"ცხელი შოკოლადი" გირჩევთ

2
აბა მითხარით, რას აკეთებთ, როცა სამუშაო დღე მთავრდება და გადაღლილი, ოფისის კარს მაგრად მოიჯახუნებთ? სახლში მიდიხართ? ჰო, შეიძლება, მაგრამ ყოველთვის როდი ვარგა ერთი სამსახურიდან მეორეში წასვლა?! დროის კარგად გატარება, მაქსიმალური რელაქსაცია და სიამოვნების მიღებაც ხომ აუცილებელია? როცა ყოველდღიური საქმეები ტვინის სულ ბოლო უჯრედში გადადის და ცენტრალურ ადგილს, დიდი ასოებით სიტყვა დ ა ს ვ ე ნ ე ბ ა  იკავებს. ჰოდა, ასეა თუ ისე, ამ ნომრიდან მოყოლებული, ყოველთვიურად შევეცდები, თავისუფალი დროის სასიამოვნო გარემოსა და კომფორტში გაყვანაში დაგეხმაროთ და რამდენიმე, არც ისე ურიგო რჩევაც მოგცეთ.

 

ჯაზ კლუბი "XX საუკუნე"            8 სექტემბერი. 21 : 00

ბეთლემის ქ.#24

დამიჯერეთ, თუ ეს ადგილი არ იცით, აქ შემთხვევით ვერ აღმოჩნდებით. ის არც ცენტრალურ ქუჩაზეა და მით უმეტეს არც სანაპიროზე. სამაგიეროდ, თუ ბეთლემის წვრილ ქუჩაზე გადაწყვიტეთ ასეირნება, აუცილებლად შენიშნავთ ახლადგახსნილ სიმპათიურ სასტუმროს "XX საუკუნე", რომლის პირველ სართულზე არსებულ ჯაზ-კლუბზეც ახლა გესაუბრებით. რატომ "XX საუკუნე"? იმიტომ, რომ ყველაზე დაჩაგრული საუკუნე აღმოჩნდა... აქაოდა აქვეაო, არასდროს არავის ახსოვსო და...

წამში, ქვის, აგურის და ხის დიზაინით შესრულებულ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში აღმოჩნდებით, სადაც მუდამ ჯაზს უსმენენ და პატარ-პატარა ყლუპებით გაგრილებულ ღვინოს მიირთმევენ... შაბათ-კვირას ჯაზის ცოცხალ კონცერტებს აწყობენ და სამომავლოდ, ჯაზის შემსრულებლებზე საღამოების გამართვას გეგმავენ... ამბობენ, აქ შემოსვლა შეზღუდული იქნებაო და... ჰო, აქ ფრედი ქოულსი დაუკრავსო...

ასე რომ, მართლა მთელი გულით გირჩევთ, უკან, "XX საუკუნეში" სტუმრობას.

 

სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება და აგუტინი        14 სექტემბერი. 20 : 00

ლუბლიანას ქუჩა

ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია და კვირაში 3-4ჯერ მაინც გააქნევ-გამოაქნევთ კუნთებს, კარგი განწყობაც შეგინარჩუნდებათ  და ფიზიკურადაც, რომ იტყვიან, ჯანზე იქნებით.

ამის საშუალებას კი ახლად გახსნილი "იან ჰომერის" სახელობის სპორტული კომპლექსი გთავაზობთ.

კომპანია "ქართული ჩოგბურთის" მიერ დაარსებული ეს კომპლექსი უამრავი ნაწილისგან შედგება: ცენტრალური კორტი, სასტუმრო, კორტები: 10 ღია და 3 დახურული, მინიფეხბურთის სტადიონი, აუზი, ფიტნეს-ცენტრი, საჩოგბურთო სკოლა, სპორტული მაღაზია, კაფე... ასე რომ, სულ რაღაც 2 თვეში კომპლექსი მთელი დატვირთვით ამუშავდება, იქ მისულს წამოსვლა აღარ მოგინდებათ და ჯანსაღი ლიფე სტყლე-ით გააგრძელებთ დღეს.

თუმცა მანამდე, კორტების ოფიციალური გახსნა გაიმართა, რომელიც კომპანია "არტ ფორუმის" მიერ იყო ორგანიზებული. გახსნა, სადაც სოლო კონცერტი სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა ლეონიდ აგუტინმა გამართა.

 

"პარფიუმერი"         18 ოქტომბერი

კინოთეატრი "ამირანი"

თუკი საღამოხანს საქმე გამოგელევათ და დროის დიდ ეკრანთან გატარება მოგინდებათ, 18 ოქტომბრიდან შეგიძლიათ კინოთეატრ "ამირანს" ეწვიოთ და პატრიკ ზიუსკინდის რომანის "პარფიუმერი: ერთი მკვლელის ისტორია" ეკრანული ვერსია ნახოთ.

1985 წელს დაწერილმა ზიუსკინდის რომანმა, მსოფლიო ბესტსელერებს შორის დაიკავა ადგილი; "ნიუ იორკ თაიმსის" კრიტიკოსებმა "წლის რომანად" შერაცხეს და "ნირვანას" სოლისტმა კურტ ქობეინმა სიმღერა "Scentless Apprentice" მიუძღვნა.

რომანის ეკრანიზებაზე წლები მიდიოდა დავა და რეჟისორობა ყველას უნდოდა: სკორცეზესაც, სპილბერგსაც, საბოსაც, პოლანსკისაც, ფორმანსაც და შლიონდორფსაც... თუმცა თვითონ  რომანის ავტორი, მხოლოდ სტენლი კუბრიკს ხედავდა რეჟისორის სავარძელში. ამერიკელი რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ კი, ზიუსკინდმა ხელი ჩაიქნია და - რაც გინდათ ის გიქნიათო... ასე აღმოჩნდა "პარფიუმერი" გერმანელი რეჟისორის ("გაიქეცი ლოლა, გაიქეცი"), თომ ტიკვერის ხელში.

 

ფესტივალი ღია ცის ქვეშ             სექტემბერი / ოქტომბერი

გოეთეს ინსტიტუტი

გოეთეს ინსტიტუტმა, კაფე "გოეთესთან" ერთად, თქვენთვის ძალიან საინტერესო საღამოების გამართვა გადაწყვიტა. ინსტიტუტის ეზოში გამართული კონცერტების ციკლი - "შემოდგომა 2006", 14 სექტემბერს, მოცარტის საღამოთი გაიხსნა. თუმცა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეუერთდეთ ღია ცის ქვეშ გამართულ ფესტივალს, საინტერესო შემსრულებლებს მოუსმინოთ და კაფე "გოეთეს" ამჟამინდელი მეიჯარის და რესტორან "ზანდუკელის 40"-ის მფლობელის, რაინერ კაუფმანის მრავალფეროვანი მენიუც იგემოთ.

28 სექტემბერს, ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი პიანისტი და მომღერალი ტონი ო' მალეი დაუკრავს, მეგობრებთან ერთად. 12 ოქტომბერს კი ანსამბლი "შინ" წარსდგება მსმენელის წინაშე. ამ ანსამბლს არც წარდგენა და არც ზედმეტი რეკლამა არ სჭირდება. ზაზა მიმინოშვილის, ზურაბ გაგნიძის და მამუკა ღაღანიძის შესრულებული ქართული მუსიკა ხომ საუცხოოდაა გაჯერებული როკისა და ჯაზის ელემეტებით, ტანგოსა და ინდური რიტმებით.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.