warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 22 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ჩემი პრეზიდენტი

ილუსტრაცია, ჩემი პრეზიდენტი

ვარდების რევოლუციიდან უკვე შვიდი წელი გავიდა.   მიხეილ სააკაშვილი მალე თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადას დაასრულებს. მის სახელთან თითქოს იმთავითვე დაკავშირდა ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მოლოდინები და იმედები. მის შეფასებებში თითქოს თავს ვერავინ აღწევს რადიკალიზმს, მას ან სულმოუთქმელად ლანძღავენ ან მსგავსად იცავენ და განადიდებენ. მსგავსი პოლარულობა შესაძლებელია არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, არამედ თავად შეფასების ობიექტს, მიხეილ სააკაშვილისაც ახასიათებდეს. ამ შვიდი წლის მანძილზე იშვიათად შემხვედრია, წამიკითხავს, ან მომისმენია, მიუკერძოებელი, ფხიზელი, საკუთარი პოლიტიკური ვნებებისგან და სიმპათია-ანთიპათიისგან დაცლილი ანალიზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას ასახავდა, გამონაკლისი ისევ უცხოური მედიაა, სადაც აქა-იქ ყოფილა მსგავსი მცდელობები. მაგალითისთვის რონალდ დ. ასმუსის წიგნიც გამოდგება, სახელწოდებით "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა".

ჩვენს შემთხვევაში, ანუ ქართულ მედია სივრცეში,  პრეზიდენტი ან აღმშენებელია, ურომლისოდაც საქართველოს მომავალი ძნელად წარმოუდგენიათ მის მაქებართ და მემატიანეთ, ან პირიქით -  აპოკალიპტური მხეცია, რომელიც ჩვენს ცოდვათა საზღაურად მოევლინა ჩვენსავე ბედკრულ ქვეყანას. ამ ორმაგ მითოლოგიურ დისკურსში პირადად მე არ მრჩება სააზროვნო და სასიცოცხლო სივრცე, სოციალური დახუთულობისა და კლაუსტროფობიის შეგრძნებები დარწმუნებული ვარ, არამარტო მე, არამედ მრავალ თქვენგანსაც გასჩენია. ერთი მხრივ, ტოტალური კონიუნქტურის, და მეორე მხრივ, უსაზღვრო სიძულვილის ენა, ადამიანებს საქართველოში თითქოს ორ ნაწილად ჰყოფს. სოციალურად შემდგარ და შეუმდგარ, მარგინალიზირებულ ჯგუფებად. ამ შვიდი წლის მანძილზე ხსნებული სოციალური ჯგუფების განმსაზღვრელ და განმასხვავებელ ფაქტორად სწორედ მიხეილ სააკაშვილი იქცა, მისადმი დამოკიდებულება, მის შესახებ გარკვეული პოზიციის ქონა - დღემდე როგორღაც განსაღვრავს ადამიანის სოციალურ ბიოგრაფიასა და ბედისწერას.  რატომღაც ვფიქრობდი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ, თავად ხელისუფლება,  მმართველი გუნდი და პირველ ყოვლისა, პრეზიდენტი, ბოლოს და ბოლოს უარს იტყოდა მსგავს მითოპოეტურ დისკურსზე, მსგავს კონიუნქტურულ და საბჭოურ ვალდებულებებზე, რომელთაც საბჭოთა დროში, ერთი მხრივ, აბსოლუტი და მეორე მხრივ, წარმატებაზე ორიენტირებული სოციალური ჯგუფები კისრულობდნენ.

2003 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილისგან სწორედ ამას ველოდი. ვფიქრობდი, რომ ის ჩევნი "ფალავანია," რომელიც გაიმარჯვებს ძველ ცნობიერებაზე, საინტერესოა, მაშინ რას ვგულისხმობდი "ჩვენში"? "ჩვენ" ვიყავით ყველა, ვინც შევარდნაძის რეჟიმსა და "ცხოვრების წესს" არ ვერგებოდით, ანუ ვინც იმ დროინდელ კონიუნქტურას  (ეს კონიუნქტურა დაახლოებით 30-35 წელს გრძელდებოდა) ვაპროტესტებდით.

მართლაც ბევრნი ვიყავით "ჩვენ": -  ენთუზიასტი მასწავლებლები და არა მექრთამე დირექტორები, ბიზნესმენები და არა ფულისმკეთებლები, ხელოვანები და არა "პადხალიმები", არქიტექტორები დ არა ქალაქის იერსახის საბოლოოდ დამმახინჯებლები, ჟურნალისტები და არა შეკვეთაზე მომუშავე მწერლუკები. საინტერესოა, დღეს თუ არსებობს ამგვარი "ჩვენ", დღეს თუ აქვთ ადამიანებს ამგვარი "ჩვენ"-ის განცდა და რამდენად ლეგიტიმურია ის.

რევოლუციური ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელში კი ხშირად მიგვრძნია იზოლირებული, თვითკმაყოფილი და ინტენსიური "ჩვენ".

დღეს სახელისუფლებო "ჩვენ" ბევრად ძლიერია და მკვეთრად განსაზღვრული, ვიდრე ნებისმიერი სხვა "ჩვენ".

ამიტომაც საჭიროდ მივიჩნიეთ "ცხელი შოკოლადის" სპეციალურ პროექტში "ჩემი პრეზიდენტი" სხვადასხვა პროფესიის, ასაკის და პოლიტიკური შეხედულებების ადამიანისთვის გვეთხოვა აზრის გამოხატვა იმის შესახებ, თუ ვინაა და როგორია მათი  "ჩემი პრეზიდენტი", ამით კი საერთო სურათი შეგვქმნოდა არა მხოლოდ პრეზიდენტზე, არამედ ალბათ უფრო  მეტად "ჩვენზე".

 

რატი ამაღლობელი

 

სტუმარი, მარტი 26, 2011, 21:29:37

ისევ ის Anonymous/имярек/იმანო ვარ, ხელისულზე ერბოკვერცხის შეწვის შესახებ სიმღერა რომ გაგახსენეთ და ვინაიდან, კომენტარებში "თემა" გამოტანილი არ არის, დავაზუსტებ, რომ კომენტარი ეხებოდა ქეთუსя იგნატოვას წილხვედრი პრეზიდენტის ფრაგმენტს.

სტუმარი, მარტი 26, 2011, 03:29:00

დეტალებში არ შევალ - აზრი არა აქვს.
უბრალოდ ერთი ამბავი მინდა გაგიზიაროთ.
კითხვის დროს, განსაკუთრებით კი, ამ პასაჟზე: "თავისებური, შეიძლება უხეში, მოულოდნელი მუჯლუგუნით მთელი ქვეყანა ერთდროულად ვინ გააღვიძა, გამოაფხიზლა და მუშაობა, გადასახადების გადახდა, კანონის დაცვა, ქვეყნის მშენებლობაში ჩართვა, განათლების მიღება, ან თუნდაც ასე ირონიზირებული ინგლისურის სწავლა... ვინ გვაიძულა?" ანაზდეულად:))) ამეკვიატა ბავშვობის ხანის ერთი, არცთუ მაღალესთეტიური, სიმღერის ნაწყვეტი: "ხელის გულზე ერბოკვერცხი ვინ შეიწვა? - დედამ!" (ტექსტის აუტენტურობაზე თავს ვერ დავდებ და სერჩვა კი მეზარება).
თქვენ არა?!

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.