დევნილები და ახალი სამოქმედო გეგმა

დევნილები
დევნილები

საქართველოს ხელისუფლებამ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია 2007 წლის 2 თებერვალს მიიღო. მის შექმნაში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ფართო სპექტრი იყო ჩართული, მათ შორს _ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, ლტოლვითა დანიის საბჭო და ა.შ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა დევნილთა ახალი ტალღა, რამაც, ცხადია, ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს ხელსუფლება. როგორია დღეს სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რა პრობლემებია უპირველესად გადასაჭრელი და რა არის დაგეგმილი _ ამ თემებზე ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში გამართულ დისკუსიაზე ვისაუბრეთ.

დისკუსიაში მონაწილეობენ: ვალერი კოპალეიშვილი (საქართველოს ლტოლვლთა და განსახლების სამინისტრო), ქეთევან ქამაშიძე (გაერო-ს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატი) ლიანა ბერია ("თანხმობა„ ) და ნათია მოსაშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია)

მოდერატორები: ეთერ ყამარაული, პაატა საბელაშვილი

პაატა საბელაშვილი: რას მოიცავს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ?

ვალერი კოპალეიშვილი: სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანი სახელმწიფო სტრატეგიის იპლემენტაცია იყო, 2008 წლის ივნისში, ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დაწყებამდე მივიღეთ. გეგმის ფარგლბში უნდა მომხდარიყო დევნილთა დაბრუნების ხელშეწყობა, მათთვის ღირსეული პირობების შექმნა, რაც განსახლების გრძელვადიან გადაწყვეტას, სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და დევნილთა ინფორმირებას გულისხმობდა. ცხადია, აგვისტოს ომმა სრულიად გაუთვალისწინებელი სირთულეების წინაშე დააყენა ქვეყანა. მაგრამ ამ ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას მალევე, სამ თვეში პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის პროგრამა შევთავაზეთ. 2008 წლის დეკემბრიდან უკვე დაიწყო ჩასახლებები. 2009 წლის იანვრიდან კი ისევ დაუბრუნდით სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც, უნდა გადაგვეჭრა შემდეგი პრობლემები: განსახლება, რომლის მიზანი დევნილებისთვის საკუთრების გადაცემაა, ორი სცენარით ხორციელდება. პირველი _ კომპაქტური ჩასახლების ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს დაუკანონდათ დაკავებული ფართები და მეორე _ მათთვის, ვისაც საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, სახელწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი ფართობის მოძიება, მათი რეაბილიტაცია ხდება. ასევე იგეგმება ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ეს პროცესი 2009 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარებულები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებლით.

სულ ახლახან, 2010 წლის მაისში სამოქმედო გეგმა კიდევ ერთხელ განახლდა. გეგმაზე სამეთვალყურეო საბჭო მუშაობს, და წარმოდგენილია სახელმწიფო უწყებები _ რეგიონული განვითარების სამინისტრო , ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი , ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონიმიკის სამინისტრო; ასევე _ დონორი ორგანიზაციები, ამერიკის და შვეიცარიის განვითარების სააგენტოები და სხვ.

ცხადია, სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გეგმა ითვალისწინებს არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპაქტური ჩასახლების ცენტრების შენობების დაკანონებას, არამედ _ კერძო საკუთრებაში არსებული ნაგებობების დევნილებისთვის გადაცემასაც. სახელმწიფო დევნილს სწორედ საცხოვრებელს სთავაზობს და არა თანხას, კომპენსაციის სახით, რადგან ჩვენი მიზანია დევნილთა ინტეგრაცია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ისინი საკუთრებაში ფლობდნენ საცხოვრებელს.

პაატა საბელაშვილი: ვინ იყო ჩართული სტრატეგიის შემუშავებაში?

ქეთევან ქამაშიძე: დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია პირველი პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც სახელმწიფომ დევნილთა პრობლემების გადასჭრელად შეიმუშავა. გაერო-ს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატი სამოქმედო გეგმის შექმნის პროცესში სხვა ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული. სამოქმედო გეგმამ დააკონკრეტა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გადატარდეს დევნილთა საკითხების გადასაწყვეტად. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტს დროდადრო სჭირდება განახლება, რადგან დროის გასვლის შემდეგ ახალი საჭიროებები იჩენს თავს.

სახელმწიფომ საერთაშორისო დონორთა დახმარებით განახორციელა მრავალი ღონისძიება, მაგრამ დღეს, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი რამ მომავალში სწორედ სახელწიფო ბიუჯეტმა დააფინანსოს, რადგან სავარაუდოდ, დონორთა ჩართულობა ისეთი დიდი აღარ იქნება, როგორც ომის შემდგომ ადრეულ ეტაპზე.

ვალერი კოპალეიშვილი: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და იმ შენობების რეაბილიტაცია, რომელიც მათ გადაეცემათ საკუთრებაში, სწორედ სახელმწიფო თანხებით ხორციელდება. 500 ობიექტი, რომელთან ნაწილიც გარემონტდა, უკვე გადაეცათ დევნილებს, ეს საკმაოდ დიდი რესურსია. გარდა ამისა, სახელმწიფო უარს ამბობს უძრავი ქონების გაყიდვაზე, და მათ დევნილებს გადასცემს. შემობების გამოსყიდვა კერძო მესაკუთრეებისგან არასოდეს მომხდარა დონორთა თანხებით, ამას სახელმწიფო აკეთებს. ლიანა ბერია ( არასამთავრობო ორგანიზაცია "თანხმობა„): სტრატეგიის შემქნაში დიდი როლი შეიტანა დევნილთა საზოგადოებამ და საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდა. სახელმწიფო სტატეგია და სამოქმედო გეგმა დევნილების აძლევს შესაძლებლობას, საკუათარი პრობლემების მოგვარების გზები დაინახონ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოცხალი დოკუმენტია და საჭიროებების მიხედვით შეიძლება შეიცვლოს.

ნათია მოსაშვილი (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია): სამოქმედო გეგმა იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება დევნილების პრობლემების გადაჭრაზე ყველა დაინტერესებულმა მხარემ ერთად იმუშაოს. ჩვენ ბენეფიციარებთან ვმუშაობთ, გვყავს სამიზნე ჯგუფები, ხშირად ვხვდებით მათ და გვაქვს საშუალება, მათი პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ და მერე ისინი სახელმწიფო უწყებებს წარვუდგინოთ. პროცესი თანდათან უფრო ცოცხალი ხდება. სამეთვალყურეო საბჭოს ფარგლებში შექმნილია ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ საკითხებზე. პროექტში შვიდი პარტნიორი ორგანიზაცია გვყავს და გარკვეულ პასუხისმგებლობას ყველანი ვინაწილებთ. მიუხედავად ამდენწლიანი მუშაობისა, ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი.

პაატა საბელაშვილი: მზად არიან თუ არა მუნიციპალიტეტები, თავის თავზე აიღონ შენობების რეაბილიტაცია?

ვალერი კოპალეიშვილი : დევნილებმა სულ ცოტა ხნის წინ დაიკანონეს ბინები, მათი დამოკიდებულება შეიცვალა, დაინახეს პერსპექტივა და უკვე დაწყეს ორგანიზება საერთო პრობლემების მოსაგვარებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტები ერთმანეთისგან განსხვავდება. ცხადია, თბილისის მუნიციპალიტეტი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე _ რომელიმე პატარა სოფლის მცირე საკრებულო. ამიტომ, სახელმწიფოს ჩართულობაც სხვადასხვანაირია. რეგიონებში ყველა ობიექტს, რომელიც დევნილებს გადავეცით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა რემონტების ჩათვლით. ჯერჯერობით სახელმწიფო მაინც ბევრ რამეს აკეთებს ცენტრალიზებულად, იქნება ეს გამრიცხველიანება თუ შენობების გამაგრება.

პაატა საბელაშვილი: დევნილებისათვის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფონდის კოლექტიური მართვის რა გამოცდილება არსებობს მეზობელ სახელმწიფოებში?

ლიანა ბერაია: ამხანაგობების თემა სომხეთში განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული. ჩვენთანაც შეიქმნა ამხანაგობების შესახებ კანონი და თბილისში უკვე კარგი პრაქტიკა აქვთ ამხანაგობებს. ზოგ კორპუსში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ამხანგობები უკვე შეიქმნა და მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით ხდება რაღაც პრობლემის გადაჭრა. ამხანაგობამ რომ იმუშაოს, ამისთვის საჭიროა გარკვეული სასტარტო პირობები, შენობა უნდა შეკეთდეს, მოხდეს გამრიცხველიანება, მოგვარდეს კანალიზაცია. ჯერჯერობით რეგონებში ამ მხრივ საქმე არ დაძრულა.

პაატა საბელაშვილი: როგორ არეგულრებს სტრატეგია სოციალურ საკითხებს, მაგალითად, განათლებასთან, ჯანდაცვასთან, სოციალურ პროგრამებში ჩართვასთან დაკავშირებით?

ვალერი კოპალეიშვილი: სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიზანია დევნილთა ინტეგრაცია, რაც, ცხადია, მარტო განსახლებას არ გულისხმობს, მაგრამ ხშირად განსახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა მათი ინტეგრაციისთვის.

ლიანა ბერია :სტრატეგიაში ეს საკითხები გაწერილი არ არის, თუმცა, ეკონომიკურ ბლოკში საუბარია დასაქმების პროექტებზე, რაიმე ხელობის შესწავლაზე, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე პროექტი, რაც დევნილთა დასაქმებას მოაგვარებდა.

ქეთევან ქამაშიძე: გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა დევნილებს ესაჭიროებატ ინტეგრაცია. მათ უნდა ჰქონდეთ შემოსავალი და შეეძლოთ ოჯახების რჩენა. განსახლების პროგრამის დამთავრების შემდეგ მათ განათლებისა და რაიმე ხელობის შესწავლის პროგრამები უნდა შევთავაზოთ. უპირველესად უნდა მოხდეს სხვადასხვა ჯგუფის განსაზღვრა და მათი საჭიროებების მიხედვით პროგრამების შთავაზება. სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის სპეციალური პროგრამები, მაგალითად: მარტოხელა დედებისათვის და სხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პოზიტიური ნაბიჯია.

პაატა საბელაშვილი: რა ახალი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დადექით სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში და როგორ მოძებნეთ მოგვარების გზები?

ვალერი კოპალეიშვილი: სამინისტროს მუდმივად აქვს ურთიერთობა დევნილებთან. სულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 1600 ობიექტი გვაქვს, მათ შემოვლას დიდი დრო და ენერგია სჭირდება. სამინისტროს თანამშრომლები და მინისტრიც მუდმივად დავდივართ დევნილებთან, რადგან მათთან ურთიერთობაში პრობლემები უკეთ ჩანს და შემდეგ უკეთ ხერხდება მათი მოგვარება. სამოქმედო გეგმა განახლებადია, მაგრამ ყველაფერი ზუსტად გაწერილი ვერც ამ გეგმაში იქნება. ამისთვის არსებობს სხვადასხვა ტიპის დოკუმეტები, სადაც უფრო დეტალურად არის აღწერილი პრობლემები, ეს შიდა მოხმარების დოკუმენტებია პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან საურთიერთოდ.

ლიანა ბერია: თავიდან ინფორმაციის ნაკლებობამ დევნილებში გარკვეული უნდობლობა გააჩინა. მათ არ იცოდნენ, პრიტავიზაცია კარგი იყო თუ არა, ეშინოდათ. იყო პრობლემები, როცა საოჯახო ნომრების მიხედვით გაიცემოდა კომპენსაცია და არა ფაქტობრივად _ მაცხოვრებლების მიხედვით. თუმცა, მოგვიანებით შეიქმნა კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს და გამოსავალი იძებნება. შენობები, რომლებიც დევნილებს დაუკანონდათ, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა და დევნილებმა უკვე იციან, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ და არა _ დევნილთა და განსახლების სამინისტროს.

პაატა საბელაშვილი: რა კეთდება დევნილების ინფორმირებისთვის და როგორ აშუქებს მედია დევნილებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს?

ქეთევან ქამაშიძე: სამეთვალყურეო საბჭოსთან შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც დევნილთა ინფორმირებაზე მუშაობენ. გამოიცა და დევნილებს დაურიგდათ ბროშურები, სადაც დეტალურადაა განხილული პრივატიზაცის საკითხები, რათა დევნილებს ჰქონდეთ ნათელი ინფორმაცია, თუ რას სთავაზობს მათ სახელმწიფო.

ვალერი კოპალეიშვილი: ბროშურების შარშანდელ გამოცემებს წელს ვანახლებთ და დევნილებს ვაწვდით. გარდა ამისა, მათთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ინტრუმენტია პირადი შეხვედრები. ორი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა სამინისტროში _ შეიქმნა დევნილთა მისაღები და ამუშავდა ცხელი ხაზი, რომლის ოპერატორები აღჭურვილები არიან უახლესი ტექნიკით, შექმნილია სპეციალური პროგრამები, სადაც დევნილების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. ამან ნამდვილად გააუმჯობესა მათთან კომუნიკაცია. მას მერე, რაც ცხელი ხაზი ეფექტურად ამუშავდა, ხალხის ჩოჩქოლი სამინისტროსთან არ მინახავს. აღსანიშნავია, რომ რეგიონებსაც იგივე წვდომა აქვთ ამ სისტემასთან და მომსახურების ხარისხი იქაც ეტაპობრივად გაიზრდება.

მართლაც, დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ მასმედია დევნილების თემებით დავაინტერესოთ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში უამრავი რამ გაკეთდა, რაც მედიას არ გაუშუქებია. ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ. ახლა იგეგმება ჟურნალისტების ტრენინგი, სადაც მათ უკეთ გავაცნობთ სამოქმედო გეგმას და იმ საკითხებს, რაც დევნილებისთვის მნიშვნელოვანია. უნდა გაიზარდოს ჟურნალისტების ინფორმირების დონე, რათა მათ ადეკვატურად შეძლონ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.