|
|
|
|
|
გაჩერებული საათების და ინტენსიური სინათლის ზონაწერილი მაროკოდან
- ერთი წუთი, მოითმინეთ, თუ შეიძლება! - ბრაზიანად მეუბნება პირველი მაროკოელი, რომელსაც ვხვდები და ჩემს პასპორტს საზღვრის საკონტროლო პუნქტზე, ჯიხურის რაფაზე აგდებს. მერე იქვე, კართან აყუდებულ მეორე მესაზღვრეს უტრიალდება და საუბარს არაბულად განაგრძობს. ჩემს უკან, რიგში, ოცდაათამდე ადამიანი დგას. ზოგი მათგანი დემონსტრატიულად იზელს ფრენისგან დასიებულ ფეხებს და არანაკლებ ბრაზიანი გამომეტყველებით ადევნებს თვალს ორი აფრიკელის აუღელვებელ ბაასს. ხმას არავინ იღებს. ჩემი მესაზღვრე სამუშაო მაგიდის ერთ-ერთი უჯრიდან რაღაცას იღებს და კოლეგას აწვდის. ის ინტერესით ათვალიერებს ცელოფნის პარკში გახვეულ პლასტმასის კონტეინერს, მერე შიგთავსს ყნოსავს, ტუჩებს ილოკავს, მეგობარს "საჩუქრისთვის" სავარაუდოდ მადლობას უხდის და ჯიხურიდან გადის. აღმოსავლური კერძის სურნელი ჩემს ცხვირსაც სწვდება. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მაროკოში! - უცბად მიბრუნდება მესაზღვრე და შტამპიან პასპორტს ღიმილით მაწვდის, - ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ! კმაყოფილია. ჩემი დაბნეული გამომეტყველებით ხვდება, რომ პირველი გაკვეთილი ნასწავლი მაქვს: აქ დროს ის საზღვრავს, ვინც იმ კონკრეტულ მომენტში ძალაუფლებას ფლობს - შენ მას ემორჩილები და არაფერს აპროტესტებ. მესაზღვრე რიგში შემდეგს ხელით ანიშნებს - მობრძანდითო, მერე იხრება და მაგიდის უჯრას აღებს. ცელოფნის შრაშუნის ფონზე ვეცლები ნეიტრალურ ზონას და ჩემს ჯგუფს ვუერთდები. მაროკოში ევროკავშირის ერთი პროექტის წყალობით მოვხვდი, კავკასიელ ჟურნალისტებთან ერთად. ჩვენ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას, მაროკოს გეოპოლიტიკურ დილემებსა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას გავეცნობით. ამ ყველაფრისთვის ექვსი დღე გვაქვს. კასაბლანკას საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელში დიდხანს ვეძებთ ერთმანეთს. ერთმანეთი კი, ბევრი გვყავს, ჯგუფში ოცდაშვიდნი ვართ. ერთი საათის შემდეგ ვხვდებით, რომ ყველა ათი მეტრის რადიუსში ვტრიალებთ. სინათლის ინტენსივობამ თუ დაგვაბრმავა, მზე ზენიტშია. აქ დღის სინათლეს სულ სხვა ფერი აქვს - მჭახე თეთრი, მზეს თვალს ყველაზე მუქი მზის სათვალითაც ვერ გაუსწორებ. ვდგავარ სითეთრეში, დანარჩენ ოცდაექვსს ველოდები და რამდენიმე წუთში დაგროვებულ შთაბეჭდილებებს ვალაგებ: 1. აქ შემიძლია, მხოლოდ დავინახო. ეს ნანახი არაფერს არ უნდა შევადარო და აღარ დავსვა კითხვა "რატომ?" 2. სულ უნდა მახსოვდეს, რომ მე ქალი ვარ და თან "უცხო"(!!). 3. დარიჩინის, ზაფრანის, ვარდის ზეთის, პიტნის ერთმანეთში არეული სურნელი აქ, ალბათ, ჩემი მუდმივი თანამგზავრი იქნება. აეროპორტის დერეფნებში, სუვენირების მაღაზიაში, ტუალეტში და მანქანაშიც ეს არომატი ფიქრივით დამყვება თან. კასაბლანკას საერთაშორისო აეროპორტიდან დედაქალაქ რაბატამდე საათნახევრიანი გზა გვაქვს გასავლელი. გზა მაროკოს პროვინციებზე გადის. სწორ ლანდშაფტზე, ან მცირე გორაკებზე პატარ-პატარა დასახლებები მოჩანს. შორიდან ქვიშისფერ კვადრატულ სახლებს ვარჩევთ, ფერადი ფანჯრებით და ხის დარაბებით. ეს ვიწრო პროვინციული უბნები თითქოს უძველესი ქალაქური დასახლების, მედინას მოდელს იმეორებს, გალავნიანი ქალაქის, სადაც სახლებს ერთმანეთისგან ვიწრო შუკები გამოჰყოფს, ფასადები ლამის ერთმანეთზეა მიბჯენილი, სარკმლები უჩვეულოდ პატარაა, შესასვლელი კი ვიწრო და დაბალი. მთელი "დიდი კასაბლანკას" გარეუბანი, აინ ჰარუდას გზაჯვარედინამდე თითქოს სტიქიური უბედურებაგამოვლილ ძველ ნაქალაქარს ჰგავს - ჩამორღვეული კედლებით, ნახევრად დანგრეული გალავნით, იქვე მიმოყრილი სამშენებლო ნაგვით, ვირშებმული ურმებით, ეზოში გაფენილი ჭრელი სარეცხით, მთლიანად მტვრის ბურუსში გახვეული. გზა კი ისეთია, ევროკავშირის მეზობელ, "პრივილეგირებული სტატუსის" მქონე ქვეყანას რომ ეკადრება. მაროკოს ევროპისგან თოთხმეტკილომეტრიანი გიბრალტარის სრუტე გამოჰყოფს. ის ყველაზე ახლოს მდებარე ისლამისტური ქვეყანაა, 32 მილიონიანი მოსახლეობით. მაროკოს დასავლეთით ატლანტიკის ოკეანე და ალჟირთან კონფლიქტის მთავარი მიზეზი - დასავლეთის უდაბნო ესაზღვრება, აღმოსავლეთით ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთით მავრიტანია. მოსახლეობის 60% უძველესი წარმოშობის აღმოსავლელი ხალხი - ბერბერები არიან. ქვეყნის ოფიციალური ენა არაბულია, თუმცა ბერბერები ძირითადად ატლასისა და რიფის მთების ირგვლივ დასახლებულ პროვინციებში დღემდე ბერბერულ ენაზე საუბრობენ. 1912 წელს ქვეყნისათვის ახალი ეპოქა იწყება. საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისისა და გერმანიის გავლენისათვის ბრძოლა აფრიკისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაროკოსთვის ასე დასრულდა: ქვეყანა ორ კოლონიად დაიყო, უდიდესი ნაწილის "მფარველად" საფრანგეთი გამოცხადდა, ესპანეთს კი ჩრდილოეთ მხარეს, მაროკოს მხოლოდ მეათედი ხვდა წილად. ფრანგების ბატონობას აბდელ ყრიმი რამდენიმე წელი ებრძოდა. აჯანყების ჩახშობა მხოლოდ ესპანო-ფრანგულმა 250-ათასიანმა ჯარმა შეძლო. მაროკოში ქვეყნის განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მეორე მსოფლიო ომის დროს კვლავ მოიკრიბა ძალა. 1944 წელს "ინსტიქლალის თავისუფალი პარტია" ჩამოყალიბდა, რომელსაც მაროკოს სულთანი მუჰამედი ჩაუდგა სათავეში. საფრანგეთის მთავრობამ რამდენიმე წლით მაინც შეძლო წინააღმდეგობის შეჩერება, მაგრამ მალე ალჟირის კონფლიქტი გამწვავდა. ფრანგულ მხარეს ორ ფრონტზე ბრძოლა გაუჭირდა და 1956 წელს მაროკოს დამოუკიდებლობა მიანიჭა. ერთი წლის მერე მისი ახალი სტატუსი ესპანეთმაც აღიარა და ქვეყანაში კოლონიამდელი ვითარება დაბრუნდა. მაროკოს დღემდე ისევ ძველი დინასტია მართავს. მუჰამედ V მისმა ვაჟმა, ჰასან მეორემ 1961 წელს შეცვალა. ის მეოცე საუკუნის უსასტიკესი მმართველების და მასშტაბური რეპრესიების ავტორების ხუთეულშია. დღეს ქვეყანას მისი მემკვიდრე მუჰამედ VI მართავს. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში მაროკოს მთავარ პრობლემად ისევ ადამიანის უფლებებს, მმართველობის ტოტალიტარულ სტილს, კონტროლირებად სასამართლოს და შეზღუდულ მედიას ასახელებენ. თუმცა ევროკავშირისთვის მაროკო განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაა, ჯერაც აუთვისებელი ბაზრით და, რაც მთავარია, ისლამიზმის მიძინებული საფრთხით. "ევროკავშირის მაროკოსთან ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება, - ასეთი ამაღლებული განწყობით იწყებს ჩვენს პირველ შეხვედრას მაროკოში ევროკავშირის წარმომადგენელი. "რა ცინიზმია", - ჩამჩურჩულებს ჩემი აზერბაიჯანელი "ჯგუფელი" და პირველ კითხვას EU-ს ლოგოიან ბლოკნოტში ინიშნავს, კითხვის ნაცვლად ბევრი ძახილის ნიშნით. მაროკოული ტკბილეულის კნატუნის ფონზე სოლიდურად ჩაცმული წარმომადგენელი გვიამბობს, როგორი მნიშვნელოვანია მათთვის თანამშრომლობა ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროში (2012 წლიდან ევროკავშირი, სავარაუდოდ მაროკოსთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებს); რომ მათ არ უნდა დაავიწყდეთ - პირველ რიგში, ევროპელ მოსახლეობასთან აგებენ პასუხს. რომ ევროკავშირი 206 მილიონს მაროკოში სხვადასხვა დარგის განვითარებაში ხარჯავს, აფინანსებს ტრენინგებს ჟურნალისტებისთვის, იურისტებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის. მოკლედ, რომ ევროპა წყვეტს რამდენად სწრაფი და ინტენსიური შეიძლება იყოს ინტეგრაციის პროცესი, მაგრამ სასურველ რიტმს საბოლოოდ მაინც მაროკოს ხელისუფლება ირჩევს. "თავისუფალ მედიაზე, სასამართლოზე და არჩევნებზე არ აპირებს საუბარს? - ისევ ბრაზობს ჩემი კოლეგა, - როდემდე ვუსმინოთ ამას?" "ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ" - უკანა რიგიდან ჩუმად გვეპასუხება ჩვენი მაროკოელი მუდმივი თანამგზავრი, ჰიშამ ჰოუდაიფა. ის ჩვენი კოორდინატორია ("ფიქსერი"), ეს შეხვედრებიც მისი დაგეგმილია. ჰიშამი, ათი თვეა, თავისუფალი ჟურნალისტია და უცხოურ, ძირითადად, ფრანგულენოვან გამოცემებთან თანამშრომლობს. მანამდე ის "ლე ჟურნალ ჰებდომადაირის" ჟურნალისტი იყო. და დღემდე ამაყობს ამით. ჟურნალისტიკის გამოცდილების არმქონე ქვეყანაში "ლე ჟურნალი" ნამდვილ სტიქიურ უბედურებას ჰგავდა. ხმამაღალი, ცოტა საშიში ჰედლაინებით, ღრმა ანალიზით და სერიოზული ჟურნალისტური გამოძიებებით. "ლე ჟურნალი" ერთადერთი გამოცემა იყო, რომელიც სოციალურ ტაბუებთან ერთად მეფის და მთავრობის პოლიტიკის ღიად გაკრიტიკებას ბედავდა. ჟურნალმა ცამეტი წელი იარსება და 2010 წელს, იანვარში სახელმწიფოსგან დაკისრებული სოლიდური ჯარიმების გამო დაიხურა. "ჩვენ ფსიქიატრიული ციხესიმაგრე ვართ კომპრომისული სამყაროს წინააღმდეგ. ჩვენ ბოლომდე ვამბობთ სათქმელს. მეფეს და ეგრეთ წოდებულ მთავრობას ვუცხადებთ, რომ გვძულს მათი პოლიტიკა, არ გვესმის მეფის დაუოკებელი ვნების, აკონტროლოს აბსოლუტურად ყველაფერი - მედია, სასამართლო, ეკონომიკა, პარლამენტი! და ჩვენ არ გვეშინია მუქარების! რედაქციაში ყველა ჟურნალისტმა იცის, რომ თუ საფრთხე ჩნდება, მთავარ დარტყმას საკუთარ თავზე ვიღებ", - ამბობდა აბუბექრ ჯამალი, "ლე ჟურნალის" მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი, ჟურნალის დაარსებიდან ათი წლის შემდეგ (მაროკოში მეფის ოჯახზე დაცდენილი უწყინარი სიტყვისთვისაც კი, დღესაც კი ორწლიანი პატიმრობა ემუქრება ყველა ჟურნალისტს, ვინც ამას გაბედავს). ჯამალი არისტოკრატიული ოჯახიდან იყო, ჟურნალის დაარსებამდე ოქსფორდის და იელის უნივერსიტეტებში სწავლობდა. მერე საფრანგეთში ცხოვრობდა. იქიდან დაბრუნებულმა კი ყოველკვირეული, ფრანგულენოვანი ჟურნალის გამოცემა გადაწყვიტა. პირველი ნომერი დიქტატორი მეფის, ჰასან II-ის გარდაცვალებამდე წლინახევრით ადრე გამოვიდა. მაშინ, მაროკოელი ინტელექტუალები მეფის მემკვიდრის, მუჰამედ VI-სგან მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდნენ. თუმცა, როგორც ჰიშამი ამბობს, იმედები ძალიან მალე გაუცრუვდათ. ახალგაზრდა მეფემ დესპოტი მამის მართველობის სტილი შეინარჩუნა, ძალაუფლების გადანაწილებაზე მანაც უარი თქვა. სასამართლო, მედია და მთელი ეკონომიკა ისევ თვითონ დაიქვემდებარა. პარლამენტი კი, სიმბოლურ, "რიტუალური შეხვედრების" ადგილად აქცია. ამ დროს, ჟურნალის რედაქტორი, აბუბექრ ჯამალი მათ შორის იყო, ვინც მეფის უპირატესობასაც კარგად ხედავდა. უპირატესობას სხვა, და ერთადერთ ალტერნატიულ ძალასთან - ფუნდამენტალისტ ისლამისტებთან. ოცდათორმეტ მილიონიან ქვეყანაში, სადაც 40% წერა-კითხვის უცოდინარია და სადაც ისლამი ყველაზე დომინანტური ძალაა, რადიკალური, პროგრესული ნაბიჯების გადადგმა სახიფათოა. ეს მეფემაც იცის. 2006 წელს, როდესაც ქვეყანაში ოჯახის ახალი კოდექსი მიიღეს და ქალების უფლებები ოდნავ მიუახლოვეს მამაკაცისას, მეფე მილიონნახევარი ადამიანის პროტესტს შეეჩეხა. ის ახალი კანონის მიღებას უჭერდა მხარს. მიუხედავად იმისა, რომ მუჰამედ VI მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ფოტოშოფში საგანგებოდ დამუშავებულ მის ფოტოებს ყველგან შეხვდებით - აფთიაქებში, მაღაზიებში, ბანკებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში, მისმა გადაწყვეტილებამ უმრავლესობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, მეფემ პოზიცია მაინც არ შეიცვალა და პარლამენტში ოჯახის კოდექსი პირველი მოსმენით მიიღეს. "შეიძლება, ამას კეკლუცობა დაარქვა, ევროპის გულის მოსაგებად გამართული მასკარადი, - ამბობს ჰიშამი, - მაგრამ ასე მხოლოდ გარედან შეიძლება შეაფასო. ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მერე რა, რომ კანონში ბევრი შავი ხვრელია დატოვებული. ამ კანონის არსებობა უკვე პროგრესია." მაროკოელმა ინტელექტუალებმა იციან, რომ წინსვლა მხოლოდ მოზომილი, რაციონალური პოლიტიკითაა შესაძლებელი. ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მეფეს არ აქვს ფუფუნება, ძალაუფლება სხვებს გაუნაწილოს, რადგან ის შეიძლება უფსკრულის პირას აღმოჩნდეს. ეს ევროპამაც იცის. "ამიტომაც არ არის ევროკავშირის პოლიტიკა "ცინიზმი", ეს პრაგმატული მიდგომაა. ეს რეალობაა, რომელსაც ჩვენ თვალი გავუსწორეთ." "ლე ჟურნალმა" მეფის "ამალის" ყურადღება მალე მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ მას ფრანგულენოვანი, ასი ათასამდე მკითხველი ჰყავდა, მის წინააღმდეგ ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა იარაღი გამოიყენეს, მათ ათობით სასამართლო პროცესი წააგეს და მილიონნახევრიანი ჯარიმა დააკისრეს. რომ ვერაფერს გახდნენ მათი რეკლამების დამკვეთებს "ლე ჟურნალთან" ურთიერთობა აუკრძალეს. ჟურნალი 2010 წლის იანვარში ბანკროტად გამოცხადდა და დაიხურა. "ჩვენ ჩვეულებრივი ჟურნალისტები ვიყავით, - ამბობდა ლე ჟურნალის ჟურნალისტი, ამინ რაჰმუნი, "ნიუ-იორკერის" სტატიაში "ჯვაროსანი" - ჩვეულებრივები დასავლეთისთვის. მაროკოში კი ამას გმირობა ერქვა. ყველამ იცოდა - ვინც არ იყო მზად საშუალოზე დაბალი ხელფასით ერჩინა თავი, ბონუსებისა და პრემიების გარეშე ეცხოვრა და საქმისთვის, თუ საჭირო გახდებოდა, "თავიც გაეწირა" - მიდიოდა. სამაგიეროდ, წასული ვერასდროს იტყოდა - მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი." ჯამალი ხვდებოდა, რომ ამ სიტყვებს წლების მერე, სულ სხვა ფასი ექნებოდა. დღეს ასეთი თამამი, გულწრფელი და უკომპრომისო მედია მაროკოში აღარ არსებობს. "ლე ჟურნალმა" ასეთ სტრატეგიას მიმართა - უფრო განათლებული, ინტელექტუალური აუდიტორია აირჩია. ჯამალი ფიქრობდა, რომ მათ სათქმელს ფრანგულენოვანი, განვითარებული საზოგადოება უკეთ გაიგებდა. უმრავლესობაში თანამოაზრეების პოვნა არც უცდიათ. მაროკოელმა "მოაზროვნეებმა" კი, მათი დაცვა ვერ შეძლეს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
სტუმარი, იანვარი 26, 2011, 17:27:26
tavidanve cudad tu aris ganzkobili kaci qweknisadmi werc verapers agmoachens, verc veraprit darcheba kmakopili.
tkuilad ar aris natqwami, sadac zaxval ikauri qudi unda daixurovo,
vin gaigo orientaluri qweknebisgan kaci qartul, sosina, uqnara, magram "mchermetkvelur", naxevrad "me var qartveli, mashasadame europeli"-is midgomas elodebodes?
marokkos naxvas da gacnobas ver shezlebs adamiani sastumros 4 kedlidan.
piradad me, rogorc "ketilganzkobili turisti" zalian movixible iq orientaluri, gansxvavebuli temperamentisa da tradiciebis, alalma xalxit.
-modi vnaxot, ramdenad zlieria tavisupali asris gamoxatvis pativiscema saqartveloshi.
დატოვე კომენტარი