|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ბედისწერათა არქიპელაგი - დათო თბილისი. ვეძინის ქუჩა 17. 1983 წელი. 23 ივნისი. დილის ექვსი საათი. სახლში სამნი ვართ - მე, ჩემი მეუღლე ინგა და დათო. სამივეს გვძინავს. სახლს ორი კიბე აქვს: ერთი ჩვენი და კარის მეზობელი იაშვილების საერთო ბაქანზე ადის, მეორე - ქოჩორაძეების ბაქანზე. ამ კიბეს ჩვენი ფანჯარა გადაჰყურებს. რაღაც მოძრაობაა სწორედ ამ ფანჯარასთან და ეს ხმაური მაღვიძებს. ფანჯრიდან მოჩანს ქოჩორაძეების კიბე და რამდენიმე სერიოზული იერის მამაკაცის სილუეტი ამ კიბეზე. სასწრაფოდ ვიცვამ და ცოლს ვაღვიძებ. ამასობაში ფრთხილი კაკუნი ისმის ჩვენს კარზეც. დათოს გაღვიძებას ვცდილობ. არ არის იოლი საქმე. წინა ღამით გვიან მოვიდა, ღრმად ძინავს და, საერთოდაც, არ არის დილის ექვს საათზე გაღვიძების მოყვარული. თვალს რომ ახელს, "დავით, ადექიზე" რეაქცია არ აქვს, მაგრამ ერთ ჯადოსნურ სიტყვას ვეუბნები, - მოვიდნენ-მეთქი, - და ყველაფერს ხვდება. კარს ვაღებ და ჩვენს ბინაში იჭრება ექვსიოდე კაცი, ერთი ამდენი ორ კიბეს "ამაგრებს". ჩემი გაღვიძებიდან ამ შემოჭრამდე გავიდა ოციოდე წამი. სისწრაფეს და ყველაფრის პროზაულ, საქმიან ხასიათს საგნები და მოვლენები არარეალურ სამყაროში გადაჰყავს. მოხდა ის, რასაც მრავალი წელი სიკვდილივით ველოდით და ამის შემდეგ დაიწყო სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. საქართველოს უშიშროებამ დაგვისვა მიჯნა, ჩვენი სიცოცხლე გაკვეთა, გაჰყო ორ პერიოდად - 1983 წლის 23 ივნისის დილის ექვს საათამდე და ექვსი საათის შემდეგ.
დაუპატიჟებელ სტუმრებს მეთაურობს პოლკოვნიკი გერსამია, რომელსაც უკვე ვიცნობ, დაკითხვაზე ვარ მასთან ნამყოფი. მსოფლიო ისტორია იცნობს სახელგანთქმულ ძმებს - ძმები გაიუს და ტიბერიუს გრაკხუსები, ძმები იაკობ და ვილჰელმ გრიმები, ძმები ოგუსტ მარი ლუი ნიკოლა და ლუი ჟან ლუმიერები, ძმები ჯორჯ და ანდრია ბალანჩივაძეები, ძმები ჯონ, რობერტ და ედვარდ კენედები, ძმები კარამაზოვები, როკო და მისი ძმები... ჩვენში კარგად იცნობენ თემურ გერსამიას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ დაიმსახურა, რომ გაიცნოს მისი ძმაც, სუკის პოლკოვნიკი გერსამიაც. ამ ძმებს მცირე საოჯახო ბიზნესი ჰქონდათ საბჭოთა საქართველოში: ერთი ძმა უშიშროების კომიტეტში მუშაობდა და მეორე მოსამართლე ბრძანდებოდა. ერთი ძმა იჭერდა და მეორე უსჯიდა, დახვრეტების ტრფიალს რომ ეტყოდნენ, სწორედ ეგ იყო. და არავითარი ინტერესთა კონფლიქტი. ორივე ძმა ვალმოხდილად და ამაყად წავიდა იმქვეყნად და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ორივე საჯაროდ ტრაბახობდა, რომ სხვებზე გაცილებით მეტი ადამიანი დაიჭირეს და დახვრიტეს. და რომ კიდევ დაიჭერდნენ და კიდევ დახვრეტდნენ, შანსი რომ ჰქონოდათ. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ ამ საქმეში სახელგანთქმული ძმები მარტონი არ იყვნენ: ოპერატიულ საქმეებს პოლკოვნიკი გერსამია განაგებდა, სამძებროს - პოლკოვნიკი ალექსანდრე მირიანაშვილი, უშიშროებიდან წამოსულ საქმეებს სასამართლოში მუდმივად გიორგი სვანიშვილი პროკურორობდა და მოსამართლეც ასევე მუდმივად თემურ გერსამია იყო. აი, ამ ბოროტების სამი მუშკეტერისა და დ'არტანიანის (პოლკოვნიკი გერსამიას) მოღვაწეობის მწვერვალებად მოგვევლინა მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების თავზარდამცემი დახვრეტები. ასეთი კეთილი სული შემოგვიფრინდა 1983 წლის 23 ივნისის დილას ოჯახში, ჩხრეკის ორდერი წარმოგვიდგინა და ორი დამსწრე გაგვაცნო (კეთილი სულის განმარტებით, საბურთალოზე მცხოვრები ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შემთხვევით, თავისთვის დასეირნობდა დილის 6 საათზე მთაწმინდის მიდამოებში და სუკის ოპერჯგუფმა ჩხრეკაზე დასწრება სთხოვა - პოლკოვნიკი გერსამია გარემოებათა ნამდვილი პოეტი იყო). სწორედ იმის გამო, რომ დაპატიმრებას და დაუპატიჟებელ სტუმრებს სიკვდილივით ველოდით და მათი სტუმრობის შემდეგ სასიცოცხლო პერსპექტივას ვეღარ ვხედავდით, სტუმრების მოსვლამ და ჩვენმა ცოცხლად დარჩენამ მეტისმეტად გაგვახალისა მასპინძლები, ელდამ და შიშმა გადაიარა, ნელ-ნელა მოგვემატა სითამამე და საკუთარი ღირსების შეგრძნება იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც საკუთარ საქმეს კი აკეთებდნენ, მაგრამ ღირსებისა და სიმართლისაგან ძალიან შორს იდგნენ, რადგან თვით მათი საქმე იყო უღირსი და ამაზრზენი. ჩხრეკა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როცა დათო წაიყვანეს. წიგნებში ორსაათიანმა ხელის ფათურმა შედეგი ვერ გამოიღო, პასუხისმგებელმა და კომპეტენტურმა ამხანაგებმა ვერაფერი გამოავლინეს (ოთხი წელი დაპატიმრებას ველოდით და სახლში რა ნივთმტკიცებებს დავახვედრებდით ძვირფას სტუმრებს?). რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც სახლში "საშინელი" წიგნები "მაინც" აღმოაჩინეს (მაგალითად, გრიგოლ რობაქიძის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში გამოცემული "გველის პერანგი" და ირაკლი აბაშიძის მიერ აღწერილი ხრუშჩოვის მოგზაურობა ინდოეთში, ძველ სტალინისტ გერსამიას ალბათ ეს წიგნი ანტისაბჭოთა ეგონა) და მე რომ ამაზე გამეცინა, პოლკოვნიკი ძალიან გამიბრაზდა. - რა გაცინებს? სასაცილოდ გაქვთ ძმებს საქმე? - ალბათ გონებაში ჩვენ, უღირს ძმებს თავის თავსა და მის ღირსეულ ძმას თუ გვადარებდა. - რა იყო, სიცილიც არ შეიძლება? ნებართვა უნდა ვითხოვო კაცისგან, რომელსაც ირაკლი აბაშიძის წიგნი ანტისაბჭოთა ჰგონია? - უკვე გულწრფელად მეცინებოდა მე. - შენ, სხვათა შორის, ჩაიცვი და წამობრძანდი, - განაცხადა პოლკოვნიკმა ისეთი იერით, რომლის თარგმნა ძნელი არ იყო, ოცდაათიანი წლებიდან უშიშროების კომიტეტში ნამუშევარი ამ გამოცდილი ჯალათის სახეზე აშკარად იკითხებოდა მთელი წინადადება, ჟან-პიერ ფლორიანის იგავ-არაკის მოდერნიზებული ფინალი: "კარგად იცინის, ვინც ბოლოს აპატიმრებს". დათო საღამომდე ალექსანდრე მირიანაშვილის კაბინეტში ჰყავდათ: იქ იყვნენ სამძებრო განყოფილების უფროსი, ალექსანდრე მირიანაშვილი, გამომძიებელი გია ცინცაძე, ვიღაც პერმელი რუსი ჩეკისტი. საღამოს რვა საათზე ჩაიყვანეს საკანში, სადაც ორი კაცი დახვდა, ერთი მაშინ მთელს საბჭოთა კავშირში გახმაურებული "ებრაელების საქმეზე" დაჭერილი ახალგაზრდა ბიჭი იყო (1983 წლის გაზაფხულზე სსრკ-ს მასშტაბით ებრაელი საქმოსნების მთელი არმია დააპატიმრეს და ფანტასტიკური ჭორებიც გაუვრცელეს, რომ მთელი საბჭოთა ოქრო ისრაელში გაზიდეს და სხვა ამგვარი ანტისემიტურ-ჩეკისტური ზეპირმეტყველების მარგალიტებით გაამდიდრეს მაშინდელი საზოგადოების ცნობიერება) და მეორე ვინმე რეციდივისტი, ბოროტმოქმედი, რომელსაც უკვე ცხრა წელი ჰქონდა მოხდილი და, მისივე განმარტებით, იგი და მისი თანამოსაქმე ერთმანეთს აბრალებდნენ, - მე კი არა შენ მოაჭერი თავი ჩვენს მესამე თანამზრახველსო. შემდგომში ეს ბატონი ჯონი ლაშქარაშვილთანაც აღმოჩნდა. მისი ყოფნა სუკის იზოლატორში საერთოდ უცნაურად გამოიყურებოდა. დათო შეუდგა საკანში ტრადიციულ ქართულ საქმიანობას - მასწავლებლობას, ლექციების კურსის კითხვა დაიწყო საქართველოს ისტორიაში (მე ანალოგიურ სიტუაციაში ლათინური ენისა და ბერძნული მითოლოგიის კურსს ვკითხულობდი). დაიწყო ყოველდღიურ დაკითხვათა სერია, რომელმაც საბოლოოდ გაამწარა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი: გამომძიებელთა მთელმა კოჰორტამ ექვსი თვის განმავლობაში დავით ბერძენიშვილისგან საქმესთან დაკავშირებულ ერთ კითხვაზე პასუხიც ვერ მიიღო. დათო თვითნებურად და ვაჟკაცურად სარგებლობდა იმ უფლებით, რომლის პატიმრისთვის მინიჭება სახელმწიფომ მხოლოდ ოცი წლის შემდეგ ინება, ოღონდ სხვა სახელმწიფომ, სხვა საუკუნესა და სხვა ათასწლეულში: პატიმარი დავით ბერძენიშვილი სარგებლობდა დუმილის უფლებით, რომელსაც არც საბჭოთა კავშირი სწყალობდა და არც კანონმორჩილი დისიდენტები აღიარებდნენ. მე არასდროს გამიგონია ჩემი უმცროსი ძმისგან ტრაბახი, - ვაჟკაცი ვარ და კაგებემ ექვსი თვე ვერაფერი მათქმევინაო. არც ერთ დაკითხვაზე გამოცხადებაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ პასუხობდა მხოლოდ ორ კითხვას: - აპირებთ თუ არა ჩვენების მოცემას? - არა. - მოგვცემთ თუ არა განმარტებას, რატომ არ აპირებთ ჩვენების მოცემას? - არა. ერთ-ერთ ასეთ დაკითხვაზე, როდესაც უკვე ხელჩაქნეულმა გია ცინცაძემ ყასიდად ჰკითხა, - რამე ახალი ხომ არ არისო, - დათომ დადებითად უპასუხა, - მაქვს ახალი ამბავიო. აღელდა ცინცაძე, სიგარეტი მიაწოდა, მაგიდა ფაქიზად გადაწმინდა, კალამი მოიმარჯვა, "ახალი ამბის" ანუ ჩვენების ჩასაწერად მოემზადა, როდესაც დათომ გაუმხილა, - ახალი ამბავი ისაა, რომ კბილი მტკივაო. როგორც დათო ამბობს, ამ მომენტში საერთოდ თავაზიანი ცინცაძის ნამდვილი სახეც უნახავს და ეს სახე ყოფილა დაახლოებით ისეთი, ვიზიტორების დედოფალმა ანამ რომ გამოავლინა ახალ ამერიკულ სერიალში სახელად "ვი" (ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ინტერპრეტაციაა, ძალიან მეეჭვება, დათოს საერთოდ გაგონილი ჰქონდეს ამ ამერიკული სერიალისა და ანას როლის შემსრულებელ მორენა ბაკარინის არსებობის ამბავი). დათომ თანამოსაკნე კრიმინალს მარტივი ტესტი ჩაუტარა: აშკარა დეზინფორმაცია მიაწოდა, გამომძიებელთან დაკითხვაზე მიყვანილს ეს ბლეფი წინ დახვდა და სუკის უკვე გამოაშკარავებული აგენტის საკნიდან გადაყვანა მოუხდათ (სწორედ ასე მოხვდა ეს კაცი ჯონი ლაშქარაშვილთან). გაშიფრული აგენტის საკნიდან გადაყვანამდე არც მას და არც დათოს ათი დღე არ უძინიათ. ასე თანაბრად სასტიკად ექცეოდა უშიშროების კომიტეტი პატიმრებსა და საკუთარ აგენტურასაც, როდესაც ეს უკანასკნელი (რა ზუსტი სიტყვაა!) რომელიმე გონებამახვილ და რისკიან ტუსაღს ხელში "შემოეშიფრებოდა". ეტაპი ანუ "პერესილკა" რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლებმა, ვახტანგ ძაბირაძემ, ვახტანგ შონიამ, ლევან და დავით ბერძენიშვილებმა ერთად გავიარეთ როსტოვის ციხემდე. როსტოვის შემდეგ დავშორდით ერთმანეთს: ვახტანგები პერმის გზას გაუყენეს, ჩვენ კი დუბრავლაგის ანუ მორდოვეთისკენ გვიქნეს პირი. გზაში ბევრი საინტერესო რამ გადაგვხდა, მაგრამ ამ ამბებს სამომავლოდ შემოვინახავ. ბარაშევოში რომ ჩავედით, ჩემში უფროსი და პასუხისმგებელი ძმის ფუნქცია გამოიკვეთა. ჩემი მთავარი ამოცანა იყო ახალგაზრდა და მღელვარე დათოსთვის სახიფათო ინციდენტები თავიდან ამეცილებინა, მაგრამ ამ საქმეში სერიოზულ წარმატებას ვერ მივაღწიე. ჩემს წარუმატებლობებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ანდრეიკასა და ფლორ ვასილის ძესთან დაკავშირებული ხმაურიანი ეპიზოდები. ალგიმანტას ანდრეიკა კლაიპედელი ლიტველი იყო. ვილნიუსში ცხოვრობდა და ბარმენად მუშაობდა, როცა 1981 წლის მაისში დააპატიმრეს და 1982 წელს ოთხს პლუს ხუთი მიუსაჯეს, რასაც უკვე ზონაში ახალი სასჯელი დაუმატეს ("სხეულის განზრახ დაზიანება", საკუთარ თავს ავნო და ცოტა ხანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც აყურყუტეს) და, გორბაჩოვი რომ არა, გულაგში ამოხდებოდა სული (რეაბილიტირებულია 1989 წლის ივნისში ლიტვის სსრ უმაღლესი სასამართლოს მიერ, ცოტა ხნის შემდეგ კი მოულოდნელად გარდაიცვალა). ანდრეიკა ფეხბურთის გულშემატკივარი იყო, ვილნიუსის "ჟალგირისი" მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობდა და, ბუნებრივია, ალგიმანტასიც თავის გუნდს გულშემატკივრობდა (1984 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის "დინამომ" და ვილნიუსის "ჟალგირისმა", შესაბამისად, მეშვიდე და მეცხრე ადგილები დაიკავეს, ჩემპიონი კი ლენინგრადის "ზენიტი" გახდა, რაც "ჩვენი" პეტერბურგის მკვიდრებს ერთობ გაეხარდათ). ამასობაში საბჭოთა გუნდები ევროპულ ტურნირებზე გამოჩნდნენ (ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი და ა.შ.) და ახალი ტრადიციაც ჩამოყალიბდა - ვინაიდან ზამთარში მოსკოვში გაყინულ მოედნებზე თამაშზე ყველა უარს ამბობდა, მოსკოვურმა გუნდებმა სამხრეთის დედაქალაქები აირჩიეს. ასე გახდა მოსკოვის "სპარტაკი" ჯერ ბელგიური "ანდერლეხტისა" და შემდეგ გერმანული "კიოლნის" მასპინძელი თბილისში. მოსკოველები თბილისში კი იგებდნენ, მაგრამ ორი მატჩის შედეგად მომდევნო წრეში გასასვლელად ერთი ბურთი აკლდებოდათ ხოლმე.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი