დილის ერექცია

მარტი 6, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

თუ ღმერთი გწამთ, მორჩით ქვითინს პუტინის გაპრეზიდენტების  გამო. ხომ ისედაც იცოდით, რომ ეს გაყინული სკუმბრია არსადაც არ აპირებდა წასვლას? იქაურობას ასეთი ხალხი მოუვლის.

[video:http://www.youtube.com/watch?v=eqb3xIqrbc8]

ედუარდ ლიმონოვი

მოვდუნდეთ და სხვა რამეზე გადავიტანოთ ყურადღება: ედუარდ  ლიმონოვი მერამდენედ დაიჭირეს. ამასაც გაუძლებს ბებერი მელა და კიდევ ბევრს. ციხეში კიდევ უკეთეს წიგნებს წერს, ამიტომ ასე ადვილად ვერ მოინელებენ, კიდევ ბევრჯერ აანერვიულებს პატივცემულ საზოგადოებას, ბეჭედივით წამოიცვამს ანუსით, ყურსაც არ დაუგდებს კვნესას, ლანძღვას ან ხვეწნას. ჰეროიკული სიკვდილისკენაა მიდრეკილი, ასე ესმის ცხოვრების აზრი, არ უნდა ბებერი და დაჩაჩანაკებული საკუთარ მძღნერში დაიხრჩოს. თვითგანადგურებისკენ მიისწრაფვის, როგორც ღირსეული ავანგარდისტი. 22 თებერვალს დაბადების დღე ქონდა, 69 (?) წელი შეუსრულდა ალბათ. ამ რამდენიმე წლის წინ ფარული კამერით გადაუღეს, როგორ ტყნაურობდა ერთ „შეგზავნილ“ გოგოცუნასთან, ვითომ რეპუტაციას უფუჭებდნენ მოვკვდი სიცილით, ან წაკითხული არ ჰქონდათ ლიმონოვის წიგნები ამ ამბის დამგეგმავებს, ან არ ვიცი. მერე ეს გამოვიდა, დაჯდა კამერის წინ და ხითხითებდა, თქვე ჩემისებო, 60-ს გადაცილებული კაცი ასეთ კარგ ფორმაში ვარ, რას მერჩითო. ლიმონოვს სექსით უფუჭებდნენ სახელს, ვითომ. ბრიყვები.

                                                              . . .

საერთოდ აფხაზეთიდან ვარ, 7 წლის ვიყავი იქაურობა რომ დამატოვებინეს. რამდენიმე წლის წინ ლიმონოვის წიგნი წავიკითხე Убийство часового. მივხვდი, რომ მათ შორის ამ წიგნში გაჟღერებულ იდეებსაც დაესესხნენ კრემლის ბინადრები. ბევრ რამეში გამოადგათ და ბევრი რამ პირდაპირ გადაიწერეს. ამ წიგნიდან გავიგე, რომ ლიმონოვი თავის დროზე აფხაზეთში ჩავიდა და იარაღიც მოგვიშვირა, მამა ბესარიონ ფილიას ახსენებს და ნახევრად მწიფე მანდარინებზეც ნერწყვმორეული ყვება.  ლიმონოვის მინიმუმ 3 წიგნი უკვე წაკითხული მქონდა, მათ შორის შესანიშნავი Дневник неудачника და ბრწყინვალე Это я — Эдичка. უკვე მიყვარდა, სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა შემძულებოდა, ან არ შემძულებოდა, მაგრამ გავეცლებოდი. იმ ორმა წიგნმა გადაარჩინა. ასეთები ცოტანი არიან, ან სულაც გადაშენდნენ, ედიჩკა ერთერთი ბოლო დინოზავრია. ჩამოთვლის-ხოლმე იმათ, ვის საზოგადოებაშიც თავს მოიაზრებს: ჰენრი მილერი, ჟან ჟენე, იუკიო მისიმა... ხელოვნებამ უნდა შეცვალოს ცხოვრება - ეს არის ტექსტიდანული სტრატეგია, რომლის თანახმადაც ხელოვნებამ, როგორც ვირუსმა, როგორც სუბვერსიული ენერგიის მატარებელმა აფეთქებები უნდა მოაწყოს სოციო-კულტურული სივრცის მოწყვლად ან სულაც მყარ და „საიმედო“ ადგილებში. ლიმონოვის, ჟან ჟენეს ან მისიმას შემთხვევაში შეუძლებელია, ტექსტი განიხილო ავტორის ცხოვრებისეული გამოცდილების გარეშე. ცხოვრება და ტექსტი ბოლომდე არ ემთხვევიან ერთმანეთს, მაგრამ უკვე ძნელია იმის გარჩევა, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე...

                                                                     . . . 

თავის წიგნში Книга мертвых-2 ლიმონოვი ერთ თავს უძღვნის გენიალურ დ.ა.პრიგოვს (დაპ). ძირითადად ცდილობს დაამციროს. ძალიან გავბრაზდი, როცა წავიკითხე. როგორ ცდილობს დაამციროს... რა თქმა უნდა, პრიგოვს არაფერი აკლდება ამით. როგორც ჩანს, ეჭვიანი ედიჩკა ვერ ეგუება იმას, რომ პრიგოვი რუსული კულტურის ყველაზე ცხელ წერტილად რჩებოდა ალბათ, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში. ბოლოს ამბობს, ასეთ ფორმალისტურ ლექსებს მეც ვწერდი ახლგაზრდობაშიო კაი რა შჩმ. ერთადერთი პოეტი, რომელთანაც დიალოგის სურვილს გამოხატავს, ბროდსკია, ერთ წიგნში აქვს წარმოსახვითი საუბარიც კი გარდაცვლილ ბროდსკისთან. იმასაც კბენს, მაგრამ მოწიწება იგრძნობა რაღაცნაირად. ასეა, ცოცხალთა შორის მის ტოლად არავინ მიაჩნია.

                                                             . . .

ლიმონოვი-პოლიტიკოსის ფორმირება 90-ანებში მოხდა, როცა სამშობლოში დაბრუნებულმა და დასავლეთზე გულაცრუებულმა, კომპოზიტორ კურიოხინთან და ფილოსოფოს/პოეტ/მოფაშისტო/მშიშარა/გამოსირებულ დუგინთან ერთად ნაციონალ-ბოლშევიკური პარტია შექმნა. კურიოხინი გულის სარკომით მოკვდა, დუგინი ვიცით სადაცაა. ედიჩკას ნამდვილი დასაყრდენი ახალგზრდები არიან. რომლებიც ციხეში საჭმელს არ აკლებენ, ცოცხალ კედლად ეფარებიან გაჭირვებისას. თვითონაც გიჟდება ამ ახალგაზრდებზე, ეფერება, აქებს, პირში აძლევს... ბებერი ვამპირი... მისი არც ნაციონალისტობა დაიჯერება და არც ბოლშევიკობა, ნორმიდან გადახრა - ეს არის მისი ცხოვრების წესი. მან ეს წესი წესად დარგო.

                                                                       . . .  

2000-ანების შუაში მამა ძალიან ცუდად გახდა. დედა აღარ მუშაობდა, შემოსავალი თითქმის არ გვქონდა, მამას წამლები ჭირდებოდა. ჯოჯოხეთური პერიოდი იყო.  ბოლოს დედამ ფული ისესხა და  სამუშაოს საშოვნელად მოსკოვში წავიდა ნათესავებთან. იქ რამდენიმე თვის განმავლობაში წიგნის მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად და მაშინ ბლომად წიგნები გამომიგზავნა. ლიმონოვი ვთხოვე ერთხელაც. რატომღაც В плену у мертвецов შეარჩია. მამას კი ვმკურნალობდით გამოგზავნილი ფულით, მაგრამ, ის ცალი ფეხით უკვე სამარეში იყო. თითქმის მიცვალებული. ყოველ დილით შეშინებული ვიღვიძებდი და მის ოთახში გაუბედავად შევდიოდი, ვიცოდი, შეიძლებოდა მკვდარი დამხვედროდა ლოგინში. თვალსა და ხელს შუა ნადგურდებოდა. მთელი სხეულით ვგრძნობდი ამას. ის თითქმის მკვდარი იყო და თან მისი ავადმყოფობის ტყვეობაში გვამყოფებდა. და ასეთ დროს დედა მიგზავნის წიგნს, სათაურით В плену у мертвецов. ხომ გესმით...

მე მგონი ლიმონოვი  არაფერ შუაშია, ალბათ მამა მომენატრა...

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@