|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
არც წვიმს, არც თოვს, არც მზე ანათებს"ხან წვიმს, ხან მზე ანათებს" - ასე ჰქვია კორეელი რეჟისორის, ლი ენ-კინის ფილმს, რომელიც ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალის კონკურსში იყო ჩართული. ამბავი შეყვარებულებზე, რომლებიც ფილმის პროლოგში გადაწყვეტენ დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ განგება, უფრო სწორად, ამინდი, ორივეს ერთ სივრცეში გამოკეტავს, სულ 13 კადრითაა აწყობილი. არადა ფილმი თითქმის ორი საათი გრძელდება... ორი საათის მანძილზე ვუსმენთ, როგორ არკვევს ერთმანეთთან ურთიერთობას ახლად გამდიდრებული ქალ-ვაჟი. ვუსმენთ, ამინდის პროგნოზთან ერთად, რომელსაც სეულის რადიო გადმოსცემს. ფილმი თავიდან ბოლომდე შორი და საშუალო ხედებითაა გადაღებული. ამიტომ როგორ თამაშობენ მსახიობები გაუგებარია. შესაბამისად, მაყურებელიც, რომელიც კარგად ვერ ხედავს გმირებს, გულგრილი რჩება ამ ქალ-ვაჟის ტანჯვის მიმართ. შორიდან უყურებ, უსმენ წვიმის შხაპუნს და გეძინება! მით უმეტეს, რომ პრესისთვის განკუთვნილი სეანსი დილის 9 საათზეა დანიშნული. მით უმეტეს, რომ გარეთ ყინავს და "ბერლინალე პალაცში", ტრადიციულად, კარგად ათბობენ.
ამბობენ, სამხრეთ კორეას ნაკლებად შეეხო ეკონომიკური კრიზისიო. არ ვიცი. ბერლინის 61-ე კინოფესტივალზე წარმოდგენილი ამ სურათით თუ ვიმსჯელებთ, კორეულ კინოს "ეკონომიკურად" ძალიან უჭირს; კორეა, რომელიც ბოლო დროს გამოირჩეოდა კინოტექნოლოგიური ექსპერიმენტებით, უაღრესად მაღალი ხარისხის ფირზე გადაღებული მართლაც რომ სანახაობრივი ფილმებით, "ბერლინალეზე" წარადგინეს სამოყვარულო ფილმი-პერფორმანსით, რომლის მსგავსი პირადად მე ათასჯერ მაქვს ნანახი ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალზე. მას მერე დიდი დრო გავიდა, წელს, აგერ უკვე მეოცედ ვიყავი აკრედიტებული ბერლინის კინოფესტივალზე და რა ვნახე? სრულმეტრაჟიანი ვიდეო-პერფორმანსები (contemporary art), რომელთა მოქმედება ხან სამხრეთ ამერიკაში ხდება, ხან კორეაში, ხანაც აფრიკაში... მაგრამ ყველგან ერთი და იგივე იგრძნობა - მწირი ბიუჯეტით განპირობებული მინიმალიზმი, მოქმედების გაწელვა სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატამდე... სიცარიელე და დაღლა. გამოფიტულობა. უცნაურია, მაგრამ ასეთ კინოს ჯერ კიდევ ჰყავს თაყვანისმცემელი. აგერ კრიტიკოსებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს უნგრელი რეჟისორის, ბელა ტარის ფილმს "ტურინის ცხენი", რომელიც ფესტივალის ბოლომდე "ოქროს დათვის" მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. რაღაც დოზით იუმორი ნამდვილად იყო ამ ფილმში... თუნდაც იმაში, რომ სურათის დასაწყისში კადრსმიღმა ხმა გვიამბობს ნიცშეზე, რომელმაც 1869 წელს ტურინის მოედანზე იხილა როგორ ცემდა გლეხი თავის მომაკვდავ ცხენს... და სწორედ ეს სცენა გახდა ნიცშეს "გაგიჟების" საბაბი. მერე გეცინება, რადგან ხედავ, რომ ბელა ტარმა აშკარად მოგატყუა; ნიცშე ეკრანზე არ ჩანს (მოლოდინის მიუხედავად); ჩანს ცხენი, მისი პატრონი და პატრონის ქალიშვილი. მათი მოსაწყენი ცხოვრება უნგრულ სოფელში... გადაღებული სულ რამდენიმე კადრით და აწყობილი ფილმში, რომელიც ორსაათნახევარი გრძელდება. ბელა ტარის ფილმის მიმართ ინტერესს ისიც ზრდიდა, რომ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე რეჟისორმა განაცხადა - "ტურინის ცხენი" მისი ბოლო ფილმია, ე.ი. ტარის თავისებური "კინემატოგრაფიული ანდერძი". თუკი გავიხსენებთ, როგორ უყვარს ამ რეჟისორს სამყაროს დასასრულზე ფილმების გადაღება (არადა ვერა და ვერ "დასრულდა" ეს სამყარო), ტარის განცხადება და ნიცშეს მიერ დანახული ცხენის ამბავი გარკვეულ წილად "გაერითმება" ერთმანეთს, რაც აუცილებლად აღაგზნებს ათასგვარი დამთხვევებისა და კონცეფციების მოყვარულ კინოკრიტიკოსებს. და, რაც მთავარია, იმათ, ვისაც სჯერა, რომ კინო დროსა და სივრცეში აღბეჭდილი სიკვდილის სახეა - თუნდაც ანდრეი ტარკოვსკის ფან-კლუბის წევრებს, რომლებიც თანახმანი არიან უყურონ ანდრეი არსენიევიჩის ეპიგონებს _ ალექსანდრე სოკუროვს, ბრუნო დიუმონს, ბელა ტარს, ოღონდაც თავიანთი მკვდარი კერპის ნეკროფილურ სივრცეში ამოყონ თავი. ამ ფანკლუბმა წლევანდელ "ბერლინალეზეც" კარგად იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მსვლელობის დროს, სადღაც შუაში, დარბაზს რომ ვტოვებდი, ჩემი თვალით ვიხილე, როგორ ეძინა პუბლიკას ტარის ფილმზე, ბერლინის 61-ე კინოფესტივალის ჟიურიმ უნგრელ რეჟისორს "დიდი პრიზი" მაინც გადასცა კინოში გაწეული ღვაწლისთვის. ბელა ტარი სცენაზე ავიდა, აიღო პრიზი, მაგრამ არაფერი უთქვამს.. "ფაქ იუ" რომ ეთქვა, ფასბინდერივით, ან მორის პიალასავით, შეიძლებოდა მართლაც დამეჯერებინა, რომ ალტერნატიულ კინოს იღებს. მაგრამ განაწყენებულმა აიღო პრიზი (ნუთუ "ოქრო" უნდოდა?) და სცენიდან ჩუმად ჩამოვიდა. ჩემმა რუსმა კოლეგამ, ვალერი კიჩინმა განაცხადა, ტარს ადრეც უთქვამს კინოს გადაღებას თავს ვანებებო... მაგრამ მერე დაფინანსება მიუღია და გაუგრძელებია კინოში მოღვაწეობა. ამიტომ ეს პრიზი მას აუცილებლად დააბრუნებს კინოშიო... არა... არანაირად არ იფიქროთ, რომ ნელი და ზანტი კინოს წინააღმდეგი ვარ. არც დარბაზში ძილს ვაპროტესტებ. ხშირად ვიმეორებ თეო ანგელოპულოსის სიტყვებს _ ჩემს ფილმებზე თუ ჩაგეძინებათ, იქნებ ტკბილი სიზმარი ნახოთ, ეს იმის მანიშნებელი იქნება რომ კარგი ფილმი გადავიღეო. თავის დროზე, ჯერ იაპონელმა კანეტი სინდომ, მერე იტალიელმა ერმანო ოლმიმ გადაიღეს ნელზე ნელი ფილმები, რომელთა გმირები განსაკუთრებულს არც არაფერს აკეთებდნენ ეკრანზე; სინდოს "შიშველ კუნძულში" და ერმანო ოლმის ფილმში "ხე ფეხსაცმელებისთვის" ადამიანები შრომობენ, საჭმელს ამზადებენ, იძინებენ... მაგრამ იქ ეს შენელებული და გაწელილი თხრობა, დაკვირვებული კამერა კათარზისის ეფექტს ქმნიდა. ამ "სინელეს" თავისი დრამატურგია ჰქონდა. ვითარდებოდა, იფურჩქნებოდა. იმდენად, რომ ბუნების სუნსაც კი გრძნობდი ეკრანიდან. აქ კი _ ანდრეი არსენიევიჩის ეპიგონებთან, რომელთაც კინო მხოლოდ და მხოლოდ თვითდამკვიდრების და, თუ გნებავთ, მაყურებლის მანიპულირების საშუალებაა, ეკრანი მხოლოდ და მხოლოდ სიცივისა და სიკვდილის შეგრძნებას ქმნის. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულწრფელად სიამოვნებს სიცივის ეს შეგრძნება. მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცოდი, რომ ბელა ტარი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ "დათვს" ვერასდროს ეღირსებოდა. სხვათა შორის, ბელა ტარის წინა ფილმებს კანის ფესტივალის კონკურსშიც რთავდნენ. "კაცი ლონდონიდან" მაგალითად, ასევე ლიდერობდა რამდენიმე წლის წინ, კანის საკონკურსო პროგრამაში. მაგრამ უნგრელი რეჟისორი მაშინ პრიზის გარეშე დარჩა. ძალიან ძლიერი იყო კანის კინოფორუმის პროგრამა იმისთვის, რომ "სიკვდილის კინო" იქ თუნდაც დიპლომით აღნიშნულიყო. მართალია, ბერლინის ფესტივალი დიდი ხანია ჩამორჩება კანის კინოფორუმს ფილმების ხარისხითაც, "სახელებითაც". "ტურინის ცხენის" გამარჯვება აქ, უბრალოდ, იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ "ბერლინალე" ღრმა კრიზისშია.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი