|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ბედისწერათა არქიპელაგი - ლისმანისი პოლიტიკურ ზონას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საბჭოთა ზონას, თავისი არისტოკრატია ჰყავდა: მზარეული, მეკუჭნავე, ბიბლიოთეკარი, ცეცხლფარეში, მეაბანოე, პარიკმახერი, ბარაკის მორიგე, კინომექანიკოსი, კურიერი და ა.შ. ამაზე წერდნენ სოლჟენიცინი, გინზბურგი, შალამოვი და სხვა ავტორები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ გულაგს. თუკი ძველ დროში, ბრეჟნევის ეპოქამდე, როდესაც გულაგის ნახევარზე მეტ მოსახლეობას 58-ე მუხლით გასამართლებულები შეადგენდნენ, ამ არისტოკრატიულ თანამდებობაზე მხოლოდ ჩვეულებრივი კრიმინალები, მარქსისტულ-ლენინისტური თეორიის საყოველთაოდ აღიარებული ტერმინი რომ ვიხმაროთ, ე.წ. "სოციალურად ახლობლები" (социально близкие - მკვლელები, ქურდები, მძარცველები და ა.შ.) ხვდებოდნენ, ახალ დროში, როდესაც მსოფლიო ზეწოლით პოლიტიკური პატიმრები სანახევროდ აღიარეს და მათ ცალკე ბანაკები გაუხსნეს (სულ 4 მთელ საბჭოთა კავშირში, 3 პერმში და ერთიც მორდოვეთში, სახელგანთქმული "დუბროვლაგი"), ახალ არისტოკრატიას ჯაშუშები, სამხედრო დამნაშავეები და სამშობლოს მოღალატეები შეადგენდნენ; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის ძველი, 58-ე მუხლის მემკვიდრე ახალი 70-ე (საქართველოს სსრ 71-ე) მუხლით იყავი გასამართლებული, პარიკმახერობა ან ბიბლიოთეკარობა არ შეგეძლო, თუნდაც მანამდე სსრკ-ს საუკეთესო პარიკმახერი ან დიდი ბიბლიოთეკის დირექტორი ყოფილიყავი.
ბუნებრივია, ბარაშევოშიც გვყავდნენ "არისტოკრატები" (ძველ დროში მათ უპატივცემულოდ, "პრიდურკებად" მოიხსენიებდნენ და ჟორა ხომიზური ახალ დროშიც მხოლოდ ამ ტერმინით აღიარებდა მათ სტატუსს): ბიბლიოთეკარი ანდერსონი, მზარეულები მაქსიმოვიჩი და პეტროვ უფროსი, პარიკმახერი კუხარუკი, ცეცხლფარეშები საარი და მუზიკიავიჩუსი, მეაბანოე და კინომექანიკოსი (შეთავსებით) ლისმანისი, მეკუჭნავე ლეიკუსი, ბარაკის მორიგე კრაინიკი და სხვ. ლატვიელ ნაციონალისტსა და სოციალ-დემოკრატს, 1980 წლის ნოემბერში დაპატიმრებულ დაინის ლისმანისს ლატვიის უზენაესი სასამართლოს დახურულ სესიაზე 12 წელი ჰქონდა მისჯილი "სამშობლოს" (ანუ საბჭოთა კავშირის) ღალატისთვის. იმ ქვეყნის ღალატისთვის, რომელშიც იგი არ დაბადებულა, რომელიც ოკუპანტად და მოძალადედ მიაჩნდა და რომლის წინააღმდეგაც იარაღით ხელში ბრძოლა არც უფიქრია, უბრალოდ, ლატვიის ოკუპაციის შემდეგ იატაკქვეშეთში გადასული იმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, რომლის სათავო ოფისი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იყო განთავსებული. დაინის ლისმანისი საკმაოდ პიკანტურ გარემოებებში გავიცანი. ზონაში ჩასვლისთანავე მე და დათოს ორი სასიხარულო ამბავი დაგვახვედრეს, სადილი და აბანო. სადილს პირველი მოვრჩი და აბანოში გამაგზავნეს. ზონური "აბანო" საინტერესო დაწესებულება აღმოჩნდა: ხანგრძლივი ეტაპის შემდეგ "თავისუფალი" საპონი რომ დავინახე და გახარებულმა (ჰიგიენა თავისუფლების განუყოფელი ნაწილია, აბანოში არ "ზიხარ" ანუ თავს პატიმრად არ გრძნობ) კარგად გავისაპნე თავი, აღმოვაჩინე, რომ ონკანში წყალი აღარ მოდიოდა. აბანოში არავინ იყო, რომ დამხმარებოდა ჩვეულებრივ აბანო მხოლოდ შაბათობით იყო, ხოლო ჩვენ ხუთშაბათს ჩავედით, სიცხე იყო და ცხელი წყალი არც გვჭირდებოდა, მაგრამ წყალი ზოგადად გჭირდება, თუ აბანოში ტანის დაბანას აპირებ. რა გზა მქონდა, რაღაც ნაჭერი შემოვიხვიე წელზე და გარეთ გამოვედი შველის სათხოვნელად. პირველივე კაცი გავაჩერე და დახმარება ვთხოვე. მანაც ამიხსნა, რომ ონკანში წყალი არ უნდა იყოს (დიახ!), რომ წყალი არის წინა ოთახში, ე.წ. "პრედბანნიკში" დიდ კასრში დაგროვილი და იქიდან უნდა მოვიმარაგო ტაშტში და მერე მომცრო ვედროსხელა ხისგან დამზადებული წყლის სახაპავით, რომელსაც ჰქვია "შაიკა", ერთი ხელით უნდა ვისხა თავზე და მეორეთი სხვა ოპერაციები განვახორციელო. მაინცადამაინც მოსახერხებელი არ იყო, მაგრამ საოცნებო სისუფთავის შეგრძნება ყველაფერს აღემატებოდა. კაცი, რომელმაც დახმარება გამიწია და აბანოზე ძალიან სასაცილო ანეკდოტის მოყოლაც მოასწრო შესამჩნევი ლატვიური აქცენტით, ხმოვნების დაგრძელებით და ხან პირველ და ხან მეორე მორაზე (გრძელი მარცვლის მოკლე ნაწილზე) მკვეთრი დინამიკური მახვილის დასმით, სანამ მე დიდ კასრსა და წყალს ვეძებდი, იყო დაინის ლისმანისი, სამშობლოს მოღალატე, სოციალ-დემოკრატი, მეაბანოე, კინომექანიკოსი, ჩრდილოური ტიპი, ჭეშმარიტი არიელი და შესანიშნავი მეოჯახე - тип нордический, истинный ариец и отличный семянин, როგორც თვითონ ამატებდა ხოლმე თავის დახასიათებას სახელგანთქმული საბჭოთა ჩეკისტი მწერლის, მისივე წიგნის მიხედვით რეჟისორ ლიოზნოვას მიერ გადაღებული ყველაზე პოპულარული საბჭოთა სერიალის, "გაზაფხულის 17 გაელვების" სცენარის ავტორის, იულიან სემიონოვის მთხრობელივით, როდესაც ამ უკანასკნელის სახელით გესტაპოელი და აბვერელი პერსონაჟების პორტრეტიანი ფორმულარის ფონზე შესანიშნავი ტემბრის მქონე საბჭოთა მსახიობი ეფიმ კოპელიანი მოკლე ანკეტას კითხულობდა. დაინის ლისმანისი მუდმივად კარგ ხასიათზე იყო. არავინ იცის, როგორ ახერხებდა ამას პოლიტიკურ ბანაკში, მაგრამ ფაქტია, რომ ახერხებდა: მოღუშული და უხასიათო არავის უნახავს. გარდა იმისა, რომ თვითონ იყო კარგ გუნება-განწყობაზე, თავის ირგვლივაც ასეთ მსუბუქ და მხიარულ გარემოს ქმნიდა. ჟორას მიაჩნდა, რომ ეს მხოლოდ დასავლელი ადამიანის "საგარეო იერი" იყო, რაფიკა თვლიდა, რომ ზედაპირული კაცი იყო (ხუმრობით მეუბნებოდა, ასე ხაზგასმით ევროპული გარეგნობა რომ არ ჰქონდეს, ეჭვი შემეპარებოდა, ლისმანიშვილი, ლისმანიძე ან ლისმანაური ხომ არ არისო), ჯონის "ჭკუამხიარულად" მიაჩნდა, გენრიხა "უმისამართოდ ბედნიერს" უწოდებდა, ბორია მანილოვიჩი ყველა ბალტიელივით "ბუნებრივ" და მსუბუქ ანტისემიტად სახავდა, ხოლო მის სრულ ანტიპოდს, გაუცინარ მიშა პოლიაკოვს მრავალგზის უთქვამს, დაინისთან "ბოლომდე" დალევა საინტერესო იქნებოდაო, იანკოვი როგორც დემოკრატიისთვის საერთო-საკავშირო ბრძოლის უარმყოფელს ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა "ფაუსტზე" საუბარს მასთან არ გაურბოდა (გოეთე ლისმანისის ღმერთი იყო, გერმანული, რა თქმა უნდა, წყალივით იცოდა და კარგა მოზრდილ ციტატებს "ურტყამდა" "ფაუსტიდან"; ხუმრობდა, - გოეთე მამა-ღმერთია, შილერი სულიწმინდა და თომას მანი ძეო). უკრაინელები გაურბოდნენ ლისმანისს, მისი მუდმივი ღიმილი დამცინავად ეჩვენებოდათ და რუსებისადმი დაუფარავ ზიზღში ანტისლავურ გამოხტომას ხედავდნენ (მათი საერთო აზრით, რუსების ანუ "მოსკალების" ზიზღი მარტო კიევის რუსეთის ერთადერთი კანონიერი შთამომავლების, ჭეშმარიტი უკრაინელების საქმე იყო). ჩვენი ზონის ებრაელებისგან განსხვავებით, რომლებიც შაბათობით ყველა ტიპის საქმიანობას გაურბოდნენ - გრიშა ფელდმანი, მაგალითად, პირში წეკოს თვითნაკეთი სიგარეტით (კვირის წინა დღეებში შაბათის მარაგს იმზადებდა) და ასანთით ხელში წამოგეწეოდა, გთხოვ, მომიკიდეო - დაინისის ზეობის დღე სწორედ შაბათს დგებოდა. შაბათს მისი ორმაგი ბატონობა მყარდებოდა, თავისუფლების ორ კუნძულზე - აბანოსა და კლუბ-სასადილოში, სადაც იგი "ახალი" ფილმის დემონსტრირებას ახდენდა (ზონაში შემოტანილი ფილმი სინამდვილეში თითქმის არასოდეს იყო ახალი, ფილმი ჩვენს პოლიტიკურ გამოსწორებასა და აღზრდას ემსახურებოდა, ამიტომ იდეურად იყო გამართული და, როგორც წესი, ეხებოდა ან ამხანაგ ლენინს, ან ამხანაგ სტალინს, ან ორივე ამ ამხანაგს ან ამ ამხანაგების ერთგულ სხვა ამხანაგებს, მაგალითად რკინის ფელიქსს, უცხო ენების მცოდნე ფრუნზეს ან სულაც საკავშირო "სტაროსტა" კალინინს). არ ვიცი - რატომ, მაგრამ კინოს ხალხთან (ხშირ შემთხვევაში, სრულიად შემთხვევითი) ახლობლობა ბედმა მარგუნა, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეგობარი კინომცოდნეა (რა თქმა უნდა, არა შემთხვევით; სხვათა შორის, საქართველოში ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვინ იგულისხმება); მე მოულოდნელად გადავყრივარ თბილისში ქუთაისის ქუჩაზე რობერტ რედფორდს (ერთი გამაგებინა, იქ რა უნდოდა, მანქანის ნაწილს ხომ არ ეძებდა?); ანჟეში ბიბლიოთეკართა წვეულებაზე, როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემი მასპინძლის, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მაშინდელი დირექტორის მეგობარს, ქართული კულტურისა და, განსაკუთრებით, კულინარიის დამფასებელს ანი ჟირარდოს, რომელსაც ხაჭაპურზე მოკლე, მაგრამ ყოვლისმომცველი ლექცია წავუკითხე (მახსოვდა, რომ მანამდე, ელდარ რიაზანოვის გადაცემაში ლეგენდარულმა ფრანგმა მსახიობმა ხაჭაპური რომ ახსენა, საბჭოთა რეჟისორს რატომღაც ხასიათი წაუხდა); მოსკოვში, სასტუმრო "როსიას" დერეფანში კინოფესტივალზე გამარჯვებულ იტალიელ რეჟისორ ეტორე სკოლას და ჟიურის წევრ ჯინა ლოლობრიჯიდას, რომელიც უკვე ასაკში იყო, მაგრამ მნახველებს მაინც ადგილზე ყინავდა გორგონა მედუზასავით; მოსკოვი-თბილისის რეისზე დავმგზავრებივარ და დასვენების საშუალება არ მიმიცია ლიდია ფედოსეევა-შუქშინასთვის, რომელსაც თავხედურად ვუხსნიდი შუკშინის პროზაული შემოქმედების თავისებურებებს; ტაშკენტი-მოსკოვის მატარებლის საერთაშორისო კუპეში "დურაკა" მითამაშია უკვე "შტირლიც" ვიაჩესლავ ტიხონოვთან; სანტა მონიკაში ლიფტში შევჯახებივარ "დაუხატავ" და დაღლილ შერონ სტოუნს, რომელიც "ჰოლანდიისთვის საკმარისი იყო" (ასე უპასუხა სსრკ-ს პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, მიხაილ გორბაჩოვმა ჰოლანდიელი ჟურნალისტის შეკითხვას, - განიარაღების შემდეგ რამდენი ბირთვული ქობინი დაგრჩათო); სიგარეტი მომიწევია ანტონიო ბანდერასთან ერთად "უორნერ ბრაზერზის" სტუდიის შესასვლელში და ისეთი ქათინაური მითქვამს ქეთრინ ზეტა-ჯონსისთვის, რომელმაც გადასაღებ ფილმში თავის პარტნიორს მოაკითხა, რომ კინაღამ საფრთხე იყო ან მაიკლ დუგლასს მოვეკალი ან სახელგანთქმული ამერიკული "სექშუალ ჰარასმენტის" მუხლისთვის გამომეკრა ხელი, ბანდერასს რომ არ განემარტა, კავკასიელი კავკასიელია (ერთი "კავკასიელი" თეთრი რასის წარმომადგენელს ნიშნავს და ბანდერასმა ამიტომ იხმარა ორმაგი კავკასიელის ტერმინი) და ლამაზი ქალისთვის ქათინაური მაგისთვის გამარჯობის ანუ თქვენებური "ჰაის" ტოლფასიაო. ამ სატრაბახო ამბებიდან მხოლოდ ჯინა ლოლობრიჯიდა და ვიაჩესლავ ტიხონოვი შეადგენდნენ ჩემს სიმდიდრეს პოლიტიკურ ბანაკში მოხვედრამდე, ყველა სხვა შეხვედრა შემდგომში მოხდა. ლისმანისს, რა თქმა უნდა, ულამაზეს ჯინაზე ჩამოვუგდე სიტყვა (რუსი მზვერავის, ისაევის, იმავე შტირლიცის როლის შემსრულებელ ტიხონოვთან სამგზავრო-სამატარებლო ახლობლობით ტრაბახი არ იქნებოდა სწორი ტონი პატიოსან ლატვიელ ნაციონალისტთან საუბრისას). ლისმანისი კინოს ნამდვილი პარტიზანი იყო, მაშინ არ ვიცოდით სიტყვა, რომელიც ახლა იოლად აღწერს დაინისის მდგომარეობას, ლატვიელი სოციალ-დემოკრატი კინოს და, განსაკუთრებით, იტალიური კინოს ნამდვილი ფანი იყო. როგორც კი ჯინა ლოლობრიჯიდა ვუხსენე, ლისმანისი აღელდა.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი