|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ერთგულების ასი წელი "გახსოვს გაბრიელ?... მახსოვს, მახსოვს, რავა არ მახსოვს!..." ასე დავარქმევდი სურათს, რომელიც შარშანწინ გადაიღეს, ჰავანას საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე, 2003 წელს, გაბოსა და მერსედესის გაცნობიდან 58 წლის შემდეგ.
მარკესმა მერსედეს ბარჩე პარდო პირველად 1946 წელს ნახა. გოგონა მაშინ 13 წლის იყო, მარკესი 18-ის და ბორდელებს დაჩვეული ახალგაზრდა ჟურნალისტი მისმა პირველივე მზერამ დაატყვევა. ეს ტყვეობა 14 წელი გაგრძელდა, 14 წლის შემდეგ კი თეთრ პიჯაკში გამოწყობილმა გაბომ მერსედესის ხელი ითხოვა. მათი ცხოვრება თავგადასავლებით იყო სავსე, ბევრჯერ მოუწიათ ადგილის გამოცვლა. 1959 წელს, პირველი შვილის, როდრიგოს დაბადების შემდეგ ისინი ნიუ იორკში ჩავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გაძლეს და ავტობუსით მექსიკის გზას დაადგნენ. 1962 წელს მეორე შვილიც შეეძინათ, გონსალო. 1965 წელს კი მარკესი "მარტოობის ასი წლის" წერას შეუგდა. გაბო მუშაობდა, დანარჩენს კი მერსედესი უძღვებოდა. ბავშვების მოვლის გარდა, მას ბევრი სხვა პასუხისმგებლობაც დაეკისრა. სწორედ მერსედესი "დაჩალიჩობდა" ქაღალდის, ყავისა და სიგარეტის ფულზე. სხვათა შორის, მერსედესი "მარტოობის ას წელშიც" გაიელვებს, იგი ბუენდიას მეგობრის, გაბრიელის საცოლეა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მარკესის ორი ყველაზე უცნაური პერსონაჟი ქალის, რებეკასა და ცად გაფრენილი მშვენიერი რემედიოსის შესაქმნელად, შთაგონების წყარო სწორედ მერსედესი იყო. 18 თვის შემდეგ, მარკესს რომანის 13 ათასი გვერდი დაუგროვდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ოჯახს კაპიკი აღარ ჰქონდა გამომცემლისთვის ტექსტის გასაგზავნად, რომ აღარაფერი ვთქვათ ვალზე, რომელმაც 10 ათას დოლარს გადააჭარბა. აქაც მერსედესმა ივაჟკაცა, გაყიდა ფენი და უთო და სამი უზარმაზარი ბანდეროლის გასაგზავნი ფულიც ამით იშოვა. მერსედესზე კიდევ ერთ ამბავს ჰყვებიან. საქმე ისაა, რომ 80-იანების ბოლოს მარკესს თურმე აღარც ახსოვდა 1982 წელს შვეიცარიის ბანკში გახსნილი ანგარიში, სადაც მან ნობელის პრემიის თანხა შეინახა. ეს ამბავი ცოლმა მაშინ შეახსენა, როცა გაბომ კოლუმბიაში საკუთარი ჟურნალის, "კომბიოს" გამოცემა გადაწყვიტა. მერსედესი მთავარი პერსონაჟია მარკესის ცხოვრების რომანში. იგი ადევნებს თვალყურს ოჯახს. მარკესებს ხომ რამდენიმე სახლი აქვთ: სამი კოლუმბიაში, ერთიც ფიდელას ნაჩუქარი - კუბაზე, ჰავანაში, და ასევე მეხიკოში, პარიზსა და ბარსელონაში. მერსედესი უვლის ავადმყოფ მეუღლეს (მარკესს 1998 წელს ლიმფური ჯირკვლების კიბო აღმოაჩნდა და მას რამდენიმე ურთულესი ოპერაციის გადატანა მოუწია), თავად მაკონდოს შემოქმედი კი კარგ ამინდში 1992 წელს გამოშვებული Lancia Thema Turbo-თი დასეირნობს ხოლმე, რომლის საჭესაც დონ პეჩე უზის, წარსულში ცნობილი რეციდივისტი, დღეს კი მარკესის 6 კაციანი დაცვის უფროსი.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი