იდუმალებით მოცული შენობა

ლიზა ორბელიანი

ფოტო ინახება საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის არქივში

*სრული ვერსია იხილეთ ცხელი შოკოლადის 62-ე ნომერში

ავტორი: ხათუნა ქარდავა

არ ვიცი რატომ, მაგრამ მუზეუმებში შესვლისას ბავშვობიდანვე მქონდა განცდა, რომ იდუმალებით მოცულ შენობაში დავიარებოდი. შესაძლოა სივრცის, ან, უძველესი ნივთების სუნის გამო. ბავშვობის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, თუმცა შენობები, სახელწოდებით "ქართული მუზეუმები" ჩემთვის დიდხანს ექსკურსიამძღოლის მოწყენილ ხმასთან და მუზეუმის დამთვალიერებელთა მცირე ჯგუფთან ასოცირდებოდა.

მერე (უკვე ჩემი ჟურნალისტური კარიერის დასაწყისში) ლიტერატურის მუზეუმში მოვხვდი, რომელიღაც წიგნის პრეზენტაციაზე. პრეზენტაცია მუზეუმის ეზოში იყო, ბაღში დარგული ვარდების სურნელისა და გრილი ნიავის ფონზე. მომეწონა. ვიდექი ეზოში, იმ კედლებს შორის, რომელთა მიღმა უზარმაზარი დარბაზებია, ამ დარბაზებში უნიკალური სურათები და  ამ სურათებს გასაოცარი ისტორიები აქვთ.

მას მერე ჭანტურიას ქუჩის რვა ნომერში მდებარე ლიტერატურის მუზეუმზე ბევრი წერილი დავწერე,

თუმცა ისტორიას, რომელიც თავად მუზეუმის შენობას უკავშირდება, დღეს გიამბობთ. ეს ძალიან ლამაზი ისტორიაა, კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის ალექსანდრ ბარატინსკისა და ქართველი თავადის ქალის ლიზა ორბელიანის სიყვარულის ისტორია.

 

ნაყიდი სიყვარული

ამ შენობის კედლებთან დაკავშირებული მეცხრამეტე საუკუნის შუა ნახევრის სიყვარულის ისტორია რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე და ყველა მათგანმა მეფისნაცვლის სატრფო, ლიზა ორბელიანი ასე დაახასიათა: უშნო ქალი იყო, დაბალი, შავგვრემანი, შეუხედავი.... მეფისნაცვალი კი.... ოოოოო, მასზე ქალები გიჟდებოდნენ, მისთვის ქალები ქმრებს ღალატობდნენ, მასზე ოცნებობდნენ, ჩუმად ეტრფოდნენ, წვეულებებზე შორიდან უმზერდნენ. აბა, რომელი ქალის გულს ვერ დაიპყრობდა მამაკაცი: ულამაზესი, ძალ-ღონით სავსე, ძალაუფლების მომხვეჭი და ძალიან დიდი სიმდიდრის პატრონი.

კავკასიაში ის 1835 წელს გამოჩნდა, რიგითი ოფიცრის სტატუსით, მეორედ ოცი წლის შემდეგ - "კავკასიის კორპუსის" მეთაურად. მოგვიანებით სახელი შამილის დამარცხებით მოიხვეჭა. და ეს ყოვლად მომნუსხველი მამაკაცი კავკასიაში მეფისნაცვლად ყოფნის პერიოდს სწორედ იმ შენობაში ატარებს, რომელსაც დღეს ლიტერატურის მუზეუმი ჰქვია.

სამსართულიან შენობას შვიდი უზარმაზარი დარბაზი აქვს, ლამაზი კიბეები და უამრავი ოთახი. არავინ იცის, რომელ დარბაზში ან ოთახში იჯდა მეფისნაცვალი ალექსანდრე, როცა მას "უშნო" ლიზა ორბელიანი ესტუმრა. ბარატინსკის ბევრი  სტუმრობდა, ძირითადად - დახმარების სათხოვნელად, ახალი თანამდებობის მისაღებად, სტუმრობდნენ ქართველი თავადები, თავადების ცოლები, ცოლების ნათესავები, ნათესავების მეგობრები. ისტორიას არ შემოუნახავს ცნობები იმის შესახებ, ვის როგორ ეხმარებოდა მეფისნაცვალი. თუმცა, ლიზა ორბელიანთან მისი შეხვედრის ისტორია ლეგენდად იქცა. ყოფილი ბარატინსკის ქუჩის,  ამჯერად ჭანტურიას რვა ნომერში მდებარე სასახლეში მყოფ მეფისნაცვალთან შედის ქალი, რომელიც სთხოვს: "თუ ჩემი ქმარი მოგადგათ და რაღაც გთხოვათ, უმორჩილესად გთხოვთ, არ დაეხმაროთ". ქალი სასახლეს მალევე ტოვებს. რამდენიმე დღეში ბარატინსკი ლიზა ორბელიანის ქმარს სასახლეში იბარებს და, ცოლის სანაცვლოდ, დიდ თანხას სთავაზობს. ასე ხდება ლიზა ორბელიანი მეფისნაცვლის მეუღლე. ქალი, რომელმაც ახალგაზრდობის ნახევარი მუქთახორა, უსაქმურ ქმართან ერთად გაატარა, ულამაზესი და უმდიდრესი კაცის ცოლი ხდება. შეუღლების შემდეგ ლიზა ორბელიანი და მეფისნაცვალი პარიზში მიემგზავრებიან. როგორც ჩანს, ქალს მაინც ტვირთად მიჰყვება "ნაყიდი სიყვარული",  ჭლექით ავადდება და ცხოვრების ბოლო წლებს მონასტერში ატარებს. ბარატინსკის მეტი ცოლი აღარ შეურთავს. სულ ეს არის, რასაც ლიზა ორბელიანის შთამომავალი, სალომე ქობულაშვილი ამ ისტორიაზე მიამბობს. ლიტერატურის მუზეუმში ლაშა ბაქრაძის კაბინეტში ვსხედვართ, ლაშა ლეპტოპში ბარატინსკისა და ორბელიანის სურათებს ეძებს.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.