დიდი დიაპაზონი - თეონა კონტრიძე

ფოტო: ლევან ნუცუბიძე
ეროვნება: ქართველი

სახელი: თეონა

გვარი: კონტრიძე

ასაკი: 28 წლის

პროფესია: მომღერალი / საესტრადო ჯაზური ვოკალი

მესიჯი: სამურაი არ იღლება!

1994 წელს, მომღერალმა თეონა კონტრიძემ თბილისი დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

2005 წელი, აპრილი, შუაღამე. თბილისში რამდენიმე დღით ჩამოსული თეონა კონტრიძე ერთ-ერთ ღამის კლუბში ვიპოვე, - იქ შეკრებელი ახლობლებისთვის ოთხი სიმღერა უნდა შეესრულებინა. ჩვენ მყუდრო ოთახში განვცალკევდით და ინტერვიუ დაიწყო.

 

წასვლის მოტივი?

არ ვიცი რა მამოძრავებდა, ალბათ უფრო სიამაყე. აღიარების სურვილი იმდენად დიდი იყო, იმდენად აღემატებოდა აზროვნების უნარს და ადეკვატურობას, რომ წავედი. 1994 წელს "სლავიანსკი ბაზარის" ლაურეატი გავხდი, პირველი არასლავი შემსრულებელი, რომელიც ამ ფესტივალზე მოხვდა. საქართველოში დაბრუნებულს ყურადღება არავინ  მომაქცია, - არც პრესამ, არც ტელევიზიამ. კარიერის თვალსაზრისით, წინ ვერ წავედი. იმ დროს ვერ ვაანალიზებდი იმას, რომ საქართველოში წინსვლის შანსი არც არსებობდა.

 

სხვა სამყაროში მოხვდი. რა იყო მთავარი იარაღი, რაც სირთულეს გაძლევინებდა?

სიმართლე, პირდაპირობა. ახლა რომ ვაანალიზებ ჩემი ქმედების სტილს და მანერას, - ადამიანებთან ბარიერი არ მქონია, ანუ, ვერ ვგრძნობ გრადაციას პუტინსა და მათხოვარს შორის. მე ადამიანს ინფორმაციას ვაწვდი, პირდაპირ, იმერული მოვლის გარეშე. ეს მთავარია.

 

ვინ იყო ის ადამიანი, ვინც მთელი ამ ხნის მანძილზე გამხნევებდა, როგორც შემოქმედს?

ჩემი ალტერ ეგო. სამწუხაროდ, არასოდეს მყოლია ავტორიტეტი. ხანდახან მინდოდა, ვინმესთვის რჩევა გამეზიარებინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიზისი მქონდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ალტერ ეგო იყო ასეთი.

 

"მეტრო" - რა იყო შენთვის დასაწყისში  და რა არის ის დღეს?

დასაწყისში იყო ექსპერიმენტი, რომელიც შემდგომში სარკედ იქცა. ჩავიხედე და დავინახე ის რეალობა, რაც ჩემთვის ბნელი ოთახი იყო. "მეტრო" სკოლების სკოლა, მაგისტრატურა იყო... დღეს ეს განვლილი ეტაპია.

 

როგორ იწყება დღე?

მადლობა მზეს, იმიტომ, რომ ჩემი აკუმულატორი მზით იტენება, სხვათა შორის, სამ წელიწადნახევარი, ფაქტობრივად, ისე გავატარე, რომ ამ მზეს ვერ ვხედავდი. ერთ დილას სარკეში ჩავიხედე: თვალები ამოშავებული მქონდა. მივხვდი, რომ არასწორად ვცხოვრობ. მზესთან ურთიერთობა დაბალანსებული თუ არ მაქვს, არაფერი გამომდის. დილა ჩემთვის მზეა.

 

გიგანტური შთაბეჭდილება:

როდესაც მივხვდი, რომ ხმა, ანუ დიაპაზონი მხოლოდ ენაა: ანუ, რაც  ქართველისთვის არის ქართული, რუსისთვის -  რუსული. მნიშვნელოვანია ის, თუ რა ენერგიას გაწვდის ადამიანი, რა დამოკიდებულება აქვს და რამდენად გაიხსნა, - ქარიზმა, - ვიდრე ის, თუ როგორია, როგორ აცვია, რა სუნი აქვს. თუმცა ეს ყველაფერი შემსრულებლის შემადგენელი ნაწილებია.

 

მთავარი მუხტი?

ზამთარი, რომელიც გრძელდება ცხრა თვე. დიდ დროს ატარებ დისკომფორტში. თან, ეს შენთვის ბუნებრივი არ არის. ბუნებასთან კონფლიქტი იმდენად გხსნის, რომ საბოლოოდ, ეს დიდი სტიმულია. ამიტომ მე არ მაქვს თბილ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი. მე ყურადღებით ვარ საკუთარი თავის მიმართ, ვიცი რა მჭირდება და რა მაძლევს სტიმულს. ვარ კონცენტრირებული, და ის საშუალებები, რაც კაცობრიობამ თავის გასართობად მოიგონა. იმ დროსაც კონცენტრირებული ვიყავი, როდესაც რაღაც-რაღაცეებს ვხმარობდი.[pagebreak]

კომპონენტები იმისთვის, რომ შეგიყვარდეს?...

პირველ რიგში, სქესი აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს, რადგან სექსუალურ ორიენტაციაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. მეორე კომპონენტი: უნდა ჰქონდეს ნიჭი; არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - რისი. მთავარია, მოწოდებას გრძნობდეს. მესამე: არ უნდა იყოს ჩემი ბექგრაუნდი. ჩემი სამყაროს წევრი კი არ უნდა იყოს, არამედ თავისი სამყარო უნდა ჰქონდეს, რომელიც ჩემთან პარალელურ ქმედებაში იქნება. სიყვარული არის სამი კომპონენტი: სექსი, მეგობრობა და ღმერთი.

 

იპოვე ეგეთი?

მგონი კი. მაგრამ ძალიან რთულია ორი სამყაროს გაერთიანება.

 

რამდენად ხშირად ვარდები უტოპიურ სიტუაციაში და როგორ პოულობ გამოსავალს?

როდესაც არ შეგიძლია შეცვალო სიტუაცია, მაშინ სიტუაციასთან მიდგომის ფორმა უნდა შეცვალო.

 

ყველაზე დიდი სიხარული შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაში, რაც ამ წუთას გახსენდება.

როდესაც ჩემს პროდუქციას იმ ფასად ვყიდი, რაც ნავარაუდევი მაქვს, ანუ ფული ჩემთვის აქტუალურობის ეკვივალენტია. პირად ცხოვრებაში სიხარული?  -  ერთად ყოფნა.

 

საყვარელი ადგილი მოსკოვში?

ჩემს თეატრთან, მოპირდაპირე მხარეს არის ბულვარი - კამერგერსკი ბულვარ, სადაც ჩეხოვის მუხტია.

 

თბილისში?

კონკადან "არ დაიდარდოსთან" რომ აუხვევ... თბილისში საყვარელი ადგილი ბევრი მაქვს. ჩემთვის ამ ქალაქში სრულყოფილი არქიტექტურაა... იმდენად სევდიანია... სენტიმენტი ჩემთვის საყვარელი ემოციაა და ვერანაირ ნეგატივს ვერ ვხედავ ამაში. მხიარულებაც სევდაში მაქვს გატარებული. ვხვდები, რატომ დაიბადა მაინცდამაინც თბილისში ფარაჯანოვი, ფიროსმანი, - ვგრძნობ.

 

როგორ მოგიხსენიებენ მოსკოვში?

თეონა კონტრიძე - fashion. ამ დროს, ჩემზე არამოდური ადამიანი იშვიათად შემხვედრია. არასოდეს არ მივყვები მოდას, სულ უკან ვარ. თან, გააზრებულად და კონცეპტუალურად, არა შემთხვევით. მირჩევნია ვიყო სტილი, ვიდრე მოდა. მე ინტერპრეტატორი უფრო ვარ, ვიდრე ნოვატორი. ვიღებ ძველს და ვეძებ ფორმას, თუ როგორ შეიძლება ეს თანამედროვეობას მოვარგო...

 

ყველაზე შთამბეჭდავი კომპლიმენტი?

აი, ცოტა ხნის წინ, გრიშა კონსტანტინოპოლსკიმ, შესანიშნავმა რეჟისორმა, მითხრა: მე აღფრთოვანებული ვარ... შენში დავინახე რაღაც -  ჩარლი ჩაპლინის და მერლინ მენსონის.

 

ჩამოდიხარ ცოტა ხნით და ისევ მიდიხარ, აქ რას ტოვებ?

სამწუხაროდ, ვტოვებ დედას, ბავშვობას, მოგონებებს, მუდმივად არეულ ქალაქს და ყოველ ჯერზე, იმედი მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, ჯერჯერობით ორსული მეგობრების გარდა, კარგი ვერაფერი ვიხილე. საბედნიეროდ, ყოველთვის მაქვს ჩამოსასვლელი.

 

 

რამდენიმე საათში მიფრინავ. მესიჯი მათთვის, ვისაც აქ ტოვებ:

სამურაი არ იღლება!

 

ნახევრად შევსებულ კლუბში აპლოდისმენტების თანხლებით ისმოდა ვოკალი.

თეონა: ვიცი რატომაც, სწორი გზა ავირჩიე. მსმენელს არჩევანის საშუალება არ მივეცი... მუხტია მთავარი.

@