|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ბერლინალე თავისუფლებისთვისნინია კაკაბაძე ბერლინიდან
ბერლინის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 9 თებერვალს გაიხსნა. 12 თებერვლისთვის 5 საკონკურსო ფილმი იყო ნაჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ ფილმების სია საიმედოდ არ გამოიყურება, საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარის, ბრიტანელი კინორეჟისორის, მაიკ ლის სახელი ერთგვარი გარანტიაა, რომ ფილმი რომელიც გაიმარჯვებს ამ ჯილდოს ღირსი იქნება. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე საკონკურსო პროგრამა. გარდა მაიკ ლისა, მის შემადგენლობაში არიან შარლოტა გინზბურგი (ფრანგი კინომსახიობი და მომღერალი), ფრანსუა ოზონი, (ფრანგი კინორეჟისორი) ჯეკ გილენჰოლი (ამერიკელი მსახიობი), ასგარ ფარადი (ირანელი კინორეჟისორი, შარშანდელი გამარჯვებული ფილმის "განქორწინება" ავტორი) და სხვა. ამგვარი კომპეტენტური და სანდო ჟური, არა თუ ბერლინალეზე, ნებისმიერ საერთაშორისო კინოფესტივალზე არც ისე ხშირია. ამიტომ, თუკი საკონკურსი პროგრამა ჩვენს დაჩაგვრას გადაწყვეტს უხარისხო ფილმებით, ჟიური საკუთარი გადაწყვეტილებით განხიბლულსა და გაბრაზებულს არ დაგვტოვებს. საყურებლად კი ყველა კინოსეანსზე მშვენიერი შარლოტა გინზბურგისა და ჯეკ გილენჰოლის ყურებაც ღირს, რომ არაფერი ვთქვათ კეთილშობილ ბრიტანელ თავმჯდომარეზე. ჟიურის შემადგენლობით აღტაცებას დავასრულებ და ძალიან მოკლედ იმ ფილმების შესახებ მოგახსენებთ, რომელიც უკვე წარმოდგენილი იყო. თუმცა, არ შემიძლია ყოველგვარი ყურადღების გარეშე დავტოვო მთავარ პროგრამაში მოთავსებული, სტივენ დოლდრის არასაკონკურსო ფილმი EXTREMELY LOUD AND INCREDIBLY CLOSE, სადაც მთავარ როლებს ტომ ჰენკსი, სანდრა ბალოკი და მაქს ფონ სიუდოვი ასრულებენ. სტივენ დოლდრი კინოს მოყვარულებს ემახსოვრებათ ფილმით READER და THE HOURS. ვერ ვიტყვი, რომ ეს ფილმები იმედისმომცემია , მაგრამ მიუხედავად ამისა, უკანასკნელმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის: 11 სექტემბრის ტრაგედია ნიუ-იორკში. ტომ ჰენკსის გმირი კვდება და მისი მოზარდი შვილი, მის მიერ დატოვებული სიტყვების "არ შეწყვიტო ძიება" შესრულებას ცდილობს. დაახლოებით 12-13 წლის ბიჭუნა, მთელი 2 საათის განმავლობაში მამამისის კარადაში ნაპოვნი საიდუმლო გასაღების "გასაღებს" ეძებს. იცნობს ქალაქს, ახალ ადამიანებს, აგროვებს ისტორიებს და ბოლოს პოულობს. "მამა შენით ამაყობს" - ვფიქრობთ ჩვენ და ამასვე ამბობს დედა, სანდრა ბალოკის გმირი. ტიპიური ჰოლივუდური, ტკბილი, სტერეოტიპებითა და კლიშეებით გაჯერებული სენტიმენტალური კინო, სადაც 11 სექტემბერი მხოლოდ სპეკულაციის თემაა, არა აქვს მნიშვნელობა ჰენკსის გმირი ტყუპების შენობაში აფეთქდებოდა თუ ნაწლავების გადახლართვით დაიღუპებოდა საკუთარ ლოგინში, მაგრამ ეს ტრაგიკული ამბავი უფრო მეტად ეხება და ამძაფრებს მაყურებლის ემოციებს თუ სენტიმენტებს. ორ საათიანი გასაღების "გასაღების" ძიება აბსოლუტური ბედნიერი ფინალით სრულდება, მხოლოდ ერთი დანაკლისია, რომ ტომ ჰენკსის გმირი არ მოფრინდა და არ გვითხრა - ის ცოცხალია და სინამდვილეში არ მომკვადარა. კინემატოგრაფიული უზნეობის ზღვარს ჯერ არ გადაცდნენ ფილმები, რომელიც კონკურსშია წარმოდგენილი. მაგალითად, საინტერესო იყო ფრანგი კინორეჟისორის ფრედერიკ ვიდოს ფილმი COMING HOME ("სახლში დაბრუნება") და გერმანელი რეჟისორის კრისტიან პედცოლის BARBARA ("ბარბარა"). "სახლში დაბრუნება" ახალგაზრდა გოგოს ისტორიაა, რომელიც 9 წლის შემდეგ სახლში, უკან ცხოვრებაში ბრუნდება. 8 წლის ასაკში ის ახალგაზრდა კაცმა გაიტაცა და საკუთარ სახლში გამოკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის დასაწყისში და ბოლოში რეჟისორის მიერ განთავსებული ტიტრი გვაუწყებს თითქოს ეს არ ეფუძნება რეალურ ისტორიას, მას ადარებენ ცნობილ ავსტრიულ ამბავს, სადაც გატაცებული გოგონა წლების შემდეგ უკან დაბრუნდა. Coming Home-ს ასევე ადრებენ, შარშან კანის ფესტივალზე ნაჩვენებ ფილმს "მიხაელი", რომელიც პედოფილის ისტორიას ყვება, სადაც მოტაცებული პატარა ბიჭია ნაცვლად გოგონასი. მხოლოდ ეს უკანასკნელი საინტერესო იმით არის, რომ გამტაცებელი გოგონასთან არ ამყარებს სექსუალურ კავშირს, არც რამეს ვნებს მას, პირიქით ის ასწავლის, ამეცადინებს, უსრულებს ყველა სურვილს და ისე ეპყრობა როგორც საკუთარ შვილს. რომ არა, ფილმის ფინალში ნაჩვენები დიალოგი, არავინ იფიქრებდა, რომ ეს 9 წლიანი თანაცხოვრება სექსუალური კავშირის გარეშე იყო და საინტერესოა, რომ ვერც იმას იტყვით, თითქოს ამის სურვილი არ არის. ფრედერიკ ვიდოს ფილმში ეს დეტალი არ არის აქცენტირებული, რეჟისორს როგორც ჩანს უფრო მეტად აინტერესებს ადამიანის შიგნით არსებული ამბივალენტური შეგრძნებები - სიყვარულის, ზიზღი, ნდომა, შიში, ზრუნვა… ყველაფერი ერთ ადამიანში და არა ექსცენტრიულ თუ ფსიქიურად გაუწონასწორებელ, არამედ სრულიად ორდინარულ ადამიანში. არა გამტაცებლის, არამედ სახელმწიფო სისტემის ტყვეობაში იყო კრისტიან პედცოლის გმირი ბარბარა. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მცხოვრები ექთანი ქალი, რომელიც გერმანიის მეორე მხარეს, მის შეყვარებულთან წასვლაზე, ამ ქვეყნიდან გაქცევაზე ოცნებობს და მთელი ფილმის განმავლობაში ამისათვს ემზადება. მას ყოველდღიურ რეჟიმში დასდევენ შტაზის თანამშრომლები და უთვალთვალებენ. ბარბარა, საკუთარი თავისუფლებისათვის ბრძოლას სხვისი თავისუფლების მოპოვებით ასრულებს. ასევე პატიმრობის და თავისუფლების თემატიკას შეეხებოდა ხანდაზმული კლასიკოსების, ძმები ტავიანების ფილმი "კეისარი უნდა მოკვდეს". ტავიანების ფილმი შავთეთრია და მათი ხელწერა პირველივე კადრიდან ჩანს. პატიმრები ციხეში შექსპირის "იულიუს კეისრის" დასადგმელად კასტინგს გადიან. ამის შემდეგ კი რეპეტიციები იწყება. ყველა პატიმარი სხვადასხვა ტიპის და სიმძიმის დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, მაგრამ პრინციპში ეს მნიშვნელოვანი არ არის. ეკრანზე შექსპირი თამაშდება, როგორც რეპეტიციის დროს, ასევე ყოველდღიურ ყოფაში. რთულია გაარჩიო როდის რეპეტიციაა და როდის სინამდვილე. აქ, ისევე როგორც პიესაში მთავარი გმირი ბრუტუსია და მისი სიტყვები: მე კეისარს არ ვკლავ იმისათვის, რომ არ მიყვარს. მე მხოლოდ რომი მიყვარს უფრო მეტად. შექსპირის ამ ამაღლებული ტექსტებიდან და გმირებიდან, ფინალში ფილმის პატიმარ გმირებს ვუბრუნდებით. "მას შემდეგ რაც ხელოვნებას ვეზიარე, მივხდი რომ ეს საკანი ციხეა" - ამბობს ერთერთი გმირი, რომელიც პრემიერის შემდეგ ისევ უკან, კამერაში ბრუნდება. დღის ბოლოს კი ვხვდები, რომ ტავიანების თავისუფლების წყურვილი, სადაც ისინი მასზე არა პირდაპირ და შეფარულად საუბრობენ ყველაზე მძაფრია და ყველაზე მეტად გაგრძნობინებს საკუთარ "პატიმრობას". |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
Andy (შეუმოწმებელი), თებერვალი 14, 2012, 15:34:07
სტივენ დოლდრი ცუდი არაფერი თქვათ
მე მომწონს მისი ფილმები.
ნუ ახლა ეს ბოლო თუ ცუდი გამოუვიდა რა მოხდა :)
დატოვე კომენტარი