|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
არჩევნების შემდეგ*სრული ვერსია იხილეთ ცხელი შოკოლადის 62-ე ნომერში მონაწილეები: მერაბ ქათამაძე - რესპუბლიკური პარტიის წევრი ბაკურ კვაშილავა - პოლიტოლოგი სანდრო თარხან-მოურავი - მედიამენეჯერი, პუბლიცისტი ნინო ციხისთავი - ადამიანის უფლებათა დამცველი ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფოსი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მმართველ გუნდს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა. თბილისის 25-კაციან საკრებულოში უმრავლესობა ისევ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა და 14 ადგილი მიიღო. რეგიონებში კი ოპოზიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერც ერთი მაჟორიტარის გაყვანა ვერ მოახერხა. ეუთო-ს წინასწარი დასკვნის მიხედვით, არჩევნები ძირითადად გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო გარემოს და ხმების დათვლის პროცესს ნეგატიურად აფასებს. რა პოლიტიკური პროცესები უძღოდა წინ არჩევნებს, როგორი იყო საარჩევნო გარემო, რას სთავაზობდნენ პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს და რატომ დამარცხდა ოპოზიცია - ამ საკითხებზე საუბრობდნენ ჩვენი დისკუსიის სტუმრები.
ნინო ბექიშვილი: რა არჩევნის წინაშე იდგა ქართული საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, რას სთავაზობდნენ მას პოლიტიკური პარტიები - ხელისუფლება ან ოპოზიცია?
ბაკურ კვაშილავა: იმ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში ტარდებოდა, არჩევნების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი გააკეთა. ეუთო-ს წინასწარ დასკვნაში დადებითად არის შეფასებული თვითონ ხმის მიცემის პროცესი, მაგრამ ნათქვამია, რომ სათამაშო მოედანი მთელი არჩევნების განმავლობაში თანასწორი არ იყო და ამ გამარჯვების მოსაპოვებლად მმართველმა პარტიამ უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი დახარჯა. იმავდროულად დასკვნაში აღნიშნულია, რომ უბნების 20%-ში ხმები დარღვევებით დაითვალეს. საინტერესოა, რომ მიუხედავად ეუთო-ს ასეთი შეფასებისა, ოპოზიციის მხრიდან პროტესტის ტალღა არ ყოფილა, რაც ტიპურად ახასიათებს ქართულ პოლიტიკას და ყველა იმ არჩევნებს, რომელიც აქამდე ჩატარებულა. როგორც ჩანს, ოპოზიციის სიჩუმის ძირითადი მიზეზი მაინც ის იყო, რომ ეს დარღვევები ძირითადად სწორედ საქმის უცოდინარობამ გამოიწვია. ჩემთვის, როგორც გარეშე დამკვირვებლისთვის, საკმაოდ მოულოდნელი იყო, რომ, თუ ფეხბურთის ტერმინოლოგიას ვიხმართ, ოპოზიციის ლიდერები მმართველი პარტიის მესამე ნაკრებთან დამარცხდნენ. მაგრამ მქონდა შესაძლებლობა, კონკრეტულ ოლქზე შემეგროვებინა ინფორმაცია და გაირკვა, რომ "მესამე კლასის" ნაკრების წევრები მოსახლეობას ყოველდღე ხვდებოდნენ, თითოეულ კორპუსში დადიოდნენ, მაგალითად, საბურთალოზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ამომრჩევლები "შენობით" ესაუბრებოდნენ და ის ასრულებდა ისეთ დავალებებს, რაც, წესით, კანდიდატმა ვერ უნდა შეასრულოს. მაგალითად, ერთ-ერთ ეზოში სულ რაღაც ერთ კვირაში ახალი ასფალტი დააგეს. შეიძლება ამგვარი ქმედება კანონდარღვევა არც იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივრები იქნებოდა, მაგრამ ერთია ლეგალური ჩარჩო და მეორე - დაუწერელი კანონები, რომელიც თავისუფალ არჩევნებს ახასიათებს. ზოგადად, თავისუფალი არჩევანი მატერიალური თანასწორობის გარეშე ძნელი მისაღწევია. არჩევნების შემდეგ უკვე კარგად ჩანს ტენდენცია - სათამაშო მოედანი თანასწორი არ ყოფილა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებზე ძალიან სუსტი პლატფორმით და დაუსაბუთებელი მოსაზრებებით წარდგა, რასაც ამომრჩეველი არ ენდო. მათი დიდი ნაწილი სახლში დარჩა და ხმის მისაცემად, უბრალოდ, არ გამოვიდა.
ლელა გაფრინდაშვილი: ამომრჩეველი არ ენდო არა ოპოზიციას, არამედ - არჩევნებს, როგორც პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესს. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ამომრჩეველი მიხვდა, რომ ეს არ იყო ის პროცესი, რომელიც მის მონაწილეობის უფლებას დააკმაყოფილებდა. მიხვდა, კიდევაც რომ წასულიყო არჩევნებზე, ბევრს ვერაფერს შეცვლიდა და ამიტომ, არჩია სახლში დარჩენილიყო. ბოლო ოთხ არჩევნებს ვაკვირდები და შემიძლია ვთქვა, რომ 30 მაისს კატასტროფულად დაბალი იყო ამომრჩევლის აქტიურობა. ასეთი დაბალი აქტიურობა არც ერთ სხვა არჩევნებზე არ მახსოვს. ადრე ამომრჩეველი ასეთი იმედგაცრუებული არ ყოფილა.
ნინო ბექიშვილი: როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ იმედგაცრუების მიზეზი?
მერაბ ქათამაძე: 30 მაისს ამომრჩეველთა 49% გამოცხადდა საარჩევნო ყუთებთან. ადგილობრივი ლოკალური თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეს საკმაოდ მაღალი შედეგია. მაგრამ ამ პროცენტის ძირითადი ხვედრითი წილი თბილისზე მოდის. მგონია, რომ ამ არჩევნებით გარკვეული ზღვარი გაევლო თბილისსა და დანარჩენ საქართველოს შორის და იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ვერ იმუშავეს საქართველოს რეგიონებში, სათანადო შედეგი მიიღეს. ზოგადად რომ შევაფასოთ ეს არჩევნები, ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის ნება გამოიხატა და ამაზე ვერ ვიდავებთ. სადავო შეიძლება მხოლოდ გარკვეული მანდატების რაოდენობა იყოს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არჩევნები თავისუფალი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ამომრჩევლის ნება კონტროლდებოდა. ამასთანავე, თავისუფლების არარსებობას კიდევ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა: არათანაბარი პირობები მედიაში, ადმინისტრაციული რესურსი, საკანონმდებლო ბაზა, როდესაც ძნელი იყო მკაფიოდ გეთქვა, სად მთავრდება ზღვარი გარკვეული ადმინისტრაციული რესურსის კანონიერ გამოყენებასა და აკრძალვას შორის. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევნები უსამართლო და, მეტსაც ვიტყვი, უკანონოც იყო. საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლის მიხედვით, "აკრძალულია კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე". მიმაჩნია, რომ ეგრეთ წოდებული კოორდინატორი ქალბატონების ოცეულების ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. შესაძლებელია, ოპონენტმა თქვას, რომ ისინი უბრალოდ რაღაცას აღრიცხავდნენ და არ აკონტროლებდნენ, მოქალაქემ ხმა ვის მისცა. მაგრამ ამომრჩევლის ნება არ არის მხოლოდ ის, თუ ვის აირჩევს, ისიც მისი ნება გახლავთ, რომ უნდა წავა არჩევნებზე, უნდა - არა. აი, ეს ნება პირდაპირ კონტროლდებოდა.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი