. ბელადი კატეგორიულად, მუქარის ტონით, სთხოვდა "ყველაზე მარქსისტული ფილმის", "ჯავშნოსანი პოტიომკინის" ავტორს, დაენებებინა გადაღებისთვის თავი და მოსკოვში დაბრუნებულიყო. სიტონის მტკიცებით, ეიზენშტეინს შეეშინდა და დაუფიქრებლად შეასრულა ბელადის ბრძანება. თუმცა არსებობს მეორე ვერსია - ეიზენშტეინს არ შეეძლო ალექსანდროვისგან შორს ყოფნა, მან თავისი ცხოვრების "მთავარ მამაკაცს" ღალატიც კი აპატია!
სამშობლოში დაბრუნებულ ეიზენშტეინს ალექსანდროვი უკვე დაოჯახებული დახვდა. მათ თითქმის მთლიანად გაწყვიტეს კონტაქტი. მიუხედავად ამისა, ეიზენშტეინის სიკვდილის შემდეგ, 1979 წელს, სწორედ ალექსანდროვმა გადაწყვიტა მექსიკაში დაუმთავრებელი ფილმის აღდგენა. უფრო სწორად, დამონტაჟება.. ალექსანდროვის "ვივა მექსიკას!" არანაირი კავშირი არ ჰქონდა "ინტელექტუალური მონტაჟის" თეორიასთან, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა მექსიკურ ფილმს. აქ მხოლოდ იმ ფილმის კადრები დარჩა... "სამოთხე! სამოთხე!"... ამ ორ სიტყვას განუწყვეტლივ იმეორებს ეიზენშტეინი თავის მექსიკურ ჩანაწერებში. თანაც, სწორედ ასე, ორ-ორჯერ! მერი სიტონის აზრით, "სამოთხის" შეგრძნება საკუთარი იდენტურობის "შეძენამ" განაპირობა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსმა რეჟისორმა ჰომოსექსუალობა ჯერ კიდევ 20-იან წლებში, ბერლინში "აღიარა" (აქ ეიზენშტეინი ფსიქოანალიზის სეანსებს გადიოდა). მართლაც, ბედნიერების განცდის მიზეზი მხოლოდ სექსუალური იდენტურობის "მოპოვება" რომ ყოფილიყო, ეიზენშტეინს მექსიკაში ჩასვლამდე, ამერიკაში შეეძლო დარჩენა - ჰოლივუდში, სადაც მას არაერთ საინტერესო პროექტს სთავაზობდნენ, სადაც მას ჩაპლინი და დისნეი მფარველობდნენ, და, რაც მთავარია, სადაც სრულიად თავისუფალი იყო. მაგრამ "სამოთხე, სამოთხე!" "ყველაზე მარქსისტული ფილმის" ავტორმა სწორედ მექსიკაში შესძახა. ჰოდა, ამ "პროკლამაციით" დამშვენებულ ჩემს მანქანას რომ შევხედე, მაშინვე ეგ "მექსიკური სამოთხე" მომაგონდა. სამშობლოდან წასვლას თუ მაიძულებდნენ, არ დავიკარგებოდი; მე ხომ მაგ სამოთხეში მოხვედრის საშუალება მქონდა - საყვარელი და ერთადერთი ძმა მექსიკაში მელოდებოდა... არც ჩემს საქმეს მივატოვებდი; ვისწავლიდი ესპანურს და ეიზენშტეინს მივხედავდი; პატარა მუზეუმს გავხსნიდი ეიზენის "მექსიკური ნახატებით", რომელთა დიდი ნაწილი 1985 წლის მიწისძვრის დროს დაიკარგა, მაგრამ რაღაც ნაწილი ხომ გადარჩა! (მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მექსიკამ არა თუ ეიზენშტეინს, თვით ლუის ბუნუელსაც კი ვერ მიხედა. ახლახან ბუნუელის სახლი მეხიკოში ესპანეთის ხელისუფლებამ არცთუ ისე ძვირად იყიდა). მეორე დილით აღარც პროკლამაცია მახსოვდა და აღარც მექსიკა. ეიზენშტეინზე მოხსენებაც დავამთავრე და მორიგი "ფსიქოსთვის" მზადებას შევუდექი. მაგრამ ეს მექსიკა, ჩემი ძმითა და ძმისშვილებით, საყვარელი ოჯახით (რომელიც თავად არ მქონია), სითბოთი, სიყვარულით, მზით, ყოველთვის იყო "რეზერვში" - თუკი ეიზენი სამოთხიდან გამოაძევეს, მე ჩემი ფეხით შევაბიჯებდი მიწიერ სამოთხეში! სხვათა შორის, ვისბადენის კონფერენციაზე ხალხი ყველაზე მეტად სტერეოკინოსთან "მიწიერი სამოთხის" იდეის მიმართებით დაინტერესდა; სტერეოკინოს შესაძლებლობებზე ფიქრი ეიზენშტეინმა ნოემბერში, მექსიკელების საყვარელ "სიკვდილის ფიესტაზე" დაიწყო; ამ დღეს, მოგეხსენებათ, მექსიკა მთლიანად "სიკვდილით" ცხოვრობს - ამზადებენ სალათებს, ნამცხვრებს ფიტულების, თავის ქალის ფორმით. გემრიელად შეექცევიან და კვდებიან სიცილით. "ქვეყანა, სადაც სიკვდილი არა მარტო სძულთ, არამედ დასცინიან!" - წერს ეიზენშტეინი მექსიკაზე... აღფრთოვანებული წერს! ცხადია, სიკვდილის ასეთი დათრგუნვა იმხანად ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა და ჯანმრთელ რეჟისორს იმიტომ არ მოეწონა, რომ რაღაც "ეგზისტენციალური შიშები" ჰქონდა; "სიკვდილის დაცინვა" ჰარმონიულად ეწერებოდა ეიზენშტეინის სტილში, რომელიც მან ნაწილობრივ თავისი მასწავლებლისგან, მეირჰოლდისგან ისესხა. "სატირა სიკვდილზე", "გაყინული მდგომარეობის დაფიქსირება და მასზე ქილიკი", "ძალაუფლება, როგორც სიკვდილი და მისი გაშარჟება ხელოვნებაში" - ეს ეიზენშტეინის გამოთქმებია, რომელსაც რეჟისორი და თეორეტიკოსი მუდმივად იყენებს მექსიკურ დღიურებში. რა თქმა უნდა, სიკვდილის ასეთი "გაწვდილი ხელით" შეგრძნება (ისევ ეიზენშტეინის ტერმინია) სხვა ხალხებსაც ახასიათებთ - ესპანელებსაც, იაპონელებსაც... მაგრამ მექსიკაში სიკვდილის გაშარჟება იმიტომ კი არ ხდება, რომ თავისუფლების შეგრძნებისთვის მუდმივად უნდა "გახსოვდეს სიკვდილი"... მექსიკაში სიკვდილი ძალაუფლების ყველაზე ძველი, "ადრეისტორიული" გამოვლინებაა. ამიტომ სიკვდილი არა მარტო უნდა გახსოვდეს, არა მარტო "გაწვდილი ხელის" მანძილზე უნდა გყავდეს მონიშნული, არამედ უნდა ებრძოდე მას. მთელი არსებით ებრძოდე!
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
სტუმარი, აპრილი 21, 2011, 01:11:09
"... მაგრამ "სასტარტო პირობა" ყველას ერთნაირი აქვს. ყველას "ძირი" უსასრულო წარსულშია (ეიზენშტეინის სიტყვებით "აცტეკურ მატრიარქატში").." ეს არ გულისხმობს ჩვენს განსხვავებულობის გაუქმებას პერ სე, რადგან თუ ძირი ჰიპოტეტიურად არსებობს, მაშასადამე უნდა არსებობდეს განსხვავებული სასტარტო პირობა, ანუ წარსულის უსასრულო ჰორიზონტის გამო საწყისი წერტილის განუსაზღვრელობა ლოგიკურად არ აუქმებს ასეთი საწყისის არსებობას, პირიქით ადამიანთა განსხვავებულობის ობიექტური ფაქტი ლოგიკურად ითხოვს განსხვავებული სასტარტო წინაპირობის აღიარებას, თუნდაც უსასრულო რედუცირების გამოყენებით. გამომდინარე აქედან, მემარცხენე იდეოლოგიები ახდენდნენ და კვლავინდებურად ახდენენ ირაციონალური და უტოპიური პოლიტიკური თუ ფილოსოფიური იდეების გენერირებას (შემთხვევითი არაა რელატივისტურ–სუბიექტივისტური ფილოსოფიური მიმდინარეობების მომძლავრება მემარცხენეობის ერთ–ერთ აკვანში, ანუ საფრანგეთში) . უმცირესობის მსგავსი კონცეპტუალური წუხილები კი თითქმის ყოველთვის განპირობებულია ტრავმით გამოწვეული კომპლექსის გადალახვის ან დამკვიდრების ჟინით, რომელიც შეფარეული თუ ღია აგრესიით მიმართულია ხოლმე უმრავლესობის, ანუ ამ კომპლექსის არმაღიარებელი და ნორმის დამდგენი კოლექტიური ნების წინააღმდეგ. შედეგად ამგვარი ჟინი–ნება ფორმით განსხვავებული, თუმცა შინაარსით უცვლელი აგრესიული ინსტინქტია, როგორც ძალაუფლებ, რომელსაც ის ასე გულმოდგინედ უარყოფს.
სტუმარი, აპრილი 21, 2011, 01:08:34
"... მაგრამ "სასტარტო პირობა" ყველას ერთნაირი აქვს. ყველას "ძირი" უსასრულო წარსულშია (ეიზენშტეინის სიტყვებით "აცტეკურ მატრიარქატში").." ეს არ გულისხმობს ჩვენს განსხვავებულობის გაუქმებას პერ სე, რადგან თუ ძირი ჰიპოტეტიურად არსებობს, მაშასადამე უნდა არსებობდეს განსხვავებული სასტარტო პირობა, ანუ წარსულის უსასრულო ჰორიზონტის გამო საწყისი წერტილის განუსაზღვრელობა ლოგიკურად არ აუქმებს ასეთი საწყისის არსებობას, პირიქით ადამიანთა განსხვავებულობის ობიექტური ფაქტი ლოგიკურად ითხოვს განსხვავებული სასტარტო წინაპირობის აღიარებას, თუნდაც უსასრულო რედუცირების გამოყენებით. გამომდინარე აქედან, მემარცხენე იდეოლოგიები ახდენდნენ და კვლავინდებურად ახდენენ ირაციონალური და უტოპიური პოლიტიკური თუ ფილოსოფიური იდეების გენერირებას (შემთხვევითი არაა რელატივისტურ–სუბიექტივისტური ფილოსოფიური მიმდინარეობების მომძლავრება მემარცხენეობის ერთ–ერთ აკვანში, ანუ საფრანგეთში) . უმცირესობის მსგავსი კონცეპტუალური წუხილები კი თითქმის ყოველთვის განპირობებულია ტრავმით გამოწვეული კომპლექსის გადალახვის ან დამკვიდრების ჟინით, რომელიც შეფარეული თუ ღია აგრესიით მიმართულია ხოლმე უმრავლესობის, ანუ ამ კომპლექსის არმაღიარებელი და ნორმის დამდგენი კოლექტიური ნების წინააღმდეგ. შედეგად ამგვარი ჟინი–ნება ფორმით განსხვავებული, თუმცა შინაარსით უცვლელი აგრესიული ინსტინქტია, როგორც ძალაუფლება, რომელსაც ის ასე გულმოდგინედ უარყოფს.
სტუმარი, აპრილი 19, 2011, 20:56:30
გოგი, ვინ გაგაბრაზა? წესით დიეგო არ უნდა მოგწონდეს...არც ფრიდას შემოქმედება. თუ ლეგენდას ებრძვი, ანტი–ლეგენდას რატომ ქმნი?
დატოვე კომენტარი