გილოცავთ, დედოფალო!

6

ნიკოლოზ კაპანაძესა და თამაზ დავარაშვილს აქვთ პატივი მოგიწვიოთ კაფე "ვაკანდაში" დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნავად. აუცილებელი პირობა - ნარინჯისფერი სამოსი ან აქსესუარი.

თუკი ნიკოლოზ კაპანაძეს ჰკითხავთ, სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე კარგად რა დღე გახსენდებაო, დაუყოვნებლივ გიპასუხებთ: "დედოფლის დაბადების დღე". საუბარია ნიდერლანდების დედოფალ ბეატრისზე.
არა, არა, სამეფო წვეულებაზე ნიკოლოზი არავის მიუწვევია. უბრალოდ, გაუმართლა და ერთ 30 აპრილს ამსტერდამში იყო.
"იქ ამას "ნარინჯისფერ სიგიჟეს" უწოდებენ, რადგან ჰოლანდიის სამეფო გვარის ფერი ნარინჯისფერია. ნარინჯისფერია დროშები, საჭმელი და სასმელი, უამრავ ადამიანს ნარინჯისფერის ტანსაცმელი აცვია და ათასგვარი სულელური და მხიარული აქსესუარი ამშვენებს. მითხრეს, რომ ზოგ პატარა შადრევანშიც კი ნარინჯისფერი წყალი მოჩქეფს..."
მაგრამ მთავარი სიხარული ნარინჯისფერი როდი ყოფილა - ნიკოლოზს მის მიმართ არანაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება არა აქვს. არც უამრავ კონცერტსა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე ზეიმს მოუხდენია მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება და არც ტურისტების სიუხვეს აღუფრთოვანებია. ნიკოლოზს, რომანტიკოსს, ფაქტი მოსწონს: მთელი ერი თავისი დედოფლის დაბადების დღეს აღნიშნავს! ნამდვილი დედოფლისა, ისეთის, ზღაპრებში რომ არიან! დედოფლობა რომ ეკუთვნით! და მან გადაწყვიტა, რომ ამ ზღაპრის ქალბატონის დღეობა თბილისელებსაც უნდა გვეზეიმა - ბოლოს და ბოლოს, დედოფლებს ხომ ეროვნება არა აქვთ, უბრალოდ, ცხრა მთას იქით ცხოვრობენ...
ნიკოლოზისგან განსხვავებით, მისი თანამოაზრე თამაზ დავარაშილი საქმეს პრაქტიკულად მიუდგა და ნიდერლანდების სამეფო კარის ოფიციალური გვერდი შეისწავლა - ზეიმი კარგია, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის ვუხდით დაბადების დღეს? იქ ეწერა, რომ ნიდერლანდების დედოფალი ბეატრისი (Beatrix), დედოფალ იულიანასა და პრინც ბერნჰარდის პირველი შვილი, 1938 წლის 31 იანვარს დაიბადა. ფაშისტური გერმანიის თავდასხმის გამო სამეფო ოჯახი 1940 წელს ჯერ დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ოტავაში, და მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეძლო ჰოლანდიის მიწაზე დაბრუნება.
აღარ მოვყვებით, რომ პრინცესას საუკეთესო განათლება აქვს მიღებული. აღარ ჩამოვთვლით, რამდენი რამ შეისწავლა და რამდენ მეცნიერებას დაეუფლა - ნიდერლანდების ტახტის მემკვიდრე იყო, ბოლოს და ბოლოს, და არა ახლადგამდიდრებული მდაბიოს გოგო. ის ქველმოქმედი, გულისხმიერი პრინცესა იყო, ჭეშმარიტი მეფის ასული. მეუღლეც სათანადო ჰყავს - გერმანელი დიპლომატი კლაუს ფონ ამსბერგი, მისი და მომავალი დედოფლის ქორწინება მეფე-დედოფალმა და პარლამენტმა ერთხმად მოიწონეს და - კვლავ მეფური საქციელი - საქორწილო საჩუქრად მიღებული მთელი თანხა ახალშეუღლებულებმა საქველმოქმედო მიზნებისთვის გასცეს: უნარშეზღუდული ბავშვების მშობელთა ასოციაციებს დაურიგეს, ნაწილი კი ჰოლანდიის წითელი ჯვრის ხომალდის, Henri Dunant-ისთვის მედიკამენტების შეძენას მოხმარდა.
1980 წლის 30 აპრილს ბეატრისი დედოფალი გახდა. მას აქეთია, დედოფლის დაბადების დღე ოფიციალურად 30 აპრილს აღინიშნება: გარდა იმისა, რომ ეს დედოფალ ბეატრისის ტახტზე ასვლის დღეა, ამ დღეს დედამისი, იულიანაც დაიბადა. თან, თავად განსაჯეთ: განა არ ჯობს, სახალხო დღესასწაული 30 აპრილს გაიმართოს, როცა მზე ანათებს და ტიტები ყვავის? იანვარში ცივა... გარდა ამისა, დედოფალ იულიანასგან განსხვავებით, რომელიც თავისი სასახლის წინ, ფიცარნაგზე მდგომი ეგებებოდა ხოლმე თავის მოქალაქეებს, დედოფალი ბეატრისი ამ დღეს თავისი სამეფოს რამდენიმე ქალაქს მოინახულებს ხოლმე, სადაც მას ცეკვითა და აღლუმებით ეგებებიან.
აი, თბილისშიც რომ შემოევლო, აღმოაჩენდა, რომ ბამბის რიგში, კაფე "ვაკანდაში", მისმა თაყვანისმცემლებმა ყველაფერი ნარინჯისფრად მორთეს. აღმოაჩენდა, რომ მხოლოდ მის სამშობლოში არ გამოეწყო ხალხი საგულდაგულოდ, რომ მხოლოდ მის ნიდერლანდებში არ იყო სასმელიცა და ტკბილეულიც ნარინჯისფერი. და იმასაც მიხვდებოდა, რომ სადღაც, ძალიან შორს, ცხრა მთას იქით, ხალხი დედოფალზე ოცნებობს, რომელთან მისულიც მის უსაზღვრო წყალობას მიიღებს, რომლის მფარველობაც ყველაზე ვრცელდება - მთავარია, იქამდე მიაღწიო და სთხოვო.
კარგი საღამო გამოვიდა. დედოფალი არ გვწვევია, მაგრამ მაინც.

@