წიგნები

ფალავანთფალავანი გივი კარტოზია

იდეის ავტორები: გურამ ბექაია, ჯიმი ხეცურიანი

პროექტის ავტორი: მანანა კარტოზია

გამომცემლობა "ისინდი" 2006 წ.

ქართველი ფალავანი და პირველი საბჭოთა ათლეტი, რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, სამი წლის შემდეგ კი - ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელიც. ეს გივი კარტოზიაა, ახლად შედგენილი კრებულის მთავარი გმირი. ფალავანთფალავანს ვინ აღარ იხსენებს: ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ საღარაძე, მერაბ ბერძენიშვილი, ზურაბ ლეჟავა, გიზო ნიშნიანიძე, ზურაბ ქაფიანიძე, გიგა ლორთქიფანიძე და სხვები. მოგონებები იმდენი ცოცხალი დეტალებითაა სავსე, რომ თითქოს მხატვრული ტექსტივით იკითხება. მწერალი ნუგზარ შატაიძე წინათქმაში ამბობს კიდეც, რომ წიგნში თითქმის ყველა ის ლეგენდაა გაცოცხლებული, რომლებიც კარტოზიაზე მთელ საქართველოში დადიოდა: თუ როგორ ხტებოდა ის მუხრანის რკინის ხიდის თაღიდან მტკვარში, როგორ მიცოცავდა ტანვარჯიშის ბაგირზე ფეხებზე მობმული ორფუთიანი გირებით, როგორ აჩუქა სრულიად უცნობ ბერიკაცს 1500 მანეთი... მოკლედ, ეს ძალიან მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის წიგნია, რომელიც გივი კარტოზიას შესახებ პირად მოგონებებს უყრის თავს, მკითხველის ფართო აუდიტორიისთვის კი საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს.

 

"პატრიარქის შემოდგომა"

გაბრიელ გარსია მარკესი

გამომცემლობა "სიესტა" 2006 წ.

და კიდევ ერთხელ მარკესი. სიცხით ადუღებული კოლუმბია და ტირანი მმართველი, სიურეალისტურად დახატული პოლიტიკა და თითქმის უდიალოგო ტექსტი. გრძელი წინადადებების უწყვეტი ნაკადი, რომელიც პირდაპირ გენერლის გონებიდან მოედინება, დიქტატორის, ხალხის, ქალის გონებაში გადადის და მერე ისევ უკან ბრუნდება. არაჩვეულებრივად გამოკვეთილი პერსონაჟები, სიურეალისტური იმიჯები და სიტუაციები. მოკლედ, ეს მარკესის სამყაროა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უკვე ზეპირად იცნობთ. მე, პირადად, მაინც გადავხედავ "პატრიარქის შემოდგომის" ქართულ ვერსიას ელზა ახვლედიანის თარგმანით, კიდევ ერთხელ ვისიამოვნებ მარკესის ენით და კიდევ ეთხელ დავესწრები პატრიარქის შემოდგომას. თქვენც გირჩევთ.

 

კარლო კაჭარავა

ორტომეული

გამომცემელი: ოთარ ყარალაშვილი 2006 წ.

კვადრატის ფორმის წიგნი წითელია და მთლიანად კარლო კაჭარავას ნახატითაა გაფორმებული. ფერი და გამოსახულება თვალს ისე ჭრის, ავტორის სახელი და გვარი ყურმოკრულიც რომ არ გქონდეს, წიგნს აუცილებლად აიღებ და შეათვალიერებ. გადაშლი და ერთში კაჭარავას ლექსები დაგხვდება, მეორეში - სტატიები. წიგნის რედაქტორი სამსონ ლეჟავა კი დაგარწმუნებს, რომ ორივე ტომი უნდა წაიკითხო, თუ ხელოვნება გიყვარს და გაინტერესებს. "პოპ-არტი, როგორც გამოცდილება", "რობერტ რაუშენბერგი", "ქართული ავანგარდის ისტორიისთვის", "მამუკა ცეცხლაძე ამერიკის საელჩოში", "ჩაკეტილი მხატვრები"... - ეს და დანარჩენი სათაურები იმდენ საინტერესო ინფორმაციას და შეხედულებას იტევენ, რომ წიგნის დახურვის შემდეგ, თავს ორმაგად განათლებულად იგრძნობთ. მერე კი იქნებ სულიერი საზრდოს მიღებაც მოგინდეთ და ამისთვის პოეზიის წიგნიც გადაშალოთ...

ეს ორტომეული მაღაზიებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და თუ ჯერ არ შეგინიშნავთ, გირჩევთ წაიკითხოთ!

"ცხოველების ფერმა"

ჯორჯ ორუელი

გამომცემლობა "სიესტა", 2006 წ.

როცა წიგნს გადაშლი და ამ თხელი რომანის სათაურს წაიკითხავ, ქვეშ ნახავ წარწერას - "ჯადოსნური ამბავი". ეს მართლაც ჯადოსნური ამბავია, შეიძლება ითქვას, ზღაპრულიც, აბა, სად გინახავთ - ცხოველთა ფერმაში ჩამოყალიბებული რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ღორების საბჭო და ერთი გამორჩეული ღორი უდგას? ერთი შეხედვით, ეს არის კიდეც საბავშვო ისტორია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. იწყებ კითხვას და პირველივე გვერდიდან ხვდები, რომ საქმე გაქვს სატირასთან და ალეგორიასთან, თანაც ძალიან მარტივ და სადა ალეგორიასთან. ჯორჯ ორუელი ხომ ასეთების დიდოსტატია.

"ცხოველების ფერმა" 1946 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოებია, მაგრამ ქართულად ახლაღა ითარგმნა. ასე რომ, "სიესტას" მიერ დასტამბული ტექსტი, რომელიც დავით აკრიანმა გააქართულა, პირველი გამოცემა გახლავთ. აკრიანის თარგმანი კი იმდენად კარგია, რომ წიგნი თავს თავიდან მათაც წააკითხებს, ვისაც მანამდეც შეუხედავს მანორის ფერმაში (თუ, რა თქმა უნდა, ის ორუელის მკითხველი ბრძანდება).

"ცხოველების ფერმას" ყოველთვის ჰქონდა თავისი კონტექსტიც და ქვეტექსტიც, რომელსაც ლაკონურად ასე აყალიბებდნენ ხოლმე: წაიკითხეთ "ცხოველების ფერმა" და ნახეთ, რა შეიძლება მოიტანოს უკუღმაწასულმა რევოლუციამ. ამგვარი ქვეტექსტი უფრო ზოგადია, რადგან ორუელმა ის ერთ კონკრეტულ რევოლუციას - 1917 წლის რევოლუციას მიუძღვნა, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა და თითქმის ისეთივე აბსურდული და კომიკური ცნებები დაამკვიდრა, როგორებიც ცხოველებმა შემოიღეს მას შემდეგ, რაც ფერმის მეპატრონე მისტერ ჯოუნზი გააძევეს, ზურგსუკან მიუჯახუნეს ხუთძელიანი ჭიშკარი და ფერმის ტერიტორიაზე მარტონი დარჩნენ - ადამიანის ძის ჭაჭანება აღარსად დატოვეს. მათ შემოიღეს შვიდი მცნება:

ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.

ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.

არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.

არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში.

არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს.

არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს.

ყველა ცხოველი თანასწორია.

თუმცა, ეს უკვე წიგნის 21-ე გვერდია. ალეგორიები და ირონია კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, თავიდანვე უხვადაა. მოხუცი, პრემიამინიჭებული თეთრი ღორი - მეიჯორი სიმბოლურ სიზმარს ნახავს - ვითომ ფერმაში ხდება აჯანყება და ადამიანთა ტირანია ინგრევა. ცხოველები კი თანასწორად და ძმურად იწყებენ ცხოვრებას. მეიჯორს სიზმარში ჩაესმის გათავისუფლებული ცხოველების ჰიმნიც კი! შემდეგ წინასწარმეტყველი ღორი კვდება, მთელი დანარჩენი წიგნი კი მისი სიზმრის ახდენაა და სხვა არაფერი. თავიდანვე ჩნდება კიდევ რამდენიმე სახასიათო პერსონაჟი: შინაური ყორანი მოსე, რომელიც ადამიანთა მოდგმის, ანუ ფერმის მეპატრონის ჯაშუშია და ცხოველებს ტყუილებით ბერავს: რომ არსებობს ცხოველთა იმქვეყნიური განსასვენებელი "შაქარყინულის მთა". იქ ყველა დღე კვირაა, სამყურა მთელი წლის განმავლობაში ყვავის, ხოლო ნატეხი შაქარი პირდაპირ გალავნებზე ხარობს. იქვეა ფაშატი "მოლიც", რომელიც გიჟდება ბაფთებზე და სხვა ადამიანურ მოსართავებზე და გულის სიღრმეში არაფრით არ ესმის, რა საჭიროა რევოლუცია. ამიტომაც არის, რომ შემდეგ ის გათავისუფლებული ცხოველების რესპუბლიკიდან გაიქცევა და თავისი ნებით შეებმება უღელში - თავისუფლებას ლამაზ-ლამაზ ბაფთებზე გაცვლის.

განხორციელებულ რევოლუციას კი, როგორც ხდება ხოლმე, თავიდან დიდი სიკეთეები მოაქვს. ცხოველები საკუთარი ნებით მუხლჩაუხრელად შრომობენ. იცავენ თანასწორობის პრინციპებს და არც შვიდ მცნებას არღვევენ. მაგრამ გადის დრო და თანდათან რევოლუციის მიერ მოტანილი მოჩვენებითი იდილია ირღვევა, ღორები - რომელთა ერთმა ღირსეულმა წარმომადგენელმაც აჯანყების მოხდენა იწინასწარმეტყველა, დანარჩენებმა კი ახლად შექმნილი რესპუბლიკის ინტელექტად დასახეს თავი, თანდათან გაბატონებულ ფენად ყალიბდებიან. შესაბამისად, თანდათანვე ირღვევა და იცვლება შვიდი მცნება. ემატება სიტყვები და იცვლის აზრს დაახლოებით ასე: არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს უმიზეზოდ. არცერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს ზეწრიან საწოლში...

ბოლოს მოძმე ცხოველებით სავსე რესპუბლიკა ახალი ტიპის ტირანიად გადაიქცევა. გაიცემა სპეციალური განკარგულება და აიკრძალება რევოლუციის ჰიმნის შესრულებაც. მიზეზი მარტივია - ერთი რევოლუცია უკვე მოხდა, ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, რაღა საჭიროა... სულ ბოლოს, ცხოველები ადამიანებთან გარიგებების დადებასაც კი იწყებენ. სიტუაცია თანდათან იძაბება და ბოლოს შესანიშნავ ფინალამდე მიდის. ფინალური სცენა და ბოლო წინადადება კი იმდენად შთამბეჭდავია, რომ აქ არ აგიწერთ. თუ წიგნით დაინტერესდით, ჯობს თვითონ წაიკითხოთ.

"ცხოველების ფერმა" თავსატეხს ჰგავს. ამდენი ალეგორია, სიმბოლო, შეცვლილი მნიშვნელობა და ქვეტექსტი კი თავსატეხის ამოხსნის და თითოეული სიტყვის გაშიფვრის ხასიათზე გაყენებთ. ასე რომ, თამამად იმოქმედეთ. ორუელის მიერ კომუნისტურ რევოლუციაზე მორგებული ცხოველების რევოლუცია მოარგეთ ნებისმიერ იმ რევოლუციას, რომელიც პირადად თქვენ გაწუხებთ ანდა გახსენდებათ, და შეაღეთ მანორის ფერმის კარი, სადაც ძალიან მალე ცხოველები ბებერ ფერმერს, მისტერ ჯოუნზს გააძევებენ და საკუთარ რესპუბლიკას დაამყარებენ.

მე კი აქვე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ენამოსწრებული შეფასებით, "ცხოველთა ფერმა" ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვის" შემდეგ, საუკეთესო სქელტანიანი ნოველაა.

 

@