|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
წლის ადამიანებისაქართველოში მემარჯვენეობა და მემარცხენეობა, უბრალოდ, არ ფუნქციონირებს, თუმცა ამ თემებზე დისკუსიები და პოლემიკა უწყვეტია და აქტუალური. საინტერესოა, სინამდვილეში რა ფუნქციონირებს? ბოლო წლებმა და არა მარტო ბოლო წლებმა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ბოლო ორმა საუკუნემ საქართველოში გვაჩვენა, რომ "აქ და ამჟამად" ყველაზე ფუნქციური და ქმედითი ადამიანური უნარი, რომელიც პოლიტიკურად, სოციალურად და, სხვათა შორის, ეკონომიკურადაც ფასდება, კონფორმიზმია. კონფორმიზმი ყველგან და ყველაფერში. ტოტალური კონფორმიზმი. საქართველოში მისი ფეხის ხმა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის, ამ ხმას მრავალმა აუწყო ნაბიჯი უნისონში. ერთი შეხედვით, თითქოს გასაგებიცაა, რომ ადამიანებს ჩვენს ეპოქაში უკიდურესად უჭირთ მარტო დარჩენა. ჩვენთვის ბევრად იოლია, კორპორატიული, რელიგიური, სახელისუფლებო და პარტიული კონიუნქტურის დათბილულ ფრთებქვეშ ყოფნა. როდესაც რომელიმე სოციალური ჯგუფი გიცავს, როცა რომელიმე გაერთიანებას ანდობ საკუთარ თავს, ჩნდება ილუზია, რომ უფრო დაცული ხარ. 1989 წლის მონაცემებით, საქართველოში 400 000 ათასზე მეტი წევრი ჰყავდა კომუნისტურ პარტიას, ეს კი იმ პირობებში, როდესაც პარტიაში გაწევრიანება ყველა მსურველს როდი შეეძლო, კომუნისტური პარტია აქტივისტობასა და მნიშვნელოვან ძალისხმევას ითხოვდა კანდიდატებისგან. ზემოთ ხსენებულსაც თუ გავითვალისწინებთ, მაშინდელი მონაცემებით, 5 000 000-იან ქვეყანაში 400 000 პარტიული, დამეთანხმებით, შთამბეჭდავი ციფრია. ხსენებული რეალობა სულ რაღაც 20 წლის წინანდელია და როდესაც ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო პასუხისმგებლობების სიმწირეზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, თუ როგორი იყო ჩვენი უახლესი წარსული. მართლაც ბევრი რამ შეიცვალა ამ 20 წლის განმავლობაში, თავბრუდამხვევად ბევრი, მაგრამ ის, რაც მარადიულია, ის, რაც უნუგეშოდ გამძლე და წარუვალი აღმოჩნდა ხსენებული ისტორიის სახეცვლილებებში, ეს ისევ და ისევ უკვდავი კონფორმიზმია, იგი ყველაფერს მოერგო, ყოველგვარ პოლიტიკურ კლიმატს, საბჭოთა გარდაქმნისა და «გლასნოსტის» დისკურსიდან მოყოლებული, თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიული ლექსიკოგრაფიით აღჭურვილი და მოჭიკჭიკე ინტელექტუალების ჩათვლით. მან უამრავჯერ იცვალა სახე, გამოიარა „მხედრიონი", მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა, და რაც მთავარია _ მას წინ კიდევ ბევრი აქვს. კონფორმიზმი, როგორც უკვე ჩამოყალიბებული ნაციონალური უნარი და ხასიათი, ნაკლებად გვაკვირვებს. მისი საყოველთაოობისა და პანდემიურობის ფონზე, გასაკვირი სწორედ ისაა, რომ მიუხედავად საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი პასიურობისა, არიან ადამიანები, რომელთა ნაკრებიც არ არის ლეგიონი, მაგრამ ისინი ყოველგვარი კონიუნქტურისა და ინდოქტრინაციის გარეშე ახერხებენ, სოციალურ სივრცეში შინაგანი თავისუფლების, ინდივიდუალობისა და პროფესიული განვითარების ჰარმონიზაციას. ადამიანები, რომელნიც თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ სამყაროს, ყოველგვარი ფობიებისა და შიშების გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა სტიგმის ქვეშ მოაქცევს მათ თანამედროვე კონიუნქტურა. აი, ეს ხედვა და სულისკვეთება ედო საფუძვლად ჩვენს სურვილს, გაგვეხსენებინა გასული წელი და წარმოგვედგინა ჩვენი მკითხველისთვის წლის ადამიანები. რატი ამაღლობელი
სიმონ ჯანაშია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დამაარსებელი და ყოფილი ხელმძღვანელი წლის განმავლობაში ბეჭდურ თუ ონლაინ გამოცემებში არაერთი კრიტიკული წერილით გამოეხმაურა განათლების რეფორმის საკითხებს. ხმაურიანი მანდატურის ინსტიტუტი, წიგნების გრიფირება, მეთორმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები და, ზოგადად, სკოლაში ბავშვის აღზრდის მეთოდები ხშირად ხდებოდა მისი მსჯელობის საგანი. საკითხის შეფასებისას კი წარმატებით მიმართავდა როგორც განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილებიდან მოტანილ ფაქტებს, ისე - მხატვრულ ლიტერატურას თუ შედარებებს. განათლების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის კი, მისი კომპეტენციის გამო, თითქმის უცვლელ რესპონდენტად იქცა. საბა და ბექა ცერცვაძეები
სამართლიანი პროტესტისთვის 173-ე სკოლის მოსწავლეები, ძმები საბა და ბექა ცერცვაძეები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც სკოლაში განათლების მინისტრის ვიზიტისას უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატეს. ძმები მედიასთან ინტერვიუში ამბობდნენ, რომ მათ სკოლაში დირექტორად ყოფილი მანდატურის დანიშვნის შემდეგ, მოულოდნელად დაიწყო მასწავლებლების გათავისუფლების პროცესი, რის გამოც სკოლაში წასვლა აღარ უხაროდათ. ხოლო მინისტრის განცხადებას, რომ სკოლის თანამშრომლები ბუფეტის მოუწესრიგებლობის და გათბობის ჩაურთველობის გამო გათავისუფლდნენ, უსაფუძვლო ბრალდება უწოდეს. შოთა გაგარინი, ალექს ჩიღვინაძე(ირაკლი კაკაბაძე)
სამოქალაქო აქტივიზმისთვის 14 აგვისტოს სამმა პოეტმა, ბუშის ქუჩის სახელწოდება გააპროტესტა და ქუჩისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევა მოითხოვა. აქციის მონაწილეები უიტმენის და სხვა პოეტების ლექსების კითხვისას პოლიციამ დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულს „პოლიციისათვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევის" მუხლით, 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, რომელიც აქციაზე პოლიციისადმი წინააღმდეგობას არ ადასტურებდა, მოსამართლემ მტკიცებულების ნახვა არ ისურვა. მწერალთა მსოფლიო გაერთიანება "საერთაშორისო პენ-კლუბის" სახელით საქართველოს პრეზიდენტმა და გენერალურმა პროკურორმა ამ ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო წერილებიც მიიღეს. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი