"ბენდუქიზმის" საზაფხულო სკოლა

3
ამ ზაფხულს სრულიად შემთხვევით თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ  საზაფხულო სკოლაში აღმოვჩნდი, რომელში მონაწილეობა ათას რვაას რაღაც ლარი ღირდა, თუმცა თითქმის ყველა მონაწილის ხარჯი თავის თავზე ქართულმა "ცოდნის ფონდმა" აიღო.

ვინც ჯერ კიდევ არ იცის, თავისუფალი უნივერსიტეტი ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის დაარსებულია. რამდენიმე ცნობილი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანება დღეს ქართული უნივერსიტეტების სიაში რეიტინგით ერთ-ერთი პირველია. თუმცა, კახა ბენდუქიძის მიზანი, არა მგონია, მხოლოდ პრესტიჟული უნივერსიტეტის დაფუძნება ყოფილიყო. ყოფილი მინისტრი ამ გზით საქართველოში ულტრა-მემარჯვენე იდეების "იმპორტს" და თანამოაზრეების მომზადებას ცდილობს.

- მთავრობის და მისი როლის მაქსიმალური შემცირება

- თავისუფალი საბანკო სისტემა

მსგავსი ულტრალიბერალური იდეების მიღება უჭირთ დასავლეთის ქვეყნებშიც, მათ შორის თვით ამერიკაში, სადაც მთავრობის ჩაურევლობა ისტორიულად ბევრად უფრო გათავისებული აქვს მოსახლეობას, ვიდრე კომუნისტური წარსულის მქონე საქართველოში. ქვეყანაში, სადაც მუდმივად ჭკვიან ლიდერს, ბრძენ წინამძღოლს ელოდებიან, ძნელია იმაზე საუბარი, რომ მთავრობას არ სჭირდება დიდი ჭკუა-განათლება. მთავარია, უბრალოდ სწორი ინტუიცია, რომ ხელისუფლებამ არ შეაფერხოს საზოგადოების ფუნქციონირება. ასეთი იდეების მქონე ადამიანები, როგორც წესი, ვერ მოდიან მთავრობაში საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის სიმპათიის გამო.  კახა ბენდუქიძე კი მოხვდა მთავრობაში, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა ვერც თავისი მოღვაწეობის დასაწყისში, და ვერც ბოლოს ვერ დაიმსახურა. თუმცა ბენდუქიძეს მინისტრობის პერიოდში საზოგადოებისათვის არ აუხსნია, რატომ აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა. საზოგადოებამ კი ბენდუქიძის იდეების დამოუკიდებელი ინტერპრეტაციით იგი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა.

დღეს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის მიერ მხარდაჭერილ, ინიცირებულ და თითქმის ბოლომდე მიყვანილი რეფორმების დიდ ნაწილს უკუქცევა და დავიწყება ემუქრება. ერთხელ დაშვებული შეცდომა რომ აღარ განმეორებულიყო, ვფიქრობ, ფსონი ბენდუქიძემ ულტრამემარჯვენე იდეების მომავალზე დადო და შექმნა უნივერსიტეტი, რომელიც ირგვლივ თანამოაზრეების შეკრებაში დაეხმარება.

უნივერსიტეტის იდეოლოგია და დამფუძნებლის მიზანი საუნივერსიტეტო აქტივობებშიც ჩანს და ბაკურიანის საზაფხულო სკოლაც ერთ-ერთი მორიგი მოთელვა იყო. მე და კიდევ ორმოცდაათამდე მონაწილე, მათ შორის სტუმრები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, თავისუფალი უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის მოსწავლეები ვიყავით და ერთი კვირა 5 პროფესორთან და სკოლის ორგანიზატორებთან ერთად განვიხილავდით პოლიტიკურ ეკონომიას გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში. თანაც უწყვეტად: ლექციებზე, დისკუსიებსა და ლექციებს შორის შესვენებებზეც, ანუ Coffe Break-ებზე, როგორც ამას სემინარებზე ეძახიან.

სკოლის მოწვეული სტუმრები ევროპის და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები იყვნენ და კიდევ ანდრეი ილარიონოვი CATO ინსტიტუტიდან, რომელიც ქართველი ჟურნალისტებისთვის ყველაზე საინტერესო იყო მთელი ამ ამბიდან. პუტინის ყოფილი მრჩეველი პრესას სწყალობდა - ბაკურიანიდან პირდაპირი ჩართვაც კი ჰქონდა, თუმცა, სხვა პროფესორებისგან განსხვავებით, გრძელი სასემინარო დღის შემდეგ სკოლის მონაწილეებთან ნაკლებ დროს ატარებდა. არადა, საღამოს ცხრა საათზე ვახშამი იყო მთელი ცერემონია. უკვე სემინარის მეორე დღეს გაერთიანდა მაგიდები, გამოჩნდა სუფრაზე წითელი ღვინო და თან, არც მეტი არც ნაკლები, ჯორჯ სელჯინის ინიციატივით.

ვესტ ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი სელჯინი სემინარის მონაწილეებმა ყველაზე მაგარ ლექტორად მისი პირველივე ლექციის შემდეგ აღიარეს. სელჯინის ლექციის მანერა ისეთია, რომ ის ერთსაათიან ლექციაზე ალბათ მინიმუმ ერთ კილოგრამს იკლებს წონაში. მთელი ლექცია იყო დინამიური პერფორმანსი ფულის არსზე და როლზე და არავის ეგონა, თუ სელჯინი საერთოდ რამე სხვაზეც ილაპარაკებდა. არადა, ვახშმობისას ის ჰყვებოდა თავის მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე, პენელოპეზე - მის ძაღლზე და ბედნიერი იყო ჩვენთან ყოფნით მხოლოდ იმიტომ, რომ შეეძლო ფეხბურთის, ტექნიკის და ეკონომიკის გარდა, კიდევ რამეზე ელაპარაკა და კარგი წითელი ღვინო დაელია. ლექციებზე კი პროფესორი სელჯინი ისევ თავისუფალი საბანკო სისტემის იდეალურობაზე მსჯელობდა და ჰყვებოდა რატომ ვერ იტანს ცენტრალურ და ეროვნულ ბანკებს და ბოლოს, სემინარის ერთ-ერთი მონაწილე, ეროვნული ბანკის თანამშრომელიც დაითანხმა მისი სამსახურის უსარგებლობაში.

ჯორჯ სელჯინი ფაქტობრივად უნიკალური მონეტარული ეკონომისტია. მსოფლიოში ისედაც ერთი მუჭაა თავისუფალი საბანკო სისტემის მხარდამჭერი ეკონომისტები, მაგრამ სელჯინი მათ შორისაც გამოირჩევა ულტრამემარჯვენეობით. სელჯინს სჯერა, რომ თავისუფალ ბანკებს საკუთარი დაურეზერვებელი ფულის გამოშვების უფლება უნდა ჰქონდეთ, ანუ ბანკს უნდა შეეძლოს სურვილისამებრ ფულის ბეჭდვა, მისი რამე ღირებულებით გამაგრების გარეშე. ერთი შეხედვით, ეს იდეა გიჟურად ჟღერს, მაგრამ სელჯინი და მისი კოლეგა Lawrence H. Whiteძალიან აქტიურად და დამაჯერებლად ასაბუთებენ ამ იდეას მრავალი პუბლიკაციითა და წიგნით.

როგორც სელჯინს, ისე სემინარზე მოწვეულ სხვა პროფესორებსაც ჰქონდათ ერთი საკუთარი იდეა და საოცარი აზარტით ცდილობდნენ სემინარის მონაწილეებისთვის ეს იდეა გადაეცათ. დაახლოებით ისე, ძალიან დარწმუნებული რომ ხარ შენს სიმართლეში, განცდა რომ გაქვს, თითქოს სხვას არავის ესმის შენი, და თუ ერთი თანამოაზრე მაინც შეიძინე, სულ სხვა აზრი და სტიმული რომ ეძლევა შენ ბრძოლას. თუ სელჯინი ცენტრალურ ბანკებს ებრძოდა, მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან ვოიგტი ერთი კვირა ლაპარაკობდა კანონის უზენაესობის და ფულის კავშირზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის და პირდაპირი დემოკრატიის ეკონომიკურ ეფექტებზე; ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ ბოდრო  - შრომის დანაწილების და ვაჭრობის სიკეთეზე;  ეკონომიკურ მეცნიერებათა ევროპული ინსტიტუტის დირექტორი პიერ გარელო - საზოგადოებრივ დოვლათსა და სახელმწიფო კომპანიების კონტროლზე. თუმცა ყველა ამ ლექციის და, შესაბამისად, მთელი საზაფხულო სკოლის იდეა იყო ერთი - უფრო პატარა მთავრობა, ნაკლები რეგულაციები, თავისუფალი ვაჭრობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლექციას ბევრი კითხვა მოჰყვებოდა, მომეჩვენა, რომ აუდიტორია ძალიან კარგად იცნობდა ამ იდეებს და მის საფუძვლებსაც ინგლისური ლიბერტარიანელებით დაწყებული. არ ვიცი ეს მერამდენე სემინარი იყო ლიბერალური ეკონომიკის თემაზე, რომელსაც მე დავსწრებივარ, მაგრამ სულ მიჩნდება ხოლმე ეს გრძნობა - თითქოს ყველა ყველას იცნობს, ყველა თანხმდება ამ ულტრალიბერალურ იდეებზე და ეს წრე ჩაკეტილი არ არის, მაგრამ წლების განმავლობაში დიდად არც ფართოვდება.

