აკრძალული დროშები

www.facebook.com

ავტორი: ლაშა კალანდაძე

2
"ჩვენი დროშა წითელი იქნება მტერი ნაციონალიზმის და ინტერნაციონალიზმის"

დ. ჩიხლაძე

ამ ორიდე თვის წინ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჰაინრიხ ბიოლის ძველ, 1964 წლის ქართულ გამოცემას გადავაწყდი, მაშინვე შევიძინე და დროის გასაყვანად იქვე, ქუჩაში დავიწყე კითხვა. რასაკვირველია, ჩემი საყვარელი ტრადიცია არ დავარღვიე - რომანს გადავახტი და მოთხრობებს ჩავუჯექი. ასე შემომეკითხა ბიოლის ერთი პატარა მოთხრობა, "ჩემი ნაღვლიანი სახე", სადაც ციხიდან სულ რამდენიმე საათის გამოსულ პერსონაჟს, ხელმეორედ აპატიმრებენ, დაკავების მიზეზი კი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდება, მისი ნაღვლიანი სახეა. მოკლედ, ბოლოს ისიც ირკვევა, რომ პერსონაჟმა წინა სასჯელი მისი მხიარული სახის გამო მოიხადა. ჰაინრიხ ბიოლის ამ ძალიან პატარა მოთხრობაში კარგად ჩანს საყოველთაო, სახელმწიფო ან "უბრალო" აკრძალვების და აკრძალვების ჩანაცვლებების სრული აბსურდულობა.

ეს ტექსტი კი პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის გადაწყვეტილებამ გამახსენა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა კანონი პოლონეთში კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ. კანონი ითვალისწინებს იმ პირების დაჯარიმებას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ვინც რაიმე სახით გაავრცელებს ან შეინახავს ნივთებს საბჭოთა სიმბოლიკით. ყურადღება მიაქციეთ, საქმე ეხება არა უბრალოდ სახელმწიფო შენობების, მათი ინტერიერის ან ექსტერიერის კომუნისტური სიმბოლიკისგან "განთავისუფლებას", არამედ ადამიანების პირად ნივთებს, რომელთა  მნიშვნელობასაც, ან თუ ასეთ კანონპროექტთა ინიციატორების საყვარელ სიტყვას - ღირებულებას - ვიხმართ, თავად ამ ნივთების მფლობელი ადამიანები უნდა ადგენდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ, გამონაკლისის სახით, კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება დასაშვებია ხელოვნების, კვლევითი ან საგანმანათლებლო დანიშნულებით. აკრძალვა არც კოლექციონერებს შეეხებათ. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ კონკრეტული კანონის მთავარი ინიციატორები პოლონელი მემარჯვენეები იყვნენ. მათ მთავარ არგუმენტს საბჭოთა კავშირის დანაშაულებრივი რეჟიმი და ამ რეჟიმის მიერ პოლონეთისთვის მიყენებული ზიანი, მათ შორის მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, წარმოადგენს. ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი რეჟიმის სიმბოლიკას არანაირი ფორმით არ აქვს არსებობის უფლება პოლონეთში. მათი შემდგომი მოთხოვნა კი შენობებისა და ქუჩებისთვის კომუნისტური სახელწოდებების შეცვლაა.

აღნიშნულ ცვლილებას მაშინვე მოჰყვა თავად პოლონეთში მემარცხენეების პროტესტი, რომლებიც ძირითადად ადამიანის უფლებათა დარღვევაზე მიანიშნებენ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნისტური სიმბოლიკა დღემდე რჩება სოციალისტებისა და მემარცხენეების ნაწილისთვის მნიშვნელოვან ატრიბუტად; მით უმეტეს, რომ აკრძალვას დაექვემდებარა არა მხოლოდ "ნამგალი და ურო", ან წითელი ვარსკვლავი და დროშა, არამედ ჩე გევარას ცნობილი გამოსახულებაც, რომელიც მთელ მსოფლიოში, ძირითადად ახალგაზრდებს შორის, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ჩემთვის, პირადად, პოლონეთის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გასაკვირი იყო. მით უფრო, რომ არ ვიცი ამ ქვეყნის შიდა სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ მისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის, საბჭოთა კავშირი განვლილი ეტაპი უნდა ყოფილიყო. მეგონა ისიც, რომ ასეთ ქვეყნებში, ირონიული თუ არა, მინიმუმ იგივე დამოკიდებულება მაინც არ ექნებოდათ კომუნისტური სიმბოლიკის მიმართ, როგორიც თავად "ბოროტების იმპერიის" მმართველებს ჰქონდათ. მაშინ, როდესაც გავრცელებულია აზრი (და ეს ქართული ტელევიზიებით სხვადასხვა ადამიანისგან არაერთხელ მომისმენია), რომ პოლონეთმა ან იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეძლეს საბჭოთა კავშირის საკუთარ თავში დამარცხება, ლეხ კაჩინსკის ეს გადაწყვეტილება სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ პოლონეთი ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა კომუნისტური წარსულისგან. კაჩინსკი და მისი მომხრეები (ამ საკითხში) სრულიად პარანოიდულ დამოკიდებულებას ავლენენ, არც მეტი, არც ნაკლები, სიმბოლიკების მიმართ და მათი აკრძალვით ძალაუნებურად აგრძელებენ საბჭოთა იმპერიის ტრადიციებს (განადგურდეს ყველაფერი, რაც რევოლუციამდელი ან მიუღებელია).

ცხადია, რომ არ შეცვლილა ასეთი (ან კონკრეტულად კომუნისტური) სიმბოლიკების შეფასების, აღქმის კრიტერიუმები. თუ წარმოვიდგენთ ერთგვარ ვირტუალურ სქემას, სადაც მითითებული იქნება საბჭოთა სიმბოლიკის მნიშვნელობა "წითელი იმპერიის" დიქტატურისას და კაჩინსკის ამ გადაწყვეტილების შემდგომ, დიდ განსხვავებას ვერ აღმოვაჩენთ. პოლონეთში ამ სიმბოლიკების გაქრობის აუცილებლობა ერთი-ერთზე ემთხვევა საბჭოთა კავშირის დროს ამავე სიმბოლოების არსებობის აუცილებლობას. ასეთი ნაბიჯები კი მხოლოდ და მხოლოდ მათი მნიშვნელობის გაზრდას უწყობს ხელს.  ვიღაცები იმასაც კი ცდილობენ, რომ პოლონეთის ეს გადაწყვეტილება რამენაირად გაუთანაბრონ გერმანიაში არსებულ ნაცისტური სიმბოლიკის აკრძალვას (სხვათა შორის, პოლონეთშის ეს კანონი ამ სახის სიმბოლიკის აკრძალვასაც ითვალისწინებს). ეს გასაკვირი ნამდვილად არაა იმ ფონზე, როცა პოლონეთი წამდაუწუმ ცდილობს, გააიგივოს ერთმანეთთან ფაშისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი. მათი ეს წადილი გარკვეულწილად გასაგებიცაა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა ორივე რეჟიმის ძალა. არავინ დავობს იმაზე, რომ ორივე მათგანი სისხლიან იმპერიას წარმოადგენდა და რომ მათ უდიდესი დანაშაული მიუძღვით ზოგადად კაცობრიობის წინაშე, თუმცა მათი სრული გაიგივება (აშკარა მსგავსებების მიუხედავად) უფრო ზედაპირული, არასერიოზული მიდგომა მგონია.

ასევე ვფიქრობ, რომ პოლონეთში კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვა ვერანაირად ვერ იქნება ეკვივალენტური გერმანიაში არსებულ აკრძალვასთან. გასათვალისწინებელია ის, რომ გერმანია ამ ნაბიჯით საკუთარ (!) ნაციონალიზმს (!) უპირისპირდება, თუმცა ამ აკრძალვის მართებულობაზეც შეიძლება დავა. ის ქვეყნები კი, რომლებმაც საბჭოთა კავშირის გავლენა განიცადეს (და ეს გავლენა ყოველთვის ნეგატიური იყო), მუდმივად ცდილობენ ბოროტების იმპერიის რუსეთთან გაიგივებას და საკუთარ (!) პასუხისმგებლობას გაურბიან. კაჩინსკის ეს გადაწყვეტილება თავდაყირა აყენებს იმ აზრს, რომ იგივე პოლონეთმა, ლუსტრაციის კანონის მიღებითა თუ სხვა ქმედითი საშუალებებით, შეძლო საბჭოთა კავშირის საკუთარი მენტალობიდან ამოძირკვა. საინტერესოა, რა ბედი ელით წიგნებს, მარქსის, ლენინის, ტროცკისა და სხვათა ნაშრომებს, კანონში წიგნების შესახებ არაფერი წერია. თუმცა, ასეთი ლიტერატურა უფრო უნდა აშინებდეთ პოლონელ ნაციონალისტებს, ვიდრე, ვთქვათ, ჩე გევარას გამოსახულება. მეორე მხრივ, ასეთი წიგნები ხშირად სწორედ იმ აწ უკვე აკრძალული სიმბოლიკით არის გაფორმებული, კანონი კი გვეუბნება, რომ სიმბოლიკის შენახვა-გავრცელება არანაირი, მათ შორის არც ბეჭდვითი, სახით არ შეიძლება. ნამდვილად არ ვიცი, იგრძნობა თუ არა პოლონეთში საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგია, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, სიმბოლიკის აკრძალვა უფრო უგუნურ ნაბიჯად მოჩანს.

12 დეკემბერი, 2009

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.