|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
დაგმე და უთვალთვალე
იანვარი 18, 2012 ავტორი ნინო ლომიძელამის ყველა ვოლზე ეს ამბავია – ლინკებად, კომენტარებად, სტატუსებად..
თითქმის ყველა ფორუმზე ამ ამბავს განიხილავენ – ახალ თემებად, ძველებში დისკუსიებად...
ბლოგების უმეტესობა პოსტებს უძღვნის – პატარას, მოცულობითს, ცხარეს, რეიტინგიანს...
მერე მწვავე ანთებითი პროცესი ჩაცხრება და სადმე ახალი კერა იჩენს თავს – ახალი სიმპტომატიკა, კლინიკა, დიაგნოზები...
ამ ბოლო კვირის განმავლობაში ერთმა სრულიად უწყინარმა ვიდეომ დაატრიალა სწორედ ასეთი სტიქიური ქარაშოტი.
აი, ამან.
ადამიანები გუდიაშვილის სკვერის განახლების პროექტს აპროტესტებენ.
ყოვლად უჩვეულოდ აპროტესტებდნენ( ჩვენი, ქართული ხალხური გამოცდილების გათვალისწინებით) – სახლიდან გამოტანილ ნივთებს ჰყიდნენ, ცეკვევდნენ, ლექსებს კითხულობდნენ...
ერთმა კი ამ აქციაზე საკუთარი ორიგინალური მინი ლაქტ–აქციის ორგანიზება მოახერხა – დაჯდა და რძე გამოიწველა.
მერე ჭიქებში გადაანაწილა და გამვლელ გამომვლელს სთავაზობდა – თუ გინდათ, დალიეთო.
აქციაზე მე არ ვყოფილვარ და მიმდინარე მოვლენებს, როგორც ინტერნეტდამოკიდებული ინდივიდის წესი და რიგია, ინტერნეტით ვეცნობოდი.
თუმცა, ამ არაფრით გამორჩეულ და უბრალო პერფორმანსზე მეტად საინტერესო ის რეაქცია აღმოჩნდა, რაც ვიდეომ მაყურებლებსა და ლინკების დამხსნელებში გამოიწვია.
რამდენიმე კომენტარმა ძალიან გამახალისა, რამდენიმემ უზნეო და უზრდელურმა აღმაშფოთა, ქილიკმა და დაცინვამ – გამაოგნა.
ამ ვიდეოზე, ფორმასა და შინაარსზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი.
მაინცადამაინც საინტერესოდ არ მეჩვენა.
ვერც უხამსობად მივიჩნევ, ვერც იუმორით შევხედავ.
მოკლედ, სრულებით გულგრილი და ინდიფერენტული ვარ.
აი რეაქციამ კი საღერღელი ამიშალა და რამდენიმე ნიშნდობლივ საკითხზედ დამაფიქრა.
და პირველი მათგანი ორფეხა ძუძუმწოვარი არსებებისთვის ერთი ფრიად დამახასიათებელ თვისებაა – ვუაიერიზმი, ანუ ჭვრიტინისა და თვალთვალის სამარცხვინო, ბავშვობაშივე აკრძალული, მაგრამ ძალიან ძნელად დასათმობი და საჭირო აქტის მოთხოვნილება.
ვიდეოსთან დიდ კავშირს თუ მაინცადამაინც ვერ ნახავთ, არ დამძრახოთ.
მოვლენების მცდარ ურთიერდაკავშირების მცდელობაში არ დამადანაშაულოთ.
ფსიქოლოგიის რომელიღაც სასერტიფიკაციო კურსებზე რომ დავდივარ, იქ სწორედ ფსიქოანალიზს გავდივართ და ასეთი რაღაცები ახლა მეპატიება.
თანაც, აქ გათვლა სწორედ იმ აქტის სააშკარაოზე გამოტანაზე იყო გაკეტებული, რაც მეტად ინტიმურია.
მაყურებლების რეაქციაზეც ნაფიქრი ექნებოდა ავტორს და იმის განსაზღვრაც არ იქნებოდა დიდად რთული, რომ უამრავი „ ღირსებაშელახული“ და ღირსების უკანასკნელი სიტყვებით და გინებით დამცველებიც არ დაახანებდნენ.
ჰოდა სწორედ ამათ არ ახსოვთ და ავიწყდებათ, რომ არსებობს ასეთი ჰაეროვანი აღმნიშვნელით აღნიშნული აღსანიშნი – ვუაიერიზმი.
პატარაობიდანვე გვარწმუნებენ, რომ ჭვრიტინი – არ შეიძლება.
უკულტურობაა, უზნეობა, სირცხვილი, უზრდელობა.
გაკვეთილს კარგად ვიხსომებთ და თეორიულად გადასარევად გვესმის, რატომ არ შეიძლება სხვის ოთახში დაუკაკუნებლად შესვლა, სხვის ნაწერებში ქექვა, სხვისი მობილურების ინბოქსების დახსნა და სხვისი ინტიმური ცხოვრების განხილვა–განქიქება.
სამაგიეროდ, პრაქტიკაში, მეტწილად, სრულიად საპირისპიროს ვახორციელებთ. სირცხვილით ვიწვით, ძალიან ვმუნათდებით, სინდისის მტანჯველ ქენჯნას როგორღაც ვუძლებთ და მობილურშიც ვძვრებით, სხვის დღიურებსაც ვკითხულობთ, „ საეჭვო რეპუტაციის“ ლინკებსა და საიტებზეც დავბოდიალობთ და მოკლედ, არც ერთ ღრიჭოს არ ვუშვებთ ხელიდან ისე, რომ ცხვირი არ შევყოთ. ( რა სიურეალისტური ფრაზა გამოვიდა ისე).
თუ ამ ყველაფერზე ხელს ასავსავებთ და მტკიცედ აცხადებთ – არაფერიც, არაფერიც. არაფერი მაგის მსგავსიო, მაშინ ის რეალითი შოუები გაიხსენეთ, რომლებისთვისაც გიყურებიათ, ჟურნალები და გაზეთები, სადაც ვისიმე პირადი და პრივატული ცხოვრებისთვის თვალყური მიგიდევნებიათ, ბოლოსდაბოლოს, სტრიპტიზი მიანც გექნებათ ნანახი ფილმებში ან იუთუბზე ...
მოკლედ, ფაქტია, რომ ვუაიერიზმი კარგად თუ ავად, მეტად თუ ნაკლებად თითუეულს გვახასიათებს და სანამ ეს ასეა, ტაბუირებული თემების სააშკარაოზე გამოტანა, საკუთარი ემოციების, გამოცდილების, ცხოვრებისეული ეპიზოდების გაშიშვლება, საჯარო აღსარება და ყველა ამ შინაარსის გამომყენებელი ფორმა (სულერთია, პერფორმანსი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა გამომსახველობითი საშუალება) იქნება განსჯის, შეფასების, განკითხვის, ანათემაზე გადაცემის, საკუთარი მორალური უბიწოებისა და აღმატებულების დემოსნტრირების მაპროვოცირებელი.
ოღონდ ამ დიად ინდუქციურ მსვლელობაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინამდვილეში, არაფერს განსაკუთრებულს ან დამღუპველს და მკრეხელურს არ ჩავდივართ.
გინდათ საიდუმლო გაგანდოთ და ნომერ პირველი ვუაიერისტი დაგისახელოთ?
ყოვლისმჭვრეტელი და ყოვლისმცოდნე..
არა, ორუელის Big Brother არა...
არამედ......ღმერთი.
და ეს რატომღაც სულაც არ ითვლება პრივატული სივრცეში შემოჭრად და დანაშაულად.
პირიქით, ძალიანაც საჭირო რამედ ითვლება.
წინააღმდეგ შემთვევაში, როგორ დავიცავდით წესრიგსა და ასეთ გასაოცარ „შინაგან მორალურ კანონებს ჩვენში“ ( ვარსკვლავიანი ცა აქ ისვენებს)
რომ არ ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ვიღაც იქ, ზევით , მუდმივად ფხიზლობს და გვითვალთვალებს...
ჰოდა, მოთვალთვალენო, სანამ ვინმეს გინებითა და უშვერი სიტყვებით აიკლებთ, საკუთარ დირეებში ჩაიჭვრიტეთ ღრმად.
ბევრი საინტერესოს აღმოჩენა შეიძლება იქ.
პირველი ქვა, ბოდიში, პოსტი კი ჩემზე ნაკლებად მორალისტმა მესროლოს :)))) * ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
Nino L (შეუმოწმებელი), იანვარი 19, 2012, 22:25:11
DooRs
უჰ, თქვენ სხვა ინტერნეტრესურსები უნდა ნახოთ, წალეკილია ფბ, ფორუმები და ბლოგები.
საერთოდაც, ახალი ამბები სოციალური მედიის და ქსელების მეშვეობით სწრაფად და აქტიურად ვრცელდება და მართლა ძალიან დამღლელი რამაა ყველაფრისთვის თვალის მიდევნმება ( ყურის და გრძნობათა სხვა ორგანოების კიდევ...) ამიტომ, სერიალებს მიეძალეთ, სუფთა ჰაერზე სეირნობას, გუნდაობას, რა ვიცი....საყვარელ მუსიკას მოუსმინეთ – ნიკი კარგ გემოვნებაზე მიუთიოთებს...
DooRs (შეუმოწმებელი), იანვარი 19, 2012, 22:09:56
ცხელ შოკოლადში უკვე მე-3 სტატიაა ამ ფაქტთან დაკავშირებით. დავიღალეთ!!!!!!
დატოვე კომენტარი