|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ბერლინალე 2012ბერლინის კინოფესტივალი დაიწყო
გუშინ საღამოს ბერლინის პოდსდამერპლატცზე მდებარე თაეტრთან კიდევ ერთხელ გაშალეს წითელი ხალიჩა. ბერლინში ყოველწლიური კინოფესტივალი დაიწყო. 62–ე ბერლინალე ფრანგული ფილმით „ მშვიდობით ჩემო დედოფალო“ გაიხსნა. ფილმი მარი ანტუანეტას და ფრანგული რევოლუციის შესახებ მოგვითხრობს და მისი რეჟისორი ბენუა ჟაკოა. “მშვიდობით ჩემო დედოფალო“ ფესტივალის მთავარ კონკურსში ერთერთ ფავორიტად ითვლება. ანტუანეტას როლს დაიან კრუგერი თამაშობს. საფრანგეთის უკანასკნელი დედოფლის პერსონით კინოსამყაროში არაერთხელ დაინტერესებულან. პირველად მასზე ფილმი ჯერ კიდევ 1938 წელს გადაიღეს ჰოლივუდში. ბოლო, ყველაზე გახმაურებული ფილმი კი სოფია კოპოლას „ მარი ანტუანეტა“ იყო, რომელმაც განსაკუთრებული წარმატება კოსტიუმების დიზაინის მხრივ მოიპოვა და ამ მიმართულებით ოსკარიც დაიმსახურა. ბერლინალეს მთავარ კონკურსში წელს სულ 18 ფილმი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ძმები ტავიანების ახალი ნამუშევარი „ კეისარი უნდა მოკვდეს“, ჰანს კრისტიან შმიდტის „ სახლი უიკენდზე“, სტივენ დოლდრის “ ძალიან ხმამაღლა და საოცრად ახლოს“ (რომელიც ოსკარზეცაა წარდგენილი) და სხვა ცნობილი თუ დამწყები რეჟისორების ფილმები. საერთაშორისო ჟიურის ბრიტანელი კინორეჟისორი, მაიკლ ლი უხელმძღვანელებს. 8 კაციან ჟიურიში ასევე შედიან შარშანდელი ბერლინალეს მთავარი ჯიდლოს მფლობელი ირანელი რეჟისორი, ასღარ ფარჰადი, მსახიობი შარლოტა გინსბურგი, ფრანგი რეჟისორი ფრანსუა ოზონი და ჰოლანდიელი ფოტოგრაფი და რეჟისორი, ენტონ კორბჯინი, რომელიც მუსიკალურ სამყაროში ძალიან პოპულარული და გავლენიანი ადამიანია: ისე უკვე წლებია ისეთ შემსრულებლებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა U2, Rolling Stones, Depeche Mode, თომ უეითსი და სხვ. ფესტივალზე წელს სხვადასხვა სექციაში 400–მდე ფილმს აჩვენებენ. ცნობილია, რომ დახურვის ცერემონიალზე საპატიო ოქროს დათვს კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მერილ სტრიპს გადასცემენ. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავჯილდოვოთ ასეთი არაჩვეულებრივი მსოფლიო კინოს ვარსკვლავი. მერილ სტრიპი მრავალმხრივი მსახიობია, რომელიც ერთნაირი წარმატებით ახერხებს როგორც დრამატული, ისე კომედიური როლების თამაშს.“– განაცხადა ფესტივალის დირექტორმა, დიტერ კოზლიკმა. ფესტივალზე სპეციალური ჩვენებები გაიმართება ახლახანს გარდაცვლილი ბერძენი კინორეჟისორის, თეო ანგელოპოლუსისა და გერმანელი მსახიობისა და რეჟისორის, ვადიმ გლოვნას ხსოვნის პატივსაცემად. ბერლინალე, როგორც სოციალური და პოლიტიკური დატვირთის მქონე ფესტივალი, ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსაც არ აუვლის გვერდს. აქ სპეციალური ჩვენებები მოეწყობა თემაზე „ არაბული გაზაფხული“, სადაც სხვადასხვა პერიოდის და ქვეყნის მხატვრული და დოკუმენტური ფილმები იქნება წარმოდგენილი. გაიმართება ასევე დისკუსიები, სადაც არაბულ ქვეყნებში მოღვაწე რეჟისორებიც მიიღებენ მონაწილეობას. ბერლინალეს, ისევე როგორც გასულ წლებში, ქართული წარმომადგენლობაც დაესწრება. ეროვნული კინოცენტრი ფესტივალზე ინდუსტრიული კუთხით წარდგება. ეროვნული კინოცენტრის სტენდი უკვე გაიხსნა ევროპული კინოს ბაზრობაზე, რომელიც 16 თებერვლის ჩათვლით იმუშავებს და მის ფარგლებში 50-ზე მეტი ინდუსტრიული შეხვედრაა დაგეგმილი. სტენდზე წარმოდგენილია ახალი ქართული ფილმების კატალოგი, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები, ახალი ქართული ფილმების ტრეილერების დისკი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების დისკი, საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ ინფორმაცია და სხვა. კინოცენტრის სტენდზე გაიმართება ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის „ურსუს“ პრეზენტაცია. პროექტს ფილმის პროდიუსერი - ოთარ შამათავა და რეჟისორი - ზაზა ბუაძე, გერმანელ კოპროდიუსერთან ერთად წარადგენენ. ვროპულ კინობაზრობაზე ახალ კინოპრეოქტს წარადგენს რეჟისორი ნანა ჯანელიძეც. ბერლინალეს ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება დამწყები ქართველი პროდუსერის, ნათია გულიაშვილის და რეჟისორის, ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმის პროექტი „მადონა“, რომელიც ნომინირებულია ბოშის ფონდის 2012 წლის პროგრამაზე - კოპროდუქციის პრიზი. 15 თებერვალს გამართება პროექტ 15 Young by Young - 15 ახალგაზრდა რეჟისორის მიერ შექმნილი 15 დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, სადაც ქართველი დოკუმენტალისტი, სალომე ჯაშიც მიიღებს მონაწილეობას 12 წუთიანი ფილმით „ცურვა“. ბერლინის კინოფესტივალი 17 თებერვალს დასრულდება. ჟიურის წევრებს კი წინ კიდევ ერთი კვირა აქვთ საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი