warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 11 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

დარიუშ მეჰრჯუი

"ბათუმის კინოფესტივალს შანსი აქვს მნიშვნელოვან მოვლენად იქცეს რეგიონში"

 

დარიუშ მეჰრჯუი
ბათუმის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი ცნობილ ირანელ რეჟისორს, თანამედროვე ირანული კინოს ერთერთ ფუძემდებლს- დარიუშ მეჰრჯუის მასპინძლობს. საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული რეჟისორი ერთერთია იმ ხუთკაციანი ჟიურიდან, რომელიც ფესტივალზე საუკეთესო მხატვრულ ფილმებს გამოავლენს.

რეჟისორი, რომელსაც ირანულ კინოზე დაახლოებით ისეთივე გავლენა ჰქონდა, როგორც ნეორეალიზმზე ვიტორიო დე სიკას, დღეს 71 წლისაა დ არაერთი წინაღობის მიუხედავად ისევ აქტიურად განაგრძობს ამ სფეროში მოღვაწეობას. ირანული "ახალი ტალღის" პიონერი დღეს ბათუმშია და ვიდრე კოლეგებთან ერთად გამარჯვებულ ფილმებს დაასახელებს, "ცხელი შოკოლადთან" საკუთარ კინოკარიერაზე, მიმდინარე ფესტივალზე და ქართულ კინოზე საუბრობს.

ფესტივალზე რეჟისორის ორი ფილმიც აჩვენეს: 1998 წელს გადაღებული "ლეილა" და "მსხლის ხე".

დარიუშ მეჰრჯუი 1939 წელს, თეირანში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა კალიფორნიაში, ლოს ანჟელესის უნივერსიტეტში განაგრძო, თუმცა არა კინოს განხრით. მომავალი რეჟისორი იქ ფილოსოფიას სწავლობდა, რამაც შემდგომში მის ფილმებშიც ჰპოვა ასახვა. როგორც თავად იხსენებს, კინო ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა და ამერიკაში სწავლის პერიოდში ძალიან ბევრ ფილმს ნახულობდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული მეჰრჯუი გადაწყვეტს კინოში სცადოს ბედი. პროფესიული განათლების არქონის მუხედავად ის მალევე ახერხებს როგორც მაყურებლის, ისე კინოკრიტიკოსთა გულის მოგებას. 1970 წელს მეჰრჯუი იღებს ფილმს "ძროხა", რომელიც საეტაპო ნამუშევრად იქცა როგორც მის კარიერაში, ისე ირანული კინოს ისტორიაში. ღარიბ სოფელზე გადაღებული ფილმი რომელიც შინაარსით და სტილით იტალიურ ნეორეალიზმს ეხმიანებოდა, ირანული კინოს "ახალი ტალღის" დასაწყისად იქნა მონათლული.

თუმცა "ძროხა" თავდაპირველად ირანში ეკრანებზე არ გამოსულა. შაჰის მთავრობას არსებული სიტუაციის ასეთი მძაფრი და რეალისტური ასახვა არ მოეწონა და ის ქვეყნის "ნათელი მომავლის" მშენებლობის ფონზე არაადეკვატურ ნამუშევრად მიიჩნია. ფილმი ირანში რამდენიმე წელი აკრძალული იყო. მისი ნახვის საშუალება ადგილობრივ მაყურებელს მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც ვენეციის ფესტივალზე ევროპელი კრიტიკოსების დიდი მოწოენაბა დაიმსახურა. ირანის მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა და ფილმი კინოგაქირავებაში ჩაუშვა. თუმცა ერთგვარი "გამოსავალი" მაინც ნახეს: ფილმის დაწყებამდე სპეციალური ჩანართი გააკეთეს, რომელიც  მაყურებელს აცნობდა, რომ სურათი 50 წლის წინანდელ რეალობას ასახავდა. (ეს მეთოდი საბჭოთა კავშირშიც კარგად იყო აპრობირებული)

იგივე ბედი ხვდა წილად მეჰრჯუის ასევე ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფილმს "წრე". (1973) რომელის მთავარი თემა ირანში სისხლით არალეგალური ვაჭრობა იყო და ქვეყანაში არსებულ კორუფციას, სიღარიბეს და აპათიას ასახავდა. ფილმს ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად დასავლეთში. კრიტიკოსები აღფრთოვანებას ვერ  მალავდნენ რეჟისორის ნამუშევრით. 1978 წელს "წრემ" ბერლინის კინოფესტივალზე ფიპრესის (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის) ჯილდოც მოიპოვა. ამ აღიარებების შემდეგ ირანის მთავრობა იძულბული გახდა საკუთარ ეკარნებზეც გაეშვა ფილმი.

მსგავსი პრობლემების გამო რეჟისორმა ორჯერ დატოვა ქვეყანა: თუმცა საბოლოოდ მაინც ირანში დაბრუნება ამჯობინა.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ დარიუშ მეჰრჯუი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ირანული კინოს დინოზავრია, ცენზურასთან გარკვეული პრობლემები მაინც ექმნება. მისი ბოლო ნამუშევარი, Santour ნარკოტიკებზე დამოკიდებული მუსკოსების შესახებ, რომელთა მუსიკასაც მთავრობა კრძალავს, თეირანის კინოთეატრებში მხოლოდ ერთხელ აჩვენეს, მისი გაქირავებაში გაშვებამდე კი ფილმიდან" არასათანადო" სცენები ამოჭრეს, სადაც მუსიკოსები საკუთარ პრობლემებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ.

ცენზურის გარდა, მეჰრჯუის თქმით კიდევ ერთი პრობლემა, რაც ირანულ საავტორო კინოს ექმნება, ჰოლივუდური ბლოკბასტერების მძაფრი კონკურენციაა. ირანულ კინოთეატრებში დღეს ძირითადად კომერციული ამერიკული ფილმები გადის და სხვა ფილმებისთვის ადგილი არ რჩება. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ ფილმები ასე თუ ისე ფართო საზოგადოებამ ნახოს, ფესტივალებია.

რეჟისორმა მიმდინარე ფესტივალზეც ისაუბრა. მისი თქმით ბათუმის ფესტივალს კარგი შანსი აქვს მნიშვნელოვან მოვლენად იქცეს რეგიონში, პირველ რიგში მისი მდებარეობის გამო. რეჟისორმა ასევე აღნიშნა, რომ ურიგო არ იქნებოდა თუ ეს ფესტივალი, ისევე როგორც მაგალითად ანტალიის კინოფესტივალი, მსოფლიოს დიდ ფესტივალებზე ნაჩვენებ საინტერესო ფილმებს შეაგროვებდა და მათ გაუშვებდა მთავარ კონკურსში. რეჟისორის აზრით ფესტივალი უფრო გამოცოხლდებოდა და უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მაყურებელში. რეჟისორმა "ცხელ შოკოლადთან" მიმდინარე საკონკურსო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნანახი ფილმებით დიდად მოხიბლული არ დარჩენილა.

როგორც აღმოჩნდა, დარიუშ მეჰრჯუის ქართულ კინოზეც ბევრი რამ სმენია, ყველაზე კარგად კი ფარაჯანოვის შემოქმედებას იცნობს და მისით დღემდე აღფრთოვანებულია:

დარიუშ მეჰრჯუიმ თანამედროვე ქართული ფილმების ნახვის სურვილიც გამოთვა "კარგი იქნება თუ ვინმე პასუხისმგებელი პირი საუკეთესო ქართული ფილმების ჩანაწერს გააკეთებს და თეირანში გამატანს, მე მათ სიამოვნებით ვნახავდი და შემდეგ შესაძლოა სტატიაც დავწერო მათზე"- განაცხადა რეჟისორმა.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.