• warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 17 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 20 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 37 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 48 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 64 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 73 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 88 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

აბა, სად არის ავატარი?

ავტორი: ვუდი ალენი, თარგმნა ირმა ტაველიძემ

 

ვუდი ალენი
ჩემი ვარაუდით, განკაცებული ღმერთები არაერთხელ სწვევიან ჩვენს ციცქნა, ცისფერ პლანეტას, მაგრამ არა მგონია, რომელიმეს უორენ ბიტივით თავაწეულსა და გამოპრანჭულს ეტარებინოს სპორტული მანქანა როუდეიუ დრაივზე. "სტარში" პიტერ ბისკინდის მიერ შეთხზული მისი ახალი ბიოგრაფიის კითხვისას ისღა დაგრჩენიათ, რომ მსახიობის წარმატებების ნიაღვარში ჩაიხრჩოთ. ფიქრობთ ფილმებზე, შემოსავლებზე, რეცენზიებზე, ოსკარებზე, უამრავ ნომინაციაზე - ყველაფერზე, რაც ამ თავგადაკლულ მკითხველსა და მარკეტინგის ექსპერტს უკავშირდება. ის ხომ წარმოუდგენლად დახვეწილია "სტეინვეის" როიალის წინ, საშინლად გონებაგამჭრიახია პოლიტიკაში, ამ დროს კი თავიდან ფეხებამდე ადონისია. მას სულ სხვადასხვანაირი ადამიანები ასხამენ ხოტბას, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კინოინდუსტრიაში კი არა, ოვალურ კაბინეტში მუშაობს. ჰოლივუდურ ამბებზე გაცილებით ღირსშესანიშნავი ვარსკვლავის საწოლში აღსრულებული ლეგენდარული საგმირო საქმეებია, რაც ორსონ უელსსაც კი ქედს მოახრევინებდა. აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ აურაცხელი რომანი ყველანაირი გარეგნობის, ეროტიკული პოტენციალისა და სოციალური სტატუსის მქონე ქალთან: მეგარდერობეებთან, მოდელებთან, მსახიობებთან, პრეზიდენტების ცოლებთან. როგორც ჩანს, უთვალავ ლამაზმანს ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაუგორდებოდა ლოგინში ზეწრების მოთელვის ამ ვირტუოზს. "რამდენი ქალი ჰყოლია?" - შეკითხვას სვამს ავტორი და თავადვე პასუხობს: - "ცაზე ვარსკვლავების დათვლა უფრო იოლი იქნებოდა... ბიტი ხშირად ამბობდა, რომ სექსის გარეშე ვერ იძინებდა. ეს მისი რუტინა იყო, ისევე როგორც ძაფით კბილების წმენდა... გამოვთვალეთ და იმ პერიოდების ჩათვლით, როცა ერთსა და იმავე პარტნიორთან იწვა, ქალების რიცხვმა 12 775-ს მიაღწია". მე ერთი ხვეწნა-მუდარით მოქანცული ტიპი ვარ, ორნიშნა ციფრითაც ვერ დავიტრაბახებ, როცა სიტყვა გემრიელ გოგოებთან დაწოლაზე ჩამოვარდება (ამისთვისაც მთელი ჩემი ჰიპნოზური შესაძლებლობების მოხმობა დამჭირდა), ჰოდა სულ იოლად წარმოვიდგენ ერთ-ერთი გოგონას დაუვიწყარი, თავბრუდამხვევი ღამის ანგარიშს, რომელიც ნამდვილად "გინესის წიგნში" მოხვდებოდა. თუმცა სჯობს, თავად მას მოვუსმინოთ:

 

რა დილა გათენდა! ორი აბი "ვალიუმი" გადავყლაპე, რათა ის შავ-ყვითელა თუ მორუხო-მონაცრისფრო პეპლები გამეფანტა, მუცელში რომ მიწრიალებდნენ და ფრენას სწავლობდნენ. როგორც რეპორტიორს, პირველი დავალება უნდა შემესრულებინა. ჰოდა, მაგრადაც გამიმართლა! აბა, რატომ უნდა დაეთანხმოს ჰოლივუდის ყველაზე ქარიზმული მსახიობი, მისტერ სარგადაყლაპული, ვინც ყურადღების ცენტრში ყოფნას ჰოვარდ ჰიუზივით გაურბის, ინტერვიუს მიცემაზე 19 წლის უცნობ გოგოს, რომელსაც მხრებამდე დაფენილი ქერა თმა, გრძელი, გარუჯული ფეხები, მინგის დინასტიის საგვარეულო ნაკვთები, დიდებული რაღაც-რაღაცები და ისეთი ღიმილი აქვს, Y-ქრომოსომიანთა მოდგმას ერთიანად რომ აცამტვერებს? გავიფიქრე, ეს საზღვრისპირა შტატების კაზანოვა შებმას თუ მიპირებს, მისი მზერით დაბრმავებული იმ უთვალავი უბედური ვარიკასავით, რომლებსაც მუსრი გაავლო, გადაფიქრება მოუწევს-მეთქი. ჩემი მიზანი სერიოზული რეპორტაჟების მომზადებაა. რაღა დაგიმალოთ და, ჯო ბაიდენთან ან დალაი ლამასთან წავიდოდი ინტერვიუს ასაღებად, ამ ზეადამიანებს წერილებზე რომ ეპასუხათ. მისტერ სარგადაყლაპულმა კი, ვინც გასულ თვეს შემთხვევით მომკრა თვალი, "პლეიბოის" გვერდებზე დაბეჭდილ კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლის შიშველი და ყველაზე ტანადი სტუდენტების ფოტოებზე, პასუხიც მომწერა და მას თავისი სურნელიც გამოაყოლა.

იმისთვის, რომ თავაწყვეტილი ლიბიდოს კარნახით გულში ცუდი რამ არ გაევლო, წინდახედულად მოვიქეცი და კონსერვატიულად ჩავიცვი: სტანდარტული მოკლე ქვედაკაბა, შავი ბადისებრი წინდები და ტანზე მომდგარი, გამჭვირვალე ბლუზა. როცა ჩემს ფაფუკ, ვნებიან ტუჩებზე მუქი წითელი პომადა ნაზად გადავისვი, მივხვდი, რომ თაგვივით დავფრთხებოდი და ვერაფერსაც ვერ გავაწყობდი, თუ მისტერ ტესტოსტერონი თავს ფამილარობის უფლებას მისცემდა. მთელმა ამ ალიაქოთმა ჩემს საქმროს უსიამოვნო ფიქრები აუშალა, თუმცა ჰემიშმა კარგად იცის, რომ სადარდებელი არაფერი აქვს - ბუნებრივია, იმის გარდა, რომ ვერც ერთი კაცი, თვით ჰემიშისნაირი მღრღნელი და მბურღავიც კი, ვერ შეედრება ყვავილების ქვეყნის უდიდეს ულაყს.

ბელ ეარში მდებარე მის სახლს მივადექი, რომელიც ადგილობრივი სტანდარტების კვალობაზე მოკრძალებულად გამოიყურება: პართენონის ასლია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან და სიდნეის ოპერიდან მოპარული ორნამენტებით. მისტერ სარგადაყლაპულმა, ვინც მხოლოდ მსახიობი კი არ გახლავთ, არამედ სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერიცაა, სულ ახლახან შეძრა საზოგადოება ბოლო ფილმით - "პარაზიტის რეკვიემი". მას სრული შემოქმედებითი თავისუფლება აქვს და კინოხელოვნების სფეროში გენიოსად არის შერაცხული გაზეთ "ვერაიეტის" და მეფრინველეთა ჟურნალის მიერ. ერთმა ჰოლივუდელმა მაგნატმა განაცხადა: "ამ ტიპმა სტუდიის გადაწვა რომ მოითხოვოს, ასანთს გავუწოდებ". ბედის ირონია ნახეთ: როცა მან მართლაც სცადა, მაშინვე დაცვას გამოუძახეს.

მანქანა გავაჩერე და მოხითხითე, კმაყოფილებით სახეგაბრწყინებული მომსახიობო გოგონები შევნიშნე, რომლებიც ეზოდან გამოდიოდნენ.

- ისევ ვკანკალებ, - თქვა წაბლისფერთმიანმა, - თავდავიწყებით მეალერსებოდა და თან როიალზე უკრავდა, აკომპანიმენტისთვის.

- მე კი ისე ადრე ჩავფლავდი, - უპასუხა წითურმა, - ნომერი მომცეს და რიგს ველოდი. დამიძახა, შევედი და მაშინვე სექსი დავიწყეთ, მერე ისევ სექსი, მერე ისევ. მახსოვს, გონზე რომ მოვედი, პალატაში ვიწექი და მედდა ჩაის ფინჯანს მიწვდიდა.

ზარი დავრეკე. კარი თეთრ პიჯაკში გამოწკეპილმა ჩინელმა მსახურმა გამიღო. სახლში კაცის თვალით არჩეული, მუქი ხის ავეჯი დამხვდა. მისი ოთახის კედლებს სიყვარულით გათანგული ქალების ავტოგრაფიანი სურათები ამშვენებს. მსახიობები და მოდელები ადამიანის სიმაღლეზე გამწკრივებულან, მათ ზემოთ კონგრესმენი ქალბატონები, ტელეწამყვანები და ისრაელის მეოთხე პრემიერ-მინისტრი გოლდა მეიერი დათვის ტყავზე განისვენებენ. ქვედა რიგი სტომატოლოგებისთვის, სტიუარდესებისა და მადლიერებით მომზირალი, თვალებაწყლიანებული ქალებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ლეპროზორიუმის ბინადარნი ბრძანდებიან. დაბალ მაგიდაზე რამდენიმე სუვენირიც დევს, მათ შორის, მარგარეტ თეტჩერის საჩუქარი - ოქროს ხელბორკილები. როგორც მითხრეს, ვარსკვლავი ყველაზე მეტად იმ ორნამენტებიანი "როლექსით" ამაყობს, დედა ტერეზამ წმინდა ვალენტინის დღეს რომ აჩუქა.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.