view counter
გემოები და ადამიანები
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 1 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 3 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

იანვარი 12, 2012 ავტორი დიანა ანფიმიადი

ყველას სხვადასხვანაირი მეხსიერება აქვს.

ჩემს ერთ მეგობარს ყოველთვის ახსოვს, ტანსაცმლის რომელი ფერი რომელთან ჰქონდა შეხამებული შემთხვევით შემხვედრს.  ჩემს ბებოს ზუსტად ახსოვდა სტუმრად ღამისთევით დარჩენილს, რომელ სახლში როგორ გახამებული თეთრეული დაუგეს. ჩემს მეორე ბებოს თავისი სკოლის ყველა მასწავლებელი ახსოვს ოჯახებიან- ნათესავებიანად, ჩემი მეზობელი რეკლამების ტექსტების იმახსოვრებს, ლეკას სუნამოები ამახსოვრდება, ზაზას - ციფრები, ქეთოს-განწყობები, მე - გემოები.

ხოდა,  ამ დამახსოვრებულ გემოებზე მინდა მოვყვე,  გარეთ მაინც იანვარია, თვე, როცა ყველაზე ხშირად გახსენდება ძველი ნაცნობები თუ მეგობრები, კლასელები თუ კურსელები, შემთხვევითი გავლელები თუ უბრალოდ, შენს ცხოვრებაში ერთი სასიამოვნო გაელვებისთვის არსებული ადამიანები.

ამ პოსტში კულინარიულ რეცეპტებს ვერ იპოვით, მაპატიეთ, დღეს ადამიან-რეცეპტებზე მინდა მოგიყვეთ.

მოთუშული ხახვი

 

1. 

მწარე, მწარე ხახვი

 

ისეთი კარგი გოგო იყო, თეთრი ჭორფლიანი კანი და სწორი თმა ჰქონდა, მაღალი ფეხები, მაგრად თამაშობდა რეზინობანას ბავშვობაში. მასთან მეგობრობას მიშლიდნენ, რადგან ლოთი მამა ჰყავდა, მე კი მაინც სულ მათთან ვეგდე მათ ფარღალალა ბინაში, რომელშიც წყალი ჩამოდიოდა და ალაგ - ალაგ სულ ფერად - ფერადი ტაშტები ეწყო - მწვანე, წითელი, ვერცხლისფერი - ზოგი უფრო და ზოგი ნაკლებხმაურიანი.

ხან რას ვთამაშობდით, ხან რას - ინდურკინოობანას, ხან ვითომ პრინცესები ვიყავით, ხარ რა ვიცი. ძალიან კეთილი გოგო იყო, კეთილი სულისას რომ იტყვიან, ისეთი.

არ დამავიწყდება მაგათ შეშის ღუმელზე დიდ ტაფაში შემწვარი ხახვი, პურს ვაწობდით და ვჭამდით, ყველას ძალიან გვიჭირდა მაშინ, ნახევრად მშივრები ვიყავით .

მე ხუთოსანი ვიყავი, ის - არა,  ქალაბიჭა იყო, ძალიან ვუყვარდი, მგონი ეგრე არც არცერთ დაქალს არ ვყვარებივარ არასდროს.

მერე ის ბინა გაყიდეს და თბილისის ერთ ძველ უბანში ერთოთახიან სოროში გადავიდნენ, მე უნივერსიტეტში ჩავაბარე. ლექციების ხანს დავდიოდი მათთან,  ლექციებს ვაცდენდი, ზოგიერთ ლექციას - განსაკუთრებული სიხარულით.

ისეთი იყო, მის  დანახვას არაფერი სჯობდა, ძალიან ლამაზი, წვრილი, მწვანე თვალები ჰქონდა და ულამაზესი ტანი.

სხვა სამყარო იყო მათთან, არასდროს ლაპარაკობდნენ წიგნებზე, სამაგიეროდ ბიჭებზე, იცოცხლე. მერე გათხოვდა და დავკარგე.

ბოლოს ორი წლის წინ შემეხმიანა, ახალი გათხოვილი ვიყავი,

ორი შვილი მყავსო, ბინა ვალებში დავკარგეთო, უცხოეთში მივდივარ სამუშაოდ და ეგება რამე ლექსიკონი მათხოვოო. მახსოვს, როგორი მწარე გემო ვიგრძენი პირში და ეს სულ არ იყო ტოქსიკური ორსულობის ბრალი.

მგონი, ახლაც იქ არის

მუშაობს, ან არ მუშაობს არ ვიცი.

 

ბანანის კოქტეილი

 

2.

რახმანინოვი, ბანანის კოქტეილი და სხვა შემთხვევითობები 

 

მგონი მეორეკურსელი ვიყავი, ძველ ქართულ ენაში საკურსო მქონდა დასაწერი, ნოემბერი იყო, ციოდა, როგორც ყოველთვის სულ 3 დღე მქონდა დარჩენილი საკურსოს დაცვამდე და არცერთი სიტყვა დაწერილი.

საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. მაშინ საჯაროსთან ახლოს ერთი პატარა ვეგეტარიანული კაფე იყო, ძალიან საინტერესო და გემრიელი რამეები იყიდებოდა, რაც მთავარია, ძალიან იაფად, ამიტომ ხშირად დავდიოდით იქ მე და ჩემი კურსელები.

კარგი იყო, გაგეთოშებოდა ხელები, მოგიგროვდებოდა მეგობართან  სალაპარაკო, მოგბეზრდებოდა შანიძე და ჩიქობავა, შეხვიდოდი იმ კაფეში, რაღაც უცნაურ სამოსას ან ნამცხვარს აიღებდი, მწვანე ჩაის დააყოლებდი და  გაცილებით ადვილი ასატანი ხდებოდა ნოემბრის ნესტი და ქართული ფილოლოგიის ძნელად დასაპყრობი მწვერვალები.

იმ დღესაც ჯერ კაფეში შევედით, ბანანის კოქტეილი დავლიეთ და რაღაც უცნაური კექსი ვჭამეთ, მერე საჯაროს მუსიკალურ განყოფილებაში შევიარეთ ცოტა ხნით ტვინის გასანიავებლად.

საუკუნეა ამ განყოფილებაში აღარ ვყოფილვარ, წარმოდგენა არ მაქვს ახლა რა ხდება, მაშინ რამდენიმე ფირსაკრავი იდგა ( არა, მთლად ადამის დროინდელ ამბავს არ ვყვები, ეს ფირსაკრავები მაშინაც რაღაცნაირი რომანტიკული სიძველე იყო, თან მუსიკის მოსმენის ერთადერთი საშუალება საჯარო ბიბლიოთეკაში.) ხოდა, კარტოთეკაში მოძებნიდი სასურველ ფირფიტას, დაჯდებოდი და უსმენდი, კაცი-შვილი არ გაწუხებდა.

პატარა ვიყავი - მეთქი რა, მეორეკურსელი, როცა შორეული გარეუბნიდან  უნივერსიტეტში რომ მიდიხარ ლექციებზე, დაახლოებით ისეთი მასშტაბის განმანათლებლური პროცესი გგონია, როგორც მეცხრამეტე საუკუნის ქართველებისათვის პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლა.

დავჯექი იმ დღესაც ბიბლიოთეკაში, რახმანინოვის მეორე კონცერტი მოვძებნე, რომელიც ზეპირად ვიცოდი და ცრემლებსაც კარგად გემრიელად მაღვრევინებდა. (პოეტი ბავშვი ვიყავი-მეთქი, ნუ დამცინი.)

ხოდა ვუსმენ, ვუსმენ და ერთი ძალიან სიმპატიური ბიჭი შემოვიდა. ძალიან შთაგონებული სახე მივიღე, ზედმეტადაც :)

იმანაც იპოვა რაღაც ნოტები მგონი და ზის და კითხულობს.

უცებ, ბრახ და შუქი ჩაქრა, ესეც შენი რახმანინოვი.

ისეთი სახე მივიღე, თითქოს სხვა დღე არასდროს დადგებოდა ამ მუსიკის მოსასმენად, თითქოს 2002  კი არა, 2012 წლის დეკემბერი იყო და ა.შ.

იმანაც შემატყო და შემომთავაზა, კონსერვატორიაში ვსწავლობ, წამოდით, თუ ასე აუცილებლად უნდა მოისმინოთ, იქაურ ბიბლიოთეკაში შეგიყვანთ და იქ დაასრულეთ მოსმენაო.

ისეთი სიმპატიური იყო, ისეთი, რა თქმა უნდა, წავყევი.

გზაში გავიგე, რომ ვოკალურ ფაკულტეტზე სწავლობს და იცოცხლეთ, რაც მე დონიცეტი და ვაგნერი ვაბრეხვე .

ავედით, შემიყვანა ბიბლიოთეკაში, იქაურ ბიბლიოთეკარებთან რაღაცები გაარკვია, რახმანინოვის დისკი (იქ უკეთესი აპარატურა იყო) მომიტანა, დამემშვიდობა და წავიდა.

ტელეფონის ნომერი კი არა, სახელიც არ უკითხავს

არა, რა მერახმანინოვებოდა?

ფორთოხალი

 

3.

ბერძნული ფორთოხალი

 

უფროსი და მყავს. ძალიან ლამაზი და ძალიან ჭკვიანი, ჩემზე ათასჯერ ჭკვიანი, კეთილი და ზოგადად, ბევრად უკეთესი ადამიანი. ისეთი ბრიალა მწვანე თვალები აქვს, გაგიჟდებით.

უნივერსტიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ძალიან კარგად სწავლობდა.

ერთ დღეს ლექციებზე წასული ტყვიების წვიმაში მოყვა, მეორეჯერ მეტრო გაჩერდა, მესამეჯერ - მეტროს ჟეტონის საყიდელი ფული არ ჰქონდა, მერე მობეზრდა.

ერთმა ჩვენმა ნათესავმა, როგორც ბერძნული გვარის მქონეს, საბუთები გაუკეთა და საბერძნეთში სამუშაოდ წაიყვანა.

ხოდა, იქ მუშაობდა, ჩამოდიოდა , გამოცდებს აბარებდა და ისევ მიდიოდა. მაშინ პირველად გამიჩნდა სპეციალურად ჩემთვის შეძენილი ჩემი ზომის ტანსაცმელი და არა უფროსი ბიძაშვილების გამონაცვალი. ზუსტად მახსოვს, ღია ცისფერი ჯინსი იყო, ვარსკვლავებიანი ქამარი ჰქონდა და მუყაოს ეტიკეტი.

მერე ჩემმა დამ ჩამოსვლას მოუკლო,

მერე სულ აღარ ჩამოდიოდა.

ახლა საბერძნეთში ცხოვრობს და სამი ულამაზესი ბავშვი ჰყავს.

ერთხელ ძალიან ცივი თებერვალი იყო, ჭყაპი, ყინვა, ტალახი, უშუქობა, შიმშილი და ათასი უბედურება.

ფოსტალიონმა გზავნილი მოგვიტანა საბერძნეთიდან, მუყაოს დიდი ყუთი იყო.

გავხსენით და ოთახი ფორთოხლების ხასხასა სიყვითლემ გაანათა, ფორთოხლის პლანტაციაზე მუშაობდა ჩემი და და იქიდან გამოგვიგზავნა ბერძნული ფორთოხლებით სავსე ყუთი.

მახსოვს, ლამის ხელები მივითბე იმ ფორთოხლების ოქროსფერ შუქზე, ისეთი, ისეთი ხასხასა და თბილი იყო.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

ruso (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2012, 09:47:32

მეც გამახსენდა გაყინული საჯარო ბიბლიოთეკის საკურსოები და კაფე "ლოტოსი" - მართლა ერთადერთი ნათელი (და თბილი) წერტილი.<3 ბანანის კოქტეილის გემოც კი გამახსენდა! :)

Lolipop (შეუმოწმებელი), იანვარი 13, 2012, 10:55:26

ძალიან თბილი პოსტი იყო ^_^

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.