ახალი წესები ახალი მსოფლიოსთვის

16

დიდი ოცეულის სამიტი ვაშინგტონში, 2008

დღევანდელობის პრობლემები სცდება ნაციონალურ საზღვრებს.

მსოფლიოს გონივრული მართვა სჭირდება, რომელიც ასევე არ ცნობს ბარიერებს.

თუ გსურთ, იცოდეთ, როგორ გამოიყურება პოსტ-ამერიკული მსოფლიო, უბრალოდ გაიხსენეთ ნოემბრის დიდი ოცეულის სამიტი, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. პირველ რიგში, ყურადსაღები იყო თვით ღონისძიება. აქამდე ყველა ფინანსურ კრიზისს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ანდა დიდი შვიდიანი (უფრო მოგვიანებით დიდი რვიანი) მართავდა. მაგრამ ამჯერად მაგარი ბიჭები მიხვდნენ, რომ პრობლემებს მარტო ვერ დაუხვდებოდნენ და საჭირო იყო საქმეში მსოფლიოს ყველაზე მზარდი ბაზრების ჩართვა. ეფექტური საპასუხო დარტყმისთვის, ურთიერთგადაჯაჭვულ გლობალურ სისტემაში, აუცილებელი იყო მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეების ჩარევა. ნაღდი ფული რომ არ გამოლეოდათ, ჩინეთიცა და საუდის არაბეთიც მიიპატიჟეს. რაც შეეხება ლეგიტიმურობას, ძველი დასავლური კლუბები, რომლებიც წარსულის არქაულ რელიკვიებს ჰგვანან, ლეგიტიმურობას მარტონი ვეღარ უზრუნველყოფენ.

თუმცა, ცხადია, ყველაფერი არ შეცვლილა. დიდი ოცეულის სამიტი ძველებურად კვლავაც ვაშინგტონში გაიმართა, ხოლო პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უდიდესი როლი შეასრულა განრიგის შემუშავებაში. ამერიკას მჭიდრო კავშირები აქვს მნიშვნელოვან ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩინეთი, იაპონია, საუდის არაბეთი; ასევე ინარჩუნებს ძველ მეკავშირეებს - ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას. ამ აწყობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე კი, ნოემბრის სამიტზე გაჩნდა პოტენცია - ამ ახალ, გაცილებით უფრო დიდ და წარმომადგენლობით სახელმწიფოთა დაჯგუფებას რეალურად მოეხდინა სტრატეგიათა კოორდინირება, რაც კრიზისის მოგვარების დასაწყებად იყო საჭირო.

ასე რომ, ჩვენს წინაშეა მართლაც ახალი მსოფლიო, მაგრამ არა აუცილებლად ისეთი, რომელშიც ამერიკას თავისი როლი და მისია დაკარგული აქვს, და არც ისეთი, რომელშიც ერთობლივი ძალისხმევა და ქმედება შეუძლებელია.

როცა ისტორიკოსები კრიზისის შეფასებას დაიწყებენ, ალბათ დაასკვნიან, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი წარმატება იყო. ცოტა უცნაურია, ასეთი რამის თქმა იმ მოვლენებზე, რასაც პანიკა, კრედიტის შეზღუდვა, პროგრესის შენელება და საფონდო ბირჟის მორღვევა მოჰყვა. მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის წინაპირობა, რომელიც ამგვარ რეალობას წინ უძღოდა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკური სტაბილურობით ტკბებოდა, იყო დაბალი ინფლაცია და გლობალური ეკონომიკის მასობრივი ზრდა, რომელშიც დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი მონაწილეობდა. პლანეტის სხვადასხვა კუთხეში სახელმწიფოები გაუგონარი სისწრაფით ვითარდებოდნენ - 124 სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკა 2006-07 წლებში 4 ან კიდევ უფრო მეტი პროცენტით განვითარდა. ომებმა, სამოქალაქო კონფლიქტებმა და ტერორიზმა ისე საფუძვლიანად ვერ არია სიტუაცია, როგორც ამას ათწლეულების, ანდა, სხვა საზომი რომ გამოვიყენოთ, საუკუნეების  განმავლობაში ახერხებდა.

ამ ყველაფერმა კი პრობლემათა ახალი სერია წარმოშვა. რაც უფრო მეტად ძლიერდებოდა და ვითარდებოდა ზოგიერთი ქვეყანა, მით უფრო ნაციონალისტური და აგრესიული ხდებოდა ის სხვების მიმართ. ის, რაც მოვიმკეთ, რაღაც დოზით სწორედ ნავთობში გადახდილი საფასურია: მოღონიერებული ირანი, ვენესუელა და ხელახლა ფეხზე დამდგარი რუსეთი, ასევე - ისლამური ჯიჰადი. უზარმაზარი ფულით ფრთაშესხმულმა ვაჰაბისტურმა იდეამ უკვე ყველა მუსლიმური ქვეყნის რწმენაში შეაღწია და ამ რელიგიას ყველგან მკვახე ჟღერადობა შესძინა, რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდები კი ახალი იდეებით გამოკვება.

წინსვლამ და ინფლაციის დაბალმა მაჩვენებელმა ეკონომიკაში ორი ანგარიშგასაწევი ძალა შვა: პირველი გახლდათ იაფი კრედიტი, მეორე კი კაპიტალის ახალი უზარმაზარი საბადოების გაჩენა. მოგების ზედნადები განვითარებადი ეკონომიკის მქონე აზიურ ქვეყნებში (შემდეგ კი შუა აღმოსავლეთის ნავთობმწარმოებელ ქვეყნებში) დღემდე არნახული ოდენობით დაბანდდა. დაუმატეთ იაფი კრედიტისა და უზღვავი კაპიტალის ამ ორ ძალას ორი ძველი და კარგად ნაცნობი თვისების - სიხარბისა და სიბრიყვის ძალა და მალე მიხვდებით, როგორ და რატომ მოიშალა შემდეგ ყველაფერი.

გარკვეულწილად პრობლემაა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რამდენიმე სხვა დასავლური სახელმწიფო ზედმეტ პროდუქტს მოიხმარდნენ - გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე თავად აწარმოებდნენ, დანაკლისს კი სესხით ივსებდნენ. მაგრამ თუ ამერიკამ ყველაფერი გადახარჯა, აზიამ პირიქით - შემოინახა და დაზოგა. შემდეგ ეს დაზოგილი თანხა - დაახლოებით 10 ტრილიონი დოლარი - ხომ უნდა წასულიყო სადღაც და, ამიტომაც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ამ თანხის ძირითადი ნაწილი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა, რადგან, რაღაც გაგებით, მართებულად ითვლებოდა, რომ შტატები გახლავთ ყველაზე უსაფრთხო და, აქედან გამომდინარე, საუკეთესო ადგილი ინვესტიციებისთვის. ფულის დინების ამ ტენდენციამ წარმოშვა იოლი კრედიტი და სხვა უამრავი საპნის ბუშტი ტექნოლოგიურ პროდუქტში, ობლიგაციებსა და უძრავი ქონების ბაზარზე.

რაც უნდა უიმედოდ გამოიყურებოდეს რეალობა, მიმდინარე ფინანსური კრიზისი მაინც დასრულდება. არ ვიცი - როდის და როგორ, მაგრამ მთავრობის სტრატეგიების კომბინაცია ბოლოს და ბოლოს გაამართლებს. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ მთავრობები გაცილებით უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე ბაზრები. მთავრობას შეუძლია, დახუროს ბაზარი, სახელმწიფო ქონებად აქციოს ფირმა, დაწეროს ახალი კანონი. ვაშინგტონი კი, ჩამოთვლილ უფლებამოსილებათა გარდა, კიდევ ერთ უნიკალურ ძალას ფლობს: მას შეუძლია ფულის მოჭრა.

სამთავრობო ჩარევების საშუალებით კრიზისი კაპიტალისტურ სისტემაში წინათაც დაძლეულა. ალბათ თითოეული თანამედროვე საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნებოდა ისეთი უკუსვლა, რაც მე-19 საუკუნეში ლამის რუტინად  იქცა - ეპოქაში, როცა მთავრობა ნაკლებად ერეოდა ბაზრის საქმეებში. რეცესიის საშუალო ხანგრძლივობა 1854-1919 წლებში 22 თვე იყო. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კი რეცესია საშუალოდ რვა თვეს გრძელდებოდა. 1854-1999 წლებში ამერიკაში ეკონომიკური და ინდუსტრიული აქტივობა შემცირებას განიცდიდა ყოველ 49 თვეში ერთხელ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კი შემცირება ყოველ 100 თვეში ერთხელ ხდებოდა. მსგავს ცვლილებებს უამრავმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ვაშინგტონის ფისკალური და ფულადი პოლიტიკაა. ფინანსური ინდუსტრია, რომელიც მიმდინარე კრიზისის შუაგულში დგას, მნიშვნელოვანი ორგანიზმია, თუ მთლად უნიკალური არა, რადგან ის გახლავთ ეკონომიკის მამოძრავებელი სასიცოცხლო არტერია. ამიტომაც ის განსაკუთრებული სიფრთხილით კონტროლს საჭიროებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარ ყველა ფინანსურ კრიზისში (და ასეთი ათი მაინც იყო) მთავრობას ნდობისა და რწმენის აღსადგენად პროცესებში ჩარევა მოუხდა. და უნდა ითქვას, რომ ჩარევა თითოეული ინციდენტის დროს წარმატებული აღმოჩნდა.

მთავრობის ახლანდელი ჩარევა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვუბრუნდებით სოციალიზმს ანდა ძველ, შერეული ტიპის ეკონომიკას? დაახლოებით 35 წლის წინათ უმეტეს ქვეყანაში მთავრობები თავიანთი ეროვნული ვალუტის ფასს აკონტროლებდნენ. ისინი ფლობდნენ ფოლადის საწარმოებს, ავტოსამშენებლო ქარხნებს, სატელეფონო კომპანიებსა და ბანკებს. ისინი საზღვრავდნენ ავიამგზავრობის ფასს, ადგენდნენ სატელეფონო ზარის, აქციების საკომისიოებისა და ცემენტის ღირებულებას. ინდუსტრიულ მსოფლიოში ტარიფები გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღესაა. ნეტა მართლა თუ ფიქრობს ვინმე, რომ ჩვენ სწორედ ამ ეპოქას ვუბრუნდებით? ნეტა მართლა თუ სჯერა ვინმეს, რომ მთავრობა გაცილებით უკეთ განკარგავს ეკონომიკას, ვიდრე ამას რამდენიმე ათწლეულის წინ ახერხებდა? ალბათ კვლავაც აღდგება ძველი რეგულაცია. მაგრამ რეგულაცია არ უდრის სოციალიზმს.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.