|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
eppur si muove
თებერვალი 21, 2012 ავტორი ნინო ლომიძეპირველი ინტერვიუა – სკაიპით ჩაწერილი. არ გამიმართლა – რესპოდენტი უხვსიტყვაობით არ გამოირჩევა. გამიმართლა – ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანია, ვის ხელოვნებასაც ვიცნობ. უფრო სწორად –რამდენიმე ნახატს. “ მინდა ჩემი ნახატები იყოს ბევრი, იმიტომ, რომ არის ცოტა“ – მეც. ... იგივეს მოინდომებთ , თუ ამ ნამუშევრებს ნახავთ. „არ მინდა კითხვარს დაემსგავსოს ინტერვიუ, ანკეტის შევსებას“ – არც მე. ამიტომ, თამაშს ვთავაზობ. დაუმთავრებელი წინადადება ჰქვია. მე ვიწყებ, ის – ამთავრებს:
თვითიდენტიფიკაცია : გურამ ნავროზაშვილი – აი, ის – იალქნიანი ნავი და დიდი, ნათელი სახელოსნო რომ უნდა. იალქნიან ნავს სხვენში ავაშენებ, პატარა, მყუდროკაიუტიანს, მერე კი ლაფეტით წავიღებ ზღვასთან. ხატვა დავიწყე – დიდი ხანია, სანამ სკოლაში წავიდოდი. ერთი რვეული მქონდა, დიდი ამბები ხდებოდა იქ. იყო წყალზე მომუშავე მანქანა, ნავთის ქურაზე მფრინავი რაკეტა. ჩემი ნამუშევრები შესრულებულია – ჟანრს ვერ განვსაზღვრავ, ვერ მივაკუთვნებ ვერც ერთს. სხვამ განსაზღვროს, მე გამიჭირდება. არანაირი ზედმეტი ძალისხმევა. უბრალოდ, სურვილი –ხატვის. მერე ვჯდები, და ვაკეთებ. მუშაობის ტემპი – გრაფიკი არ არსებობს. შეიძლება, ერთი კვირა ხელი არ მოვკიდო არაფერს, ან დღეში რამდენიმე საინტერესო რაღაც დავიწყო, შეიძლება ერთს დავუთმო დიდი დრო. წინასწარ არასდროს ვიცი... გარდა ხატვისა – ვასწავლი ხატვას ილიას უნივერსიტეტში. მეორე წელია უკვე. ხელოვნება არის – როცა ჩემს სამყაროს გიზიარებ, იმას განახებ, მე რასაც ვხედავ, ამბავს გიყვები, სათქმელს გეუბნები. კონტაქტია სამყაროსთან, მაყურებელთან, პუბლიკასთან. მთავარია, პოზა არ იყოს. დემონსტრაცია. ეგ ადვილად იშიფრება, ზედაპირზევეა! ერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, ეგაა, რომ – ღმერთი არსებობს... არ ვიცი როგორია, როგორ გამოიყურება, მე ხო არ მითქვამს მინახავს–თქო. უბრალოდ, ვიცი, რომ არის. კიდევ იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ როგორც მე მოვექცევი სხვას, სხვაც ისე მომექცევა, იმიტომ, რომ კანონზომიერია ეს. მეტი არაფერი. მიყვარს – ლუდი, მეგობრები, ხატვა, ცხოველები. ( აქ ცოტა ვიკამათეთ. ძაღლებზე და კატებზე. ბოლოს შევთანხდით – კატა თავისებურია, თავისნება, თუ არ უნდა არაფერს გაგიკეთებს ( და რატო უნდა გააკეთოს – მიკვირს) მაგრამ კარგია. ძაღლი – ერთგულია, კაი ტიპი. ყველამ იცის როგორია. უყვარხარ და ყველაფერს გააკეთებს პატრონის გულისთვის. მერე აქ ხაიამი მახსენდება, რობაია ვაჭრობასა და წყალობაზე. ამტკიცებს – აღებ–მიცემობა არაა, ნაღდი სიყვარულიაო. დარწმუნებულია, რო მეტი ესმის – დობერმანი ჰყავს, ნენი. აქ მე ჩემს კატას ვიხსენებ, ფოსოს და ... სანამ ინტერვიუ ჩამშლია – ვეშვები თემას...)
არ მიყვარს - ტყუილი, დაგვიანება. ქარი. ქარი არ მიყვარს, ცუდად მოქმედებს ჩემზე. მერე მუსიკაზე, წიგნებზე და ხელოვნებაზე ვსაუბრობთ. ბლუზი, კლასიკური როკი, რუსული როკი, ცოტა – კლასიკა ( კლასიკაა ბოლობოლო...) პელევინი, ო’ჰენრი, ხარმსი, ვაჟა, აკა, დოჩანაშვილი, ინანიშვილი, გალაკტიონი – რაც პირველი მომდის აზრად.
მშვენიერია – სრული ჰომეოსტაზი რესპოდენტთან. გემოვნებათა აბსოლუტური დამთხვევა.
და ბოლოს – ხელოვნება. მისი და ზოგადად. „ძნელია დღეს რამე საინტერესოს გაკეთება, თან პუბლიკაზეც რო გათვალო და თან შემოქმედებითი ღირებულიებაც რო ჰქონდეს – ისეთის. ესენი თუ შეთავსდება – კომერცია და შემოქმედება – კარგია. თუ არადა, მთავარი მაინც ისაა, რომ იმას აკეთებდე, რაც მოგწონს. შენ რაც მოგწონს, თვითონ. შინაგანი კომფორტი. მაინც ყველას სხვადასსხვანაირად ესმის ხელოვნება. აქ ახალ თამაშს ვთავაზობ. გამოცნობანას. თუ გამოვიცნობ – რა იგულისხმა. რისი თქმა უნდოდა ნახატით და ვიწყებთ: - ეს მეჩვიდმეტე საუკუნის ტვინგახურებული გენიოსი ინჟინერის ნახაზს ჰგავს. წყალქვეშა მოწყობილობისას. - არა, ლუდქვეშა თევზია... - ეს მომწონს ძალიან. გრაფიტის ჰგავს, სადმე, საინტერესო არქიტექტურის შენობის კედელზე... სახლია ნისლში - ეგ სახლი-ჩაქუჩია. უბრალოდ, სახლი, რომელიც ჩაქუჩს ჰგავს. ფონის გარეშე... - კადრს ჰგავს საშინელებათა ფილმიდან. სარდაფს. - უბრალოდ, მწვანე ოთახია, ძველი შპალერის ნაგლეჯზე დავხატე. ფაქტურა მომეწონა... - სტრუგაცკების რომელიღაც წიგნის ილუსტრაცია. კაცი ფანტასტიკურ, ირეალურ სამყაროში, სულაც – სხვა განზომილებაში... - ეგ ქარხანაა. რუსთავის რომელიღაც ქარხანაა მაგის პროტოტიპი. ეს კაცი დგას, ვიღაცას ელოდება. პაემანზეა... - ჰიუგოს ყოვლად საშინელი რომანიდან ჰგავს კადრს...ცოტა საზარელის შთაბეჭდილებას ტოვებს.. - eppur si muove. ის მაინც ბრუნავს.მეტს არაფერს ვიტყვი ამ ნახატზე. ვისაც ეკუთვნის, იმანაც კი არ იცის რას ნიშნავს. ტყუილად მთხოვ ავხსნა. ის მაინც ბრუნავს და მორჩა! ეს ბრუნვის ამბავი ვერაფრით მოვაყოლე, თუმცა კი ცდა არ დამიკლია. 6 სულ სხვადასხვანაირი ვერსიაც შევაკოწიწე, ინდუქციაც ჩავრთე, დედუქციაც – მაინც ვერაფერს გავხდი. მაგრამ, მგონი, ამითი არც ნამუშევარს დაჰკლებია რამე და არც პოსტს. რადგან მარტივ მამრავლებად დაშლა და სიზუსტე სულ სხვა, ჩემთვის შორეულ სფეროს უფრო შეშვენის, ვიდრე ხელოვნებას. აქ – ყველას თავისი სიმართლე და საზომი აქვს. ფაქტი კი არის ერთი – გურამ ნავროზაშვილი ნიჭიერი მხატვარია. და კარგი იქნება, თუ მისი ნახატები იქნება უფრო ბევრი... იმიტომ, რომ არის ცოტა. * ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი