warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 26 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ჰომოფობია - სირცხვილია

ჰომოფობი პოლიტიკოსი - საფრთხე საზოგადოებისთვის

გადაცემა აუდიტორია
14 დეკემბერს დილიდან რამდენიმე ჟურნალისტმა დამირეკა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ გადაცემაზე "აუდიტორია" კომენტარი მთხოვა. გადაცემის თემა იყო: "აქვს თუ არა ჰომოსექსუალს უფლება, იყოს სკოლაში მასწავლებელი". გადაცემა არ მენახა, მაგრამ "ცხელ შოკოლადს" შევპირდი, რომ ვნახავდი და მოკლე კომენტარსაც დავწერდი. გადაცემის ნახვამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ძირითადად, წამყვანზე მომიწევდა საუბარი და იმაზე, მაუწყებლის ქცევის კოდექსის რომელი მუხლები დაირღვა. თუმცა, საბოლოოდ, სულ სხვა აქცენტების დასმა გადავწყვიტე.

გადაცემის პრობლემა არა უშუალოდ რომელიმე ეთიკური ნორმის დარღვევა, არამედ ზოგადი პროფესიული სტანდარტები იყო. მაგ: მთელი გადაცემა გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე აიგო - ინგლისური ენის ერთ-ერთმა მასწავლებლმა თომას ფლეთჩერმა საკუთარი შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, თავის პირად გვერდზე, რომლის ნახვა შეეძლოთ მის მოსწავლეებსაც. ქართულმა მედიამ დაასკვნა, რომ ასეთი უხამსი საქციელის ჩამდენი მხოლოდ ჰომოსექსუალი იქნებოდა. ქართველმა პოლიტიკოსებმა თემა აიტაცეს და ზვიად ძიძიგურმა ფლეთჩერის საქციელი ასევე გადაუმოწმებლად, კიდევ უფრო გააზვიადა და განაცხადა, რომ ჰომოსექსუალები ბავშვებთან არ უნდა მიუშვა. არც საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩამორჩა და ასევე გადაუმოწმებლად, სოციალურ ქსელში საჯარო სიშიშვლე, მასწავლებლისთვის ეს არაეთიკური საქციელი, პირდაპირ დაუკავშირა ჰომოსექსუალიზმს. თვალნათლივ გამოჩნდა ის, რაც საზოგადოებრივი აზრის შესწავლისას გასული საუკუნის დასაწყისში თქვა ვოლტერ ლიპმანმა, რომ ადამიანები აზრს მათ თავში არსებული სურათების მიხედვით იქმნიან. სწორედ ეს იგულისხმა ერთ-ერთმა სტუმარმა, უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელმა პაატა საბელაშვილმა, როცა თქვა: "რომ არ არსებობდეს საზოგადოებაში ჰომოფობია, ამ ადამიანს ჰომოსექსუალის იარლიყს არ მიაკერებდნენ."

ალბათ, შესაძლებელი იყო, რომ გადაცემა არა რადიკალურ აზრთა არენა, არამედ საკითხზე მშვიდი მსჯელობის სივრცე ყოფილიყო. შესაძლებელი იყო ისეთი სტუმრების მიწვევა, რომლებიც უფრო კვალიფიციურად ისაუბრებდნენ ჰომოსექსუალიზმზე, ვიდრე ამას დარბაზში მყოფი რამდენიმე სტუმარი აკეთებდა. ხშირად ვამბობ, რომ აფრო-ამერიკელებზე სასაუბროდ კუ-კლუქს-კლანი არ მოჰყავთ, ებრაელებზე სასაუბროდ ფაშისტებს და ანტისემიტებს არ იწვევენ. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ გადაცემის პროდიუსერმა მცდელობა არ დააკლო, რომ სტუდიაში არაჰომოფობიური პოზიცია უკეთ ყოფილიყო წარმოდგენილი, ვიდრე საბოლოოდ გამოვიდა. მაგრამ ზოგი თბილისში არ იყო, ზოგმა მნიშვნელოვანი შეხვედრა ვერ გადადო და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.

ორი სტუმარი, რომელთაგან ერთ-ერთს სტერეოტიპული გარეგნობა ჰქონდა, შემაღლებულ სცენაზე, დანარჩენი სტუმრებისაგან განცალკევებით დასვეს. რამაც, კიდევ უფრო გააძლიერა საზოგადოებაში არსებული წინასწარგანწყობები: ჰომოსექსუალები განსხვავებულები, გამორჩეულები, "დასათვალიერებელი პერსონაჟები" არიან და რაც მთავარია, ყველას აქვს უფლება, მათ მორალი უკითხოს.

თუმცა ცალსახაა, რომ ამჯერად, საზოგადოებრივ მაუწყებელს ქცევის კოდექსი არ დაურღვევია. გადაცემის წამყვანი, ეკა ხოფერია ოპონირებას უწევდა სტუმრებს და ცდილობდა, შეეზღუდა ჰომოფობიური გამონათქვამები. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა დისკუსიისთვის თავისუფალი სივრცე, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი და რომ პარლამენტმა უნდა შეიმუშავოს საკუთარი ქცევის ნორმები, რომლის მიხედვითაც ფაშისტური შეხედულების ადამიანებს თავად პარლამენტი დაატოვებინებს თანამდებობას. მით უფრო, რომ ლორთქიფანიძეს პირველად არ გამოუთქვამს ჰომოფობიური მოსაზრებები. მართალია, შესაძლებელი იყო, დიმიტრი ლორთქიფანიძისა და ზვიად ძიძიგურის არაკორექტული განცხადებების ამოჭრა გადაცემიდან, მაგრამ ვფიქრობ, საჭიროა ვიცოდეთ როგორია ჩვენი პოლიტიკოსების სწორხაზოვანი, საკუთარი ფობიებითა და სტერეოტიპებით შექმნილი ღირებულებათა სისტემა და არჩევანიც შესაბამისი გავაკეთოთ, როცა ამის დრო დადგება.

"ბრმები, ყრუები, არ უნდა იყვნენ ჩვენი ბავშვების მასწავლებლები, არ მინდა ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ასეთი (გადაცემის სტუმრისნაირი) ჩაცმულობა... მეძავები, მკვლელები, ჰომოსექსუალისტები, გინდა ჰეტეროსექსუალები, რომლებსაც აქვთ მანიაკალური და არანორმალური გამოხდომები, ბავშვთან არ უნდა მივიდნენ" - ამბობს აღშფოთებული ძიძიგური და ყველაფერს ერთ ქვაბში ყრის. თემას აგრძელებს დიმიტრი ლორთქიფანიძე: "ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იცავენ მათივე (ლგბტ) შემქმნელი ორგანიზაციები ზოოფილების, ნეკროფილების, გერონტოფილების უფლებებს, რა, ისინი ადამიანები არ არიან?" გეგონება, ამორალური ჰეტეროსექსუალი, საჯარო ტრანსპორტში პატარა გოგონებზე მონადირე ან ცოლებზე მოძალადე მამაკაცები ძალიან უცხოა ჩვენი საზოგადოებისათვის. ან თითქოს, ორი ზრდასრული ადამიანის მიერ გაკეთებული ცნობიერი არჩევანი აპრიორი პათოლოგიას ნიშნავდეს.

სწორედ ამ არგუმენტების კომუნიკაციას ცდილობდა ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი, გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც საჩვენებელ სცენაზე არ იჯდა და ჰუმანურობის ღირებულებებს იცავდა. ცდილობდა დამსწრეთათვის აეხსნა, რომ კრიმინალი, უზნეობა და სექსუალობა არაა ერთმანეთთან კავშირში და ადამიანებს მათი სექსუალური ორიენტაციის, ისევე როგორც ჩაცმულობის, თმის ვარცხნილობისა და ცხვირის სიგრძის გამო ვერ დაუწესებ შეზღუდვებს პროფესიის არჩევაში.

გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვემ, გიორგი მელაძემ აღნიშნა, რომ ორი პოლიტიკოსი პოპულარულ პოზიციას ხმამაღლა გამოხატავს, რადგან, იცის, რომ არაფერს დაკარგავს. ვფიქრობ, სწორედაც ასეთი კაცთმოძულე გამონათქვამების გამო პოლიტიკოსები ბევრს უნდა კარგავდნენ. ასეთი გამონათქვამების გამო, მოქალაქეები აქტიურად უნდა გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას და დისკომფორტს უქმნიდნენ ჰომოფობ საჯარო მოხელეებს. გავიხსენებ ბრიტანეთის სატელევიზიო რეალითი შოუს "უფროსი ძმა ცნობილი ადამიანების მონაწილეობით", სადაც ერთ-ერთმა მონაწილემ შეურაცხყოფა მიაყენა მეორეს მისი აზიური წარმომავლობის გამო. ეს იყო ყველაზე სკანდალური შოუ ბრიტანეთის ისტორიაში. 16 000-ზე მეტმა ადამიანმა დაწერა საჩივარი. ბრიტანეთის მაშინდელმა კანცლერმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა: "მე ვფიქრობ, ჩვენი წუხილი საფუძვლიანია. მინდა გამოვხატო ბრიტანელი ხალხის უმრავლესობის სათქმელი. ჩვენ ვართ ტოლერანტი და სამართლიანი ერი და ვფიქრობ, სწორედ ასეთად უნდა გვიცნობდეს მსოფლიო".

დარწმუნებული ვარ, არც საზოგადოებრივ მაუწყებელში და არც საქართველოს პარლამენტში არცერთი საჩივარი არ შესულა და არც პოლიტიკოსებს უგრძვნიათ რაიმე უხერხულობა მათივე კოლეგების არაჰუმანური და ჰომოფობიური გამონათქვამების გამო.

სტუმარი, აპრილი 25, 2011, 23:33:49

დანე, ეს ახლა დაწერე? შეგახსნებ, რომ ეკა ხოფერიას ძალიან ბევრმა უთხრა უარი. მეც იმიტომ წავედი, რომ იმაზე უარესი არ ყოფილიყო, რაც გამოვიდა. ისე ეთერში გაცილებით ზომიერი იყო, ვიდრე ჩაწერის დროს იფიქრებდა ადამიანი. ძირითადი მიზეზი თუ რატომ არ მივიდნენ იყო ის, რომ ჰომოფობი პოლიტიკოსების პოზიციის ლეგიტიმაცია მათი იქ ყოფნის გამო არ მომხდარიყო.
ეს ძალიან უსუსური არგუმენტია. გადახედე დასავლეთში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიას დებატის ასეთი მცდელობის გარეშე თაივისით არ დადგება ის სიტუაცია, რომ ჟურნალისტი, ოპონენტი, აუდიტორია მზად იქნება ზრდასრულად მიიღოს შენი არგუმენტები. ეს თავისით ხომ არ მოხდება.

რაც შეეხება ხოფერიას და მთელ პროდიუსინგს. პირველივე წამიდან მქონდა შეგრძნება, რომ ისინი მართლაც მოწადინებულები იყვნენ პრობლემას - ჰომოფობიას შეხებოდნენ. რა მათი ბრალია, რომ ჩვენ (მე და ლუბა) უმცირესობაში აღმოვჩნდით და რომ ლერის გარდა არავინ იკადრა შემაღლებულ ადგილას ჯდომა.

სტუმარი, აპრილი 15, 2011, 18:56:28

სასამართლოში ჩივილი კი არა, სახლში,ოჯახთან ერთად ვუყურე ხსენებულ გადაცემას და რომ გავაპროტესტე ისეთი რისხვა დამატყდა თავს საკუთარი ოჯახის წევრებისაგან რომ შემზარა...იმიტომ კი არა, რომ მე გამაკრიტიკეს, როგორც " ევროპამოვლილი და ტვინმოწამლული", არამედ იმიტომ, რომ ძიძიგურისდა ლორთქიფამიძის შეხედულებები საკმაოდ პოპულარულია საზოგადოებაში...სამწუხაროდ.
მასშემდეეგ ვეწევი აგიტაცია-პროპაგანდას და მგონი ცოტა წინ წავედით ოჯახის მასშტაბით:)

სტუმარი, აპრილი 15, 2011, 14:45:51

სალამი, ირაკლი ვაჭარაძე ვარ. ამ თემაზე ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ და იურისტებთან და სხვა პროფესიონალებთან დაჟინებული ძიების მიუხედავად, ვერ დავარწმუნე ვერავინ რომ სარჩელის შეტანა შესაძლებელი იყო. აღმოჩნდა რომ ვერც ლორთქიფანიძეს და ვერც საზ. მაუს ვერ მოვედავებოდით. თუმცა მას შემდეგ არცერთი ჰომოფობიური გამოხტომა არ დაგვიტოვებია სარჩელის გარეშე, შედეგებით დიდად ვერ დავიკვეხნით: ხან თქვენ არავინ გეკითხებათ, ფიზიკურმა პირმა გვიჩივლოსო გვეუბნებიან არხების თვითკონტროლის მექანიზმები, ხან ხანდაზმულობის ვადის გასვლას ისე იმიზეზებენ, თითქოს მეორედ აღარ ჩაიდენდნენ იმავე 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მსგავს უმსგავსობებს.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.