|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
გავლა - გათვლა - გათლა
„ცხოვრება უფრო ხშირად ჰგავს ნოველას, ვიდრე ნოველა - ცხოვრებას" ჟორჟ სანდი
არ ვიფხორები, ტყუილად არ დავიწყე ეს წერილი იმ მწერალი ქალის სიტყვებით, გაგანია მეცხრამეტე საუკუნეში, თანამედროვეების გულისგასახეთქად, კაცის ტანისამოსით რომ დასეირნობდა და ნუ იტყვით, თურმე გემრიელად ექაჩებოდა თამბაქოს ხალხმრავალ ადგილებში. დღეს რამდენიმე ეგეთი ქალის ხსენება მომიწევს - ნაღდი ქალის, ხაზგასმულად ქალის, ორმაგად ქალის - ცალკე (საზოგადოებრივ, პოლიტიკურ) ცხოვრებაში რომ ცდილობენ ქალის ხმა ჭექდეს და ცალკე ლიტერატურაში. ლიტერატურას მოვაყოლებ - ორი კარგი წიგნი წავიკითხე ამ თვეს, ერთი მხატვრული, ერთიც სამეცნიერო - „გათვლა" და „მელანქოლიის გზამკვლევი". პირველი ქართველმა დაწერა, მეორე კი ახალი ზელანდიის მკვიდრმა. პრინციპში, საერთო ამ ორ წიგნს შორის იმდენივეა, რამდენიც საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის - მხოლოდ ფორმალური ნიშნები. წესით, ერთადერთი რამ, რაც ჩემს მახსოვრობაში მათ დააკავშირებდა, წაკითხვის მიმდევრობა უნდა ყოფილიყო. კიდევ ის, რომ ორივეს ავტორი ქალია, მაგრამ თამთა მელაშვილის გადამკიდე, ჩემმა დავირუსებულმა ოპერატიულმა სისტემამ ამ ორ წიგნს ერთ საქაღალდეში უკრა თავი. მოკლედ, რა ხდება: „მელანქოლიის გზამკვლევის" ავტორი, პროფესორი ჯეკი ბაურინგი ლამის კანიდან ძვრება, ისე უნდა დამარწმუნოს მელანქოლიის, ანუ მამაპაპურად რომ ვთქვათ კაეშნის, ჭმუნვის, ნაღვლიანობის სოციალურ სარგებელში, ათასი გენიალური ნაწარმოების თუ გმირის სახით (ჰამლეტიდან - ბეტმენამდე), ხოლო „გათვლის" ავტორი თამთა მელაშვილი ცოცხალი მაგალითია მწერლისა, ვინც თავისი ბლუზი ორ ყდას შორის მოაქცია, გულის ნადები გაგვიზიარა. „გულის ნადებს" მწერლებთან დაკავშირებულ კლიშედ ნუ მიიღებთ, ამ შემთხვევაში მართლა იმ მწერალზე მაქვს საუბარი მელანქოლიას რომ იყენებს გზად და ხიდად. თამთას ამგვარი განწყობა-ტემპერამენტი ჩემთვის სიახლე იყო. კაი ხანია ვიცნობ, ხუთ წელზე მეტი იქნება, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში ვიცნობდი ქალად, რომლის „თვალები ჰგავდა შოკოლადში ამოვლებული ალუბლის ბომბს, ცეცხლმოკიდებული ფითილით". აღმოჩნდა, რომ ეს თვალები სინამდვილეში ციხეა, ფიქრები კი - პერსონალური კამერა მკითხველებისთვის. ან როდის რას უნდა მივმხვდარიყავი - მელანქოლიკი იყო, სანგვინიკი, ქოლერიკი თუ ფლეგმატიკი. თითქმის არ გვილაპარაკია ერთმანეთთან. ერთ პონტში როცა ვხვდებოდით, ხან ჩემს მიერ უზადოდ შემწვარ, ანუ სამყაროში საუკეთესო მწვადს ვჭამდით, ხანაც ვეწეოდით (მადლობა შაკო ფასანაურისთვის). პირველი, რაც თამთას ვკითხე ინტერვიუზე - ექვსი გვერდი როგორ გავავსოთ-მეთქი. რა დებილი ვიყავი... მეგონა საუბარში არტილერიის როლი წიგნს უნდა ეტვირთა. პირიქით მოხდა. * სრული ვერსია წაიკითხეთ "ცხელი შოკოლადის" მარტის ნომერში |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი