დეკადანსი

4
2000 - 2010

"ნუ ვილაპარაკებთ მათზე. მხოლოდ შეხედე და გაიარე"

( დანტე. ჯოჯოხეთი)

როგორც ცნობილია, ქართველები ზედმეტად პოლიტიზირებულები ვართ. ოღონდ სიტყვა "პოლიტიკის" კლასიკური გაგებით, არც ისე ადვილი გამოსაცნობია, თუ რას ვგულისხმობთ მის ქართულ ინტერპრეტაციაში.

ყოველ შემთხვევაში, საქართველოში დღემდე ელემენტარული, პოლიტიკური მარცხენა და მარჯვენა ფლანგიც კი არ ჩამოყალიბდა: პარტიებს, მმართველის ჩათვლით, საკუთარი იდეოლოგია დღემდე არ გააჩნიათ. თუმცა, მათ სამუშაო ოთახებში ხატების რაოდენობითა და სამშოლოს ხსენებაზე მათი ვიაგრასეული რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ყველანი პირწავარდნილი ულტრამემარჯვენეები არიან. ლეიბორისტებიც კი, რომლებსაც, პრინციპში, ყველაზე მეტად აქვთ ჩამოყალიბებული პარტიული სახე: წმინდა წყლის ევროპელი მაოისტების, ტროცკისტების, ათასგვარი ანტიიმპერიალისტების... მოკლედ, ულტრამემარცხენეების. მაგრამ ისინიც კი, ხანდახან ისეთ მარჯვენა ექსტრემში ვარდებიან, რომ, მათთან შედარებით, ფრანგული "ნაციონალური ფრონტი" საბავშვო ბაღად გამოიყურება.

ნაციონალური მოძრაობა უკვე თავისი დასახელებით ულტრამემარჯვენის ასოსიაციას იწვევს, თუმცა ამ ბოლო დროს საქართველოში ფეისბუკზე ცოტა ადრე მოდაში შემოსულმა ლიბერალიზმმა, უიდეოლოგიო მმართველ პარტიას სულზე მოუსწრო და დღეს მისი იდეოლოგები დაუღალავად ქადაგებენ ნაციონალისტურ-ლიბერალისტულ იდეებს: ანუ ნაციონალისტურს - ქართული, ლიბერალურს კი დასავლური ტრიბუნიდან.

ამ უცნაურმა პოლიტიკურმა ვირუსმა ქართველი ერის ისედაც დაღლილი და გაზანტებული გონებრივი და სულიერი განვითარება ჯერ დაამუხრუჭა, შემდეგ უკუსვლით წაიყვანა და დღეს ის, ჩემი აზრით, უფრო მეტ სიბნელეში აღმოჩნდა, ვიდრე ამ გზის დასაწყისში - 20 წლის წინ: დღევანდელი საქართველოს ცივილიზებულობის ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე გურამ პეტრიაშვილის აპოკალიპტური მისტერიების ეპოქაში, რადგან დღეს ასეთ, და კიდევ უარეს, სისულელეებს ყოველ ნაბიჯზე ლაპარაკობენ, ოღონდ მაშინდელისაგან განსხვავებით, ამას აღარავინ აპროტესტებს.

პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა. ეს ბავშვმაც იცის. კონფორმიზმი კი ქართული ურთიერთობების ტრადიციული ეროვნული ხელოვნება, ქართული საზოგადოების სწორედ ის თვისებაა, რომელიც რამდენიც გნებავთ, თავზე საყრელად გვქონდა ყოველთვის.

კონფორმიზმი ჩვენი ეროვნული დიპლომატიის კლასიკაა. და ვინც ამას ვერ მიხვდა, ისევე დაისაჯა, როგორც საბრალო, გულუბრყვილო სულხან-საბა და მოგვიანებით ილია.

საქართველოს ისტორიის ყველა ფურცელი სავსეა სამარცხვინო კონფორმიზმით, ისევე - როგორც ყველა სხვა პატარა ერისა. ეს ბუნებრივი და პოლიტიკური სელექციის ლოგიკაა. კონფორმიზმი ეშმაკობასთან, ეშმაკობა კი ჭკუასთან არის გაიგივებული. სისხლიან შუა საუკუნეებს მხოლოდ ის პატარა ერები გადაურჩნენ, ვისაც ასეთი ვირეშმაკული "ჭკუა" ეყო. მათ შორის, მადლობა ღმერთს, ჩვენც აღმოვჩნდით.

2000-2010 წლები ერთ-ერთი ყველაზე არაშემოქმედებითი ხანაა საქართველოს ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში - გასული საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, 80-იანებთან და 90-იანებთან შედარებითაც კი. ციფრების კაბალის არასოდეს მჯეროდა, მაგრამ რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ამ ათწლეულის თაობას სამი ნული, და ლოგიკური სახელწოდება: ნოლიანთა, 00 თაობა. ან ეპოქალურ ტერმინს მოვიშველიებ - "თაობა Ground Zero".

დღეს მეამბოხეობა ექსკლუზიურად პოლიტიკურ ტერმინად იქცა. 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" წარმატებამ თავისუფლების იდეის აბსოლუტური უნიფორმიზაცია მოახდინა. მას შემდეგ საქართველოში ნებისმიერი საპროტესტო გამოვლინება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიზირებული და ჩინელი მაოისტებივით უგემოვნოდ თეატრალიზებულია: ვარდები, თეთრი ყელსახვევები, წითელი, თეთრი, ლურჯი მაისურები, კარვები, საკნები...

2003-ში საქართველოში თავისუფლება დამყარდა! როდესაც პირველად შევიტყე თავისუფლების ინსტიტუტის შესახებ, ყურადღება არ მიმიქცევია. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს რაღაც უფრო სერიოზული იყო - რაიკომის მდივნების სამჭედლო ძველი კომკავშირის ცეკასავით. ასეთმა ინსტიტუტებმა თავის დროზე თავისუფლების დიქტატურა ერთხელ უკვე დაამყარეს.

ღმერთო ჩემო! როგორ შეიძლება თავისუფალი იყოს ის, რაც ინსტიტუტია! როგორ შეიძლება თავისუფლების მონოპოლისტი სპეციალისტები მართლაც არსებობდნენ და თანაც თავს ასე სერიოზულად აღიქვამდნენ... როგორ შეიძლება ყველა არსებული და დავიწყებული რელიგია თავისუფლების ძებნაში იტანჯებოდეს, ჯვარზე აკრავდეს, წვავდეს, წყევლიდეს, ლოცულობდეს... საქართველოში კი მთელი "სექტა" გვყავდეს, რომელმაც ასე უცებ, პოლიტიკური მეცნიერების მსუბუქი შესწავლით იპოვა თავისუფლების გასაღები, აღმართა თავისუფლების შუქურა...

პრინციპში, მათი არსებობა სავსებით გასაგები და მისასალმებელი იქნებოდა ჩემთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება-განვითარებაზე რომ მუშაობდნენ, და ამ პრეტენზიული სახელის გასამართლებლად ლიბერალიზმის პარტიულ-იდეოლოგიური ჩვეულებრივი პროპაგანდა რელიგიის რანგში არ ჰქონდეთ აყვანილი. მათგან ვირუსივით გავრცელებული ამ პოლიტიკური იდეოლოგიით რომ არ ცდილობდეს დღეს მთელი საქართველოს ინტელექტუალთა და ხელოვანთა "ავანგარდის" თითქმის სრული შემადგენლობა ადამიანის დანიშნულების, ბედნიერების, უბედურების, მოკლედ, ჭეშმარიტების გასაღების პოვნას.

თავისუფლების სპეციალისტებისაგან, რა თქმა უნდა, მეტს ველოდები, ვიდრე ჩვეულებრივ პარტიულ თუ მოდურ იდეოლოგიურ პროპაგანდას. თუმცა არც მინისტრთა კაბინეტის მიერ დანერგილ გამოფენების მსგავს რაღაც თავისუფლების მასტერკლასს, ან ლიბერტალიანულ ორგიას არ ვითხოვ პარლამენტის ტანჯული შენობის წინ.

