გუდიაშვილის მოედნის საიდუმლოება 2

მაისი 23, 2012 ავტორი გიორგი მაისურაძე

სისხლისა და ცეცხლის წვიმები

Flame On

ილუსტრაცია: გიორგი ავალიანი

გრაფ ბენკენდორფს შემთხვევით არ შეურჩევია გუდიაშვილის მოედანი დეკაბრისტთა ჩამოსახრჩობად: საიდუმლო პოლიციამ საჯარო ბიბლიოთეკაში, დირექტორის მაგიდაზე გადაკრული მწვანე ხავერდის ქვეშ, აღმოაჩინა X საუკუნის ხელნაწერები, რომლებიც ცნობილ მეშავწიგნეს ჰერბერტ ავრილაკელს ეკუთვნოდა. ერთ-ერთ ეტრატზე ჰერბერტის პორტრეტი იყო გამოსახული, ხოლო მის უკან ქვის სვეტებიანი ლურჯი სახლი. ნახატის ქვეშ კი ეწერა: Templi omnium hominum pacis abbas – „ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის აბატი“. ბენკენდორფმა თუმცა ხელნაწერების გაშიფრვა ვერ შეძლო, მაგრამ ნახატზე უმალვე იცნო გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობა, რომელშიც ოფიციალური ვერსიით, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქცია იყო, თუმცა კი ყველამ იცოდა, რომ იქ ლურჯწვერიანი კაცი ცხოვრობდა, რომლის წვერების ფერსაც შენობა ირეკლავდა.

კაცი დღისით გველებს ეთამაშებოდა, თან იჯდა და წერდა. შებინდებისას კი სახლის წინ დადგებოდა და როდესაც ვარსკვლავები აციმციმდებოდნენ, ის თავის ფოსფორით შეღებილ ქოფაკებს მოუხმობდა და მოედანზე მყოფ ადამიანებზე გეშავდა, რომლებიც ნიჩბით ხელში მიწის თხრას იწყებდნენ. ამ დროს კაცი ვიოლინოზე უკრავდა, რომლის ხმაც ამალთეას რძეს ფერს უცვლიდა და თეთრი რძე შავდებოდა. შავ რძეს გუდიაშვილის მოედანზე დილაობითაც სვამდნენ და საღამოობითაც, ზოგჯერ შუადღისას და ღამითაც. ამ ქმედების არსი მეცნიერებისთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება, ისევე, როგორც რძის გაშავება. ჰერბერტ ავრილაკელის მოძღვრებიდან ცნობილია, რომ ერთ საფლავს მიწაში შეესატყვისება და აღემატება კიდევაც ერთი საფლავი ჰაერში, „სად ვიწროდ არ წვანან“, - უწერია მეშავწიგნეს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუდიაშვილის მოედანზე შავი რძის მესა სრულდებოდა, რომელსაც ლურჯკედლებიანი სახლის მკვიდრი კაცი ხელმძღვანელობდა.

ამბობდნენ, ლურჯწვერა კაცი საკუთარ ცოლებს კლავდაო. არადა კაცს სულ ორი ცოლი ჰყავდა: მარგალიტა და სულამითი, რომელიც თბილისში მოინათლა და შუშანიკი დაირქვა.

მარგალიტა, რომელიც საკუთარ თავს ხანუმის ბოლოსართით მოიხსენიებდა, ეჭვიანი ქალი იყო და ამიტომაც სულამითს ყურში თერმომეტრი ჩაამსხვრია და ვერცხლისწყლის ჩაწვეთებით სიცოცხლეს გამოასალმა. ქმრის რისხვა თავიდან რომ აეცილებინა, თავი მოიმკვდარუნა და მერე საკუთარი დაკრძალვის წინ გაიპარა და დღესაც არავინ იცის სად იმალება. ეს ყველაფერი კი ლურჯწვეიან კაცს დაბრალდა, რის გამოც მას მეტსახელად სიკვდილის ოსტატი შეარქვეს.

ბენკენდორფმა იფიქრა, რომ კაცს ჰერბერტ ავრილაკელის ხელნაწერთა საიდუმლოს დავსტყუებო და მისი დაპატიმრება ბრძანა. როდესაც გაკოჭილი კაცი ბენკენდორფს მიჰგვარეს, მან პატიმარში მყისვე ვარსქენ პიტიახში ამოიცნო.   

ოფიციალური ვერსიით, ვარსქენ პიტიახში ვახტანგ გორგასალმა მოაკვლევინა, რაც არანაირად სიმართლეს არ შეეფერება. პიტიახშმა სიკვდილის წინ წერილიც კი გაუგზავნა მეფეს, რომელშიც პირდაპირ ეწერა: „მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე, შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალიო.“

სინამდვილეში ვარსქენმა თავისი გარდაცვლილი მეუღლის – შუშანიკის სახელოვანი მამის – ვარდან მამიკონიანის ბრინჯაოს ძეგლის, რომელიც ერთ დროს გუდიაშვილის მოედანს ამშვენებდა, ვახშმად მოპატიჟება განიზრახა. ვარსქენი აივანზე გადმოდგა და, რადგანაც ვარდანი იტალიური ოპერის თაყვანისმცემელი იყო, სიმამრის ძეგლს იტალიურად შესძახა: O, STATUA GENTILISSIMA! შემდეგ ოთახში შემობრუნდა და ის-ის იყო ღვინის დასხმას აპირებდა, რომ უცებ სახლი შეზანზარდა და გრუხუნიანი ნაბიჯებით ვარსქენის სასტუმრო ოთახში ვარდან მამიკონიანის ძეგლმა შემოაბიჯა, მოღერებული ხმალი პიტიახშს ყელზე მიაბჯინა და მოსთხოვა, ეღიარებინა, რომ შუშანიკი მისი მოკლული იყო. ვარსქენი არ შედრკა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

„მოინანიე!“ – უკუჟინებდა პიტიახშს ვარდან მამიკონიანის ძეგლი.

„არა!“ – იყო ვარსქენის პასუხი.

სიძესა და სიმამრის ძეგლს შორის კამათი იმით დამთვარდა, რომ ვარდან მამიკონიანის ძეგლმა გუდიაშვილის მოედანი მიატოვა და ერევანში გადასახლდა. ამბობენ, მან ვარსქენს ხელი ჩასჭიდა თან წაიყოლია ძალის გამოყენებითო. აქედან მოყოლებული გუდიაშვილის მოედანი სისატიკეების სცენადაა ქცეული.

ძველი სომხური და ასურულ-ბაბილონური წყაროების მიხედვით, თბილისის ჰამქარი ვარსქენ პიტიახშის დაარსებულია. მასვე მოუწვევია იერუსალიმიდან სახელგანთქმული ხუროთმოძღვარი ქირამი მოედნის რესტავრაციისათვის, რომლის ქმნილებათაგან მხოლოდ პურპურის ტაძრის ნაშთებიღაა შემორჩენილი. ტაძრის მშენებლობა დასრულებული არ იყო, როცა ქირამი ერთღმერთიანება დადიანის ქუჩაზე შეიპყრეს და მარჯვენა მოჰკვეთეს, „რატომ კარგი აგიგიაო“ - როგორც ერთ ხალხურ ლექსშია ეს ამბავი შემონახული. მისი დასახიჩრებული გვამი კი პურპურის ტაძრის შესასვლელში დააგდეს.

მადლიერმა კუდუსუნიანთა მოდგმამ ქირამი მზის ჩასვლამდე გუდიაშვილის მოედანზე, მოედნის გულში დაკრძალა პატივითა და დიდებით და საფლავზე წაუწერა: „აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესო“, მაგრამ მზე ჩავიდა თუ არა, ქირამის გვამი მიწიდან ამოძვრა და პურპურის ტაძრის კართან ჩამოსკუპდა. ვარსქენმა სასწრაფოდ მისი ხელმეორედ დაკრძალვა ბრძანა და მოედნის გულში ხელახლა გაითხარა ქირამის საფლავი. მაგრამ მეორე დღესაც რომ იგივე განმეორდა, მესამე დღეს პიტიახში დელისის ორაკულს ეახლა და მიზეზი ჰკითხა. ორაკულმა კუდუსუნი შეათამაშა და ყურზე ვეებერთელა ნიჟარა მიიბჯინა. შემდეგ თვალები გადმოკარკლა და გამკივანი ხმით ამოიგმინა: „გუდიაშვილის მოედანი დროდადრო უნდა მოირწყას ყრმათა სისხლით და მათი დედების რძით!“

ვარსქენ პიტიახში ჰაგიოგრაფიის კარგი მცოდნე იყო და ამიტომაც ბევრი არ უფიქრია და მეორე დღესვე კოლაელ ყრმათა წამება ბრძანა. მაგრამ კოლაელი ყრმები არ შედრკნენ და გაუძლეს წამებას და ამისათვის ერთღმერთიანთა ღმერთმა ისინი აზრებაიჯანში გადააყვანინა მთავარანგელოზ გაბრიელს, სადაც ყრმები გაიზარდნენ და ბაქოელი კომისრები გამოვიდნენ, რომელთა ხსოვნას თბილისის მეტრო სათუთად ინახავდა წლების მანძილზე. კოლაელ ყრმათა დედებმა კი იმდენი რძე მოიწველეს, რომ გუდიაშვილის მოედანზე რძის მდინარეები მოედინებოდა.

ქირამის საფლავის მიწასთან ყრმების სისხლისა და მათი დედების რძის აღრევამ პირველი დიდი საიდუმლო გამოავლინა, რომელსაც გუდიაშვილის მოედნის მკვიდრნი და მთელი კუდუსუნიანთა მოდგმა დღესაც სათუთად უფრთხილდება: საფლავიდან წამოიმართა მოედნის მფარველი ღვთაება ბაფომეტი, რომლის ძალისა და დიდების მადლი მუდამ გზას უნათებს ყველა კუდუსუნიანს ნანეკნარ უმრავლესობასთან უთანასწორო ჭიდილში.

ბაფომეტი ტოტემურ ცხოველ ენოტისა და ამალთეას პირმშო იყო და მას მშობლებისგან არა მხოლოდ მათი სასქესო ორგანოები, არამედ გარეგნობაც ერგო: მას თავი და ჩლიქები თხის ჰქონდა და მკერდზეც ვეებერთელა ძუძუები ეზრდებოდა, ხოლო ფაფუკი ტანი და ბასრი კბილები დიდი მამა - ენოტის. სახესაც ენოტისეული წვერ-ულვაში უმშვენებდა. თუმცა დროთა განმავლობაში ბაფომეტმა ევოლუცია განიცადა: მას რქები გასცვივდა და ჩლიქებიც დაურბილდა, ისე, რომ იძულებული იყო ფეხსაცმლით ეარა. სამაგიერდ ერთ თავზე სამი სახე გამოეზარდა და სანამ გაუჩინარდებოდა, მის სახელზე აგებული პურპურის ტაძრის ფანჯრიდან გადმოდგა და გააფრთხილა კუდუსუნიანები, რომ სიცოცხლის ფასად დაეცვათ გუდიაშვილის მოედანი, რომელიც წმინდა ადგილი იყო და სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო ერთღმერთიანთა ტირანიისგან სამყაროს გათავისუფლება და ჭეშმარიტი თბილისი დაბრუნება მისი უსახური ორეულის სანაცვლოდ. ამისათვის კი საჭირო იყო, რომ კუდუსუნიანებს დრო და დრო საკუთარი თავი შეეწირათ მსხვერპლად ბაფომეტისათვის.

ვარსქენ პიტიახშმა თბილისის ჰამქარი ბაფომეტის ანდერძის შესასრულებლად შექმნა და ოფიცილურ სახელად მეტაძრეთა ორდენი უწოდა, რის გამოც თბილისის ჰამქარი შუა საუკუნეების ევროპულ წყაროებში „ტამპლიერებად“ მოიხსენიება. განდობილ რაინდთა ამ წმინდა ორდენს საკუთარი სიცოცხლის ფასად უნდა დაეცვა გუდიაშვილის მოედნის საიდუმლოებები და შეენახა თბილისის მეორედ მოსვლის ჟამამდე. ამ მიზნით გუდიაშვილის მოედანზე ლურჯი სასახლე აშენდა, რომელიც სინამდვილეში ჰამქრის მისტერიების ტაძარი იყო, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ განდობილებს ჰქონდათ. ორდენის დიდი ოსტატი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ყველა კუდუსუნიანთათვის უდიდეს სიწმინდეებს – ბუკეფალოსის ნალს და ბაფომეტის დაცვენილი რქების ყანწებს ფლობდა, რომელთაგან დღეს მხოლოდ ერთი ყანწიღაა შემორჩენილი. მეორე დიდოსტატ კონსტანტინე არსაკიძის მოწამეობრივი სიკვდილის დროს დაიკარგა.

კონსტანტინე არსაკიძე თბილისის ჰამქრის დიდოსტატად ჰერბერტ ავრილაკელის შემდეგ იქნა კურთხეული და ვარსქენის აგებული ლურჯი სახლის განახლებაც არსაკიძის მარჯვენას უკავშირდება, რომელმაც ტაძარს ქვის კოლოსები მიაშენა, ხოლო ვეებერთელა გუმბათის დასადგმელად თბილისში ფილიპო ბრუნელესკი ჩამოიყვანა ფლორენციიდან. სწორედ ბრუნელესკისეულმა გუმბათმა, რომელიც სიდიდით ცირკის გუმბათზე დიდი იყო, ხოლო ცისკროვანებით პრეზიდენტის სასახლის გუმბათს ჩრდილავდა, აღაშფოთა ერთღმერთიანები. არსაკიძე შეიპყრეს და შავი რძის მიღების რეცეპტი მოსთხოვეს, რაზეც დიდოსტატს უპასუხია:

„არა!“

ერთღმერთიანებმა, რომლებიც იმ დროს ყველა ნანეკნარიანზე მბრძანებლობდნენ, არსაკიძის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტეს. გუდიაშვილის მოედანზე ეშაფოტი დაუდგამთ და მზის ამოსვლიდან მწუხრის ვარსკვლავის გამოჩენამდე გრძელდებოდა დიდოსტატ კონსტანტინე არსაკიძის წამება. ის ჯერ გინეკოლოგიურ მაგიდაზე მიაბეს და დაასაჭურისეს. შემდეგ ხელებსა და ფეხებზე თითები დააჭრეს. შემდეგ ბორბალზე მიაბეს და იმდენი ურტყეს მათრახი, სანამ მისი შიგნეულობა მიწაზე არ მიმოიბნა. ამითაც რომ ვერ გატეხეს დიდოსტატის სიმტკიცე, ადგნენ და ჩაქუჩით დაუჩეჩქეს თავი, სანამ ტვინი რძესავით არ გადმოიღვარა. ამასაც არ დასჯერდნენ ჯალათები და არსაკიძე ჯერ ორად გააპეს, შემდეგ ათ ნაჭრად დაჩეხეს და მხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად. შემდეგ ნარჩენები მდუღარე გლიტვაინიან ქვაბში ჩააგდეს და როდესაც მოხარშული ხორცი ძვლებს ჩამოცილდა და ბულიონად იქცა, გუდიაშვილის მოედანზე შეკრებილებს ჭიქებში ჩამოუსხეს და დაალევინეს. ხოლო ერთღმერთიანთა მღვდელმთავარმა, სახელად მელქისედეკმა, რომელიც არსაკიძის წამებას ხელმძღვანელობდა, განსხვავებული სასმისი მოითხოვა და მას სწორედ ბაფომეტის ერთი რქა მიართვეს, რომელიც მას უკან აღარ დაუბრუნებია. ყანწის ქურდობისათვის მელქისედეკი სავარაუდოდ თავად ბაფომეტმა დასაჯა: მან ტყეში მონავარდე მღვდელმთავარი ირმად გადააქცია, რომელიც მონადირის ქოფაკებმა ნაკუწ-ნაკუწად დაფლითეს. 

არსაკიძის ნახარშმა თბილისის ჰამქარი და სრულიად კუდუსუნიანთა მოდგმა კიდევ უფრო განამტკიცა რწმენაში და უფრო დიდი შემართებით შეუდგა ბაფომეტის ანდერძის შესრულებას. გუდიაშვილის მოედნის ისტორიაში სისხლიანი, მაგრამ მაინც ოქროს ასოებითაა ჩაწერილი 1314 წლის 19 მარტი, როდესაც მოედანზე თბილისის ჰამქრის დიდოსტატი, ანუ, როგორც ევროპელები ამბობენ, ტამპლიერების ორდენის დიდი მაგისტრი - ჟაკ დე მოლე დაწვეს და მასთან ერთად სხვა მოწინავე ტამპლიერ-ჰამქრელებიც ზედ მიაყოლეს. ამ დღეს გუდიაშვილის მოედანი მორიგი სასწაულის მოწმე გახდა, რომელმაც თავისი მასშტაბებით ყველა აქამდე მომხდარი სასწაული გადაფარა: როდესაც ჯალათმა ბოძზე გაკულ ჟაკ დე მოლეს ცეცხლი წაუკიდა, დიდი მაგისტრი პლაზმურ სხეულად გადაიქცა, ეშაფოტს მოწყდა და ჰაერში აიწია. შემდეგ ქარბორბალასავით დატრიალდა და უცებ მოედანზე შეკრებილ ჯალათებსა და ცნობისმოყვარეებს თმაზე ცეცლხი წაეკიდათ, ხოლო იმათ, ვისაც თავზე თმა არ ჰქონდა, თვალის დახამხამებაში ხასხასა კულულები ამოეზარდა, მაგრამ მათი დაქოჩრვის სიხარული იმ წამსვე დამთავრდა, როცა თავის ქალა ჩირაღდნად ექცათ. სასწაული ამითაც არ დამთავრებულა: მოგიზგიზე ცეცხლმა მხოლოდ თავები დაანახშირა, ისე, რომ ცეცხლი ხორხსაც კი არ მიწვდენია. ამ მოვლენამ, როგორც ჟან-ბატისტ ლამარკმა თქვა, რომელიც გუდიაშვილის მოედანზე მებაღედ მუშაობდა, ევოლუციური ნახტომი გამოიწვია და ადამიანთა ახალ, უთავო პოპულაციას დაუდო სათავე, რის შედეგადაც ევოლუციის ამ საფეხურზე მიმღებ და გამომყოფ ორგანოთა დიქოტომიას ბოლო მოეღო.

ჟაკ დე მოლეს ცეცხლბორბალად ქცეულმა პლაზმურმა სხეულმა რამდენიმე წუთი იბზრიალა გუდიაშვილის მოედნის თავზე, შემდეგ კი ცისარტყელად გადაიქცა და რამოდენიმე საუკუნის მანძილზე გვირგვინად ედგა მოედანს. ეს ფაქტი დიდი მაგისტრის დაწვის საცქერად მოსულმა და საპატიო ტრიბუნაზე მსხდომმა სამღვდელოებამ და ჟანდარმერიის ოფიცრობამ იმის დასტურად მიიღო, რაც მათ ბრალად დასდეს ტამპლიერ-ჰამქრელებს, რომ ისინი სოდომისა და გომორას მკვიდრი მოსახლეობიდან წარმოსდგებიან და გუდიაშვილის მოედანზეც აგრძელებენ თავიანთ გამრუდებულ აღვირახსნილობასო. ორდენში გაწევრიანებისას კი ახალბედას ჯგუფურად აუპატიურებენო, თუმცა კი იქვე იყო აღნიშნული, რომ გაუპატიურება მხოლოდ ორალურ ორგანოსაკენ იყო მიმართული. ასეთი გაუგებრობა ინიციაციის რიტულების მისტერიული შინაარსის ვერგაგებით იყო გამოწვეული. სინამდვილეში ახალბედა ვალდებული იყო ორდენის ყველა წევრის კუდუსუნის ძვალზე ეამბორა, რაც კუდუსუნიანთა მოდგმის იდეალებისადმი ერთგულებას ნიშნავდა. მხოლოდ მაგისტრის ხარისხში აღზევებული იყო ხელდასხმული, რომ დიდოსტატის სქესი შეეცნო საკუთარი ენის შეხებით. სხვა არანაირი ეჭვის საფუძველს არც ტამლიერ-ჰამქრელები და არც სრულიად კუდუსუნიანთა მოდგმა არ იძლეოდნენ. თვით შეუცნობელი სქესის დელისის ორაკულიც კი თავისივე ხელით შექმნილ საკუთარ იკონოგრაფიებში თავს ქალთან მეამბორედ გამოსახავდა, რის გამოც მას კუნძულ ლესბოსის საპატიო მოქალაქეობა, ხოლო წინასწარმეტყველური ფრაზების პოეტურობისათვის - საფოს პრემია მიენიჭა.

(გაგრძელება იქნება)

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@