120 წლის მარინოს ანუ "დარდის შემგროვებლის" ნაამბობი

2

*სრული ვერსია იხილეთ ცხელი შოკოლადის 62-ე ნომერში

- რა უნდა გითხრა უსინათლო მოხუცმა ქალმა? ახლანდელ დროს არ ჰგავდა ძველი დრო, ასე დალხინებულად ვერ ვცხოვრობდით მაშინ. თუ კი რამ ჭირი და დაუნდობელი გამოჩნდებოდა, - ყველაფერი საცოდავ ქალს დაეძგერებოდა. რაც მახსოვს და გამახსენდება, - ყველაფერს მოგიყვები.

"ჟამიანობა" (იგულისხმება ქოლერის პერიოდი - ლ.გ.) და მზის დაბნელება კარგად მახსოვს. ამას რა დამავიწყებდა. მაშინ კარგა მოზრდილი გოგო ვიყავი.

მე პირველი შვილი ვყოფილვარ და კრიჭა ისეთი შეკრული მქონია, რომ დედას პირი გაუხვრეტია ჩემთვის, - ძუძუ რომ ეჭმია. ამ გზით სული შემარჩინეს და გამომზარდეს. 6-7 წლის ვიყავი, როცა ჯერ ღორების მწყემსვა დამავალეს, შემდეგ - ცხვრების. დედაჩემი მატყლის ჩეჩვას. დართვას, დაგრეხვას, ქსოვას და კანაფის ძაფის დამზადებას მასწავლიდა. მხოლოდ ეს იყო ძველად ქალის საოსტატო საქმე.

ჩვიდმეტი წლის ვიქნებოდი, როცა ჩემი საქმროს მშობლებმა "ფეხები გამიხსნეს"  (იგულისხმება ადათი, რომლის მიხედვითაც დანიშნულ ქალს მომავალი დედამთილ-მამამთილი უფლებას აძლევს მამისეული სახლი დატოვოს და ქმრის ოჯახში გადავიდეს - ლ.გ.)  და ერთი კვირა იქ, მათთან, ვიყავი. მაგრამ მაშინ "გვირგვინის დადგმამდე" (დანიშნული ქალისა და სასიძოს ცოლ-ქმრად გამოცხადება - ლ.გ) ქმართან წოლა არ შეიძლებოდა.

თავისახლში (დანიშნული ქალის მშობლიური ოჯახი, სადაც იგი, ნიშნობის შემდეგ, 3-4 წელი რჩებოდა - ლ.გ.) ყოფნისას ბევრი მოციქული მომდიოდა იმ წინადადებით, რომ საყვარელი გამეჩინა - ერთი კაცის ამარა ხომ არ იქნებიო - მეუბნებოდნენ. ამიტომ საყვარელი გავიჩინე, მაგრამ ეს ამბავი, ქმრისა და ოჯახის წევრების გარდა, უამრავმა ადამიანმა იცოდა.

ერთ წელსაც ჩემს ძმას ვიღაც შემოაკვდა. კაცები გარეთ ვერ გამოდიოდნენ სამუშაოდ, ამიტომ კაცის და ქალის საქმე მხოლოდ ქალების გასაკეთებელი შეიქნა. სათიბში და სახნავში ჩემი ქმარი და სხვა სიძეები მოდიოდნენ. მაშინ ახლანდელივით ცოტა ხალხი არ  ცხოვრობდა ერთად (იგულისხმება "დიდი ოჯახი", სადაც არა მხოლოდ ძმები, არამედ ბიძაშვილები ცხოვრობდნენ თავიანთი მონაგარით - ლ.გ). ძალიან ძნელად და იშვიათად იყოფოდნენ, ამიტომ სახლში უამრავი ქალი და კაცი ირეოდა.

ორი წლის თავზე ჩემი ძმა მოკლეს. მიცვალებულის ჭირისუფალი ხომ ყოველთვის მხოლოდ ქალია?! დაკრძალვის შემდეგ ერთი წელი "ურწყვი" ვიყავი (იგულისხმება წესი, რომლის მიხედვითაც ცხოველური პროდუქტის ჭამა იკრძალება - ლ.გ.) მალე მამაჩემი მოკვდა, მერე - ბიძა და ამიტომ გამოვიდა, რომ სამი წელი "ბალახზე და პურზე გავატარე".

სვანურიდან თარგმნა ლელა გაფრინდაშვილმა

ჩაიწერა მაქსიმე ქალდანმა (1939 წელი, მესტია)

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.