|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
"ცუდზე უარესი"საქართველოს კათოლიკოსმა 17 დეკემბერს, ბარბარობას, უნიკალური ქადაგება წარმოთქვა. იგი გამოეხმაურა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით გასულ გადაცემას „დიალოგი დავით პაიჭაძესთან", რომლის სტუმრები ფილოსოფოსი გიგა ზედანია და მე ვიყავით. ილია მეორემ ტოკ-შოუს უპრეცედენტო შეფასება მისცა - „ცუდზე უარესი", ხოლო მე დამახასიათა, როგორც „ათეისტზე უარესი". ეს ეპითეტი გაიმეორა მაშინაც, როცა გამოთქვა ვარაუდი, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" შესაძლოა ხელისუფლების ინტერესს ახმოვანებდა. პატრიარქმა ეს კონსპირაციული სქემა შეაფასა, როგორც „მთლად უარესი".
მივყვეთ თავიდან: რატომ შეიძლება, გადაცემა „ცუდზე უარესი" ყოფილიყო? წლების განმავლობაში საქართველოს პატრიარქი, მღვდელმთავრები, მართლმადიდებელი ეკლესია დაცულია ელექტრონული მედიის ყოველგვარი კრიტიკული შეფასებისაგან. საპატრიარქო, ამ მხრივ, ფაქტობრივად, იმავე დახურულ რეჟიმში მუშაობს, რომელშიც კომუნისტური პარტია მოქმედებდა საბჭოთა კავშირში. ის არის აბსოლუტური, ობიექტური, საყოველთაო ჭეშმარიტების წყარო, რომლის საკრალურობის ეჭვქვეშ დაყენება ისჯება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? როგორ აიშენა მან ეს შეუვალი „წმინდა" ციხესიმაგრე? 90-იანი წლებიდან ეკლესია საქართველოში პოლიტიკურ ველზე ლეგიტიმაციისა და კონფლიქტებისას უზენაესი არბიტრის ფუნქციას ასრულებს, ამავდროულად ის მართლმადიდებლობას მხოლოდ სარწმუნოებად არ მიიჩნევს, მისთვის ეს ეროვნული იდეოლოგიისა და იდენტობის საფუძველია. თავად პატრიარქი პოზიციონირებს, როგორც ეროვნული ერთიანობისა და უსაფრთხოების გარანტი. ილია მეორე აცხადებს, რომ ეკლესიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ერის გადარჩენა. სწორედ ამ დროს, 90-იან წლებში ხდება „საყოველთაო კარგის" შესახებ კოლექტიური წარმოდგენის ფორმირება: კარგია, როცა აცხადებ: მე კომუნისტი კაცი ვარ (ან ვიყავი), მაგრამ მე პატრიარქის ნაჩუქარი ჯვარი მკიდია... მე ქრისტიანი კაცი ვარ... მე ქართველი ვარ!" (რეზო ამაშუკელის გამოსვლის პერიფრაზი 1990 წელს). ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ორი კონსტრუქციის: ერთი მხრივ, პოლიტიკური ლეგიტიმაციისა და მეორე მხრივ, რელიგიურ-იდეოლოგიური კოლექტივიზმის გადაკვეთამ განაპირობა ის, რომ მედიაში, გავრცელდა „კარგის" ნორმატიული ძალაუფლება. მყარი ტაბუ დაედო საპატრიარქოსა და სასულიერო პირების კრიტიკულ კონტექსტში მოხსენიებას. მაგრამ, თუკი თვალს გადავავლებთ გასულ ოც წელიწადს, ვნახავთ, რომ იყო გამონაკლისებიც. მაშინ, როცა ქვეყანაში ვითარება ყველაზე კრიტიკულ წერტილს უახლოვდებოდა, როცა პოლიტიკური ხელისუფლება ყველაზე დაუცველად და სუსტად გრძნობდა თავს, პიკს აღწევდა ხელისუფლებისა და მედიის პიეტეტი პატრიარქისა და საპატრიარქოსადმი. ამის საპირისპიროდ, მაშინ, როცა პოლიტიკური ძალაუფლების პოზიციები ძლიერდებოდა, აქა-იქ აღმოცენდებოდა ხოლმე რელიგიისგან თავისუფალი მედია კუნძულებიც. 1992-იდან 1997 წლის ჩათვლით შევარდნაძის ხელისუფლება და მედიაც საპატრიარქოს სოციალური პოზიციებისა და გავლენის გამყარებით იყო დაკავებული, რითაც შევარდნაძე, საბოლოო ჯამში, საკუთარი ავტორიტეტისა და ლეგიტიმაციის გაძლიერებას უწყობდა ხელს. ვინაიდან მისი ლეგიტიმურობა პოლიტიკურად ფუყე იყო, ამიტომ მას რელიგიურ-კულტურული საზრისითაც უნდა დაეტვირთა და გაემართლებინა საკუთარი არსებობა და მისია. 1994 წელს იგი უშუალოდ კათოლიკოსმა გამოაცხადა ერის მმართველად და წმინდა გიორგისაც კი შეადარა. მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ პერიოდში, 1997 წელს გაჩნდა პირველი თავისუფალი არხი: „რუსთავი 2", რომლის ეთერში რელიგიური რეალობის შესახებ კრიტიკული აზრისთვისაც გამოთავისუფლდა ადგილი. მომზადდა გადაცემა „აგორა", რელიგიური სტერეოტიპების თემა აქტუალური გახადა გოგი გვახარიას გადაცემა „ფსიქომ", რომელშიც უცნაური, გამომწვევი ფილმების ჩვენების გარდა, უბრალოდ თავისუფლად საუბრობდნენ ინტელექტუალი „ლიბერალები". საპატრიარქო მსგავსი გადაცემებისადმი თავიდანვე კრიტიკულად განეწყო. ამას მოჰყვა ის, რომ საეკლესიო ამბიონებიდან დაიგმო ლიბერალიზმი, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გლობალიზაცია, ზოგადად - დასავლურობა. ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ „გახრწნილი დასავლეთისა და მისი აგენტების" შეთქმულებას დაუკავშირდა. ამ მასალისგან შეიქმნა „ცუდის შესახებ" საეკლესიო ხატი. 1999 წლის არჩევნებიდან დაწყებული 2004 წლამდე - მწვავე პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა კრიზისმა, საპატრიარქოს როლი და იდეოლოგიური ძალაუფლება კიდევ უფრო უალტერნატივო და ყოვლისმომცველი გახადა. ის ყველა ინტერესჯგუფის, ყველა პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ მედია აქტორის ლტოლვის მთავარი ობიექტი გახდა. "რუსთავი 2"-ის საპირისპიროდ, შევარდნაძის „1-ლ არხზე" სწორედ ამ პერიოდში ძლიერდება ეკლესიის „პიარი" და მართლმადიდებლური პროპაგანდა. იწყება მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საეკლესიო დღესასწაულის „ნიუსებში" დატრიალება, მოდაში შემოდის ტელექადაგებები, მზადდება სატელევიზიო „ნოველები" სამონასტრო ცხოვრებასა და სასწაულებზე, დიდ საეკლესიო დღეებში კი ლიტურგიის საფეხბურთო მატჩებივით ტრანსლაციის ტრადიციას ეყრება საფუძველი თავის კომენტატორებიანად. ამ პერიოდში ხელისუფლება აკმაყოფილებს საპატრიარქოს რამდენიმე მოთხოვნას: სასტიკად ზღუდავს რელიგიურ უმცირესობებს, ანუ რელიგიურ სივრცეში საპატრიარქოს ექსკლუზიურ ბატონობას უზრუნველყოფს, აფინანსებს საბიუჯეტო სახსრებიდან, ანიჭებს უნიკალურ სტატუსსა და პრივილეგიებს - სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური ხელშეკრულება იდება. სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეკლესიისადმი კრიტიკული პოზიციის გამოხატვა არამარტო „ცუდ ტონად", არამედ უკვე „სიგიჟედ" ან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებად ფასდება, ერთი სიტყვით, „ცუდზე უარესი" ხდება. რევოლუციის შემდეგ წარმოუდგენლად მაღალი რეიტინგი ახალ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, გადადგას არაპოპულარული ნაბიჯები, რათა ძალაუფლების მიმოფანტულ სადავეებს მოუყაროს თავი. იგი დაუნდობლად ებრძვის კრიმინალურ, ქურდულ სამყაროს, კორუფციას, ასლან აბაშიძის ავტორიტარულ რეჟიმს, შეიარაღებულ დაჯგუფებებს. ამ პროცესში ის თითქოს დისტანცირდება საპატრიარქოსგანაც. მას არც პოლიტიკური და არც იდეოლოგიური ძალაუფლების ვინმესთვის გაყოფა აღარ სურს. ხელისუფლება რელიგიის თავისუფლების დამკვიდრებაზე იწყებს ზრუნვას, თუმცა საპატრიარქოს არაფორმალური ლეგიტიმაციის ფუნქციას ისევ უტოვებს. სწორედ ამ დროს, 2004 წელს, უფრო ფართოდ იხსნება სივრცე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე", „რუსთავზე", „იმედზე", ტელეკომპანია „202"-ზე რელიგიის კრიტიკისთვის. მზადდება რამდენიმე ტოკ-შოუ, სადაც საკმაოდ მწვავე დისკუსიები იმართება სემინარიისა და აკადემიის 24 სტუდენტის საპროტესტო მოძრაობის თაობაზე. მაგრამ როგორც კი თემა პოლიტიკურ ელფერს იძენს, როგორც კი უკლებლივ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, ხელისუფლებას პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს, პრეზიდენტის საჯარო მითითებით მედია დისკუსიები წყდება, ანუ ქვეყნის მეთაური ტაბუახსნილი რელიგიის მხრიდან პოლიტიკურ საფრთხეს გრძნობს. ამან შედეგად მხოლოდ ის გამოიღო, რომ ეროვნული „საკრალური" ციხე-კოშკის მშენებლობა გაგრძელდა. 2005 - 2010 წლებში საპატრიარქოს იდეოლოგიამ უმნიშვნელო გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, მოიცვა მთელი საჯარო სივრცე, თავის ერთიან „კარგ" ენაზე აამეტყველა პოლიტიკოსები, მედია, კულტურა, ბიზნესი, ინტელიგენცია. მიუხედავად იმისა, რომ დავით პაიჭაძესთან დიალოგი ხაზგასმით „აკადემიური" და მაქსიმალურად კორექტული იყო. ამ გადაცემამ, წამყვანმა და მისმა სტუმრებმა ვცადეთ ამ ციხე-კოშკის შიგნით შეგვეხედა, ვცადეთ იმის თქმა, რომ მის მიღმა ეპიკური ღმერთები და გმირები კი არა, ჩვეულებრივი ხალხი ფუსფუსებს. ჩვეულებრივი ადამიანები კი ზოგჯერ ცდებიან. ვცადეთ იმის ჩვენება, რომ „წმიდათა წმიდას" მეორე მხარეს ძლაუფლება, გავლენა, ბატონობა, მატერიალური სიმდიდრე ისევეა მნიშვნელოვანი, როგორც აქეთ, ჩვენთან, პროფანულ სივრცეში. ვცადეთ იმის შეხსენება, რომ საზოგადოებას ამ კოშკიდან გადმოფრქვეული საკმევლის სუნი ოპიუმივით შეიძლება აბრუებდეს და ტოტალურად იმონებდეს საღვთო სასჯელის შიშით, იმის შიშით, რომ თუ ხმას ამოიღებ, „ღმერთი დაგეჯახება და დაგამსხვრევს ან დაგეცემა და გაგჭყლიტავს." ამ გადაცემამ, გიგა ზედანიას თქმისა არ იყოს, ახლა უკვე რელიგია, როგორც ნაციონალური ყოფის ბედისწერა, დააყენა საფრთხის წინაშე. სხვას არაფერს უნდა ნიშნავდეს მასზე პატრიარქის მძაფრი რეაქცია. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საბჭოეთიდან გამოსულმა, ერთ ენაზე მეტყველმა ჩვენმა საზოგადოებამ, სამოთხეში დასაბრუნებლად ალიზი გამოწვა და გოდოლის მშენებლობას შეუდგა. ის გზადაგზა უფრო და უფრო მოჯადოვდა ამ თვითნაკეთი კონსტრუქციით, მაგრამ საბოლოოდ ღმერთი კი არა, უკვე თავად ეს აგურის ციხე-კოშკი გახდა მისი თაყვანისცემის საგანი. ბიბლია მოგვითხრობს, რომ ღმერთმა ბაბილონის მშრომელთა ერთფეროვან მასას, ტოტალური ნარცისიზმისგან გადასარჩენად, ერთიანი საკომუნიკაციო, ანუ მედია სივრცე, საერთო ენა მოუსპო და ამ სულელური წამოწყების დასავიწყებლად იდეოლოგიური, ენობრივი, რელიგიური პლურალიზმი გარდამოუვლინა წყალობის ნიშნად. პიროვნებებად აქცია ადამიანები. ასე რომ, მგონი, „დიალოგი დავით პაიჭაძესთან" ღვთის ამგვარ პატარა წყალობადაც შეგვიძლია, ჩავთვალოთ.
2010.
რობინზონ კრუზოს, ალბათ, ჰქონდა მიზეზი, რომ წლების დასათვლელად თოკი ეკვანძა, ან ხეზე ნაჭდევები დაესვა. ყოველ შემთხვევაში, ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ადამიანებში არაფერი შეცვლილა: ყოველი ამ ნაჭდევის წინ ადამიანი რიტუალურად ჩერდება, მომდევნო კვანძის იქით ახალი ტენდენციების გამოჩენას ელის. პატივი ვცეთ ამ პატარა სისუსტეს, ჯერ უკან მოვიხედოთ და მერე ეგებ, წინ გახედვაც მოგვინდეს.
წელიწადის პირველივე დღეებში კარი ახალგაზრდა ლჰასამ მიიხურა, გარდაიცვალა მშვიდი მჭვრეტელი ერიკ რომერი, მეორე დღეს კი ჰაიტიში მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი შეიწირა. რუსეთის პატრიარქს ეს "ღმერთის ქმედება" კანონზმიერ სასჯელად მოეჩვენა. ეს სამი ამბავი, ერთმანეთზე დადებული, რაღაც ნიშანივით იყო: კატაკლიზმებმა გადაფარეს სიმშვიდის სული და სილამაზე, რომელიც ადამიანს ყველა ვითარებაში სჭირდება. წლის განმსაზღვრელ შტრიხად კი რეტროგრადულ თუ საშიშ რელიგიურ გამოვლინებებთან წინააღმდეგობის მცდელობები იქცა, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოსთან ერთად, ამ ტენდენციას ვერც ჩვენ ავცდით. წელს კოსმოსიც აქტიურად მონაწილეობდა ჩვენს ცხოვრებაში. კიდევ ერთი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც მარტში ჩილეში მოხდა, საინფორმაციო წყაროებმა გვამცნეს, რომ დედამიწის ღერძი საითკენღაც დაიხარა, რომ დღე წამის რაღაც ძნელად დასახსომებელი წილით აჩქარდა, და ზოგიერთებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, იგრძნეს, რა დამთრგუნველად დაგრძელდა ღამე და როგორ დაიწყო "გარდაუვალი" დასრიალება იმისკენ, რასაც ფილმი "2012" გვპირდება. წლის დასაწყისშივე მოხდა რაღაცნაირი მზის დაბნელება, რომლისმაგვარი სამი ათას წელიწადში ერთხელ ხდება, ზაფხულში, მგონი აგვისტოში, პლანეტები ერთ მწრიკვად დალაგდნენ, ანუ აღლუმზე გამოვიდნენ, მერე კი ასტრონომებმა ახალი პლანეტა იპოვეს, რომლამდეც ადამიანმა 1200 წელიწადი უნდა იფრინოს, მაგრამ თუ მიაღწია, აუცილებლად გადარჩება, იმიტომ რომ პლანეტა ადამიანის საცხოვრებლად გამოდგება და შთამომავლობასაც გადაარჩენს. ისლანდიური ვულკანის - ეიიაფიატლაიოკულის - ამოფრქვევას აპრილში, მექსიკის ყურეში ეკოკატასტროფა მოჰყვა. ნავთობის ჩაღვრის გამო წყლებში მობინადრე ყოველი მეათე სულიერი არსება დაიღუპა. სპაიკ ლიმ ამ ამბავს განმაქიქებელი ფილმი უძღვნა, ბრედ პიტმა კი ასეთი "შეცდომებისთვის" სიკვდილით დასჯა მოითხოვა. მარტი ჩემთვის უკვე კავკასიური პრობლემების თვე იყო, მგონი, ცხრამეტ რიცხვში მოეწყო თბილისის პირველი კავკასიური კონფერენცია. საიდანაც სასიამოვნო შთაბეჭდილებები დამრჩა და ზოგიერთ მონაწილესთან ინტერნეტ-ურთიერთობაც განვაგრძე. მარტის ბოლოს მოსკოვის მეტროში ტერაქტების შემდეგ ამ ურთიერთობაში რაღაც ძნელად აღსაწერი დაძაბულობის სიმი გაიჭიმა. ისე, წელიწადიც ასე დაიწყო, ტერაქტით: პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სტადიონზე აიფეთქა და ფრენბურთის საყურებლად მოსული 105 ადამიანი მოკლა. ნიუ-იორკში, "გრაუნდ ზეროს" სიახლოვეს, ისლამური ცენტრის მშენებლობის იდეამ ამერიკა ორ ბანაკად დაჰყო. იდეის ზოგი მოწინააღმდეგე იქამდე მივიდა, რომ მუჰამედი პედოფილად და მკვლელად გამოაცხადა, "ყურანი" კი სატანურ წიგნად, რომელიც უნდა დამწვარიყო. წელს პირველად შევხვდი გოგონას, რომელმაც სახელი დაკარგა. ის რუსი მხატვარია. წლების წინ საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, იქ ისლამი მიიღო და მასთან ახალი სახელი ერგო. დაბნეულ სულთა ისლამით დაინტერესება ახალი ტენდენცია მგონია, რომელიც ევროპაში გრძელდება. "თავისუფალი სამყაროს შვილები" ისლამს ირჩევენ, რაციონალისტურ ევროპაში ადამიანები მეტაფიზიკის თუ არა, "ძლიერი მფარველის" მოთხოვნილებას გრძნობენ. ევროპის სურათი წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა, როცა აპრილში, სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი დაიღუპა, რომელშიც, მის გარდა, პოლიტიკური ელიტა იჯდა. ამ ამბებსაც რუსული ეჭვი გასდევდა, განსაკუთრებით, ყირგიზეთის ამბების შემდეგ. ჩვენთან ბევრს გული დაწყდა, რომ პოლონელებმა რუსებს გულწრფელი თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადეს. ერთი სიტყვით, აპრილი - ზბიგნევ პრეისნერის "ლაკრიმოზას" თვე იყო, პოლონეთის მიერ განცდილი ელდის და ტრაგედიის გაზიარების თვე. წელსვე გარდაიცვალა სელინჯერი და იმედი დაგვიტოვა, რომ თუ 50 წელიწადს კიდევ ვიცოცხლებთ, მის დარჩენილ ნაწერებსაც ვიხილავთ. ნოემბრის დასაწყისში წავიდა ადამიანი, რომლის გამოც მთარგმნელის პროფესია ბაშვობიდან ყველაზე საპატიო და "მყუდრო" მეჩვენებოდა, და ეს იმ იშვიათ დამოკიდებულებათაგანია, რომელიც ჯერ არ შემცვლია. ასაკში, როცა დალაი ლამა ცხოველი მეგონა, რომელიც ტიბეტის მთებში ბალახს ძოვს და ცუდ ხალხს ემალება, ვიცოდი, რომ არის კაცი, რომელსაც ტელევიზორში ვერასდროს ნახავ, ადამიანი, ვინც პროტესტის ნიშნად მოსკოვში არ დადიოდა. ჩემს ცხოვრებაში ეს იყო შეურიგებლობის პირველი ამბავი. თამაზ ჩხენკელი ერეკლე ტატიშვილთან, გერონტი ქიქოძესთან და რამდენიმე სხვა მოაზროვნე, კულტურული პოზიციის მქონე მთარგმნელთან ერთად, იმ სფეროს ნამდვილი პატრონი იყო, სადაც ენა და აზროვნება ერთმანეთს კვეთს. წელს, შემოდგომაზე, ბუკინისტებთან დაკავშირებული დისკუსიების დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ, და ზოგადად, წიგნის სფეროს ასეთი პატრონები თითქმის აღარ ჰყავს, საგამომცემლო სფერო მოხერხებული ბიზნესმენების პლეადას უკავია ხელში, მათი "კულტურტრეგერობა" მხოლოდ მათი საქმიანი იმიჯის ნაწილია, ნამდვილი კულტურისათვის კი - ჩვეულებრივი შარლატანობა. წელს ჩემთვის პირველად გამოიკვეთა ქართული მემარცხენე ძალები და ჩემდა სამწუხაროდ, მივხვდი, რომ ამ ადამიანებისგან ტყუილად ველოდი სოციალური სოლიდარობის ისეთსავე მაგალითს, როგორსაც ადრინდელი ქართველი ხალხოსნებისგან. გაირკვა, რომ ეს ხალხი უფრო ზოგადი თეორიებითაა დაკავებული. და როცა ერთი თვის წინ დაუცველმა, სასოწარკვეთილმა ადამიანმა, დევნილმა, თავი ყველაზე სასტიკი ხერხით მოიკლა, კონკრეტულ ტრაგედიამდე არც არავინ ჩამოქვეითებულა. ჩემთვის ესეც ქართული შარლატანობის ერთი გამოვლინება იყო, დაახლოებით ისეთივე, როგორიც თანამედროვე ლიტერატურული პროვოკაციებია მხოლოდ ქართული ეკლესიის შესაჩიჩხინებლად შექმნილი (რომლის წარმომადგენლები წელს უფრო ხშირად ისეთივე გაღიზიანებულები, აგრესიულები და აქტიურები იყვნენ, როგორიც წლევანდელი ბზიკები ივლის-აგვისტოში). ერთი სიტყვით, დეკემბრისთვის მგონი, ბევრი დაგვიგროვდა საერთო სიტუაციით გაბეზრება და დაღლილობა. ამ დროისთვის მობეზრებული მქონდა კავკასიური კონფერენციების მთელი წყება, სადაც ჯურღმულებში ჩარჩენილი ადამიანების წამებაზე მეტად რაღაც კულტურულ, ეთნოგრაფიულ და გეოსტრატეგიულ ერთიანობაზე ლაპარაკობდნენ. ის ადამიანები, როგორც ჩანს, უკვე ყველამ ჩამოწერა. მომბეზრდა ფეისბუკზე, ჩემს კედელზე ათასნაირ "ლეზგინკაზე" რეაგირებაც და უსაგნო და უნაყოფო საქმეებზე ერთმანეთისთვის ტაშის კვრაც. წლის ბოლოს თბილისის კინოფესტივალის რამდენიმე ფილმი ძალიან მომიხდა და გუნება-განწყობის კორექტირებაში დამეხმარა, განსაკუთრებით, "ჩემი ბებია". სულ ბოლოს ვნახე დიმა მამულიას რუსული ფილმი "სხვა ზეცა". ფილმი, რომელიც მე ძალიან მომეწონა. წლის ბოლოს მოსკოვის არეულობების დროს დაახლოებით ისეთი შუააზიელი მოკლეს, როგორიც ეს მოწურული, არაადამიანურ ქალაქში, თავისი სიყვარულის საძებნელად ჩასული კაცი მამულიას ფილმში. როცა წელს რამდენჯერმე რუსეთზე, მოსკოვზე დავწერე, სულ მინდოდა სადმე მეთქვა, როგორ მიყვარდა ერთ დროს ეს ქალაქი. მაგრამ ამისი მრცხვენოდა, და თან ჩემი სირცხვილისაც მეთაკილებოდა. სწორედ, ამ დღეებში ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგზე მოსკოვში გატარებული დღეებისადმი მიძღვნილი წერილი წავიკითხე და მივხვდი, რომ ნამდვილი ძალა მაინც გონიერებაში და დისტანცირებაშია - მშვიდ და გაწონასწორებულ ჭვრეტაში, რომლის არეალშიც აუცილებლად მოხვდება ყველაფერი, რაც კულტურული ადამიანის აღფრთოვანების ღირსია. წლის ბოლოს კი, ფეისბუკზე მოვძებნე და ჩემი ინიციატივით პირველად დავუმეგობრდი რუს ადამიანს, პეტერბურგელ მხატვარს და პერფორმერს ვლად მამიშევ-მონროს. მამიშევი ისეთი გიჟია, ისეთი "ფერადი", რომ საკუთარ ქვეყანაში, წესით, დიდი ხანია, ის მუშტი უნდა მოხვედროდა, რომლის ტრიალიც სულ ცოტა ხნის წინ მოსკოვის მოედნებზე ვნახეთ. მაგრამ მეტისმეტად "კოსტიუმირებულია", სინამდვილეს არ ჰგავს და ჩამოუყალიბებელი ტვინები მის გამოჩენაზე რეაგირებას ვერ ასწრებენ. საპასუხო წერილში მომწერა, რომ ახალ წლამდე კუნძულ ბალიზე მიემგაზვრება და მაისამდე იქ იქნება; ჩამოდით, ეს კუნძული ნამდვილად ყველასია და იქ თავს ყველა ისე გრძნობს, როგორც სამოთხეშიო. ინტერნეტში რა სისულელეს აღარ წააწყდები და 2010 წელი ერთგან ფოსოფორისებრი ლოკოკინის წელიწადად იყო მოხსენიებული. ბუნდოვნად მახსოვს, მანდელშტამს უწერია, რომ ლოკოკინა ადამიანის ევოლუციის რომელიღაც ეტაპის განსახიერებაა. პირველად იყო თვალი, - ამბობს მანდელშტამი; როცა წყლიდან პირველად ამოვიდა, ლოკოკინის მთელი სხეული, საცეცებიც - რითაც გარემოს აღიქვამს, თვალის ფუნქციას ასრულებდა. როცა სიტყვები გღლიან, თვალად ქცევა კარგი გამოსავალია. მეეჭვება, რომ გაისად ბალიზე წავიდე. თუმცა ამ რუს "ფრიკში", რომელიც ყველას და ყველაფერს აშარჟებს მე სილამაზის და სრულყოფილების აბსოლუტურ წყურვილს ვხედავ, რომელიც არც მის ქვეყანაშია და არც ჩემთან. ძალიან მომინდა, რომ გაისად სამოთხისებრი ბალის წელიწადი იყოს. რომელიც ყველასია და ისეთი ლამაზია, რომ ყველა "მრიცხველის" მუშაობას აჩერებს და თვალებად გაქცევს. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
სტუმარი, მარტი 24, 2011, 10:37:25
vin aris avtori rom davasilaqo.veli pasuxsa da misamarts.
დატოვე კომენტარი