|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ბედისწერათა არქიპელაგი - ანადენკო*სრული ვერსია იხილეთ ცხელი შოკოლადის 62-ე ნომერში მისი დავიწყება შეუძლებელია. შეიძლება მისი სიყვარული, სიძულვილი, პატივისცემა, შეურაცხყოფა, იგნორირება, დაცინვა, განდიდება, გაზვიადება, გაღმერთება, მიწაზე დანარცხება, გასრესა, გაბითურება, განადგურება, მოკლედ, ყველაფერი, რაც კი აზრად მოგივა. არ შეიძლება მხოლოდ მისი დავიწყება. ვლადიმირ ვისოცკი თავის ერთ-ერთ შედევრში, სპორტულ სახუმარო სიმღერაში ჭადრაკში არც ისე კარგად გარკვეული საბჭოთა სპორტსმენის სახელით (ეს იყო ჭადრაკის მსოფლიოს მეათე ჩემპიონის, ბორის სპასკის შარჟი, რომელზეც, რამდენადაც ვიცით, მაშინ რუსი და შემდგომში ფრანგი დიდოსტატი ნაწყენი არ დარჩენილა) მღეროდა: «говорят, что Фишер очень ярок» ("ამბობენ, ფიშერი მეტად გამორჩეულიაო"), სწორედ ასეთი яркий, როგორც ინგლისელები იტყოდნენ, ბრიგჰტ ანუ ნათელი კაცი იყო ანადენკო. ბობი ფიშერი შემთხვევით არ მიხსენებია, ჭადრაკში მსოფლიოს მეთერთმეტე და ყველაზე ელვარე ჩემპიონისა არ იყოს, ანადენკოც მეტად უცნაური და ფხუკიანი კაცი გახლდათ, თანაც პოლიტიკური ბანაკის ЖХ 385/3-5-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი ბრძანდებოდა ჭადრაკში და ბანაკის ჩემპიონობის მუდმივ პრეტენდენტებს, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ მოსკოველი არნოლდ ანდერსონი, ბაქოელი ახპერ რაჯაბოვი და პეტერბურგელი ბორია მანილოვიჩი (დააკვირდით, სულ საჭადრაკო დედაქალაქებია), არანაირი შანსი არ გააჩნდათ ამ პიედესტალიდან მისი ჩამოგდებისა. ჩვენ რომ გავიცანით, ფრიდრიხ ანუ ფრედ ფილიპეს ძე ანადენკო ორმოცდაათს იყო მიღწეული. შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის მხარის ამურის ოლქის ყურე დე-კასტრიში (Бухта де-Кастри) იყო დაბადებული, სადაც მამამისი სამხედრო სამსახურს გადიოდა. პასპორტის მიხედვით ფრედი რუსი იყო, თუმცა, როგორც თვითონ ამბობდა, უკრაინული, ბელორუსული და ცოტაოდენი ბოშური სისხლიც ერია. იოლი მისახვედრია, ამ საერთო-სლავური სისხლის კაცს მშობლებმა ფრიდრიხი როგორ დაარქვეს, ეს მათ, რა თქმა უნდა, ფრიდრიხ ენგელსის საპატივცემულოდ გააკეთეს (უფროს ძმას, სხვათა შორის, კარლი ერქვა და უმცროსი ძმები რომ შესძენოდა, აუცილებლად ვლადიმერი და იოსები ექმეოდათ). შესაბამისად, ჩვენი ანადენკო, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაბადებით მარქსისტი იყო, თანაც სწორედ ენგელსური აქცენტით, ანუ კლასიკური ცენტრისტი მარქსისტი ლიბერალიზმის იშვიათი ელემენტებით. რუსი საბჭოთა ახალგაზრდობისთვის საოცნებო და უმეტესობისთვის მიუწვდომელი სევასტოპოლის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა 1960 წელს და, როგორც სარაკეტო ჯარების ინჟინერი, სამუშაოდ გააგზავნეს კოსმოდრომზე, საიდანაც ერთი წლის შემდეგ კოსმოსში იური გაგარინი გაფრინდა. ახალგაზრდა ანადენკო მაშინ რაკეტების გამოცდაში იღებდა მონაწილეობას და ასე პირდაპირ და უშუალოდ ჩაერთო მსოფლიო ისტორიაში. სულაც 19 წლისა ყოფილა, როცა კომუნიზმის არსით დაინტერესებულა და დამოუკიდებლად დაუწყია მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების გულმოდგინე შესწავლა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ საქმეში მართლა დამოუკიდებელი ყოფილა, რადგან ოფიციალურად ნებადართული მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის გარდა, საფუძვლიანად გაეცნო სრულიად აკრძალული კარლ კაუცკის, ლევ ტროცკისა და თავმჯდომარე მაოს შემოქმედებას. გულწრფელად სწამდა რა თავისი არჩეული გზისა, გახდა კომუნისტური პარტიის წევრი, ძალიან მალე მიიღო მაიორის სამხედრო წოდება და ერთი შეხედვით, მის წინაშე შესანიშნავი სამხედრო კარიერა გადაიშალა. ეს ყველაფერი დასრულდა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის მოვლენების შემდეგ, როდესაც "მოკავშირეთა" (ოპერაციაში საბჭოთა კავშირის გარდა მონაწილეობდნენ ე.წ. ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნების არმიებიც, რუმინეთის გარდა) ტანკებმა სახელგანთქმული Pražské jaro "პრაღის გაზაფხულის" ყვავილები ქალებისა და ბავშვების სისხლით მორწყეს. იმავე წლის ოქტომბერში მაიორმა ანადენკომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, პროტესტის ნიშნად უყოყმანოდ დაეტოვებინა კომუნისტების რიგები და საკუთარი ნებით მიეტოვებინა მაშინ ასე პრესტიჟული სამხედრო სამსახური ელიტურ სარაკეტო ჯარებში. თავიდან დაიწყო ცხოვრება. თორმეტი წელი მუშაობდა მუშად ჯერ მეტროპოლიტენში და შემდეგ კიევის ქაღალდის ფაბრიკაში, ამაზე დახარჯა ცხოვრების 12 წელი ყოფილმა მაიორმა და სამხედრო რაკეტების გამომცდელმა. მისივე თქმით, დრო ფუჭად არ დაუკარგავს: გამალებით მუშაობდა თავის პირველ პოლიტიკურ წიგნზე "ნორმალური სვლა", რომელმაც ბოლოს და ბოლოს 1982 წლის 2 აპრილს განსასჯელის სკამზე დასვა. კიევის საქალაქო სასამართლომ უკრაინის უშიშროების მაშინდელი სისხლისმსმელი ხელმძღვანელის, სტეპან მუხას მოთხოვნით, 1982 წლის 29 ოქტომბერს ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის სასჯელის მაქსიმუმი, სახელგანთქმული "შვიდს პლუს ხუთი" მიუსაჯა. დამახასიათებელია, რომ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც ფრედმა პირველი მოთხოვნისთანავე მოგვაწოდა ზონაში ახალჩასულ ქართველებს, ანადენკოს წიგნის ქვესათაური: «От Ленина до Брежнева» (ლენინიდან ბრეჟნევამდე) ჩეკისტური დელიკატურობით ასე იყო შეცვლილი "От [имя руководителя] до [имя руководителя]», როგორც ჩანს, ისეთ "წმინდა წერილში", როგორც ზონაში ხუმრობით მოიხსენიებდნენ "კაგებეს" წერილობითი შემოქმედების ამ შედევრს, ანუ ისეთ დოკუმენტში, როგორიც განსასჯელის საბრალდებო დასკვნაა, ლენინისა და ბრეჟნევის უმწიკვლო სახელების უბრალო ხსენებაც კი, უკრაინელი ჩეკისტების აზრით, წარმოუდგენელ ჩირქს ცხებდა მსოფლიო პროლეტარიატის ამ დიდ ბელადებს. როდესაც ზონაში ჩასულ ახალბედებს "ადგილობრივებმა" თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს, დამხვედრ კომისიაში ქართველებთან, ჯონი ლაშქარაშვილთან და ჟორა ხომიზურთან და земляк ანუ თანაკავკასიელ რაფაელ პაპაიანთან ერთად რუსები ვადიმ იანკოვი და ფრიდრიხ ანადენკოც შედიოდნენ. ფრედმა დაწვრილებით გამოგვკითხა ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული რესპუბლიკური პარტიის შესახებ და სიამოვნებით აღნიშნა, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა (ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პროგრამაც გვქონდა) მის ეკონომიკურ თეორიებს ემთხვეოდა (პატიოსნად უნდა ვაღიარო, რომ ეკონომიკის სფეროში ჩვენი მაშინდელი "პროგრამა" დღეს სპეციალისტების ღიმილს თუ გამოიწვევს და ნებისმიერი ნორმალური უმაღლესი სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტებს სასაცილოდაც არ ეყოფათ, უფრო სწორად, არ ეყოფოდათ, მართლა მრავლად რომ გვქონოდა ასეთი სასწავლებლები და გვყოლოდნენ ასეთი სტუდენტები). ანადენკო, როგორც თვითონ ამბობდა, სოციალ-დემოკრატი და "უსისხლო" მარქსისტი იყო. ლენინის, სტალინისა და მაოს პრაქტიკას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ანტონიო გრამშის, პალმირო ტოლიატის, მორის ტორეზის, ჟორჟ მარშეს, ალექსანდრ დუბჩეკის და, განსაკუთრებით, იტალიის კომუნისტური პარტიის მაშინ ახლად გარდაცვლილი ლიდერის, ენრიკო ბერლინგუერის ცუდად ხსენება მასთან არ შეიძლებოდა. ამ უკანასკნელის მთავარი დამსახურება, ფრედის აზრით, იმაში მდგომარეობდა, რომ მან იტალიის ტრადიციულად ძალიან ძლიერი და გავლენიანი კომპარტია მარქსიზმ-ლენინიზმის პოზიციიდან ევროკომუნიზმის პოზიციებზე გადაიყვანა, სხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკოსებთან დაახლოება დაიწყო და 1980 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანის გამო მკვეთრი პროტესტი გამოთქვა, რის გამოც საბჭოთა კავშირისა და იტალიის კომპარტიებს შორის განხეთქილება მოხდა და ინტურისტის ქსელის სასტუმროების კიოსკებიდან სამუდამოდ გაქრა იტალიელი კომუნისტების ორგანო, გაზეთი "უნიტა", რომლის ბოლო გვერდები ფეხბურთის მოყვარულთათვის ნამდვილი ილუსტრირებული ბიბლია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინგუერის პოპულარობა უზომოდ გაიზარდა საბჭოთა კავშირის კრიტიკის შემდეგ, იტალიის კომპარტიამ მაინც ვერ შეძლო ვერც დამოუკიდებლად და ვერც კოალიციურად ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებაში მოსვლა, თუმცა იტალიის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები კომუნისტებით გაივსო. თითქმის ყოველი დილა იწყებოდა ხომიზურ-ანადენკოს ხანმოკლე, მაგრამ გაუთავებელი კამათით "კეთილშობილი" კომუნიზმის შესაძლებლობა-შეუძლებლობის შესახებ. ხანმოკლე კამათი იმიტომ იყო, რომ "პლაცზე" ანუ მოედანზე მოწყობა-დათვლისას იწყებოდა, სასადილოში გრძელდებოდა, მაგრამ სამუშაო საამქროში შესვლის წინ მთავრდებოდა - იქ საკერავი ელექტრომანქანებისგან ისეთი ხმაური იდგა, რომ სამეცნიერო ან პოლიტიკური კამათი შეუძლებელი ხდებოდა, თითო-ოროლა სიტყვას თუ გადავძახებდით ერთმანეთს. ამ დილის შერკინებებში ანადენკო გაუთავებლად "მღეროდა" ცნობილ სიმღერას სოციალიზმზე "ადამიანური სახით", ხოლო ჟორა ამტკიცებდა, რომ სოციალიზმს საერთოდ არ შეიძლება არათუ ადამიანური, არამედ საერთოდ რამენაირი სახე ჰქონდეს, რადგან მას მუდმივად ჰქონდა, აქვს და ექნება მგლის оскал ანუ "სიფათი". ანადენკო ამტკიცებდა, რომ კომუნიზმს არაფერი აქვს საერთო არც ლენინის ავადმყოფურ იდეებთან (ნებისმიერი მზარეული რომ უნდა მართავდეს ქვეყანას), არც ტროცკის პერმანენტული რევოლუციის იდეასთან, არც სტალინის სისასტიკესთან და გულაგთან და არც მრავალი კომპარტიის მიერ აღიარებულ პროლეტარიატის დიქტატურასთან (რაც მართალია მართალია, ამ მარქსისტ კაცს პროლეტარიატი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა). ხანდახან კამათში სტალინისტი რაზლაცკიც ერთვებოდა და საბრალო ანადენკოს მარჯვნივ და მარცხნივ, ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა და მაინც ყველა კამათს ადამიანური სახით ამთავრებდა, არავის შეურაცხყოფდა და რომელიმე უპასუხოდ დარჩენილ არგუმენტზე ამბობდა, - აუცილებლად ვიფიქრებ მაგაზეო. რაღაცას მართლა მოიფიქრებდა და ისევ იწყებოდა ენრიკო ბერლინგუერი, ანტონიო გრამში, პაბლო პიკასო და პოლ ელუარი. საღამოს, მუშაობის დამთავრების შემდეგ კამათის ხასიათი იცვლებოდა და პოლიტიკური სფეროდან უფრო აკადემიურში გადადიოდა - ახლა ანადენკო და იანკოვი კამათობდნენ მარქსზე, ენგელსზე, ტროცკიზე, ფროიდზე, ლაკანსა თუ პოპერზე. განსაკუთრებით მწვავე კამათის საგანი იყო სწორედ კარლ რაიმუნდ პოპერის შემოქმედება, რადგან პოპერი იანკოვისთვის ისეთივე შეუვალი ავტორიტეტი იყო, როგორც ანადენკოსთვის მარქსი. სხვათა შორის, ამ კამათში პირველად გავიგე პოპერის არსებობის შესახებ და პირველად გავიგონე მომავალი საქართველოსთვის ასე საბედისწერო ტერმინი "ღია საზოგადოება".
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი