|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ჰიმნი N2 ნაცია80-90-იანი წლების, ორი ეპოქის ნაწიბურზე დაწერილი და მერე დავიწყებული რამდენიმე ლექსი, ძველი სიმღერების მსგავსად ჩემში ზუსტად იმ დროისა და სივრცის რეკონსტიტუციას ახდენს, რომელშიც ისინი დაიწერა. თითქოს დროის მანქანის წყალობით მომავალში, 21-ე საუკუნის ჩემს რეალობაში მოხვედრილი ზოგიერთი მათგანი ისევ აქტუალური დარჩა. მათი ცალკე კრებულად გამოცემა ოქროსფერ სარკოფაგში მოთავსებული, კარგად შენახულ მუმიების გამოფენა იქნებოდა… მე ისინი ცოცხლები მჭირდება, ისეთივე მგრძნობიარობით, როგორიც მათ, ოცი წლის წინ ჰქონდათ. ვიფიქრე, წიგნად აკინძულ პრიალა «მუზეუმის» ნაცვლად, საქართველოში ასე პოპულარულ ჟანრში, ჰიმნებში გამეცოცხლებინა ისინი; წიგნად აკინძულ თოთხმეტ ჰიმნად. ცნობილი ტელე ჰიმნებისგან განსხვავებით, ჩემი ჰიმნები ტექსტებია, რომლებშიც სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრია გამოყენებული: პოეზია, ნოველა, ესე, დოკუმენტური პუბლიცისტიკა, დრამატურგია... ჰიმნები ჩემი ცხოვრების ძაფზე აცმული დროის კრიალოსანია. თამაშია ყველაზე ფუნდამენტური თემებით: სიყვარული, სიძულვილი, სამშობლო, თავისუფლება... რომელთა ლოგიკა ჩემთვის დღესაც ისეთივე გაუგებარია, როგორც გზის დასაწყისში... ან, შესაძლოა უფრო მეტად... გაუგებარია, როგორც კალეიდოსკოპში შუშის პატარა უფასო და უმნიშვნელო ნამსხვრევებისგან შემდგარი ათასობით კომპოზიციის, მათი ჰარმონიის, მშვენიერების ლოგიკა, რომელიც, პრინციპში, არ არსებობს. ამიტომ მის ძებნას არანაირი აზრი არა აქვს. უმჯობესია ამ უმნიშვნელო პატარა დეტალებისგან შემთხვევით დაბადებულ კომპოზიციაზე მედიტირება, სანამ ის სამუდამოდ გაქრება. ყველაფერი სახელმწიფოსთნ ერთად. არაფერი სახელმწიფოს გარეშე. არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბენიტო მუსოლინი
ეროვნული თვითშეგნება კოლექტიური პარანოიის ნაირსახეობაა, მას ხშირად მგზნებარე პატრიოტიზმსაც უწოდებენ, ეს კი, თავის მხრივ, ჰიპერსექსუალობას წააგავს - მის პულსაციებთან გამკლავება ძალიან ძნელია და ადრე თუ გვიან, ისეთ პოლიტიკურ პათოლოგიად ყალიბდება, როგორიც ულტრამემარჯვენე მოძრაობებია. განსხვავება ჰიპერსექსუალობასა და მგზნებარე ჰიპერპატრიოტიზმს შორის მხოლოდ იმაშია, რომ პირველი თანდაყოლილი პათოლოგიაა, მეორე კი - შეძენილი. თუმცა, ხშირად, ამ პათოლოგიით განსაკუთრებულად მძიმედ შეპყრობილი ადამიანები ცდილობენ, ის გენეტიკურ პრივილეგიად გაასაღონ. პატრიოტიზმი, ისევე როგორც სექსუალობა, საკმაოდ ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა. ის, საკუთრებასთან, სიხარბესთან და სიყვარულთან არის დაკავშირებული. თავის ექსტრემალურ ვერსიებში კი, სიძულვილთან. ჰიპერსექსუალობის ფანატიზმს, მის გამძაფრებულ პორნოგრაფიულობას, ხშირად, ძალადობა კვებავს, ჰიპერპატრიოტისას კი - სიძულვილი. ჰიპერპატრიოტებს საკუთარ სამშობლოს სიყვარულზე მეტად - სხვისი სამშობლოს სიძულვილი ასაზრდოებთ. დასტურად უამრავი მაგალითი არსებობს გასული მეოცე საუკუნიდან, როდესაც სიტყვა პატრიოტიზმმა განსაკუთრებული, ბარბაროსული დატვირთვა შეიძინა და ისეთი გამოჩენილი ჰიპერპატრიოტები შვა, როგორებიც იყვნენ: ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი, მაო ძედუნი, ფრანსისკო ფრანკო, ფიდელ კასტრო... ასევე მილიონობით პატარა რკინის ჯარისკაცი, თავიანთი ცოლებით, შვილებით, საყვარლებით, პატარა ზიზღის ზარბაზნებით, ქილიკის პისტოლეტებით, გინების ტყვიამფრქვევებით, დაბეზღების მოძრავი, მხიარული ავტობუსებით, მობილური სახრჩობელებითა და, რა თქმა უნდა, ჰიპერპატრიოტული ფანტაზიის მწვერვალით - გაზის კამერებით... ამ პატარა რკინის მილიონებმა სხვა მილიონებს სული ამოხადეს მგზნებარე ლოზუნგების ფრიალით ატეხილ ქარიშხალში, ჰიმნების, ფანფარების გამაყრუებელ გუგუნში - ისინი ყველაზე ჰიპერპატრიოტები იყვნენ, თავიანთი ენთუზიაზმით, ინიციატივებით... საკუთარ მეტრებზე უფრო მგზნებარენიც კი.
ჟირაფის გალია. კარიბჭესთან ორი ბრინჯაოს ლომი იდგა: სალაროს დარაჯობდნენ, რომელშიც მსუქანი ქალი იჯდა. ეს ქალი ძალიან მდიდარი იყო, რადგან მთელი დღე ფულს აგროვებდა. შესაძლოა, ის, ღმერთიც იყო. არავინ იცის. ბებიას ღმერთი ფულის სანაცვლოდ დაგრაგნილ ბილეთს აძლევდა, ზუსტად ისეთს, როგორსაც ტროლეიბუსში. ამ ბილეთებით ხელში, ლომებს შორის მშვიდობით გავდიოდით და ბებია პირველ სიტყვას ამბობდა - არ დამეკარგო! სამყარო იქვე იწყებოდა - პატარა დაღმართის ბოლოში, სადაც სელაპი ცურავდა... ყველა აქ იყო: ვეფხვი, მაიმუნი, მგელი, მარტორქა, ბეჰემოტი, კენგურუ, ირემი, ქათამი, აქლემი, თევზი, სირაქლემა... ყველა მარტო იყო, წყვილის გარეშე... რადგან სინამდვილეში, ნოე, თავისი კიდობნით, ვერეს ხეობაში გაეჩხირა, სულ ორასიოდე კილომეტრში არარატის მთიდან... მხოლოდ მერე, ცხოველებს ჩხუბი მოუვიდათ, ერთნი გალიებში გამოიკეტნენ, მათი მეწყვილეები კი წავიდნენ. ალბათ, არარატზე... ზუსტად არავინ იცის. სადღაც, ანტილოპას სიახლოვეს, ბებია, ქაღალდში ძალიან ლამაზად შეხვეულ, ჯოხზე წამოცმულ, ცილინდრის ფორმის შოკოლადის ესკიმოს ყიდულობდა, რომელიც მაშინვე დნობას იწყებდა და თითებზე წურწურით ჩამოსდიოდა. - ნუ ილოკავ ჭუჭყიან თითებს, მოდი, დაგბანო, თორემ ბზიკები შეგჭამენ... - ბებია შადრევანზე გატკბილულ, გაწეპებულ თითებს ბანდა. შადრევანთან ახლოს სპილო ცხოვრობდა, მის მეზობლად კი, ჟირაფი. იქით აღარაფერი არ იყო. სამყარო ზუსტად აქ მთავრდებოდა, ჟირაფის გალიასთან. ჟირაფი ოთხმოციან წლებში მოკვდა, სამყაროს დასასრულთან ერთად. და ამ ტრაგედიამ, თავისთავად ცხადია, სამყაროს დასაწყისიც შეიწირა.
ნიკოლა შოვინი როშფორელ მგზნებარე პატრიოტსა და გულად ჯარისკაც ნიკოლა შოვინს 18 წლის ასაკში უკვე ყველა საომარი კამპანია გავლილი ჰქონდა: ჯერ საფრანგეთის რევოლუციას ემსახურა უანგარო თავდადებით, შემდეგ ნაპოლეონ I-ის იმპერიულ არმიას. თვრამეტი ჭრილობა ჰქონდა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არც ერთი ზურგში!... სამი ამპუტირებული თითი, გატეხილი ბეჭი, საზარლად დასახიჩრებული შუბლი, ღირსების ხმალი, წითელი ლენტი, ორასი ფრანკის ოდენობის პენსია... ლეგენდარული ნიკოლა შოვინი, რომელმაც დასაბამი მისცა ასე პოპულარულ პოლიტიკურ ტერმინს - შოვინიზმს, სინამდვილეში, საერთოდ არ არსებობდა. მითი მის შესახებ საფრანგეთის ბოლო მონარქის, ლუი-ფილიპ პირველის (1830-1848), იდეოლოგიის გასამყარებლად შეიქმნა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ქუჩის მომღერლებისა და მელექსეების მიერ შექმნილი გმირი ჯარისკაცი შოვინის პერსონაჟი თეატრის სცენამ თითქმის მაშინვე გააშარჟა, გადაჭარბებული პატრიოტული აგრესიის პაროდიად, დაცინვის საგნად აქცია... ხოლო 1848 წელს, როდესაც მეორე რესპუბლიკამ საბოლოოდ დაასამარა მონარქიული წყობა საფრანგეთში, იუმორს მოკლებულმა კაცობრიობამ საბრალო, დასახიჩრებული ჯარისკაცი ნიკოლა შოვინის კომიკური პერსონაჟი ნაციონალისტურ-პატრიოტული აგრესიის გამომხატველ, ცივ პოლიტიკურ ტერმინად აქცია. ქართული შოვინიზმის რენესანსის ეპოქაში, 1990 წლის სიახლოვეს, საკუთარი შოვინიზმით გონებადაბნელებულ ჩემს თანამემამულეებს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა სხვის შოვინიზმზე ყბედობა... ყველა ასე ამბობდა - ველიკო რუსსკი შოვინიზმ... დიდი რუსული შოვინიზმი... ამას სამოცდაათიანებში ჩურჩულით ამბობდნენ, მერე ნელ-ნელა ხმას მოუმატეს... ოთხმოციანების ბოლოს - აღრიალდნენ.... ველიკორუსსკი! ველიკორუსსკი შოვინიზმ! სინამდვილეში შოვინიზმს ქვეყნის ზომებთან არავითარი კავშირი არა აქვს. პატარა ქართული შოვინიზმი არაფრით განსხვავდება დიდი რუსულისგან, რადგან შოვინიზმი სხვა არაფერია თუ არა პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის ექსტრემალურად ბრიყვული, აგრესიული, პერვერსული ფორმა, რომელსაც, იმ წლებში, საქართველოში პანდემიის მასშტაბი ჰქონდა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ისეთივე "ველიკი" იყო, როგორიც რუსული. 80-იანი წლების დასაწყისში, პარიზის პასტორის ინსტიტუტში, მეცნიერებმა შიდსის ვირუსის გამოყოფა შეძლეს, ამავე ათწლეულის ბოლოს კი, ქართველებმა თბილისში, მთავრობის სასახლის წინ, ყაყანსა და აურზაურში, ზოგადი, დიდი სიბრიყვიდან შოვინიზმის ვირუსის განცალკევება მოახერხეს, "მართვად" ვირუსად აქციეს და მას შემდეგ, რაც იძულებულნი გახდნენ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა გაეუქმებინათ, მას, სადამსჯელო ინსტრუმენტის, დახვრეტის ალტერნატივის ფუნქცია დააკისრეს. "არსებობს" მჩაგვრელისა და ჩაგრულის შოვინიზმი. როგორც წესი, უგუნურებს ჩაგრულის შოვინიზმი პოზიტიური ჰგონიათ. "როგორც წესი" იმიტომ, რომ მჩაგვრელი ერი არ არსებობს, ყველა ერი დაჩაგრული, ნაიარევი, ტანჯულია, ყველას ბეჭი აქვს გატეხილი, სამი ან მეტი თითი აკლია, ყველა, აბსოლუტურად ყველა ჭრილობა მკერდში და შუბლში აქვს მიღებული... დიდი და პატარა ქვეყნები, დიდი და პატარა ერები... ყველანი ჩაგრულნი არიან, ამიტომ ყველას შოვინიზმი პოზიტიურია.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი