|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
აგონია წუმპეშიცხოველების ფერმაში დავიბადე. ჩემი "რესპუბლიკა“ ძალიან ჰგავდა ცხოველების ფერმას, ანუ ოკუპირებულ, იზოლირებულ გარემოს. იქ ტელევიზორი მხოლოდ 2 არხს უჩვენებდა. ლეგენდარული „მოამბით“ და „ვრემიათი“. დრო კომბაინით იწყებოდა და ფეხბურთით მთავრდებოდა. „მოამბე“ და „ვრემია“ კი - პათეტიკით. გასტრონომებში არაფერი არ იყო, და ამ "არაფერს" პროდუქტი ერქვა. კაფეებიც არ იყო. იყო რესტორნები და სახლებში ქეიფი. დრო მიედინებოდა წყნარად და მდორედ, რადგანაც დროსაც ჰქონდა ბრძანება, - უნდა ედინა, გასულიყო. მაგრამ, თურმე, ის დრო მენატრება. სისტემის გამო კი არა, ჩემი ახალგაზრდობის გამო, როცა მთელი ცხოვრება წინ მქონდა. ვფიქრობდი, რაღაც შეიცვლებოდა, ფერმა გარდაიქმნებოდა, იმიტომ, რომ მინდოდა უფრო კულტურულ გარემოში მეცხოვრა. სისტემა კი, თურმე, წრეზე ტრიალებს. „ის ბრუნავს“ - როგორც ჯორდანო ბრუნო ამბობდა. და, თითქოს, ასე - ბრუნვა-ბრუნვით დავბრუნდით სახეცვლილ ფერმაში, სადაც არც ცხოველები შეცვლილან და არც სისტემა. ახლაც ისევ ღორებს მიჰყავთ „სტოსი“. მე კი, რა უცნაურია, თითქოს დროში დაკარგულივით, ისევ ძველი ფერმა მენატრება - ასეთი მახინჯი და, რატომღაც, მაინც ძვირფასი. ვიხსენებ ლუდხანას რუსთაველის გამზირის კუთხეში. „წუმპე“ ერქვა. ბიჭები შევედით. არქეოლოგობას ვაპირებდით. დიპლომზე ვმუშაობდით, მაგრამ ლექსებს ვწერდით. ამოვიღე ჯიბიდან დიდი ბლოკნოტი და ჩემი „შედევრები“ ბიჭებს წავუკითხე. მერე ბევრი დავლიეთ. გვერდით მაგიდასთან ხანდაზმული „ბასიაკი“ იდგა. ტლუ, კეთილი თვალებით. ხინკალზე და ლუდზე დავპატიჟე. მერე მეგობრებთან ერთად ყბედობა გავაგრძელე. იქიდან სხვაგან წავედით. ის ჩემი „გენიალური“ ბლოკნოტი კი „წუმპეში“ დამრჩა. სხვაგან ვატარებდით დროს. უცებ ერთმა ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, სასწრაფოდ „წუმპეში“ უნდა დავრბუნდეთო... თურმე ბლოკნოტი დამრჩენია. დაკეტილი იქნება, არ ღირს-მეთქი. მაინც ვნახოთო და, წავედით. „წუმპე“ დაკეტილი იყო. ის ტლუ, მაგრამ კეთილთვალებიანი "ბასიაკიღა" დამხვდა კარებთან ატუზული, ჩემი ბლოკნოტით ხელში. თითქოს იცოდა, რომ დავბრუნდებოდი და ჩემი ნაჯღაბნი ნაგავს არ გაატანა. ახლაც მახსოვს იმ „ბასიაკის“ კეთილი ღიმილით გამთბარი სახე და ლუდხანა "წუმპე", რომელიც მას შემდეგ აღარც მინახავს, რადგან ძალიან მალე სამოქალაქო, „ეროვნული“ ომის ცეცხლში დაიწვა. საჩებურეკეც მახსოვს, სადაც ფეხზე ვიდექი და ცხელ ჩებურეკებს ველოდებოდი. ოთხკუთხედი მაგიდები, ცარიელი სივრცე და მშრალი კანონი... ამ გაგანია მშრალი კანონის დროს ერთ კეთილ, ხნიერ დამლაგებელ ქალს ჩუმად მოჰქონდა ხოლმე ჩვენთვის არაყი. ამ სასმელს „აგონია“ დავარქვით. ასე იმიტომ დავარქვით, რომ ორ ჭიქაში აგონიურ მდგომარეობაში გვაგდებდა და ცოტა ხნით, ამქვეყნად ყველაფერს გვავიწყებდა. - ჩემი ბიჭები მოვიდნენო, - იტყოდა ხნიერი ქალი და "აგონიას" გემრიელ ხინკალს მოაყოლებდა... დრო კი გადიოდა, რადგან ნაბრძანები ჰქონდა. და ახალი დროც მოვიდა. ახალი ფერმის აშენება დავიწყეთ. თითქოს გავთავისუფლდით ძველი კომპლექსებისგან, მაგრამ რამდენი ახალი შევიძინეთ... ხშირად მენატრება ის "ძველი", არა - ტოტალიტარიზმი, არა ის მკვდარი, უაზრო სიცარიელე, არამედ რაღაც სხვა, იოლად სახელსაც რომ ვერ მოუძებნი... „ბევრი ვიდავეთ, სისადავე გაქრა დავაში. და გვეგონა ომი თამაში... რწმენა, გართობა, ეს იყო ჩემი ახალგაზრდობა“. თუ შენი საქმე გიყვარს, უნდა აკეთო. სხვას არაფერს აზრი არა აქვს. და, ვინ იცის, იქნებ, ოდესმე ფერმასაც ეშველოს რამე!.. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
werte1982, იანვარი 27, 2012, 23:37:13
Интересно получается. А где же настоящее независимое мнение? Хотя, как говорят, Ваши бы слова, да Богу в уши.
Qeti (შეუმოწმებელი), იანვარი 13, 2012, 22:45:52
ამ ჩანახატმა სევდა მომგვარა. ჩემი თანამედროვე გაგა ნახუცრიშვილი ტკბილად იგონებს ერთ ფრაგმენტს თავისი ცხოვრებიდან.მაშ ცხოველები არ შეცვლილან... არც შეიცვლებიან,ძვირფასო ავტორო,რადგან მათ არ ეხებათ სულიერი განვითარება,ეს ადამიანების ხვედრია და ისიც კეთილი ადამიანების-ისინი მუდმივად რაღაცას სწავლობენ,იღწვიან,შრომობენ-თქვენსავით,ყველა თავის პროფესიასდაუფლებული დროის უკმარისობას განიცდის,დროს კი ვერ გადაუსწრებ,ვერც საკუთარ თავს გადაახტები...უდრდტვინველად უნდ ელოდო ხვალინდელ დღეს.თქვენი ტიპის ადამიანებს წლები ემატება მხოლოდ და არა სიბერე! დიდი მადლობა ამ მოთხრობისათვის!
david (შეუმოწმებელი), იანვარი 13, 2012, 10:40:25
nekrofiliaa am ferma-qveknis saxeli...
araferi ar sheicvleba, vidre "fermis" binadarni isev kvelafers gaaketeben rom sxva im qvekanas gaistumron an saflavis karamde miikvanon, shemdeg ki "axloblurad" da "kacurad" sheugrovon sachirisuflo fuli ... cocxlebs mixedon, rom ertxel mkvdari ar camodges da tqvas "tqveni shegrovilis dedac, axla ragashi mchirdebao"
დატოვე კომენტარი