|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
"ღამის მანიაკი 2"ჟურნალისტური გამოძიება
ქალაქი იწვოდა რამდენიმე დღე და ბოლოს, ზუსტად ჟურნალში ტექსტის გაგზავნის ვადის ამოწურვისას ფეისბუკში დაიპოსტა ქუჩაში გამოკრული განცხადების ფოტო, რომელზეც მსურველებს ახალი ქართული მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივის - "ღამის მანიაკი 2"-ის გადაღებების კასტინგზე იწვევდნენ.
გაცრეცილი აფიშის თხელ ქაღალდზე დაბეჭდილი განცხადება ჩემ გარშემო მყოფებში ნდობას არ იწვევდა და ფოტოს ნახვისთანავე, ქაღალდის, შრიფტისა და განცხადების ტექსტის გათვალისწინებით, თავიდანვე განწირული იყო სკეპტიკური დამოკიდებულებისთვის. ლოგიკურად, ეს უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაუხედავ, კინოში ყოფნის მსურველ ხალხზე აწყობილი ფულის კონვეიერი, დაახლოებით ისეთი, კვაზიპედოფილური ბავშვთა წრეები რომაა, გამოპრანჭული პატარების კონცერტებს რომ აჩვენებენ საეჭვო სატელევიზიო არხებზე. მაგრამ, იმ დღის უკიდურესი უსაქმურობიდან გამომდინარე, მაინც ვფიქრობდი, რომ კასტინგის ან სტუდიის რამე მზა პროდუქციის ნახვამდე არ იქნებოდა სწორი კინოკომპანიაზე რაიმე აზრის შექმნა მხოლოდ განცხადების მახასიათებლებზე დაყრდნობით. იყო ძალიან პატარა შანსი იმის, რომ "ღამის მანიაკი" ყოფილიყო პრიმიტიული კინოს ლოკალური შედევრი (არ ვღადაობ). სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, პირველ რიგში, როგორმე მეშოვნა "ღამის მანიაკი 2"-ის პირველი სერია - "ღამის მანიაკი 1". ერთადერთი ღამის მანიაკი, ვისაც აქამდე ვიცნობდი, იყო პოლ რევერი - ვერცხლის ბოსტონელი ოსტატი, ამერიკის რევოლუციის ერთ-ერთი გმირი, რომელმაც თავის დროზე ააწყო ამერიკის ნაპირებიდან ბრიტანული ხომალდების სათვალთვალო დაზვერვის სისტემა. მასობრივად, პოლ რევერი ყველაზე უფრო ე.წ. "ღამის ჭენების" გამო ახსოვთ - ასე მოიხსენიებენ მის ცხენით რბოლას ბოსტონიდან ლექსინგტონში 1975 წლის 18-19 აპრილის ღამეს, როცა მან გავლენიან ამერიკელ პატრიოტებს ლექსინგტონში ბრიტანელების ჯარების შემოსვლა აუწყა. რევერისვე სიტყვებით, გზად ის შემხვედრ ხალხს უძახდა "რეგულარულები მოდიან!" (ბრიტანეთის რეგულარული არმია) და არა "ბრიტანელები მოდიან!" (როგორც მას ამას თავიდან მიაწერდნენ), რადგან, სავარაუდოდ, ბოსტონშიც და მის შემოგარენშიც მოსახლეობა საკუთარ თავს სწორედ ბრიტანელად მიიჩნევდა, რადგან ბრიტანეთის ქვეშევრდომები იყვნენ. ეს ზაფხულის თბილისისთვის საერთოდ დამახასიათებელია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო დღეებში, აბსურდულობამდე მისული სიცხის გამო, ქალაქში მოძრაობა ღამის ათი საათიდან იწყებოდა და დილამდე ქუჩები სავსე იყო "ღამის მანიაკებით", რომლებსაც მე და ჩემი მეგობარი "პოლ რევერებს" ვეძახდით. ამ დღეებში შუქნიშნებთან ღამის სამ-ოთხ საათზეც კი რკინის ცხენებზე ამხედრებული პოლ რევერების შთამბეჭდავი ნაკადები გროვდებოდა. სანამ განცხადებაზე მითითებულ მობილურის ნომერს ვკრეფდი, პარალელურად ვფიქრობდი, რომ წესით და რიგით, თუ აცხადებ კასტინგს "ღამის მანიაკი 2"-ზე, უკვე დასრულებული უნდა გქონდეს მისი პირველი სერია, ორი გამონაკლისის გარდა: 1. თუ, რაღაც ექსპერიმენტული მარკეტინგული გათვლებით არ იღებ ორივე სერიას ერთად; 2. თუ ციფრი "2" სათაურში სერიას კი არ აღნიშნავს, არამედ უბრალოდ ვიღაცის ნაკაიფარია - რის გაგებასაც მე ვაპირებდი კიდეც, ვიდრე ზუმერზე პასუხს ველოდებოდი. ყურმილში ზარის ნაცვლად უკრავდა, როგორც მომეჩვენა, რაღაც ფანკი. შეიძლება ჯეიმს ბრაუნიც, ან რამე მსგავსი. ვუსმინე ძალიან დიდხანს და მერე მეორე - ქალაქის ნომერზე დავრეკე. იქ მიპასუხა ერთმა გოგონამ და მკითხა, "რომელ ფილმზე მაინტერესებდა". მე გავიაზრე ყველაფერი, რაც იმ წამს ხდებოდა და ვუთხარი: "ღამის მანიაკი 2", ოღონდ იქვე დავამატე, რომ გადაღება კი არ მაინტერესებდა, მინდოდა გამეგო, სადმე თუ შეიძლება ამ ფილმის პირველი სერიის - "ღამის მანიაკი 1"-ის შეძენა. სულ რაღაც ორწამიანი პაუზის შემდეგ გოგონამ მითხრა, რომ ამ საკითხზე ჯობდა მივსულიყავი სტუდიაში და პირადად მენეჯერს გავსაუბრებოდი. ჩავთვალე, რომ გოგონას ზუსტად ვერ მივახვედრე, რა მინდოდა, და კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ მე უბრალოდ მსურდა პირველი სერიის დისკის, ან უარეს შემთხვევაში კასეტის ყიდვა, რაზეც გოგონამ საკმაოდ ზრდილობიანად კიდევ ერთხელ გამიმეორა, რომ უნდა დავლაპარაკებოდი მენეჯერს. ვიკითხე მენეჯერის სახელი, რაზეც გოგონამ ისევ მირჩია მენეჯერთან გასაუბრება. ყველაფერი ეს სულ უფრო ემსგავსებოდა დიალოგს ავტომოპასუხესთან. გოგონას მაინც ჩავეკითხე, ვისი იყო აფიშაზე მითითებული მობილურის ნომერი. მან მითხრა, რომ ეს იყო დირექტორის ნომერი და, მენეჯერის გარდა, ის იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ასევე შემეძლო დავლაპარაკებოდი იმ საკითხებზე, რაც მაინტერესებდა. მობილურის ნომერი მეორედ ავკრიფე. ისევ ჩაირთო ფანკი. ისევ ვერ მივხვდი ზუსტად, ვინ მღეროდა, არადა ისეთი რაღაც იყო, ათასჯერ რომ გაქვს მოსმენილი და შეიძლება აიპოდშიც კი გქონდეს. სიმღერა რომ მორჩა, გავთიშე. დავხედე მისამართს. ეწერა, - კოლმეურნეობის მოედანთანო. ნელა ავდექი, ფანჯარასთან მივედი და ფარდა ოდნავ გავწიე. სახეში სიმხურვალე მეცა. იქნებოდა, ასე, 43 (?). უკან მოვბრუნდი, ვენტილატორთან დავჯექი და დავფიქრდი სამ რამეზე: ვაკით ჯობდა წასვლა თუ პავლოვით. მეორე - წავსულიყავი დღისით თუ მხოლოდ და მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ. და მესამე - თუ "ღამის მანიაკი 1" საერთოდ არსებობდა, როგორი შეიძლება ყოფილიყო ამ ფილმის გმირი. (გაგრძელება იქნება)
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი