ბებიაცაა და ბებიაც

11

 

ეს იაპონური წარწერა ასე ითარგმნება: "მე ბებიაჩემს ვგავარ". საქმე ისაა, რომ ამ პლაკატის ავტორმა მხოლოდ ის იცის, რომ ბებიამისი იაპონელი იყო. სად დაიბადა ეს პატიოსანი ქალი, ბაბუა სად გაიცნო, რამდენი წლისა მოკვდა - უცნობია. შესაბამისად, შთამომავალმა გადაწყვიტა, რომ ბებია ლამაზი ქალი იყო და სულ ასეთად დარჩა, დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ბებია ახლაც ასეთია, და ის, ბატონი ლაშა მდინარაძე, ძალიან ჰგავს თავის ბებიას.
ჩემი ბებია კი ნამდვილი ბებიაა, თუმცა, ცოტა ზღაპრის გმირი. ის ამქვეყნად ყველაზე ლამაზ ადგილას ცხოვრობს. მას იმდენი ადამიანი ჰყავს გაზრდილი, რამდენსაც ზოგი არცკი იცნობს. ჩემი ბებია საოცარ ამბებს ჰყვება დევების შეცვლილი ბავშვების თუ პირველ მსოფლიოში წასული მამაკაცების შესახებ. ბებიამ ყველაფერი იცის და ყველაზე ძალიან მე ვუყვარვარ - ამ უკანასკნელში მისი მრავალი შვილიშვილი შემედავება, მაგრამ მერე, რა...
როცა პატარა ვიყავი, მეგონა, რომ ყველა ბებია ასეთია. თურმე სად ვარ! ამ ერთ რამეში გამიმართლა მაგრად, თორემ მერე ბებიები გავიცანი - მტერს და ავს, რაც ძალიან ლოგიკურია: უხასიათო ქალებს რა დალევს და მათი უმრავლესობა ხომ ადრე თუ გვიან ბებია ხდება. გგონიათ, გაბებიება გაკეთილშობილების საწინდარია? სულ პირიქით!
მეგობრებს გადავხედე. ერთის ფეხმსუბუქი ბებია და მისი ორი უყოფაქცევო და ეჭვიანობის ნიადაგზე სამ დღეში ერთხელ ერთმანეთს წყევლიდა და ასისხლიანებდა. მეორეს ბებია ტაშკენტში ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო ციხეში იჯდა. მესამეს ბებომ დამშვიდობებისას მიაძახა: "ნახვანდით, შენ არ გეღირსა მისვლა სახლანდით!" ერთ დღემდე ლამაზ ბებიას კი ლუსტრაციის კანონის გაგონებაზე აკანკალებს, იმიტომ, რომ აღარ ახსოვს, ვისთან გორავდა და რა ბნელი საქმეები აქვს ჩადენილი.
ეჰ, ბებო, ბებო!
კარგი რამაა ბებია.
მოკლედ, ბებია სულ ნაირ-ნაირი არსებობს, და კაცობრიობის ამ მშვენიერი ნაწილის მრავალფეროვნებას მიეძღვნა გამოფენა "ყველაფერი ბებიაჩემის შესახებ". ის გაიმართა გალერეა "დიზაინში" და მასში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ძალიან მინდა, ყოველი მათგანის ბებიის ამბავი დავწერო, მაგრამ რთული საქმეა - სამტომეული გამოვიდოდა.
საკუთარ ბებიაზე ყველაფრის მოყოლა ძნელი საქმეა - ადიულტერი და უბედურება, გენეტიკური წუნები, ოჯახის პრესტიჟი, ჩონჩხი კარადაში. მაგრამ რაც ითქმოდა, ითქვა, და ძალიან კარგიც გამოვიდა - ლამაზი, ხალისიანი, მხიარული. რა ელეგანტური ბებიები ვნახეთ! როგორი ჯადოსნური სკივრი ჰქონია ქალბატონს! რა აღარ ხდებოდა! ამ უამრავი ბებოსთვის ერთი ბაბუა ატრიალებდა გრამოფონის ფირფიტებს და "კრება დარჩა კმაყოფილი".
შენ კი, ძვირფასო მკითხველო, "ცხელი შოკოლადის" სახელით გირჩევ: თუ ბებია გყავს, ძალიან მოუფრთხილდი, რადგან სანამ შვილიშვილი გქვია, პატარა გოგო ან ბიჭი ხარ და ამაზე კარგი არაფერია. ხოლო მათ, ვისაც სქესობრივი თავისებურებების გამო ბებიობა მოუწევთ, ვურჩევდი, "დიზაინს" სწვეოდნენ - ბევრი წლის მერე, როცა თქვენი შვილიშვილები მოაწყობენ აქციას "ყველაფერი ბებიაჩემის შესახებ", ლამაზი ნივთები გექნებათ საჩვენებელი და მნახველები იტყვიან, აი, მესმის, ბებიაც ასეთი უნდაო.

@