გუდიაშვილის მოედნის საიდუმლოებები 3

ივლისი 8, 2012 ავტორი გიორგი მაისურაძე

Ora et labora

ილუსტრაცია: გიორგი მაისურაძე

ჟაკ დე მოლეს სასწაულებრივი დაწვის ფაქტმა ერთღმერთიანთა ღმერთი საგონებელში ჩააგდო, ხოლო მის მაღიარებელთაგან ზოგმა ატროშანიც კი აღიარა და შეერთო კუდუსუნიანებს. შეშფოთებული წერდა ამაზე იოანე საბანის ძე, რომელსაც ოქროს კბილები ჰქონდა და ამიტომაც ოქროპირს ეძახდნენ, რომ ადამის ნანეკნარისგან შობილნი „ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო“.

ერთღმერთიანთა ღმერთმა გული აიცრუა ბენკენდორფის საიდუმლო პოლიციაზე და გადაწყვიტა, მრავალგზის ნაცადი და ღმერთისათვის შესაფერი ხერხისათვის მიემართა და საქმე წმინდა ინკვიზიციისათვის გადაეცა. მას არც ინკვიზიტორის კანდიდატურაზე უფიქრია დიდხანს, - საამისოდ დროც აღარ ჰქონდა და სასწრაფოდ ინკვიზიტორობაში ხელგაწაფული ბერნარდო გუი წამოაყენა საფლავიდან და თბილისში გამგაზავრება უბრძანა. ვინაიდან ბერნარდო გუი საუკუნეთა მანძილზე სარკოფაგში წოლას გაეხრწნა და დაემახინჯებინა, მან საზღაურად თბილისში სამუშაო ვიზიტამდე მილანში შევლა და ადგილობრივ კოსმეტოლოგებთან პლასტიკური ოპერაცია ითხოვა. ერთღმერთიანთა ღმერთი, დროის დეფიციტის გამო, ოპერაციაზე არ დათანხმდა, მაგრამ ვიზაჟისტებთან გაუშვა და მილანის ერთ-ორ ბუტიკში შოპინგის ნებაც დართო, ხოლო ხარჯები ვატიკანს დააკისრა.

მილანში მომაგრებულ-ხელდაკაპიწებული ბერნარდო გუი ჩარტერული რეისით თბილისში ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მას ერთღმერთიან ღვთისმსახურთა ამალა და საერო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების კორპუსი დახვდნენ, რომლებიც გაოცებას ვერ მალავდნენ, როდესაც მოსუქებული და წვერში ჭაღარაგამორეული ინკვიზიტორი თვითმფრინავიდან გადმოვიდა. დიდი ინკვიზიტორის პატივსაცემად აეროპორტზე სახელდახელოდ დანთებულ კოცონზე თბილისელმა მორწმუნეებმა ორი ეპისკოპოსი, რვა ბერი და თოთხმეტი მონაზონი დაწვეს. ამათგან ორი მონაზონი ტრანსვესტიტი აღმოჩნდა, ხოლო ერთ ეპისკოპოსს ორი გენიტალი უპოვეს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მას საიდუმლოდ ამალთეას რძე ჰქონდა გასინჯული.

ბერნარდო გუი მდუმარე სახით უცქერდა სანახაობას და სახეზე არცერთი ნაკვთი არ უკრთოდა. როდესაც წმინდა კოცონზე დამწვართა კივილი და ოხვრა შეწყდა და აეროპორტზე სამარისებრი დუმილი გამეფდა, ბერნარდო გუიმ პირი გააღო და თქვა: espresso!  

ესპრესო დიდ ინკვიზიტორს თავად თბილისის მერმა მიართვა, ხოლო იქვე მყოფმა ქვეყნის პრეზიდენტმა წამოიძახა, რომ ასეთი ესპრესო მსოფლიოში არ არსებობს, არც მილანში და არც თვით ნეაპოლში. პრეზიდენტის ეიფორიულ სიტყვებს ბერნარდო გუიზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მან სახის გამომეტყველების შეუცვლელად კიდევ ერთხელ გააღო პირი და თქვა: ხელსახოცი!

თბილისის მერმა ჯერ ჯიბიდან საკუთარი ხელსახოცის ამოღება სცადა, მერე უცებ საკუთარი თეთრი პერანგი შემოიხია და საპატიო სტუმარს ხელსახოცად მიართვა. ბერნარდო გუიმ მარჯვენა ხელზე ნაპერანგალი ხელსახოცი დაიფინა, მარცხენა ხელით ესპრესო მოსვა, სახე დამანჭა, ესპრესო ხელსახოცზე გადმოაფურთხა და თქვა: Shit!  ამ სიტყვის გაგონებამ შეკრებილი საზოგადოება შეაშფოთა და ააფუსფუსა, რაზეც ბერნარდო გუიმ კიდევ უფრო ხმამაღლა გაიმეორა: Shit!  და ლიმუზინისაკენ გაემართა. შეკრებილებმაც შვებით ამოისუნთქეს და პოლიციის კორტეჟით დიდი ინკვიზიტორი გუდიაშვილის მოედნისაკენ გაამგზავრეს, მაგრამ ბერნარდო გუიმ კიდევ უფრო შემზარავი ხმით შესძახა შჰიტ! და მარშრუტი დელისის მიმართულებით შეაცვლევინა და პოლიციისა და მართლმორწმუნეთა ამალით პირდაპირ დელისის ორაკულს მიადგა, რომელიც ამ დროს შიშველი გინეკოლოგის მაგიდაზე განმარტოებულიყო და საკუთარ სხეულს უჭვრეტდა. 

დელისის ორაკულს სასქესო ორგანოები არ ჰქონდა: არც ქალის და არც მამაკაცის, საერთოდ არცერთი გენიტალი. მოშარდვის ფუნქცია, რომელიც ტრადიციულად სასქესო ორგანოთა ხვედრია, დელისის ორაკულის ორგანიზმში კანქვეშა ჯირყვლებს გადაენაწილებინათ, რაც თბილისის მოსახლეობაში დიდ გაუგებრობას იწვევდა და ხალხს რომ ეგონა, ორკული წინასწარმეტყველურ ექსტაზშია და ამიტომაც ზოგჯერ ყინვასა და სიცივეშიც კი ოფლად იღვრებაო, სინამდვილეში ამ დროს იგი ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა და ნეტარი თვალებით შარდავდა. ხალხი კი ფიქრობდა, რომ მისი თვალების ნეტარება ხილვის შედეგი იყო და რწმენა უძლიერდებდა.

დელისის ორაკულის უგენიტალობა კრეაციული დეფექტის შედეგად წარმოშვა, როგორც ამას ამერიკელი ფემინისტი ფილოსოფოსი სეილა ბენჰაბიბი ამტკიცებს, რომელიც ცნობილი ქართველი რევოლუციონერისა და ანარქო-კომუნისტის ნესტორ კალანდარიშვილის აღმზრდელი იყო და დელისის ორაკულის უგენიტალობის ამბავიც სწორედ ქართველი ანარქისტისაგან იცოდა.

ერთღმერთიანთა ღმერთმა ადამიანის შექმნა რომ დააპირა, სანამ თავის შემოქმედებას შეუდგებოდა, სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხეს ჩაუარა და გველს მოჰკრა თვალი, რომელიც ხეზე აცოცებულიყო და ნაყოფის მოწყვეტას ლამობდა. ღმერთის დანახვაზე გველი შეცბა და კუდის უხერხული მოქნევით ხის ნაყოფი ჩამოაგდო, რომელიც ღმერთს თავზე დაეცა და მისი რისხვისგან თავი რომ გადაერჩინა, უთხრა, შენთვის ვაპირებდი ამ უტკბილესი ნაყოფის მორთმევასო, რომლის მსგავსი თვით მიჩურინსაც არ დაესიზმრებაო. ღმერთმაც გასინჯა ნაყოფი და მისი გემო იმდენად მოეწონა, რომ ვეღარ მოზომა და ბევრი ხილის ჭამისგან კუჭი აუმოქმედდა. ეს ღმერთის პირველი ჭამა იყო მის მიერ შექმნილ სამყაროში და, შესაბამისადაც, პირველი განავალი, რომელიც შემოქმედმა გამოყო და საკუთარი განავლისგან შემოექმნა პირველი კაცი და სანამ შესაქმეს ბოლომდე მიიყვანდა, კეთილი და ბოროტიც შეიცნო და განავლის მნიშვნელობასაც მიხვდა და შერცხვა, თავისი შესაქმის გვირგვინი განავლისგან შექმნილი რომ ყოფილიყო და ამიტომაც განავალიანი არსების კეთება აღარ დაუსრულებია. სანაცვლოდ ხელი კუდზე მოივლო და მოიკვეთა და პირველი დასრულებული ვაჟი საკუთარი კუდისგან შექმნა, ხოლო პირველი ქალი პირველი ვაჟის კუდუსუნისაგან და მხოლოდ ამ ნარჩევი მასალის გამოლევის შემდეგ გადავიდა თიხით მასობრივი პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც ადამიანთა, ანუ ნანეკნართა მოდგმის სახელით გამრავლდა და სამყაროს დაეუფლა.

დელისის ორაკული კი, რომელიც განავალიანთა სახეობის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, კუდუსუნიანთა მცირერიცხოვან და რჩეულ მოდგმას მიეკედლა და, რადგანაც ის ღმერთის სახად გამოძერწილი პირველი არსება იყო, მას შემოქმედისაგან კუდიც ჰქონდა გამოყოლილი, რომელსაც ის ზოგჯერ მამრობით გენიტალადაც ასაღებდა. ზოგიერთ თეოლოგს განავალიანი ღმერთის კლონადაც კი მიაჩნდა და მისი ანატომიის საფუძველზე მავანნი ღმერთსაც უგენიტალო არსებად წარმოსახავდნენ, რის გამოც არაერთ მათგანს საკუთარი გენიტალის დაკარგვა მოუხდა, ზოგმაც ინკვიზიციის წმინდა კოცონზე დაასრულა შემოქმედებითი წვა. მიუხედავად უმოწყალო რეპრესიებისა, ღმერთის უგენიტალობის იდეა ქართულ ენაში სიტყვა „უფალმა“ შემოინახა, რომელიც უფალოსოს ნიშნავს და ეს ეტიმოლოგია დელისის ორაკულის ერთ საგოდებელ აფორიზმს ეფუძნება, რომელიც კაცობრიობას ტვიტერმა შემოუნახა: „უფალო, ნუთუ შენც უფალოსო ხარ, ასე უფალოსოდ რომ დამტოვე?!“-ო.

ორაკულის ამ სიტყვებმა დიდი ინკვიზიტორის ყურებამდეც მიაღწია და გუდიაშვილის მოედნის საიდუმლოების ძებნას დელისის მიდამოებში შეუდგა და რა იხილა სამოსელგანძარცული ორაკული, მიხვდა ბერნარდო გუი მის უსქესობას და დაკვირვების მიზნით ორაკულის შეპყრობა ბრძანა. გალიაში მოთავსებული დელისის ორაკული გუდიაშვილის მოედანზე გადმოიყვანეს და ვინაიდან ადამიანისებრი უსქესო პირველარსების ნახვა ურიცხვ ადამიანს სურდა, ბილეთების გაყიდვა დაიწყეს, რომლის საფასურადაც თითო მნახველს ხუთი წუთი ეძლეოდა საკუთარი თვალით ეხილა ღმერთის მოსაქმების უცნაური ნაყოფი.

თუმცა დელისის ორაკულის პირველქმნილობა და მისი ღვთაებრივი გამონაყოფისგან შექმნილობა ბერნარდო გუის არ დაუდგენია. ამ საიდუმლოსათვის ფარდის ახდა გრაფ ბენკენდორფის დამსახურებაა, რომელიც, როგორც არაერთი ნარატიული წყარო მოწმობს, შეყვარებული ყოფილა ორაკულში და თბილისსაც სწორედ ამ მიზნით წვევია, ხოლო დეკაბრისტები და ტამპლიერები მხოლოდ საბაბი იყოო. დელისის ორაკულს კი, როგორც ჩანს, საკუთარი უგენიტალობა რომ არ გაეცა, უარი უთქვამს ბენკენდორფთან კოპულაციაზე, რამაც გულმოკლულ ჟანდარმერიის შეფს სასოწარკვეთილი სტრიქონები დააწერინა:

„Я вас любил так сильно, безнадежно,

как дай вам Бог другими - - - но не даст!“

ახლა კი პატივაყრილმა ბენკენდორფმა გადაწყვიტა ბერნარდო გუიზე შური ეძია და დამოუკიდებელი გამოძიება წამოიწყო. მან, პირველ რიგში, ზიგმუნდ ფროიდს მიმართა, რომელიც გუდიაშვილის მოედანს გვიდა და გალიაში გამომწყვდეულ დელისის ორაკულსაც უფასოდ აკვირდებოდა. ფროიდმა არც რუსეთის ჟანდარმერიასთან თანამშრომლობა ითაკილა და შთაგონებული ჩაერთო შესაქმის საიდუმლოს განცხადების საქმეში. სწორედ ფროიდის რჩევით მოიწვია ბენკენდორფმა იტალიელი ექსპერტი ჯოვანი მორელი, რომელმაც, კონსპირაციის მიზნით, ივან ლერმოლიევი დაირქვა და თავიც გადაიპარსა.

ბენკენდორფმა გუდიაშვილის მოედნისა და ლერმონტოვის ქუჩის კუთხეში კოქტეილ-ბარი გახსნა და მას სახელად Laboratorium-ი უწოდა, მაგრამ სინამდვილეში აქ ბენკენდორფის შეთქმულთა შტაბ-ბინა იყო, საიდანაც ისინი გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდნენ და მოპოვებულ ინფორმაციას აანალიზებდნენ. ამ მიზნით ბენკენდორფმა ბარში რამოდენიმე ათეული ფარული ვიდეოკამერა დაამონტაჟებინა, ხოლო ჭიქებსა და ფინჯნებში უხილავი სენსორები იყო მიკრული, რომლებიც ნერწყვიდან მსმელის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას იწოვდა და მომენტალურად გადასცემდა დახლის ქვეშ მდგარ კომპიუტერს გენეტიკური ინფორმაციის გასაშიფრად. ბარმენობა ჯოვანი მორელიმ ჩაიბარა, რომელიც ვითომ კოქტეილებს ამზადებდა, სინამდვილეში კი პირდაპირ დახლზე ჰქონდა ლაბორატორია მოწყობილი და სინჯებს აანალიზებდა. გადაპარსული თავის კანქვეშ უხილავი ეკრანი ჰქონდა ჩადგმული, რომელიც მის ირგვლივ ყველა საგანს აფიქსირებდა.

სწორედ მორელიმ დააფიქსირა დელისის ორაკულის ყურის ბიბილოზე მცირე მოცულობის ყავისფერი წერტილი და მისგან სინჯის ასაღებად ასეთ ფანდს მიმართა: ის ეახლა ბერნარდო გუის და გალიაში გამომწყვდეული დელისის ორაკულის კომერციული მიზნით გამოყენების ბიზნეს-გეგმა შესთავაზა. კოქტეილ-ბარი რეკლამას განათავსებდა ორაკულის ტანზე, სანაცვლოდ დიდი ინკვიზიტორი ყოველდღე მიიღებდა საუკეთესო ნეაპოლურ ესპრესოს და „პიცა ნაპოლის“. იტალიურ ესპრესოს დანატრებული ბერნარდო გუი უყოყმანოდ დათანხმდა მორელის წინადადებას და ამ დღიდან ინკვიზიტორი „ლაბორატორიუმის“ ყოველდღიური სტუმარი გახდა, რაც შეთქმულებს უნიკალურ საშუალებას აძლევდა, მოწინააღმდეგის ყოველი ნაბიჯი შეესწავლათ და გაეანალიზებინათ.

დელისის ორაკულს მკერდზე დააწერეს – ora et labora და თან ისარიც მიახატეს, რომელიც კოქტეილ-ბარის მიმართულებას აჩვენებდა. ამასთანავე, მისი ყურები წითელი ალუბლებით მორთეს და სწორედ ამ დროს მოახერხა მორელიმ მისი ყურის ბიბილოდან სინჯის აღება. ანალიზის შედეგი სენსაციური და შემაშფოთებელიც აღმოჩნდა: ყველა ქიმიური ცდა ადასტურებდა, რომ ორაკულის ყურის ბიბილოს ყავისფერი წერტილი გაკრისტალებული განავალი იყო, მაგრამ ასეთი მაღალი ხარისხის განავალი არცერთ აქამდე ცნობილ ცოცხალ ორგანიზმს არ გააჩნდა. უცებ ფროიდს გაახსენდა ერთი თავისი მოსწავლის მონაყოლი, რომ მან ღმერთის მოსაქმება იხილა და ამ ხილვამ მას ფსიქოანალიტიკოსობა გადააწყვეტინა, ხოლო სამყაროს შემოქმედის განავალს მის მოძღვრებაში „არქეტიპის“ სახელი ეწოდა. ფროიდი მიხვდა, რომ დელისის ორაკული ერთადერთი განავალიანი იყო, რომელიც საკუთარ სხეულში ერთღმერთიანთა ღმერთის პირველ გამონაყოფს ატარებდა. ამით ფსიქოანალიზის ფუძემდებელი მონოთეიზმის საიდუმლოს ხელით მისაწვდომ მანძილზე მიუახლოვდა. „პირველად იყო საქმე“ – დაწერა ფროიდმა თავისი ლეგენდარული წიგნის „ტოტემისა და ტაბუს“ ბოლო წინადადება და მასში ღმერთის კუჭის მოქმედების როლი ანთროპოგონიის პროცესში იგულისხმა. დელისის ორაკულს, რომელიც, როგორც განავალიანთა სახეობის ჰომინიდების ერთადერთი წარმომადგენელი, მთელი სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა და ამის გამო ის ბედნიერების მწვერვალზე იდგა, homo ex ano domini – „კაცი ღმერთის ანუსიდან“ ეწოდა და ამ სახელით დამკვიდრდა ისტორიაში.

მაგრამ ფროიდის ეს აღმოჩენა ლამის გადაფარა ჯოვანი მორელისამ, რომელიც მალე განზომილებათშორისო პოლიტიკურ და თეოლოგიურ სკანდალში გადაიზარდა: მორელიმ დიდი ინკვიზიტორის, რომელიც კოქტეილ-ბარიდან აღარ გამოდიოდა და მთელი დღეები პიცასა და ესპრესოს მიირთმევდა, ცხვირი, ყურები, ფრჩხილები და წვერები გააანალიზა და დაასკვნა, რომ ის სინამდვილეში არა ბერნარდო გუი, არამედ უმბერტო ეკო იყო. ამ ამბავმა ერთღმერთიანთა ღმერთი ისე განარისხა, რომ გუდიაშვილის მოედნის საბოლოოდ პირისაგან მიწისა აღგვა გადაწყვიტა და ქალაქისკენ ზეციური ბულდოზერები დაძრა. ასე გადაიქცა თბილისი კოსმიური ომის ფრონტის ხაზად.

(გაგრძელება იქნება)

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@