ზოგადად კრიტერიუმები, რომლითაც სემინარის მონაწილეები ირჩევიან, ხშირად არ არის ერთი და იგივე, მაგრამ ფაქტია, რომ საზაფხულო სკოლების მოსწავლეები წარმატებული სტუდენტები, წარმატებული საჯარო მოხელეები ან მკვლევრები არიან. ხშირად პოლიტიკური პარტიების აქტივისტებიც ანუ ადამიანები, ვინც ან ახლაა ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში რაღაც დოზით ან პოტენციურად შეიძლება ასეთად იქცეს. ასე იყო თავისუფალი უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შემთხვევაშიც: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები - ადამიანები, რომლებიც ან უკვე არიან, ან მომავალში იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები.

თავისთავად თავისუფალი ეკონომიკა თუ კარგად ჟღერს და შეიძლება ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ გამვლელს მოსწონდეს ის, ამ იდეას თუ კონკრეტულ შემადგენელ ნაწილებად დავშლით, დარწმუნებული ვარ, მის გაყიდვას საქართველოში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს. ვინ მოგცემს ხმას, თუ იტყვი, რომ განათლება ფასიანი უნდა იყოს მთლიანად, რომ პენსიას არავინ არ მოგცემს - შენ თვითონ უნდა გადაინახო სიბერისთვის, რომ არავინ არ გადაიხდის შენს მკურნალობაში ფულს - ამისთვის არსებობს კერძო სამედიცინო დაზღვევა, რომ არავინ არ გადაგიხურავთ საცხოვრებელ კორპუსს - მეზობლებმა უნდა იზრუნოთ. კერძო საბანკო სისტემა, რეალური დეცენტრალიზაცია, მინუმუმამდე დაყვანილი მთავრობის ფუნქციები - ყველაფერ ამას ჯერ ქართველი ამომრჩევლისთვის პოლიტიკური სახელი არ ჰქვია.

თუმცა საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მართალია მეტ-ნაკლებად, მაგრამ ლიბერტარიანული იდეებით პოლიტიკური მოძრაობები განსაკუთრებული პოპულარობით იშვიათად სარგებლობენ. მთელი ეს მსოფლიო მოძრაობა თავისუფლების ლიბერტარიანული თეორიის გასავრცელებლად იდეაში ქვეყნების გამდიდრებას ისახავს მიზნად. რაღაც მისიონერული მოძრაობის მსგავსია და ისეთი შთაბეჭდილება რჩება ადამიანს, თითქოს ეს საქვეყნოდ ცნობილი პროფესორები, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი გამოცემებისთვის წერენ და წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებში მოღვაწეობენ, მხოლოდ იმიტომ მიდიან სადღაც საქართველოში, სადღაც ბაკურიანში, რომ უბრალოდ უფრო მეტ ადამიანს მიაწოდონ საზოგადო კეთილდღეობის მიღწევის მათეული იდეა.

P.S. ლაშა ჟვანიას ეკონომიკის მინისტრობიდან გათავისუფლებისას ლადო პაპავამ "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა: „ბენდუქიზმმა, როგორც იდეოლოგიამ, გაიმარჯვა!" (ინტერვიუ / ლ. პაპავა; ესაუბრა რ. მაჩაიძე // "რეზონანსი", თბ., 2009, 22 აგვისტო,  N224, გვ.1,16). ბენდუქიზმის მიმდევრებმაც არ დააყოვნეს და უპასუხეს, ოღონდ თავისებურად - ისევე სასაცილოდ, როგორი სასაცილოც ეს ინტერვიუ მოეჩვენათ.

"ვითვალისწინებთ რა საზოგადოებრივ ინტერესს, რომელიც ექსპერტმა პაპავამ  ჩვენ მიმართ ყოველკვირეული საგაზეთო სტატიებით, ფართო წრეებში ჩვენი წყევლა-კრულვით გააღვივა, გადავწყვიტეთ, ერთად შევქუჩდეთ".

ასეთი ანოტაცია ახლავს facebook-ზე ჯგუფს, რომელსაც "ბენდუქები" ჰქვია. ჯგუფს ზუსტად ასი წევრი ჰყავს - ჟურნალისტები, კახა ბენდუქიძის მეგობრები, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები და საზაფხულო სკოლების მონაწილეები. ჯგუფში, რომელშიც წევრების ნახევარი ჩემი მეგობარიცაა, მე არ ვარ. არ ვიცი, კონკრეტულად რა მიზეზის გამო, მაგრამ რატომღაც არასდროს არ დავაჭირე ბრძანებას "Join this Group!" თუმცა ჯგუფის დევიზს: "ბენდუქებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით! გახსოვდეთ: ჩვენი ძალა ჩვენ ერთობაშია", აბსოლუტურად ვეთანხმები - იდეის ძალა მის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებშია, თუ, რა თქმა უნდა, "ბენდუქიზმს" დავარქმევთ იმ იდეოლოგიას, რომელსაც ეს ხალხი ერთგულობს.

@