warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 12 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

აკვაპარკი

3
საკრებულოსა და მერის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია ზენიტში იყო, როცა საბურთალოს ქუჩაზე, სურსათის მაღაზიიდან სიგარეტის კოლოფით გამოსულებს (მე და ჩემს ორ გზააბნეულ მეგობარს) ნაცების აქტივისტებმა სარეკლამო ფლაერები გადმოგვცეს, რომლის მიხედვითაც, იქვე, სადღაც ბახტრიონზე, ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე მერიის მიერ  დაფინანსებული ახალი ულტრათანამედროვე რეკრეაციული ზონა უნდა გახსნილიყო.

და მართლაც, სახურავის კარი რომ შევაღეთ, წინ ბახტრიონის ქუჩისთვის ერთობ უცნაური სანახაობა გადაგვეშალა: ნიკელის მოაჯირები, თეთრი შეზლონგები, ჯაკუზები და ძალიან ბევრი ხალხი. როგორც აღმოჩნდა, აკვაპარკი ერთი კვირის გახსნილი იყო და უკვე კლიენტურის სოლიდური კონტინგენტი ჰყავდა. ახალგაზრდა, მოვლილი დედები საცურაო კოსტიუმებით შეზლონგებში ირუჯებოდნენ, ბავშვები ჭიანჭველებივით დარბოდნენ, კუთხეში მუშაობდა საზაფხულო ბარი - მოკლედ, უკვე მოყვანილი იყო კაი გახურებული პლაჟის მოძრაობა.

ბარმენამდე რომ მივაღწიეთ, აქტივისტების მოცემული მოსაწვევები წინ დავუდე და მოვითხოვე სამი უფასო მოჰიტო. ბარმენმა მითხრა, რომ ამ მოსაწვევებს ვადა ერთი კვირის წინათ გაუვიდა, მაგრამ გვიჯიგრა, სასმელი მაინც დაგვისხა და ჩვენც ჭიქებით ხელში სახურავის კიდესთან მდგარ მაგიდას მივუსხედით.

ქვემოთ კარგად ჩანდა საბურთალოს ქუჩა: გოგირდის აბანო ძველ "კალონკასთან", აქსისის მშენებარე კომპლექსი, სურსათის მაღაზია კუტუზოვის კუთხეში... და აქ, ზუსტად არ ვიცი რისი გავლენით, ასეთი სტეიტმენტი გავაკეთე: მეთქი, "რა იყო თბილისი სულ რაღაც 7-8 წლის წინ? ჩვეულებრივი მემწვანილეების ქალაქი!"

...რასაც მოვაყოლე კიდეც რევოლუციამდე მომხდარი ერთი ამბავი:

ვიყავი ლეონიძის ქუჩაზე ბიძაშვილებთან და ბიცოლაჩემმა გამაგზავნა შაქარზე ზემელის ძველ სადღეღამისოში. ვიყიდე ეს შაქრის ფხვნილი და რომ მივუტანე ბიცოლაჩემს, მან ნაწილი სახლში წასაღებად გადმომიყარა. ეს გარკვეულ ოჯახურ ტრადიციად გვექცა იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა ყველაფერი ტალონებზე იყიდებოდა (ჭირდა ადრე შაქარი) და ჩვენც ნაშოვნ პროდუქტებს ერთმანეთს ვუნაწილებდით ხოლმე. გამოვედი გარეთ და დავუყევი დაღმართს შაქრის ფხვნილიანი პარკით ხელში. იქვე, სურსათის მაღაზიასთან, ქუჩაში ყიდდნენ მწვანილს. ვიკითხე მწვანე ხახვისა და ტარხუნის ფასი და მითხრეს, - კონა - ლარიო. მეთქი, სუ გაგიჟდით? რაამბავია...

და ზევით ავიხედე.

მეორე სართულზე გაღებული იყო აივნის კარი, სადაც ქურთის ქალი ჭრელი ბამბაზიის ხალათით გადმომდგარიყო და რიკულებთან დაწყობილ მწვანილს ნამავდა. მის უკან კი ჩანდა ძალიან დიდი, განათებული ოთახი, სადაც კედლებზე გასაშრობად ჭერამდე ეკიდა მწვანილის დანამული კონები.

ცოტა ხანს მონუსხული ვუყურებდი ამ სანახაობას, მახსენდებოდა საბჭოთა ხილ-ბოსტნეულის მაღაზიების წყლით გაფორმებული სველი ვიტრინები. ბოლოს, როცა გამოვერკვიე, ჩავისუნთქე და ამ ქალს ავძახე, მეთქი, - "თქვენ ხართ მწვანილის მაფია!!! თქვენ ხართ მწვანილის მაფია!!!" მერე კი მოვტრიალდი და დავუყევი დაღმართს რუსთაველისკენ.

მწვანილის ამბავს რომ მოვრჩი, ბიჭებს ხმა არ ამოუღიათ. გარემო რატომღაც ტოვებდა მირაჟის შთაბეჭდილებას: სახურავიდან, თეთრი შეზლონგების მიღმა ჩანდა საბურთალოს ქუჩიდან ბახტრიონისკენ შემოსული მანქანების ნაკადი. ქვემოთ ვიღაც ეძახდა სოფოს და სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა "კურიერის" ახალი ამბების ქუდის ხმა.

მოჰიტო მოვწრუპე, ალკოჰოლის "ლაითი პრიხოდით" აღტყინებულმა ბიჭებს გადავხედე და ღიმილით გავაკეთე უკვე მეორე სტეიტმენტი: კერძოდ კი, ვუთხარი, რომ ისევე, როგორც თბილისში გასულ საუკუნეში მცხოვრები ყველა თაობა, ჩვენც აშკარად ვხდებოდით ქალაქის ზრდის მოწმენი; შემდეგ, პატარა პაუზის მერე დავამატე: "მეგობრებო, ასეა თუ ისე, სახეზეა თბილისის თვალსა და ხელს შუა გარდასახვის ცალსახა ფაქტი"; ამ სიტყვებით ჭიქები ერთმანეთს მივუკაკუნეთ და ბოლო მოვუღეთ უფასო მოჰიტოს უკანასკნელ ნარჩენებს.

vaska kusuxovi (შეუმოწმებელი), ივლისი 27, 2010, 20:00:17

ui :)))

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.