დასაწყისისათვის მხოლოდ პასუხი დამაკმაყოფილებდა ერთ მარტივ კითხვაზე:  როგორ ახსნიან, რომ მათი ლიბერალური იდეოლოგის ოფიციალური და ტრიუმფალური ბატონობის 2000-2010 წლებში საქართველოში თავისუფლების იდეა უფრო და უფრო დისკრედიტირებული გახდა, მათი წრე კი უფრო და უფრო "მასონური"?

რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ მსურს თავისუფლების ინსტიტუტის დიაბოლიზაცია, მით უმეტეს, მათი პერსონიფიკაცია. მე მხოლოდ მეჩვენება, რომ თავისუფლების იდეის მონოპოლირება და უნიფორმირება უგნური და დამღუპველი ნაბიჯია.

წესით, ჩვენ, ექსსაბჭოთებს, ეს კარგად უნდა გვესმოდეს: ისევე, როგორც წითელ წარსულში, დღესაც დასავლურ იდეას რაღაც უტოპიური ლიბერალური, ხოლო მის ალტერნატივას რელიგიური იპოკრიზმი წარმოადგენს.

ხელოვანებისთვის დამახასიათებელი აზროვნების ექსტრავაგანტურობა - პოლიტიკური ტერმინოლოგიის ცუდი სუნით არის აყროლებული და, რაც ყველაზე საგანგაშოა, ახალი თაობები დღითი დღე, უფრო და უფრო ადრეულ ასაკში ბერდებიან, და თვლიან, რომ ცხოვრება "რუსული რულეტია", და შეცდომას არ გპატიობს!

ახალგაზრდების უნიფორმიზაციის მცდელობა, პატრიოტული ბანაკები, სკოლებში დროშის აღმართვა, გულზე ხელდადებული ბავშვების მიერ ჰიმნის გაუთავებელი მღერა - აშკარად ოვერდოზაა არაჯანსაღი პატრიოტიზმის, რომელიც კლემანსოს პერიფრაზირებით, საქართველოში ათასი გარეწრის უკანასკნელი თავშესაფარი გახდა.

ყველაფერი მოჭარბებული ინფლაციასა და ლპობას იწვევს. საქართველოში ახალგაზრდების დიდ ნაწილს ჯარისკაცებად ზრდიან და არა თავისუფალ ადამიანებად! დარჩენილი ნაწილი კი საკუთარი მამების აღტაცებული სახით შესრულებულ "მიშა მაგარიას" უსმენს, და ნელ-ნელა თვითონაც "სვინგავს" ამ ჩვენი დროის "ბლატნოი" ჰიტზე.

ახალგაზრდათა ეს კატეგორია ხან დაუჩოქებს, ხან უმღერებს პრეზიდენტებს, ხანაც მათ ჩამოსაგდებად იმ თავს გაწირავს, რომელიც არა აქვს...

ყოველთვის მინდოდა ასეთებისათვის მეკითხა: მიშა შეიძლება მართლაც მაგარია, მაგრამ თქვენ? თქვენ ვინ ხართ, მლიქვნელობის ასეთ ტკბილ ჭაობში ორცხობილასავით ჩამბალნი, სად მოასწარით ასე გარყვნა ასეთ ადრეულ ასაკში?

თუ ყოველივე ამას გაუთავებელი პირჯვრის წერას და თითქმის რელიგიურ ფუნდამენტალიზმს - ეკლესიის მხრიდან თავისუფლების არნახულ დისკრიმინაციას დავუმატებთ, სრული პასუხისმგებლობით შევძლებ განვაცხადო, რომ თანამედროვე ქართულ აღზრდას თავისუფლებასთან არავითარი საერთო არ აქვს, და ამაში ერთნაირად იღებს მონაწილეობას ხელისუფლებაც, ოჯახიც, ეკლესიაც და მისი თითქოსდა ალტერნატიული, პროდასავლური ლიბერალური მხარეც.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.