ჩემი საყვარელი პოეტი

ივლისი 19, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

   

mayakovsky vs bendu

                                                                        ცეკვა

დიდი და საშიში ვლადიმირ მაიაკოვსკი მოულოდნელად დაუსხლტება ვერონიკა პოლონსკაიას  და იწყებს მაზურკის ცეკვას.  ეს მისი ბოლო ცეკვაა, მსუბუქი და კომიკური. ის ცეკვავს შუა ქუჩაში.  ფეხები მოხაზავენ სხეულის იმ მდგომარეობას, რომელშიც შემდეგ  მისი  სიკვდილი დაფიქსირდება. მაიაკოვსკი ცეკვავს შუა ქუჩაში საკუთარ გვამზე -  ცოტა ხანში  ერთი ჩეკისტის ნაჩუქარი ბრაუნინგით მკერდს გაიხვრეტს.  

ხშირად წარმოვიდგენ მოცეკვავე მაიაკოვსკის, ქუთაისში, პირველ სკოლასთან. იქ დგას პატარა მაიაკოვსკის  ძეგლი. ის ჩამოდის პედესტალიდან,  წავა მარცხნივ და  დ.კაკაბაძის გალერეის წინ იწყებს ცეკვას. მანქანები ჩერდებიან. მძღოლები ბუზღუნებენ. იგინებიან. იღიმიან. გალერეის უკანა ეზოში მდგარი დიდი მაიაკოვსკი უერთდება პატარას. ახლა ისინი ორნი არიან, ცეკვავს ორი მაიაკოვსკი.  „მირზაანიდან“ იმზირებიან გაკვირვებული თვალები, ქონიანი ტუჩები მინებს თხუპნიან.  „თქვენ თუ შეძლებდით?“ - უყვირიან მაიაკოვსკები ადამიანებს...

                                                            

galereis ezo

           Правда

რამდენიმე წლის წინ, დ.კაკაბაძის გალერეის  ეზოში მაიაკოვსკისადმი მიძღვნილი პერფორმანსი მოვაწყვეთ. გამოვფინეთ სააგიტაციო პლაკატები, წავიკითხეთ მისი ლექსები. ეზოში შემოსულ სტუმრებს ეგებებოდა წითელარმიელის ფორმაში გამოწყობილი ლევან ბიბილეიშვილი და იარაღის მუქარით პატარა ფურცლებზე დაბეჭდილ მაიაკოვსკის ფრაზებს აძალებდა, მაგ. ასეთს: Вы любите розы?/а я на них срал!/ стране нужны паровозы, /нам нужен металл! . ეზოში მდგარი მაიაკოვსკის ძეგლის გარშემო ორგანიზდა ინსტალაცია: მანძილი ეზოს ჭიშკრიდან ძეგლამდე,  მოფენილი იყო გაზეთებით Правда. ხოლო ერთი Правда  მაიაკოვსკის ძეგლს იქ მივაწებეთ, სადაც ყლე იგულისხმება. დანამდვილებით ალბათ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება,  რომ პოეტს არ ეკიდა რევოლუცია, ლილია ბრიკი, დედა და დები. დანარჩენი იქნებ ეკიდა კიდეც. დანარჩენი ნაწილია თამაშის და პოზიორობის. ნაწილია დროულად დაკავებული რევოლუციის ტრიბუნის პოზიციის. მისთვის ძვირფასია რევოლუცია, მაგრამ უფრო ძვირფასი "რევოლუციური ინდივიდუალიზმია" (ტროცკი). მაიაკოვსკის კიდია სიმართლე, იმიტომ, რომ სიმართლე სადღაც შუაშია (ბოქვენთან), ეს ჩანს მის გაბმულ ყვირილშიც. "მაიაკოვსკი მოისუსტებს იქ, სადაც საჭიროა ზომიერების გრძნობა და თვითკრიტიკის უნარი" - ტროცკი, "ლიტერატურა და რევოლუცია".

                                                   "რევოლუცია ჩიხში"

ერთხელ მაიაკოვსკის აღმოხდა : "ო, ღმერთო!". ვერონიკა გაოცებული, თითქოს სამყარო ამოყირავდაო, ეკითხება - თქვენ რა მორწმუნე ხართ? მე უკვე თვითონაც არ ვიცი, რისი მწამს - იყო პასუხი. ეს 1930 წლის დასაწყისია, მალე ის თავს მოიკლავს. არის სხვა ისტორიებიც:

1. 1929 წელს, მისი და მეიერხოლდის მორიგი ერთობლივი პროექტის შემდგომ, (მეიერხოლდმა დადგა მისი პიესა "ბაღლინჯო") რომელსაც ტალახის სროლა მოყვება,  საფრანგეთში მიდის. ნიცაში,  მხატვარ იური ანენკოვთან  ერთად კაფეში ზის. მაიაკოვსკი ეკითხება - როდის დაბრუნდებით მოსკოვში?  ანენკოვი პასუხობს, რომ არც ფიქრობს ამაზე, რადგან  მხატვრად დარჩენა სურს. მაიაკოვსკიმ უთხრა - მე კი დავბრუნდები, იმიტომ, რომ უკვე  აღარ ვარ პოეტი. და აქვითინდა.

2. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მაიაკოვსკი პოეტ მიხაილ სვეტლოვს ეკითხება :   

 -როგორ ფიქრობ, დამიჭერენ?

-რას ამბობთ, თქვენ? რევოლუციის პირველ პოეტს?

-საქმეც ეს არის მიშა. საქმეც ეს არის.

                                                   თავისუფალი სუნთქვა

არის ვერსია, რომ მაიაკოვსკი მოკლეს. რომ ბრიკებმა ეს იცოდნენ და ამიტომ წავიდნენ ქალაქიდან. არსებობს ბევრი საეჭვო გარემოება. თუმცა ვფიქრობ,  უსინდისობაა,  მაიაკოვსკის  თვითმკვლელობა წაართვა. ის გაჩერდა მაშინ, როცა უნდა გაჩერებულიყო. მერე სულ სხვა ამბები იწყებოდა და იქ მაიაკოვსკის არაფერი ესაქმებოდა.

 ვ. შკლოვსკი წერს, რომ მაიაკოვსკი შევიდა რევოლუციაში, როგორც საკუთარ სახლში, რომ მან რევოლუციის შემდეგ სამყარო შეიყვარა.  ის იქ შევიდა ახალი აღჭურვილობით - როგორც თვითონ ამბობდა, სიტყვები-აქლემები, ანუ მძიმე სიტყვები, სიტყვები რომლებსაც სიმძიმე აწევთ, უნდა შეიცვალონ ახალი, მსუბუქი და მოურიდებელი სიტყვებით. "მაიაკოვსკიმ იცოდა, რომ ჰაერი არის" - წერს შკლოვსკი. იცოდა და ამიტომ სუნთქავდა თავისუფლად. მერე ამ სახლში ჟანგბადი გაიშვიათდა და მაიაკოვსკიმ დატოვა ეს სახლი.

1930 წლის 14 აპრილს მაიაკოვსკი კატეგორიულად ითხოვს ვერონიკასგან, რომ ის ახლავე დაცილდეს ქმარს და გადმოვიდეს მასთან. ვერონიკა ეუბნება, რომ ჯერ თეატრში რეპეტიციაზე უნდა წავიდეს, იქიდან სახლში წავა, ქმარს ყველაფერს ეტყვის და საღამოს მასთან გადმოვა საცხოვრებლად. მაიაკოვსკის არ უნდა, რომ ვერონიკამ ნახოს ქმარი. ასე უნდა. საერთოდაც ძულს თეატრი და არ უნდა ვერონიკას გაშვება. თითქმის ემუდარება, დარჩეს. ვერონიკას მკაცრი რეჟისორი ყავს, რეპეტიციაზე ვერ დააგვიანებს და მითუმეტეს, ვერ გააცდენს. ბოლოს მაიაკოვსკი აძლევს მას 20 მანეთს ტაქსისთვის. არ აცილებს. ვერონიკა გადის. გადადგამს რამდენიმე ნაბიჯს და ისმის სროლის ხმა. მაიაკოვსკი მკვდარია.

ბიოგრაფია იწყება გეოგრაფიით. მანამდე თარიღით. 19 ივლისი, სოფელი ბაღდათი - გვინდოდა, მაგრამ ვერ მივდივართ. გვინდოდა იქ, მისი პლაკატებისა და სურათების გარემოცვაში რაღაც გვექნა. არა უშავს, როგორმე სხვა დროს იყოს. ხვალ პირველ სკოლასთან გავივლი ალბათ, სადაც პატარა მაიაკოვსკის ძეგლი დგას. ანიმ თუ შეძლო, ისიც წამომყვება, ლუდს მოვწრუპავ. მოვწევ. დავიხვიხვინებ. ყველანი ცოტათი ცხენები ვართ მაინც. 

http://soundcloud.com/user2599633/mayakovsks-horses

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@