view counter
warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 12 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

BABY UNIVERSE

რედაქტორის სვეტი N76

ნინო ჯაფიაშვილი

"ცხელი შოკოლადის" მთავარი რედაქტორი

ყოველ ჯერზე გაოცებული ვაკვირდები, როგორ იწყებს ჩემი ხუთი წლის შვილი, სპონტანურად, ხელში მოხვედრილი შემთხვევითი ნივთებისგან სამყაროების შექმნას. ჭრელი თავშლები, ძველი მძივები, ქუჩაში ნაპოვნი ფერადი შუშები, ქვები, გირჩები, ფეხსაცმელები, ბალიშები, სხვადასხვა ზომის თასმები - ნელ-ნელა ყველაფერი რაღაც უცნობი ლოგიკით ლაგდება, მერე ისევ ირღვევა და ახლა უკვე, სხვა კომბინაციით უკავშირდება ერთმანეთს. ისევ და ისევ - დაუსრულებლად.

ეს პატარა "დემიურგი" ისეთი გატაცებით აკეთებს ხოლმე ამ ყველაფერს, რომ იმ მომენტში სრულიად მიუწვდომელი ხდება გარე სამყაროსთვის. წინ და უკან დაბორიალობს, თავისთვის ლაპარაკობს, ვერ გრძნობს დრო როგორ გადის, რამდენიც უნდა ელაპარაკო, ხმას ვერ მიაწვდენ. თავისი სამყაროების  გადაკეთებაში ისეა ჩაფლული, რომ ჰორიზონტს მიღმა დარჩენილ რეალობას ვეღარ ამჩნევს.

მთელი იანვარი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს "ცხელი შოკოლადის" ავტორებიც ამ თამაშში ვიყავით ჩართული. ისევე, როგორც ბავშვობაში, ყოველდღიურ ერთფეროვნებას თვალი მოვწყვიტეთ, ცაში ავიხედეთ და ხელახლა გავიაზრეთ "რა საოცრებაა, როდესაც სამყარო - მთელი ეს უსასრულობა და წარსული ჩვენს ცნობიერებაში აირეკლება."

რას წარმოადგენს ადამიანი და რა არის რეალობა? ამ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხს ეძებდნენ დათოვლილი გუდაურის "კოსმოსური თანამგზავრივით ჩუმ, უხმო სასტუმროს ოთახში" თანამედროვე ფიზიკის მკვლევარ გია დვალთან ერთად "მწერალი, მუსიკოსი და ასტროლოგი-ფოტოგრაფი".

"გია დვალი პირველ მიახლოებაში", "ჯონ და ჰოლი ბასები - მოგზაურები საქართველოში", "ალექსანდრ მაკქუინი - სილამაზის ბნელი მხარე", კახა თოლორდავას ინტერვიუ ჩარლზ ლოიდთან - "ცხელი შოკოლადის" ყველა ეს ისტორია, სხვადასხვა "შეჯახებების" შედეგად შექმნილ უნიკალურ რეალობებს აღწერს, რომელთა გააზრებაც საკუთარი თავის უკეთ შეცნობის საშუალებას გვაძლევს.

"ყველაზე ღრმად საკუთარ თავში სამყარო იგივეა, რაც ადამიანი თავისი ბუნებით. შეიძლება ამას სული ან გონი დავარქვათ - ეს ერთიანობა აზროვნებს და ამავე დროს, თავად არის აზრი და ჩვენ, ადამიანური არსებები სინამდვილეში ამ მოაზროვნის ფიქრები ვართ," - წერს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვიზიონერი ფილიპ ქინდრედ დიკი თავის ესეში - "როგორ შევქმნათ სამყარო, რომელიც არ დაიშლება რამდენიმე დღეში".

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.