|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ჩემი ბასკეთი და დიდყურა ღამურებიჩემი ბასკეთი ორად ორი კაცისგან შედგება, რომლებთან ერთადაც ივლისის ორი კვირა გავატარე. დღეც და ღამეც ერთად ვიყავით. ღამით ვმუშაობდით, დღისით ქვეყანას ვათვალიერებდით. ეს ძალიან დამღლელი და უცნაური ღამეები იყო. მუდამ მოწმენდილი ცა, ვარსკვლავები ჩვენს თავზე, იალაღებზე გაშვებული თუშების, ხევსურების და სვანების ცხენები ფრუტუნით რომ მოადგებოდნენ ჩვენს ბადეებს, ფანრის შუქზე იმათი თვალები და სიბნელეში ჩაკარგული იმათი თქარა-თქური. ცხენებს ვაგდებდით, რაც შეგვეძლო შორს მივერეკებოდით, ჩვენი ბადეები რომ არ დაეგლიჯათ. ცოტა ჭაჭა, გაუთავებელი ლაპარაკი ჩვენ-ჩვენს ქვეყნებზე, რადგან ბასკები ბასკეთს სწორედ ქვეყნად მოიხსენიებდნენ - Basque Countrym. რაზე არ ვლაპარაკობდით?! მე უსმენოდ ვღიღინებდი, ხოშერა რაღაც ძალიან მელოდიურს უსტვენდა ხოლმე, კარგად უსტვენდა. - რა არის ის სიმღერა, რომელსაც შენ მუდმივად უსტვენ? - ვკითხე ერთხელ, - მაგარი მელოდიაა. - ბასკების ქვეყანაში მუდმივად წვიმს, ამიტომ ჩვენი სიმღერები და მათი ტექსტებიც ძალიან მელანქოლიურია. სიმღერა რის შესახებაა? წვიმს, მოსავალს ცუდი პირი უჩანს, ალბათ, სულელი ვარ სულ ამ მიწის ნაგლეჯის ხვნა-თესვაში რომ ვატარებ ჩემს წუთისოფელს, ხეირი ხომ მაინც არ არის! მღვდელი მაინც ჩემზე უკეთ ცხოვრობს. ნამდვილი სულელი ვარ. უნდა დავანებო ამ ყველაფერს თავი. ავდგები და გარილიერო - პარტიზანი გავხდები! გარილიერო ბოლოში ორი მაგარი რ-თი, აღმაფრენით გამოითქმება. მაგარი ღამეები იყო, კავკასიის მთებში ორი ბასკი და ორი ქართველი ღამურებს ვიჭერდით. პირველივე საღამოს, როცა ზედ აბანოს უღელტეხილზე, ლამის სამი ათას მეტრზე გავშალეთ ბადეები და ცდა დავიწყეთ, მე და ვახო მივხვდით, რომ დიდ შარში გავებით. კახეთის მხრიდან ბღუჯა-ბღუჯად ამოდიოდა ნისლი, ცივი ქარი უბერავდა და ღამურას იქ რა უნდოდა? დარწმუნებულები ვიყავით, რომ ბადეში არაფერი გაებმებოდა, მაგრამ დავიჭირეთ, ოღონდ ის ჯიში არა, ბასკები რომ ეძებდნენ. დიდყურება მთის ღამურის შესასწავლად იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ ჩვენს ბადეებში მოხვედრილი ნებისმიერი ღამურა გამოდგებოდა გამოკვლევისთვის (მონაცემები სხვა ღამუროლოგებისთვის - ზოგადად მეცნიერებისთვის იყო გამოსადეგი). ტყვეს, ჯერ, წერეთლის ბაზრობაზე ნაყიდ ერთლარიან თეთრ წინდებში ვსვამდით, რომ იქ მოესაქმებინა, მერე ვზომავდით, ვწონიდით (ჩვენი ღამურების უმეტესობა 10-15 გრამს იწონის), ფრთებიდან კანის პატარა ნაგლეჯს ვაცლიდით დნმ-ის ანალიზისთვის და ვუშვებდით. ეს მასშტაბური პროექტი იყო. სწორედ ამ დროს, ბილბაოს უნივერსიტეტის კიდევ ორი ბასკი თანამშრომელი ღამურებს იტალიის ალპებში იჭერდა, ორი კი - სადღაც ბალკანეთის მთებში. ოღონდ, ალპებსა და ბალკანეთში ყოველ ღამით გადაუღებლად წვიმდა. საქართველოს მთიანეთში კი, მე და ვახოს ჯინაზე, ცა მოკრიალებული იყო და ღამ-ღამობით მუშაობა გვიწევდა. მეტი არეალი რომ მოგვეცვა, ორ-ორად ვიყოფოდით. ვახომ ინგლისური არ იცის, ამიტომ მას პარტნიორად ჩუმი იგნასიო შევურჩიე, მე კიდევ, როხროხა და ლაპარაკის მოყვარული ხოშერა დავიტოვე. ყოფილი რაგბისტი ხოშერა მოლაპარაკეც მაგარი იყო და მსმენელიც: “ჩვენზე ათეისტი ხალხი, მგონი, მსოფლიოში არ არსებობს. თავის მიზეზები აქვს ყველაფერს. ჯერ ინკვიზიციამ გადაგვიარა, შენ ხომ წარმოგიდგენია, მთებში რამდენი რამეა წარმართული? ინკვიზიციაც ნადირობდა და ნადირობდა ჩვენს კუდიანებზე. სულ კოცონებად ბრიალებდა ბასკების ქვეყანა. მერე იყო და, - ფრანკო! ბასკები სულ რესპუბლიკელები და ანარქისტები იყვნენ. საერთოდ, ისე გამოვიდა, რომ ყველა ომში წაგებულების მხარეს ვიბრძოდით და მერე ჩვენზე ტყდებოდა ჯოხი. ბებიაჩემმა მთელი ცხოვრება ინახა შამპანური, რომელიც ფრანკოს სიკვდილის დღეს უნდა გაეხსნა, მოესწრო ამ დღეს და გახსნა. ის შამპანური ერთად დავლიეთ. ფრანკოს კათოლიკური ეკლესია უჭერდა მხარს. იმის მერე, ჩვენ ქრისტიანულ სახელებსაც კი აღარ ვარქმევთ ჩვენს შვილებს, ვცდილობთ, წარმართული, ძველი სახელები შევურჩიოთ...” სოფელ შენაქოსთან, ამას რომ მიყვებოდა, ჩემს მობილურ ტელეფონზე, სადღაც დიკლოსთან მყოფი ვახოს მესიჯი მოვიდა: “დიდყურება დავიჭირეთ, სულ ალღეშს გავიდა.” ვახო მოხევეა, მოხევურ დიალექტზე ალღეშს გასვლა, გამოშტერების უკიდურეს ფორმას ნიშნავს. ალღეშს ადამიანი შეიძლება სიხარულისგანაც გავიდეს. მთავარია, იქ არ დარჩეს. მუდამ სერიოზულმა იგნასიომ, თურმე, ბედნიერებისგან ცეკვა დაიწყო, როცა ნახა, რომ ამჯერად მის ბადეში სწორედ დიდყურა მთის ღამურა იყო გაბმული. არც ჩემს პარტნიორს დაემართა ნაკლები, როცა მოხევური მესიჯის შინაარსი ვუთარგმნე. ორი კვირის მანძილზე სულ 16 სახეობის ღამურა შევიპყარით, კიდევ უფრო მეტს მოვუსმინეთ, - ხოშერა დროდადრო რთავდა მოწყობილობას, რომელიც ღამურების მიერ გამოცემულ ულტრაბგერებს ადამიანის ყურისთვის გასაგონ ხმად აქცევდა და შრიალით და წრიპინით ცნობდა ჩვენთვის უხილავ ღამის ბინადრებს. მაგარი მოწყობილობაა! - გავიოცე მე. ჰო, მაგარია, - დამეთანხმა ხოშერაც, - შენ წარმოიდგინე, რომ ჩვენ, მეცნიერებს, თუ ასეთ მოწყობლობებს გვაძლევენ, თვითონ ისინი, რითი არიან შეიარაღებულები. რომ ამბობდა “ისინი”-ო, ხოშერა მუდამ ძალოვნებს გულისხმობდა, რომლებთანაც დაპირისპირებაში მთელი ჯეელობა ჰქონდა გატარებული. ჩემი და იგნასიოს თაობა პირველი იყო, რომელმაც ესპანურ ჯარში სამსახურზე უარი თქვა, რეჟიმი მაშინ სუსტი იყო, მე გადავრჩი, იგნასიო გაასამართლეს, მაგრამ მხოლოდ პირობითი სასჯელი აკმარეს, ქუჩის დემონსტრაციებზეც სულ ვჩხუბობდით... იგნასიო, როგორც წესი, მსგავსს არაფერს ყვებოდა, მხოლოდ, სამშობლოს და თავდადების მაგალითების ხსენებაზე მამაკაცური ცრემლი ჩაუდგებოდა ხოლმე თვალებში. სულ სხვანაირი კაცი იყო და ჯოჯოხეთური სიმარჯვით დადიოდა მთაში. სანამ ღამურების სპეციალისტი გახდებოდა, არჩვებს სწავლობდა, პირენეის ნახევარკუნძულის ყველა 14 ათასი არჩვი ჰყავდა დათვლილი. გამხდარი და ხმელი იყო და კლდე-ღრეშიც არჩვივით დახტოდა. მეორე ღამით, დიკლოსა და შენაქოს შორის ხევი და საძოვარი ას მეტრზე გრძელი ბადით მთლიანად გადავკეტეთ. ეს დიდყურა ღამურების ღამე იყო, ებმებოდნენ და ებმებოდნენ ჩვენს ბადეში, თანაც, თითქმის სულ მეძუძური დედები. ღამურებს ძუძუები იღლიასთან აქვთ, ბასკებიც ფრთას აუწევდნენ, ხელს აჭერდნენ პატრა ძუძუზე და წვეთ რძეს ადენდნენ. “ლაქტოჯინგ” - რძე აქვს, კარგია, ესე იგი, სადღაც აქ მათი კოლონიაა, მამლები შორს მიდიან მწერებზე სანადიროდ, დედები კი, საკუთარი პატარებისგან შორს არასოდეს მიფრინავენ. სადღაც ღამის ორ საათზე, ღრიალი და სიმღერა გაისმა, შენაქოს მხრიდან მოდენილიყვნენ თუშები ისეთი ხმაურით, რომ შორიდან იფიქრებდი, ასი კაცი მოდისო, ახლოს რომ მოვიდნენ, ორად ორი გალექებული მხედარი აღმოჩნდა, ცხენები შეანელეს და უცნაურ სანახაობას შეაცქერდნენ: ოთხი, თავზე ფანარგაკეთებული კაცი ბადის გასწვრივ დაქროდა. დახმარება ხო არ გინდათ რამეშიო? - გვკითხეს. არა, ღამურებს ვიჭერთ. “ღამურა, ღამურა”, - გაიმეორა ხოშერამაც და მომწყვდეული დიდყურება დაანახა. თუშმა ცოტა ხანს სათითაოდ გვათვალიერა, თითქოს გამოფხიზლდა კიდეც, მერე შემომხედა და ძალიან სერიოზულად მითხრა: ძმაო, თუ გინდა, ციცინათელას დაგაჭერინებ, მაგრამ ღამურის დედაც... მერე გაქუსლეს თავის ცხენებით სიბნელეში და ბასკებს რომ მოვუყევი, რაც მითხრეს, დაიხოცნენ სიცილით. ეს მათ ხელობაზე ჩვეულებრივი რეაქცია იყო ყველგან, სამშობლოშიც კი. მხოლოდ თვითონ სჯეროდათ, რომ ყველაზე საინტერესო ძუძუმწოვრებს იკვლევდნენ, რომელთა ცხოვრების წესის შესახებ, სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის წინ მეცნიერებამ არაფერი იცოდა... შემდეგ, ხოშერამ ამიხსნა, რომ თუ გვინდოდა ბევრი სხვადასხვა სახეობის ღამურა დაგვეჭირა, სადმე დიდი გუბე უნდა გვეპოვა და ბადით გადაგვეკეტა. დიდყურება თავისი სმენის იმედადაა და ამიტომაც ვიჭერთ ადვილად, ღამურების უმეტესობა კი, ძალიან ფრთხილია და ნადირობის დროს თავისი რადარით ჩვენ წვრილ ბადესაც აფიქსირებს, მაგრამ თუ ვიპოვით შესაფერ საგუბარს, სადაც ღამურები წყლის დასალევად მოფრინავენ (ღამურას ეშინია გამდინარე წყლის და არასოდეს სვამს მდინარიდან ან ნაკადულიდან), მაშინ სულ ადვილად შევიპყრობთ. ცხოველი სულ ერთი და იმავე გზით მიფრინავს წყლისკენ და ყურადღება მოდუნებული აქვს. წარმოიდგინე, სად უფრო დაეჯახები დიდ გამჭვირვალე მინას, სადმე სტუმრად, სადაც პირველად ხარ, თუ შენს საკუთარ ბინაში, სადაც ყველაფერი ზეპირად იცი და ყურადღებაც მოდუნებული გაქვს? შესაფერისი პატარა ტბა დართლოსთან ვიპოვეთ და მეთოდიც ზუსტი აღმოჩნდა. ნაირგვარი ღამურები ისეთი სიხშირით ახდენდნენ ჩვენს ბადეზე ტორპედირებას, რომ მათ მოხსნას ვერ ვასწრებდით და აჰა, ჩვენს ბადეში გაება ნამდვილი მხეციც, რომლის შესახებ უკვე ბევრი რამ გამეგონა. Giant Noctule, ნახე რა ლამაზი ცხოველია! ფრთხილად დაიჭერე ხელში, არ გიკბინოს! - და ხოშერამ მხეცთან ერთად სურათი გადამიღო. მართლა საშინელი რამე იყო, ჟღალი ბეწვით და პიტბულის თავით, ძაღლივით იღრინებოდა და კბენას ლამობდა, - იცოდე, მსოფლიოს ბევრ ნატურალისტს არ ჭერია ეს ცხოველი ხელში. Giant Noctule სულ 50 გრამს იწონის, ჩვენს დაჭერილ სხვა ათგრამიან ღამურებთან შედარებით, მართლა გოლიათურად გამოიყურება. ვახომ ისიც კი თქვა, წარმოიდგინე ეს რომ ხუთი კილო იყოს, ეგეთი საშინელება ქვეყანაზე არ იქნებოდაო. ეს ღამურა ჩიტებით იკვებება. ფრინველთა მიგრაციის დროს 2000 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში იჭერს და ხოცავს ფრთოსნებს. იმ ღამეს ჩვენ სამი გოლიათი დავიჭირეთ და ერთ-ერთმა იგნასიოსთვის ხელზე კბენაც კი მოახერხა, თუმცა მას საკმაოდ სქელი ხელთათმანები ეცვა. საბედნიეროდ, ბასკები ცოფზე და ღამურების მიერ გადატანილ ათასგვარ დაავადებაზე წინასწარ იყვნენ აცრილები. მერე ხევსურეთში ვიყავით და როშკაში იმ ოჯახში ვცხოვრობდით, სადაც მხოლოდ რჩეული ხალხი მიმყავს ხოლმე. უკვე ვიცნობდი ჩემს ბასკებს და ვიცოდი, იქ სტუმრობა მოეწონებოდათ. შოთა, თინა და მათი ოთხი შვილი, მთელი მათი ოჯახი, არის ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ჩემს ქვეყანაში მეგულება. საერთოდ, მგონია, რომ ეგეთი უნდა იყოს ადამიანი - თვითკმარი, სტუმართმოყვარე, კეთილი. გოგოების ტრიალის, პატარა უთურგას კაცური ქცევის, ოჯახში შემოსული სტუმრის დახვედრის, უფროს-უმცროსობის შემყურე უტყვ იგნასიოს ისევ ადგებოდა ხოლმე მამაკაცური ცრემლი, ხოშერა კიდევ თავს გააქნევდა და მერამდენედ ამბობდა: ნეტა, ქართული ვიცოდე, რომ ამ ადამიანებს დაველაპარაკოო... სხვანაირი ხალხი იყვნენ ეს ბასკები, მათთან ერთად არ დავღლილვარ. თუმცა ღამეებს ვათენებდით და დღისით კი მთებში დავბოდიალობდით. ამათთვის ყველაფრის მოყოლა და ყველაფრის თარგმნა მიხაროდა. ჩემი თავისთვის ხშირად შემიტყვია (და გამყოლისთვის ეს, ალბათ დიდი ნაკლია), რომ უინტერესო ადამიანებთან ინგლისურიც მავიწყდება ხოლმე - მომკალი და მავიწყდება სიტყვები. ამათ კი ყველაფერს ვუამბობდი, რაც ვიცოდი და ყველაფერს ვუთარგმნიდი, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა... და, როცა ჯუთიდან, მთის გაღმიდან ჰოლანდიელ ტურისტთან ერთად გადმოვიდა კეთილშობილი თარხუჯ არაბული, ვისაც აგრერიგად შვენოდა მხედრობა, მშობლების მიერ დარქმეული ამაყი სახელი კი ბეჭებში გამართულად სიარულს ავალდებულებდა, ჩვენს სახლთან ჩამოხდა, ცხენს ბარგი მოხსნა და ჩვენი მასპინძლების ერთ-ერთი ქალიშვილი მოიკითხა, თინამ გაიოცა: განა, იცნობო?
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი