view counter
დავძლიეთ საბჭოთა მენტალიტეტი?
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 1 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 22 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 34 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

იანვარი 26, 2012 ავტორი ნინო ბექიშვილი

ბანერი

საქართველოში ადამიანები, რომელთაც, ჩემი ფიქრით, ჭკუა მოეკითხებათ, ტელევიზორს, უკვე კარგა ხანია, არ სწყალობენ. ისინიც კი, ვინც თვლის, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ერთადერთი ძალაა, რომელსაც საქართველოს გადარჩენა შეუძლია. შეიძლება, ზოგიერთი მათგანი ჩუმ-ჩუმად უყურებს კიდეც, მაგრამ აღიარება რცხვენიათ. ბუნებრივია, მათი მესმის. „რუსთავი2-ის“ და „იმედისა“ საინფორმაციოების ყურება, თუკი საღი აზრი შეგრჩენია, მართლა შეგილახავს თავმოყვარეობას.

რამდენიმე წლის წინ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ამბობდნენ ხოლმე, რომ ტელევიზიების ასეთი დაბალი დონე მხოლოდ პროფესიონალიზმის ნაკლებობის ბრალი იყო. მაგრამ, რაც დრო გადის, ხელისუფლების ზეგავლენის უარყოფა მათაც უჭირთ და ამ „საბჭოური“ ტელევიზიების არსებობას გამოუვალი მდგომარეობით ხსნიან - ოპოზიცია რუსეთის, კრემლის, პუტინის აგენტებითაა სავსე და მედიამ რეალობა რომ ასახოს, მოსახლეობა, რომელსაც სავარაუდოდ,  ისევ საბჭოთა კავშირი ენატრება, მაშინვე იმათ, მტრებს და აგენტებს დაუჭერს მხარს.  შედეგად კი ამდენი წლის ნაწვალები აღმშენებლობა სულ წყალში გადაიყრება, კანონიერი ქურდებით გაივსება ქალაქები და .... სცენარი „მოდელირებულ ქრონიკაში“  ვნახეთ.

დღეს სწორედ ერთ-ერთ ნაციონალურ არხზე მოვისმინე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს 24 იანვარს ევროსაბჭოში გამოსვლისას ასეთი რამ უთქვამს - "ჩვენ შევძელით საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება.  მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და არჩევნებისადმი ნდობა გავზარდეთ".

სათქმელად იოლია. დღეს საქართველოში მართლაც, მოიძებნებიან ადამიანები,  ვინც ფიქრობენ, რომ საბჭოთა მენტალიტეტი უკან მოვიტოვეთ და თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ, მაგრამ ხშირად სწორედ ისინი მოქმედებენ ტიპური საბჭოელებივით, როცა  ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ საჯაროდ არაერთხელ აღიარებულ თვალსაზრისს იზიარებენ, თითქოს მთავარია, რომ „არ ჩამოვიშალეთ“, ის კი, ევროპაში პროცენტულად ყველაზე მეტი პატიმარი რომ გვყავს, აუცილებლობითაა გამოწვეული, ხოლო დემოკრატია  სად გაიქცევა? მოიცდის და ბოლოს და ბოლოს თავისით აშენდება,

მათი რიცხვიც დიდია, ვისაც მიაჩნია, რომ  რაც დრო გადის, ჩვენში მით უფრო მეტად იკიდებს ფეხს ტოტალიტარიზმი სხვადასხვა ფორმებით თუ გამოვლინებებით და კი არ ვშორდებით, ვუახლოვდებით იმ ქვეყანას, რომელიც ორ მონსტრზე  - ცენზურაზე და პროპაგანდაზე იდგა. მაშინ ორივე ძლიერი და ყოვლისმომცველი იყო. დღეს ცენზურა/თვითცენზურა მხოლოდ ტელევიზიებში მოქმედებს, თუკი ტელევიზორს არ უყურებთ და გაზეთებს არ წაიკითხავთ, შეიძლება ბედმა გაგიღიმოთ და ისე იცხოვროთ, რომ სახელმწიფო სულაც არ შეგეხოთ, მაგრამ თუკი, მაგალითად, სასამართლოსთან მოგიწიათ საქმის დაჭერა, უცებ აღმოაჩენთ, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცება ძალიან გაგიჭირდებათ.

საბჭოთა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არ ენდობოდა. სწორედ ამისთვის სჭირდებოდათ ცენზურაც და პროპაგანდაც. ეს უკანასკნელი კი, მგონი დღევანდელ საქართველოში ზუსტად ისეთივე ძლიერია, როგორც 30-40 წლის წინ იმ ქვეყანაში, რომელსაც ბავშვობაში მოვესწარი. ხანდახან ისიც კი მეჩვენება, რომ პროპაგანდაში ნაციონალური მოძრაობა 80-იანი წლების საბჭოთა კავშირსაც კი სჯობნის. ისევე იტყუება, როგორც მაშინ, ისევე ცვლის ფაქტებს, ამახინჯებს ციტატებს, ებრძვის მტერს და ისეთივე რიხით საუბრობს ქვეყნის აღმშენებლობაზე, როგორც საბჭოთა ტელევიზიის პირველი არხის დიქტორები. მაგრამ ამხანაგი გუმბარიძე და ამხანაგი პატიაშვილი ასე ხშირად ნამდვილად არ ჩანდნენ ტელევიზორში, როგორც დღეს სააკაშვილი. 

თუკი იდეოლოგიაზე მიდგება საქმე, ეს საკითხიც მშვენივრადაა მოგვარებული. პარტიის, ანუ იდეოლოგის როლს დღეს ეკლესია და ხელისუფლება ინაწილებს. ლენინის კუთხეები ყველგან „ხატების კუთხეებმა“ ჩაანაცვლა. თუმცა, ამაზე უკვე ბევრჯერ დაწერილა.

ბუნებრივია, საბჭოთა კავშირი აღარასდროს დაბრუნდება - ის ქვეყანა, სადაც მილიონობით ადამიანს ხვრეტდნენ და ბანაკებში აწამებდნენ, წარსულს ჩაბარდა და თუკი დღეს საბჭოეთზე ვსაუბრობთ, ზოგადად, ტოტალიტარიზმს ვგულისხმობთ. უბრალოდ, ჩვენს მეხსიერებაში  ტოტალიტარიზმის საბჭოური ფორმა ცოცხლობს და ძალაუნებურად იმას ვიმეორებთ, რაც ერთხელ უკვე გვინახავს. ამიტომაც ვხმარობთ ამ სიტყვას - საბჭოთას, თორემ ტოტალიტარიზმი ძალიან ბევრნაირია და უბედური ოჯახებისა არ იყოს, ალბათ, ყველა თავისებურად ტოტალიტარულია, ანუ,  უნიკალური.  

მინისტრის ფრაზის მეორე ნაწილს საარჩევნო კოდექსის შესახებ აქ აღარ შევეხები. ამ თემაზე  ისედაც ბევრს საუბრობენ.  დარწმუნებული ვარ, მომავალი არჩევნები და განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდი ყველაზე მყარი არგუმენტი იქნება იმის დასამტკიცებლად, რომ ტოტალიტარული მენტალიტეტისგან გათავისუფლებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.