|
|
|
|
|
ბურჟუაზიის პროლეტარული ხიბლიფესტივალი Theatertreffen ბერლინში: როგორ გავაკეთოთ ეკონომიკური კრიზისისგან მძაფრი, თანამედროვე და სოციალური თეატრი
...არც მუდამ თანამედროვე, "ენერჯაიზერის" ბატარეასავით ყოჩაღი შექსპირი, არც პოლიტიკური ზონგებით მდიდარი ბრეხტი და არც ფსიქოლოგიური ნიუანსებით სავსე ჩეხოვი!!! წელს ბერლინის ცნობილი თეატრალური ფესტივალი სახელწოდებით Theatertreffen (ითარგმნება როგორც "თეატრალური შეხვედრები") კლასიკოსებს არ სწყალობდა. ჟურნალისტების ბანალურ შეკითხვაზე "რატომ", ფესტივალის დირექტორი, იოჰანეს სარტორიუსი უცნაური იუმორით პასუხობდა: "უმჯობესია, კლასიკოსები ცოტა ხნით აკლდამებში მოვასვენოთ".
ვინ იცის, იქნებ ეკონომიკური კრიზისის ჟამს, სიახლისა თუ თვითგადარჩენის მიზნით, უხილავი არტ-რეფლექსები ამუშავდება, რაც კრიტიკოსებს (ძირითადად ისინი არჩევენ ბერლინის საფესტივალო პროგრამას), თეატრის მენეჯერებს თუ ფესტივალების დირექტორებს აიძულებთ, გარდასული დროისა თუ ავტორების მნიშვნელობა გადააფასონ, ხოლო საკუთრივ თეატრი სოციალურ-პოლიტიკურ ტრიბუნად გადააქციონ. ბერლინის საერთაშორისო, გერმანულენოვანი თეატრალური ფესტივალი 1964 წელს დაარსდა. ბრეხტი ცოცხალი აღარ იყო, ხოლო მისი პირმშო - "ბერლინერ ანსამბლი" საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლურ ზონაში აღმოჩნდა. ორად გაყოფილი ქალაქის დრამა ყველგან აშკარად და ხილულად იგრძნობოდა. დაწყებული ნახევრად განადგურებული "ბერლინერ დომითა" და "პერგამონ მუზეუმით", დამთავრებული "ანჰალტერ ბანჰოფის" (ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რკინიგზის სადგური) ნანგრევებით, რომლის დიდების ნაშთი მხოლოდ ბერლინის მუზეუმებშია შემორჩენილი. ქალაქის დასავლეთი ნაწილი პრაქტიკულად თეატრალური შენობის გარეშე დარჩა, აღმოსავლეთი ბერლინი კი ერთგვარად განებივრებული აღმოჩნდა. "ბერლინერ ანსამბლის" გარდა, მაყურებელს შეეძლო ამოერჩია "დოიჩე თეატრი", "ჰებელთეატრი", "დოიჩე კამერშპილე", "ფოლკსბიუნე"... ამდენად, 60-იან წლებში, დასავლეთ ბერლინში აგებული "ფესტივალჰაუზი", სადაც ფესტივალის დირექციამ დაიდო ბინა, ერთგვარი ისტორიულ-კულტურული კომპენსაციაა. სწორედ იმ დროს გადაწყდა, რომ ფესტივალი მაყურებელს გერმანიის, შვეიცარიის და ავსტრიის საუკეთესო თეატრების დადგმებს შესთავაზებდა. ტრადიცია დღემდე უცვლელია: ყოველი წლის მაისში, მყუდრო "შაპერშტრასეზე" მდებარე გიგანტური დარბაზი სიახლის მომლოდინე თეატრალებით, ახალგაზრდა რეჟისორებით, ცნობილი მსახიობებით, აბეზარი ჟურნალისტებით და ლამის ყოვლისმცოდნე, სნობი პუბლიკით ივსება. პრეზიდენტ კენედის საკრალური შინაარსის პოლიტიკური ფრაზა - "მე ბერლინელი ვარ", გარკვეულ მნიშვნელობას დღემდე ინარჩუნებს. უბრალოდ, ფესტივალის გახსნაზე მიწვეულმა საფრანგეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა ჟაკ ლანგმა, რომელიც ფრანსუა მიტერანის ხელისუფლების ჟამს ინოვაციური იდეებითა და რადიკალური მემარცხენე შეხედულებებით გამოირჩეოდა, აქცენტი ოდნავ შეცვალა: "მე ბერლინელი ვარ, მაგრამ ევროპელიც". ფრანგი ინტელექტუალის დაპატიჟება ფესტივალზე, ისევე როგორც მისი დახვეწილი, ცოტათი მგზნებარე და უფრო პუბლიცისტური "სპიჩი", ლამაზ, მაგრამ დიპლომატიურ ჟესტს უფრო ჰგავდა. ევროპული "კულტურული სივრცის" დასაპყრობად შემართული საფრანგეთი და გერმანია სინამდვილეში კონკურენტები უფრო არიან, ვიდრე პარტნიორები. არადა, ერთმანეთის გარეშე, ქედმაღალ და მყარ ბრიტანელებს წინააღმდეგობას მაინც ვერ გაუწევენ. ამდენად, კულტურა ორი დიდი ქვეყნისათვის საერთო იდეების თავშესაფარიცაა და კულტურულ-პოლიტიკური ალიანსიც... თუმცა, ეს უკვე აშკარა გეოპოლიტიკაა და არა საფესტივალო დისკურსი. ყოვლისგამძლე კლასიკოსების ნაცვლად, ფესტივალის ყურადღების ცენტრში თანამედროვე ავსტრიელი მწერლები და დრამატურგები აღმოჩნდნენ: ერთ დროს მივიწყებული და ამჟამად ევროპაში მოდური ოდონ ფონ ჰორვატი (სწორედ მისი პიესით "კაზიმირი და კაროლინა" გაიხსნა ფესტივალი), მინიმალიზმითა და დახვეწილი ირონიით ცნობილი პეტერ ჰანდკე (მისი მოთხრობის მიხედვით გრაცის თეატრმა წარმოადგინა სოციალური დრამა "დრო, როცა ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცოდით") და სკანდალებით მდიდარი ელფრიდე იელინეკი (მისი პიესა "კომერსანტის კონტრაქტი", ჰამბურგის "ტალია თეატრის" ინტერპრეტაციით, ფესტივალის ფინალში ნამდვილ ანტიბურჟუაზიულ მანიფესტად იქცა). პროგრამის მრავალფეროვნებას ამტკიცებდა ვენის "ბურგთეატრში" დადგმული თეატრალური ექსპერიმენტი "ცხოვრება და დროება". რეჟისორების - კელი კუპერისა და პავოლ ლისკას ერთობლივი ნაღვაწი; ისევე, როგორც თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის დენის კელის პიესა "ფული და სიყვარული", რომელიც შტეფან კიმიგმა ჰამბურგის "ტალია თეატრში" განახორციელა. ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, ეტორე სკოლას სცენარის მიხედვით წარმოდგენილი სპექტაკლი "ბინძურები, ცუდები, ბოროტები" (კიოლნის "შაუშპილჰაუზი") მხოლოდ ადასტურებდა კარინ ბაიერის უსიტყვო რეჟისურის უპირატესობას. და მაინც, კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში ორი გამორჩეული რეჟისორული ნამუშევარი მოექცა: სახელოვანი შვეიცარიელი რეჟისორის, კრისტოფ მარტალერის უცნაური სახელწოდების Reisenbutzbach (დამოუკიდებელი თეატრალური პროექტი, რომელიც ვენისა და ავინიონის თეატრალური ფესტივალების კოპროდუქციაა) და ბოლო დროს დრამატულ თუ საოპერო სცენებზე ერთობ წარმატებული ბელგიელი რეჟისორის ლუკ პერსევალის "აწ რაღასა იქმ, პატარა კაცო"? (ჰანს ფალადას ცნობილი რომანის ეპიკური ვერსია მიუნხენის თეატრში "კამერშპილე").
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი